"საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით"
საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია - ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.
„ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.
საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.