პირველად! ამერიკულმა „პეტრიოტმა“ რუსული „კინჟალი“ უკრაინის ცაში ჩამოაგდო...
ორდღიანი დუმილის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალურად მიულოცა უკრაინის მოსახლეობას ისტორიული მოვლენა-უკრაინის ცაში, პირველად მსოფლიო ისტორიაში, ამერიკულმა საზენიტო რაკეტამ „პეტრიოტმა“ რუსეთის მიერ გამოშვებული ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდო!
ამაზე მეტყველებს ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები, მათ შორის, რაკეტის თავაკის სურათი, რომელზეც კარგად მოჩანს საზენიტო რაკეტის მოქმედებისგან მიყენებული მნიშვნელოვანი დაზიანების კვალი...
უკრაინელ მეზენიტეებს ამერიკული „პეტრიტების“ დიდი მოლოდინი და იმედი იმიტომაც ჰქონდათ, რომ მანამდე მათ შეიარაღებაში არსებული საზენიტო რაკეტებით ვერ აგდებდნენ რუსეთისა და ბელარუსიის მხრიდან გამოშვებულ „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკურ რაკეტებს და აი, სულ ახლახანს, უკრაინაში ჩატანილმა „პეტრიოტმა“ ნავსი გატეხა...
ისეთს რას წარმოადგენს რუსული „კინჟალი“, რომ მისი ჩამოგდება უკრაინელმა გენერლებმა მთელ ერს ასე საზეიმოდ აუწყვეს?
ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი 9-А-7660 «Кинжал» იგივე Х-47М2 «Кинжал»-ი კარგად ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის 9К720 "Искандер-М" -ის საავიაციო ვარიანტს წარმოადგენს, ანუ თუკი „ისკანდერის“ ორი აერობალისტიკური რაკეტის გაშვება ხდება ოთხღერძიანი თვითმავალი სარაკეტო დანადგარიდან, ერთი „კინჟალის“ სტარტს ზებგერითი გამანადგურებელ - გზაგადამჭრელი МиГ-31К ახორციელებს, თუმცა მისი გაშვება შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან Ту-22М3-დანაც შეიძლება (სამი რაკეტის).
„კინჟალი“ 3,8 ტ-იან „ისკანდერზე“ მსუბუქია, რადგან სასტარტო ძრავა არ სჭირდება - ჰაერში ის საბრძოლო თვითმფრინავებს აქვთ და მაღალი სიმაღლიდან უშვებენ, რის დროსაც ირთვება „კინჟალის“ სარაკეტო ძრავა, რომელიც მას 14 000 კმ/სთ-ზე მეტ მაქსიმალური, ჰიპერბგერითი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს და 2-3 ათასი კმ-ის გაფრენის შემდეგ „კინჟალი“ რამდენიმე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს და ფეთქდება 500 კგ-იანი საბრძოლო ქობინი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსხვრევად - ფუგასური და კასეტური, ასევე ბირთვულიც...
თუკი კრემლმა „ისკანდერების“ საბრძოლო ნათლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა გორსა და ვაზიანში თითო „ისკანდერის“ აფეთქებით, „კინჟალების“ გამოყენება პუტინმა უკვე უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, ჯერ კიდევ 2022 წლის 18 მარტიდან.
„კინჟალის“, ისევე როგორც „ისკანდერის“ სამართავად ფრენის ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე და მიზანში მაღალი სიზუსტით მოსახვედრად, გამოიყენება რაკეტის ბორტზე დაყენებული დამიზნების რამდენიმე სისტემა - ინერციული ნავიგაციის, თანამგზავრული ნავიგაციის (რუსული „გლონასი“, ამერიკული „ჯი-პი-ეს“-ის ანალოგი) და ოპტიკური თვითდამიზნების თავაკი.
უკრაინელი მეზენიტეების მიერ ამერიკული „პეტრიოტის“ საშუალებით ჩამოგდებული რუსული „კინჟალის“ საბრძოლო ქობინის ნაკვეთურზე არსებულ დაზიანებაში კარგად მოჩანს რაკეტის ქობინის კედლების დიდი სისქე,რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ „ეს „კინჟალი“ გათვლილი იყო მიწაში ღრმად განთავსებული სამიზნის, ბუნკერის გასანადგურებლად-ძალზე დიდი სიჩქარით მიზაზე დაცემული „კინჟალის“ სქელკედლიანი საბრძოლო ქობინი მიწაში რაც შეიძლება ღრმად აღწევს,ხოლო აფეთქება მცირეოდენი დაყოვნების შემდეგ ხორციელდება...
უკრაინელი მეზენიტეების მიღწევით ისე,პირველ რიგში პენტაგონმა და ამერიკელმა კონსტრუქტორებმა უნდა იამაყონ,რადგან მათმა „პეტრიოტმა“ რეალურად შესძლო ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი რაკეტის ჩამოგდება, ანუ „პეტრიოტის“ მოდერნიზებულმა სისტემამ დაამტკიცა,რომ ის არა მარტოს საზენიტოა ანუ განკუთვნილი აეროდინამიკური სამიზნეების-თვითმფრინავების,შვეულმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად,არამედ შესძლებია ანტისარაკეტო მისიის განხორციელება,თვით ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტის ჩამოგდების სახითაც...
ისე, უკრაინელ მეზენიტეებს აუცილებლად სჭირდებოდათ სახელის რეაბილიტაცია, რადგან მანამდე, ერთი დღით ადრე მათ კიევის თავზე ათასობით ადამინის თვალწინ უპილოტო დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ სიხარული მალევე სინანულით შეეცვალათ, როდესაც ჩამოგდებულ დრონში არც მეტი და არც ნაკლები... თავისავე „ბაირაქტარი“ აღმოაჩინეს...