"რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა..."
ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებს და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი "მოედნიდან" ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი "ოსტატობა" მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც...
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე მოგვითხრობს.
- ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც ფეხბურთის თამაშის გარდა, არაფერი უნდოდა. უფროსები უყურებდნენ და აღნიშნავდნენ, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. თავისებური ტექნიკა ჰქონდა. მეზობლები მირჩევდნენ, ფეხბურთზე შემეყვანა. სპორტის ეს სახეობა თავადაც ძალიან მიყვარს. 6 წლის ხდებოდა, გიორგი ფეხბურთზე "დინამოში" რომ მივიყვანე, მწვრთნელი გივი ლომიძე იყო. გიორგიმ აკენწვლები რომ გააკეთა, უყურა მის მოძრაობებს და ჰკითხა, - შენ რა გვარი ხარ? - ჩაკვეტაძე, - ჩაკვეტაძე კი არა, მგონი, მესი ხარო. ასეთი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში.
- ვარჯიშზე წასვლა უხაროდა?
- ძალიან, მწვრთნელი 5 საათზე რომ გვიბარებდა, ჩვენ იქ 4-ზე უნდა მივსულიყავით. ძალიან მშრომელი იყო, დაუზარელი, მიზანდასახულიც. არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშზე წასვლა ერთხელ მაინც დაზარებოდა.
- გიორგის პირველი წარმატებას როგორ გაიხსენებთ?
- "ნორჩი დინამოელი" ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო. გიორგი ტურნირებზე სულ დადიოდა. 10-11 წლის იქნებოდა, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე რომ გავიდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მოიგეს და ბუნებრივია, მშობლები გახარებულები ვიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩივაძე იდგა. ბუნებრივია, არ იცოდა, რომლის მშობელი ვიყავი. გვერდით მდგომს გიორგიზე ეუბნებოდა, - ეს რა მაგარი ბავშვია, პატრონი თუ ჰყავს, მაგარი ფეხბურთელი გამოვაო. გიორგიმ ის თამაში მართლაც კარგად ჩაატარა, პრიზს თითქოს არ ველოდი, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. დედისთვის ეს იცით, რას ნიშნავს? ძალიან გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, ესეც ცოტაა, იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელიც კი არის. შენს შვილს შრომა რომ უფასდება, ძალიან ბედნიერი ხარ.
- თავად გიორგიმ როგორ მიიღო ეს ამბავი, ემოციების გაზიარება სჩვევია?
- გიორგის პრიზი ყიფიანის შვილმა გადასცა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ახლაც ნაკრების თამაშებს თუ უყურებთ, შეამჩნევდით, გოლი რომ გააქვს, თავჩაღუნული ხვდება ამ სიხარულს. ბავშვობიდან ასე იყო. სულ ვეუბნები, სიხარული ცოტა სხვაგვარად გამოხატე, ხომ უყურებ ფეხბურთელების რეაქციებს-მეთქი?! პატარა ასაკიდანვე ასეთი წყნარი და თავისებური იყო. ბელგიურ გუნდში რომ გადავიდა, იმდენი ტელევიზია ჩადიოდა, სიუჟეტებს ითხოვდნენ, ინტერვიუების ჩაწერა უნდოდათ და გიორგი სულ თავს იკავებდა, ყველას უარს ეუბნებოდა.
- ამ ინტერვიუს შესახებ უთხარით?
- საღამოს დავურეკავ და ვეტყვი. პირველად რომ დამირეკეთ, მაშინ დაველაპარაკე და სიმართლე გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილებით არ აღფრთოვანებულა, - ხომ გითხარი, ინტერვიუებს ნუ იძლევიო. გიორგის ძალიან ბევრი პრიზი აქვს მიღებული, "წლის საუკეთესო ფეხბურთელად" ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის დროსაც დაასახელეს და 2018 წელსაც მიიღო ეს აღიარება. "დინამო თბილისი" ხელს ძალიან უწყობდა, ტურნირებიდან პრიზი ჩამოჰქონდა, რომელსაც ჩანთაში არასდროს დებდა, ყოველთვის ხელით მოჰქონდა, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ არასდროს გვეუბნებოდა. აეროპორტში რომ დავხვდებოდით, ამ ამბავს მერე ვიგებდით, პოპულარობა არ ხიბლავს.
- ქალბატონო მთვარისა, გიორგი უცხოურ გუნდში სათამაშოდ პირველად რომ წავიდა, ამ ამბავს როგორ შეხვდით?
- რთული იყო, რადგან გიორგი ასაკით პატარა გახლდათ. 17 წლამდელთა თამაში რომ ჩატარდა, კარგად ითამაშა. მაშინ თბილისში უცხოური კლუბების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. მშობლები გიორგის ველოდებოდით, სახლში უნდა წაგვეყვანა, მაგრამ გვითხრეს, გერმანიიდან "ბაიერნის" დირექტორია ჩამოსული და თქვენთან შეხვედრა უნდაო. მშობლებს იმიტომ გველაპარაკებოდნენ, რომ გიორგი არასრულწლოვანი იყო და გადაწყვეტილებასაც ჩვენ ვიღებდით. მაშინ შემოთავაზება არა მხოლოდ "ბაიერნისგან", არამედ ბევრი უცხოური კლუბისგან მივიღეთ. ჩვენც ამ სფეროში ბევრი რამ არ ვიცოდით, ვინმემ გზა თუ არ გაგიკვლია, რთულია. გვითხრეს, გერმანიაში თამაშს ვერ შეძლებს, იქ უფრო ძლიერ ფეხბურთს თამაშობენო. ისე მოხდა, რომ საბოლოოდ არჩევანი ბელგიურ "გენტიზე" გავაკეთეთ. თურმე მისი მწვრთნელი გიორგის 12 წლიდან აკვირდებოდა, სხვადასხვა ტურნირს ესწრებოდა. განსაკუთრებით მინსკში გამართულ ტურნირზე მოიხიბლა. იქ ოლეგ ბლოხინიც ყოფილა და ქართველებისთვის უკითხავს, ეს ბავშვი ვინ არისო? "გენტის" მწვრთნელის შეფასებით, გიორგი იყო ბრილიანტი, ალმასი. მან მამასავით უპატრონა, მაგრამ გიორგი ტრავმამ ძალიან დააზარალა. ისეთი რთული პერიოდი გადაიტანა, იმდენს გაუძლო, რომ მახსენდება, ახლაც ძალიან ვნერვიულობ.
- ამ პერიოდის და ტრამვის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ მიამბოთ?
- 19 წლის ხდებოდა, ტრავმა რომ მიიღო, ბელგიაში ხელოვნურ მოედანზე სათამაშოდ წავიდნენ, იქ მუხლi სერიოზულად დაიზიანა. არადა, 1 კვირაში ახალი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. მასში 20 მილიონზე მეტს იხდიდნენ, მაგრამ ტრავმის გამო ხელმოწერა აღარ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო გაუცდა, ფსიქოლოგიურად მაინც არ გატყდა, სულ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სტადიონზე შედიხარ და სათანადო ყურადღება არ გექცევა, ძალიან რთულია. ამ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ამ დროს გამოჩნდა გიორგის ცხოვრებაში ვლადიმერ ვაისი (სლოვაკი ფეხბურთელი, მწვრთნელი). ის იცნობდა გიორგის პოტენციალს, წაიყვანა კლუბში "სლოვან ბრატისლავა", ათამაშა, დრო მისცა.
- ახლა ტრავმა თავს ხომ არ ახსენებს?
- არა, მაგრამ ამან 2 წელი დააკარგვინა. საბედნიეროდ, ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია.
- 2018 წლის მარტიდან გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. ნაკრების თამაშებს გაცილებით დიდი ემოცია ახლავს, არა?
- ყველა თამაში ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული.
- როდესაც თქვენი შვილი მოედანზეა, თქვენ - ტრიბუნებზე...
- ...(მაწყვეტინებს) სტადიონზე ფეხბურთს ისეთი ემოციით ვუყურებ, ისეთი დაძაბული ვარ, სახლში მისულს ბევრი რამ აღარ მახსოვს და ისევ თავიდან ვუყურებ.
- გოლი როცა გააქვს?
- გული ამოვარდნაზე მაქვს.
- მონღოლეთთან მატჩის დროს, 3 წუთში 2 გოლი რომ გაიტანა, ეს ამბავი როგორ "გადაიტანეთ"?
- ამ თამაშს შინ მე და ჩემი რძალი ვუყურებდით. გიორგიმ გოლი რომ გაიტანა, ორივეს ისეთი ემოცია გვქონდა, მეორე გოლის გატანის ამბავი გამოგვეპარა. რძალს ვუთხარი, - მოიცა, კიდევ რაღაც ხდება, რას ამბობენ-მეთქი? გადავახვიეთ და...
- გიორგის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით, რით არის გამორჩეული?
- ძალიან კეთილია, მაგრამ ამის აფიშირებას არასდროს ახდენს. 2 ძმა ჰყავს. ბოლო დროს მშობლები ცოტათი ვავადმყოფობთ, ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველია (პაუზის შემდეგ). შვილი როგორ ვაქო, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია.
- ბავშვობაში ვარჯიშზე ყოველთვის თქვენ დაჰყვებოდით?
- დიახ, სულ მე ვატარებდი, რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა. მის გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრი მეც არ ვიცი, ხან ვინ მეუბნება მადლობას და ხან - ვინ.
- გიორგი შეყვარებულია?
- არა, სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა.
- გოგონები არ აქტიურობენ?
- გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!"
- ჩადიოდა?
- არა, იმდენად თავმდაბალი და წყნარი იყო (იცინის). ბოლო დროს, გიორგისთან ჯანმრთელობის გამო ვეღარ ჩავდივარ, ადრე უფრო ხშირად ვიყავი და ამასაც განვიცდი.
- გიორგის გვერდით როგორ გოგოს ისურვებთ?
- მთავარია უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს.
- გიორგის გარდა 2 ვაჟი გყავთ, ისინი ფეხბურთით არ არიან დაინტერესებული?
- არა, უფროსი ბიჭი "სუხიშვილებში" ცეკვავდა, მაგრამ გიორგი ბელგიაში რომ წავიდა, მას წაჰყვა. პატარა იყო, 17 წლის, მას ან უფროსი ძმა, ან მე უნდა გავყოლოდი და საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.
- მადლობა ინტერვიუსთვის, გიორგის წარმატებებს ვუსურვებთ!
- მადლობა თქვენ ყურადღებისთვის! ძალიან მინდა, გიორგიმ ყველა მიზანს მიაღწიოს, რომელიც დასახული აქვს. მჯერა, ის ამას შეძლებს.
თამუნა კვინიკაძე