კუმისის ფერადოვანი ბაღის საკვირველებანი
მანანა ედიშერაშვილი კუმისელია. მცენარეების სიყვარული, ეზოს მოვლის კულტურა ოჯახიდან მოსდევს, ამბობს, დედასაც ჰქონდა საოცარი მცენარეებიო. კუმისი თბილისთან ახლომდებარე უძველესი სოფელია. წლებთან ერთად განვითარდა და გაფართოვდა. კუმისელები მისდევენ მესაქონლეობას, ბოსტანი და ვენახი სოფელში ყველას აქვს. მანანა ედიშერაშვილი ეკონომისტია, სწავლა რომ დავამთავრე, მალე დავოჯახდი და მუშაობა ვერ მოვასწარიო, - ამბობს ქალი, რომელმა საოცრად ლამაზი კარ-მიდამო აქვს.
- 20 წელიწადია ყვავილებს ვაშენებ, ვამრავლებ და ვუვლი. ერთი ქოთნით დავიწყე. დედაჩემის ეზოში გასაგიჟებელი სურნელოვანი მაისის ვარდები გვქონდა. ოჯახიდან მომდევს მცენარეების სიყვარული. ასე რომ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ვაგროვებდი. სამი შვილი მყავს და სანამ პატარები იყვნენ, ყურადღება უნდოდათ. ვერ ვასწრებდი ერთბაშად ბევრი მცენარის მოშენებას, რათა პატარა ბაღი, ყვავილნარი შემექმნა.
- დღეს კი საოცარი ყვავილნარი გაქვთ...
- კი, საკუთარი ხელით გავაფართოე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, რატომ წვალობო, მაგრამ ბოლოში რომ გავედი და შედეგი მაქვს, უკვე მოსწონთ, უხარიათ, უყურებენ და ამბობენ, რა სილამაზეაო.
შემოდგომაზე ქოთნების აქეთ-იქით გადაყირავებით ვიოლების "ბაღი" გავაკეთე და ძალიან მოეწონათ. დეკორატიული გაფორმება, კომპოზიციების შექმნა მეხერხება. ორიგინალური იდეები და აზრები მომდის ხოლმე. რასაც მოვიფიქრებ, დილით სწრაფად უნდა გავაკეთო. საქმის გადადება არ მიყვარს.
- ყვავილების მოვლას დილიდანვე იწყებთ?
- ადრე ვდგები და სანამ ყვავილებს არ შემოვუვლი, მანამდე შინ არაფერს ვაკეთებ. მთელი ეზო უნდა შემოვიარო, ლოკოკინების შემოსევაა ხოლმე, რომლებიც ფოთლებს ჭამენ. ამიტომ მცენარეებს ლოკოკინებისგან ვასუფთავებ. ყველა ქოთანს ყურადღებით ვათვალიერებ, მცენარეს რამე არ უჭირდეს. სარეველა თუა წამოზრდილი, ვაცლი. მიუხედავად იმისა, რომ ქოთნებში სულ გაცრილ მიწას ვყრი, სარეველები მაინც "აქტიურობენ".
მეკითხებიან, რა სასუქს იყენებო. მორწყვისა და მიწის გაფხვიერების გარდა, მცენარეებს არაფერს ვუკეთებ.
- არც დამწვარ ნაკელს აშველებთ?
- თავიდან კი, როცა ქოთანში ვრგავ - 2 წილი მიწა, 1 წილი დამწვარი ნაკელი და 1 წილი სილა. ეს არის სულ. გარკვეულ პერიოდში ვკრეჭ და ვსხლავ. გაზაფხულზე პელარგონიები გავსხალი და 58-მდე ტოტი, კაქტუსები და კიდევ ბევრი რამ მეყვავილეთა ჯგუფის წევრებს დავურიგე. არაფერს ვყიდი, უბრალოდ, მსიამოვნებს, ეზოში ასეთი ყვავილები რომ მაქვს. პელარგონიებმა გაკრეჭის შემდეგ ყვავილობა დაიწყეს. ეს პროცედურა მოუხდათ, ბევრი კოკორი წამოუვიდათ. გაზაფხულის წვიმაც უხდებათ.
- ერთი ქოთანი ორასად იქცა...
- ასეა. არ შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, კოლექციას რამე არ შევმატო. ახლა საკიდი კალათები დავკიდე, შიგ პორტულაკები მაქვს ჩარგული. ეს ყვავილი ჩემი ფავორიტია - ზაფხულთან ასოცირდება და სხვადასხვაფერად ყვავის ყინვებამდე. შარშან კალათებში ხომ მქონდა პორტულაკები, წლეულს კი მისი მარწყვისა და ჟოლოს ვედროებში ჩარგვა მოვიფიქრე.
- ანუ გქონდათ ეგ ჭურჭელი და იდეას ხორცი შეასხით?
- კი, მარწყვი და ჟოლო რომ იყიდებოდა, ეგ პატარა ვედროები სახლში მქონდა. პორტულაკების ჩითილები სათითაოდ დავრგე მათში და ყველა ღრიჭოში შევუყარე თითო ძირი. ერთ პატარა ვედროს 260 ცალი პორტულაკი დასჭირდა. მეუბნებოდნენ, ნუ წვალობო. ახლა კიდევ მომინდა საკიდების გაკეთება და კალათები შემდუღებელს შევუკვეთე.
- ეს ამდენი ყვავილი ზამთარში სახლში შეგაქვთ?
- რაც ყინვასა და სიცივეს ვერ უძლებს, შემაქვს, ყინვაგამძლეებს ეზოში ვტოვებ. ზაფხულში მხოლოდ საღამოს ვრწყავ, მზე როცა გადავა, სინესტის შესანარჩუნებლად. მეორე დღის საღამომდე ინარჩუნებს, თუ დიდი სიცხე არ არის. დილაობით მორწყვა ყვავილებისთვის ცუდია, მზე ამოვა თუ არა, ზედაპირს გააშრობს, მიწას ზემოდან გაუხმობს, რაც მცენარისთვის კომფორტული არ არის. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლე, არაფერი წამიკითხავს და არც სპეციალურად მისწავლია, მხოლოდ ჩემი დაკვირვება და მცენარე მეუბნებოდა, როგორ მოვქცეულიყავი.
- სოფელში წყალი არის?
- ჩვენთან დედათა მონასტერია, სამების ტაძარი, და იქიდან წყალი ერთეულებს ჰქონდათ გამოყვანილი. იყო ჭებიც, მაგრამ მარილიანი წყალი ამოდიოდა. ჩვენ ჭაბურღილი გავაკეთებინეთ, დაახლოებით 50 მეტრზე გავაბურღინეთ იქ, სადაც ხეხილის ბაღი გვაქვს. სახლის ახლოსაა და იქიდან ძრავით მოვიყვანეთ სახლამდე. ამის მერე ყვავილებმა და ბოსტანმა ამოისუნთქა. მანამდე ვწვალობდი, ავზებში ვაგროვებდი. ეზოში უკვე თითქმის ყველას აქვს კარგი წყალი და სოფელი კიდევ მეტად გამწვანდა. მეც მთელი ეზო ავითვისე. ყოველ წელს ვფიქრობ, ამა თუ იმ კუთხეში ახალი რა გავაკეთო და ეზოს რა შევძინო. პალმები, ვარდები ლამაზად მაქვს ერთმანეთთან შერწყმული.
- გაქვთ ფოთლოვანი, მარადმწვანე, მოყვავილე, ეკლოვანი, საზაფხულო, საგაზაფხულო, ქოთნის ყვავილები, ამიტომაც თქვენს ეზოში საოცარი სილამაზეა...
- ძალიან ბევრი ჯიში და სახეობაა. ძალიან ლამაზი ოთახის ყვავილებიც მაქვს, დიდი ხნის ორი ულამაზესი სანსივიერა - ერთი ჯუჯა, მეორე - დიდი... ზამთრის ბაღის გაკეთება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა... ამიტომ ხელით მიწევს სახლიდან ეზოში მცენარეების ტარება. ჩემი ფავორიტია ოთახის მცენარე ჰოია, უშველებელია, დაახლოებით 20 წლის. ვერსად ვატევ და აივანზე დიდი ქოთნით სადგამზე დგას. გადმოსულია მეორე სართულის მოაჯირზე და ლამის პირველ სართულზე ჩამოვიდეს. ზამთარში შინ შემაქვს. ულამაზესი დაწინწკლული ყვავილი აქვს. მაქვს ბევრნაირი კაქტუსიც, აგავები ზოლიანი და ჩვეულებრივი.
- ბოსტანიც მოწესრიგებულია.
- ყველაფერი მომყავს ბოსტანში, რაც ოჯახს სჭირდება. ვუნაწილებ შვილებსა და შვილიშვილებს, ახლობლებსაც მოვუკითხავ ხოლმე. მწვანილის სათხოვნელად სხვასთან როგორ მივალ, მირჩევნია ჩემთან მოვიდნენ. რაც მთავარია, პროდუქტი ნატურალურია, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. მირჩევნია ცოტა მოსავალი ავიღო, მაგრამ ნატურალური იყოს. შარშან ბადრიჯანს ხოჭო გაუჩნდა, მეუბნებოდნენ, შეწამლეო. როგორ შევწამლავდი?! ხელთათმანები გავიკეთე, ჩემი გაკეთებული იარაღები ავიღე და სულ სათითაოდ მოვაშორე ის ხოჭო. პრობლემებს ასე ვუმკლავდები. ქიმიას არ ვიყენებ.
- რა არის მცენარეებისთვის საჭირო, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?
- ძალიან უნდა გიყვარდეს. მე ძალიან მიყვარს ეს სამყარო. მცენარეზე უბრალო ტოტი რომ მომიტყდეს და იმ სახეობის მცენარის 20 ქოთანიც რომ მქონდეს, არ გადავაგდებ. ავიღებ და მიწაში ჩავრგავ. როგორც წესი, ერთ კვირაში გამოტანილი აქვს ხოლმე ფესვი და პატარა კოკორი. სიყვარულიც ეს არის. უკვე ზედმიწევნით მესმის თითოეული მცენარის, რომ დავინახავ, უკვე პატარა კოკორი აქვს გამოტანილი, ვეფერები, გენაცვალე, როგორ მიყვარხარ-მეთქი. სიამოვნებთ მოფერება. ჩემს მცენარეებს ჩემნაირად ვერავინ მოუვლის და ამიტომ ვერავის ვანდობ.
ლალი ფაცია