რას აცხადებს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი?
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა, - ამის შესახებ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის კახაბერ კამლაძის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს” განუმარტა, კახაბერ კამლაძემ შეიარაღებულ პირს გასროლამდე, სიტყვიერად მოუწოდა, რომ იარაღი დაეგდო.
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. 7 თვეა მუშაობს აღნიშნულ სამსახურში, დაცვის თანამშრომლად და იმ დღეს ემსახურებოდა პირს, რომელიც დაჭრეს (გივი მარგველაშვილი). ამბობს, ჯერ გავიგონე გასროლის ხმა და შემდეგ დავინახე როგორ ესროლაო, პირველი რაც გავაკეთე, ვუთხარი - სდექ, პოლიციააო და მოვუწოდე იარაღის დაგდებისკენ და ამაზე, მან მეორე ჯიბიდან ამოიღო „მაკაროვის“ ტიპის იარაღიო. ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გაისროლა თავის დაცვის მიზნით. ამბობს, მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ და სიფრთხილე გამოვიჩინე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფრთხილად ვიქცეოდიო. განზრახული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი არ ჰქონია, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს.
"ინტერპრესნიუსი"