ვის უნდა 20 მილიონი ჯილდოდ? - უკრაინა 9 მაისის აღლუმის დროს პუტინის „საპატივსაცემოდ“ დრონების წვიმას გეგმავს - The Spectator - კვირის პალიტრა

ვის უნდა 20 მილიონი ჯილდოდ? - უკრაინა 9 მაისის აღლუმის დროს პუტინის „საპატივსაცემოდ“ დრონების წვიმას გეგმავს - The Spectator

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინა 9 მაისის აღლუმის დროს პუტინის „საპატივსაცემოდ“ დრონების წვიმას გეგმავს“ (ავტორი - სვეტლანა მორენეცი, უკრაინელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოსკოვის კრემლზე დრონების თავდასხმის შემდეგ ითქვა, რომ ეს პირველი შემთხვევაა ნაპოლეონის შემოსევის დროიდან (1812 წლიდან), როცა საფრთხე უშუალოდ კრემლს დაემუქრა, თუმცა მსგავსი შემთხვევა 1987 წელსაც მოხდა, როცა გერმანელი მოხალისე მფრინავი მატიას რუსტი მოსკოვში თითქოსდა სამშვიდობო მისიით გაფრინდა, მაგრამ სინამდვილეში კომუნისტური სამხედრო სარდლობა ისე დაამცირა, რომ გენერლები მაღალი თანამდებობებიდან სულ პანტა-პუნტით ცვიოდნენ. რუსეთის არმიის სარდლობის დამცირება - აი, ამას გეგმავენ უკრაინელებიც მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის დროს.

მოსკოვის ოლქში ბოლო დროს რამდენიმე დრონი აღმოაჩინეს. კრემლმა განაცხადა, რომ ქვეყნის ცენტრში დრონების გამოჩენა უკრაინის ნამოქმედარია, თუმცა უკრაინამ, როგორც ყოველთვის ეს ბრალდება უარყო. რა თქმა უნდა, კიევის უარყოფა არავის არ სჯერა და მათ შორის მეც ვერ დავიჯერებ. უკრაინის მოქმედებას იდეალური სტრატეგიული მიზანი აქვს: აშკარაა, რომ უკრაინა საჰაერო კონტრშეტევაზე რუსეთის სიღრმეში გადავიდა. ბოლო ხანებში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის სამიზნე თითქმის 30-მდე რუსული ობიექტი გახდა - სამხედრო საწყობები, აეროდრომები, ნავთობბაზები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სარკინიგზო კვანძები.

ისე, კარგად რომ დავუფიქრდეთ, კიევის მიერ მოსკოვური ინციდენტის უარყოფა შეიძლება ნაწილობრივ მართლაც გულწრფელი იყოს: უკრაინის მთავრობას შეიძლება მართლაც არ ჰქონდეს დრონების ოპერაციასთან კავშირი. ზელენსკი კარგად აცნობიერებს, რომ მოსკოვზე დარტყმა, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბულობას გამოიწვევს უკრაინისათვის მოკავშირეებთან ურთიერთობაში, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს უკრაინაში მიმდინარე ომის ხასიათი: ზელენსკის არ აქვს შექმნილი მკაცრი სამხედრო-ადმინისტრაციული ვერტიკალი. უკრაინაში, შეიძლება ითქვას, ყველა იმას აკეთებს, რაც მოესურვება, ხშირად საკუთარი ინიციატივით, ექსტრაორდინარული სახით.

ავიღოთ ვლადიმერ იაცენკო, უკრაინელი ბიზნესმენი, რომელმაც „მონობანკი“ დაარსა და ამჟამად უპილოტო საფრენ აპარატებს - „დოვბუშ-10“-ებს უშვებს. გასულ თვეში მან ჯილდო გამოაცხადა - 20 მილიონი გრივნას (დაახლოებით 433 ათასი გირვანქა სტერლინგს) მისცემს იმ ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე უპილოტო საფრენ აპარატს დაუშვებსო.

თარიღი მნიშვნელოვანია: გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, იდეოლოგიური თვალსაზრისით, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ითვლება. ტანკები, რომლებიც წითელ მოედანზე გაივლიან ლოზუნგებით „ჩვენ ამის გამეორება კიდევ შეგვიძლია“, მოწოდებულია ელექტორატს და დასავლეთს აჩვენოს პუტინის იმპერიის დიდება და უძლეველობა. ამის საწინააღმდეგოდ ვლადიმერ იაცენკოს კონკურსში მონაწილეებისათვის ერთი მოთხოვნა აქვს: უპილოტო თვითმფრინავს ფრთებზე უკრაინული ლოზუნგი (წარწერა) უნდა ჰქონდეს - „დიდება უკრაინას!“, „გმირებს - დიდება!“ ან სხვა ამის მსგავსი. ანუ საქმე ეხება რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ტროლირებას - აბუჩად აგდებას, დაცინვას... რა უნდა იყოს ვლადიმერ პუტინისათვის იმაზე დამამცირებელი, როცა უკრაინული დრონი პირდაპირ მის ცხვირწინ დაეშვება გამარჯვების დღეს?

რუსეთის მთავრობა, რასაკვირველია, საქმის კურსშია ამ საკმაოდ უჩვეულო კონკურსისა და პოტენციური დამცირების თაობაზე და აცნობიერებს, თუ რა შედეგს გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წინა წლებში ვლადიმერ პუტინი სპეციალურად სარგებლობდა ისეთი თვითმფრინავებით, რომლებიც ღრუბლებში ქიმიურ ნივთიერებას აფრქვევდნენ, 9 მაისს წვიმა რომ არ ყოფილიყო. ალბათ, ამჟამინდელ 9 მაისსაც იგივეს გააკეთებს, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება „დრონების წვიმის“ თავიდან აცილება? შესრულდება ვლადიმერ პუტინის იმპერატივები?

ამჟამად მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ყველანაირი დრონების ფრენა აკრძალულია. შენობების სახურავებზე საზენიტო დანადგარებია დადგმული, კრემლთან ახლოს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია ყველა ქალაქში გამართული აღლუმის დაცვა, ამიტომ რუსეთის რიგ ქალაქებში აღლუმები და დემონსტრაციები გაუქმდა, „მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. ერთი მხრივ, რასაკვირველია, აღლუმებზე სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების ერთად თავმოყრა კიევისთვის მაცდური სამიზნე იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ კრემლი 9 მაისის აღლუმს მოსკოვში გააუქმებს, მაშინ ეს იქნებოდა რუსეთის აღიარება, რომ უკკრაინა მართლაც ძლიერია და, ხატოვნად თუ ვიტყვით, აღლუმის დროს მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილისა და წვიმის გამოწვევა შეუძლია.

მოსკოვის ტრიუკმა დრონებთან დაკავშირებით ერთი რამ გვაჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დედაქალაქი ყველაზე კარგად არის დაცული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, უკრაინულ უპილოტოებს პუტინის თავზე ფრენა შეუძლიათ. უეჭველია, რომ ჯერ მოსკოვის ოლქში ჩამოგდებული და შემდეგ კრემლის თავზე აფეთქებული დრონები უკრაინული წარმოებისა იყო (კომპანია Ukrjet-ის პროდუქცია).

ამრიგად, უკრაინა დღეს დრონებს ისეთივე ენთუზიაზმით უშვებს, როგორითაც ბრიტანელები უშვებდნენ თვითმფრინავ „სპიტფაერებს“ მეორე მსოდლიო ომის დროს. უკრაინის მთავრობა ხელს უწყობს დრონების დაჩქარებულ წარმოებას და შესაბამის პროექტს „უპილოტო საფრენი აპარატების არმია“ უწოდა.

მოსკოვში გამარჯვების აღლუმის ჩასაშლელად დაწესებული დიდი პრემია, ალბათ, კომპანია Ukrjet-ს „კონკურსში“ მონაწილეობის სურვილს გაუღვიძებს და შეეცდება ბედი სცადოს. კრემლი დრონების დიდი რაოდენობით შემოსევას უნდა ელოდოს როგორც ზეიმის წინა დღეებში, ასევე უშუალოდ 9 მაისს: ბევრ უკრაინელს ექნება სურვილი იმისა, რომ მისი სახელი ისტორიაში შევიდეს - იმ ადამიანის სახით, რომელმაც საჯაროდ დასცინა ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღეს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ