კახური მარწყვის მოსავალი იმპორტს ჩაანაცვლებს?!
უხვმოსავლიან ფერმერთა შორის უკვე ვეღარ შეხვდებით ისეთს, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს არ იყენებს, მათ შორის ძვირად ღირებულებს. ამისთვის არცთუ იშვიათად ბანკს მიმართავენ. მართალია, კრედიტის აღება არცთუ სასიამოვნო პროცედურაა, მაგრამ თუ პროგრესსა და სიუხვეში გეხმარება, მაშინ საბანკო ვალდებულებებიც კი გემსუბუქება. ფერმერმა ზოია წიწილაშვილმა, ლაგოდეხის სოფელ ლელიანიდან, დებთან ერთად დაამტკიცა, რომ ფერმერ ქალებს სოფლის მეურნეობაში მამაკაცებზე არანაკლები შეუძლიათ, ხშირად კი უფრო მეტიც.უხვი მოსავლის მოყვანაში გონიერება დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ზოია წიწილაშვილს ხშირად ნახავთ სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციებზე თუ კომპიუტერის ეკრანთან, სადაც სოფლის მეურნეობის შემსწავლელ ონლაინლექციებს უსმენს. ამიტომაც გააფართოვა კულტურათა სახეობები კუთვნილ მიწაზე - ბოსტნეულს თხილი და მარწყვი შეუთავსა. მართალია, მათთან მარწყვი ტრადიციულ კულტურად არ ითვლებოდა (შემოსავალს ბოსტნეული კულტურები იძლეოდა), მაგრამ მალე, ალბათ, გახდება ტრადიციული, მით უმეტეს, ბაზარში მარწყვზე დიდი მოთხოვნაა. თუმცა ფერმერ ქალს მარწყვი მხოლოდ ამიტომ არ გაუშენებია, როგორც ბევრ ჩვენგანს, მარწყვი, თვითონაც ძალიან უყვარს.
ზოია წიწილაშვილი:
- მარწყვის სამოყვარულო ნაკვეთი ყოველთვის მქონდა. პლანტაციის გაშენებასაც ვაპირებდი, მაგრამ ბაზარზე დაკვირვებამ შემაჩერა - ტრადიციულად, დისტრიბუტორები მარწყვს კახეთის სხვა რაიონებში უფრო ეძებდნენ, ვიდრე ლაგოდეხში. არადა, ლაგოდეხის მიწაზე მოყვანილი მარწყვი არაფრით ჩამორჩება სხვა კახურ მარწყვს. 2020 წელს კი ამ კულტურის გაშენებაზე სერიოზულად დავფიქრდი. აშკარა გახდა, რომ რესტორნების თუ საკონდიტრო ობიექტების გამრავლებამ ჩვენს მარწყვზე მოთხოვნა გაზარდა და დისტრიბუციამ მარწყვი ლაგოდეხშიც მოიკითხა. ასე რომ, ახლა კულტურა 1 ჰექტარზე მაქვს გაშენებული და კმაყოფილიც ვარ, მით უფრო, შრომა და მოვლა არ მეძნელება. ბავშვობიდან საოჯახო შრომაში ვარ ჩართული, ოღონდ ბოსტნეულ კულტურებზე. განა მარტო მე, ახლა ლაგოდეხში სოფელს ვერ ნახავთ, თითო, დიდი ან მცირე მარწყვის პლანტაცია მაინც არ იყოს.
- როგორც ვიცი, ლაგოდეხის მარწყვი, სხვა კახურ მარწყვთან შედარებით, კლიმატის გამო იგვიანებს.
- გრუნტის მარწყვი იგვიანებს მხოლოდ ერთი კვირით, ჩვენი სათბურების მარწყვი კი სხვა კახური მარწყვის თანადროულად იკრიფება. თუმცა ერთი კვირაც არ არის გადამწყვეტი. მთავარია, მარწყვი იყოს, მყიდველი იქნება. ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც კი კახური მარწყვი ბაზარში მასობრივად შევა, მაშინვე ჩერდება იმპორტირებული მარწყვის შემოტანა. ასეთი პერიოდი მაისის დასაწყისიდან დგება. მანამდე ბაზარზე ისევ თურქული მარწყვია, რომელიც ქართულ მარწყვთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს.
- მართლაც ასეა, თბილისის ბაზარში ამ დღეებში ქართული მარწყვი 1 კგ 10 ლარად ფასობდა, თურქული კი 5 ლარად. იმავდროულად, იმპორტირებული მარწყვი ვიზუალურადაც განსხვავდება ქართული მარწყვისგან, უფრო მკვრივია და თანაც გემოვანი თვისებები ნაკლები აქვს.
- იმპორტირებული მარწყვის სიმკვრივე გასაკვირი არ არის, მისი ტრანსპორტირება ძნელია და ადვილად ზიანდება სინაზის გამო. თუმცა მყიდველმა იცის, რაც იყიდოს. თუ თბილისის ბაზარზე 1 კილოგრამი თურქული მარწყვი 5 ლარია, კახეთში დისტრიბუტორებს კილოგრამს ასევე 5 ლარად ვაბარებთ. რატომ? იმიტომ, რომ ქართული მარწყვი საუკეთესოა. ამ დღეებში ის მასობრივად შემოვა და უკვე შეაჩერებს ბაზარზე თურქული მარწყვის შემოდინებას. რაც შეეხება კახეთში ამჟამინდელ მარწყვის ჯიშებს, რა თქმა უნდა, შემოვიდა უცხოური ჯიშებიც, თუმცა არა მგონია, ამაში რამე უარყოფითი იყოს. ახალი ჯიშები რომ არ ემატებოდეს, დედამიწის მრავალი კუთხე მცენარეული საფრისგან განძარცული იქნებოდა. მართალია, ტრადიციული ქართული მარწყვი გემრიელია, მაგრამ არის ბევრი უცხოური ჯიში, რომელიც მასზე ნაკლები არ არის. უამრავი ჯიში შევისწავლე და მათ შორის ძალიან კარგი გემოს ჯიშებიც არის. თეორიულად შესწავლის შემდეგ, ნაკვეთზე საექსპერიმენტოდ არაერთი ჯიშის მარწყვი გავახარე და ბოლოს პლანტაციის გაშენება იმ ჯიშით გადავწყვიტე, რომლის გემოვანი თვისებები ქართული მარწყვის გემოვან თვისებებთან არის დაახლოებული. ეს არის ამერიკული ჯიში ალბიონი, რომელსაც სხვა კარგი თვისებებიც აქვს. ნაყოფი წელიწადში რამდენჯერმე მოაქვს და მხოლოდ ყინვებიან პერიოდში ისვენებს, ანუ წლის დიდი მონაკვეთი დახუნძლულია. ყვავილობის მომენტშიც ერთმანეთს ენაცვლება ინტენსიური კრეფისა და შენელებული კრეფის პერიოდები. ასეთი მსხმოიარობა ფერმერსაც საშუალებას აძლევს გაწეული შრომა და ხარჯები აინაზღაუროს.
- შრომა და ხარჯები მართლაც დიდია. მიკვირს კიდეც, როგორ ახერხებთ ამხელა პლანტაციების მოვლას.
- შრომა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა ვინც ტექნიკას იყენებს, ის დიდ შრომასაც ზოგავს. პირადად მე მარწყვის მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლას თუ კვალთა შორის გათიბვას ტექნიკით, მექანიზაციით ვახერხებ. რაც შეეხება მუშახელს, ის ახლა ყველგან დეფიციტია. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენში სოფლის მეურნეობის შემოსავალი, სეზონურობიდან გამომდინარე, არასტაბილურია. თუმცა, ვინაიდან ალბიონი წლის დიდი ნაწილი მსხმოიარობს, ჩემთან მარწყვზე დასაქმებულებიც ბევრად მეტჯერ იღებენ ხელფასს, ვიდრე სხვა სამუშაოებზე.
- შექება გეკუთვნით, მით უფრო, რომ ვიცით, მაგალითად, გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულ ქართველებს რა პრობლემებიც შეხვდათ. რაც უფრო ბევრი თქვენისთანა ფერმერი გვეყოლება, მით უკეთესი.
- მეც ასე ვფიქრობ, მით უფრო, რომ ამ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ არის. მოსავლის მოწევას კი მართლაც დიდი შრომა სჭირდება. მარწყვის პლანტაციას ჩემს დებთან, მამაჩემსა და ჩემს შვილთან ერთად ვამუშავებ. უკვე თხილის ახალი პლანტაციაც ჩავყარეთ და ტყემლის გაშენებასაც ვაპირებთ.
- ეჭვიც არ მეპარება. მოსავალი რამდენი მოგდით?
- შარშან ჰექტრის ნახევარზეც არ მქონდა პლანტაცია გაშენებული, ანუ დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი ავითვისე და 7 ტონა მარწყვი ავიღე. წლეულს პლანტაცია გავზარდე. უპირობოდ ასეა - შრომა წამგებიანი არასოდეს არის.