"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი"

5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში 1 ან 2 - კაციანი პარტიები ხვდებიან.

„მადლობას გადავუხდი ხელისუფლებას, თუ ბარიერს არ დაწევს, სრული სერიოზულობით ვამბობ. მე იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომელიც 5%-იან ბარიერს უყურებს, როგორც შანსს ამ ქვეყნის გადარჩენის. 2020-ში რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ უკიდურესად ჭკვიანურად განხორციელებული სპეცოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ, როდესაც მან ზუსტად იცოდა, რომ ერთ კაციანი პარტიები ამ თავიანთ პატარა ამბიციებს ვერ გადალახავდნენ, ვერ გადააბიჯებდნენ, შესაბამისად, მივიღებთ 1-2 კაციან პარტიებს პარლამენტში. ყველას გაუჩნდა განცდა, რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში თვითონ გახდებოდა პარლამენტის წევრი და დანარჩენის ღელვა აღარ ჰქონდა. ეს იყო კატასტროფა, ხოლო 5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, 2024 წლის არჩევნებში წარმატების ფორმულა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თანამშრომლობა იქნება, რაც მიზიდულობის ცენტრს შექმნის სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის.

„მე ჩემი ფორმულაც კი მაქვს, რა უზრუნველყოფს საქართველოში „ქართული ოცნების“ დამთავრებას და ოპოზიციურ ფლანგზე რეალურ წარმატებას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი და ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ 2024 წელს გავძვრეთ და გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ან 2 პარტია გვეყოლება პარლამენტში, ან უფრო მაღალი ალბათობით 3, მესამე იქნება რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, თინა ხიდაშელმა გადაცემაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონოდა.

"ოპონენტის შანტაჟი სისხლის სამართლის საქმეებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებათა ყოფილის და დღევანდლის ხელწერად იქცა, ამიტომ არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს კონკრეტული ამბავიც ამ მიზნებით არ იქნება გამოყენებული. ჩვენ არჩევნებამდე წელიწად ნახევარი გვაშორებს და უკვე ვხედავთ ძალიან კონკრეტულ ხაზს - კრიტიკული მედია საშუალებები წარმომადგენლები დასდევენ იმ "ქოლ-ცენტრებს", რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ან ყოფილი წარმომადგენლების კვალი იკვეთება, ხოლო ხელისუფლება ყოველ კვირას ხსნის მორიგ საქმეს, ან გვამცნობს გამოძიების მიმდინარეობაზე მორიგ საქმეზე, სადაც ფიგურირებს მათთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფის წარმომადგენლები და ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას ბევრი საქმე აქვს, ეს საქმეები რაღაც წესრიგის მიხედვით დალაგებული აქვს და პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად საზოგადოება ნელ-ნელა, „პორცია-პორცია“ გაიგებს ამ ამბების შესახებ. ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შეუძლებელია ეს სუს-ს არ სცოდნოდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"