"აუ, დღეს უნდა გავისხათ, გოგოები და სასმელი ჩემზე იყოს, მაგრად უნდა გაგულავო" - გადავწყვიტე ერთი დღე კლუბურად ანუ ქლაბერად მეცხოვრა" - კვირის პალიტრა

"აუ, დღეს უნდა გავისხათ, გოგოები და სასმელი ჩემზე იყოს, მაგრად უნდა გაგულავო" - გადავწყვიტე ერთი დღე კლუბურად ანუ ქლაბერად მეცხოვრა"

თბილისში კლუბური კულტურა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ საქართველოს დედაქალაქი იმ წამყვანი ქვეყნების რუკაზეა მონიშნული, რომელიც მუსიკის მოყვარულებს ელექტრონული და ხარისხიანი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს. მუსიკისა და ცეკვის გარდა, კლუბური ცხოვრების მოყვარულებმა სხვა "გართობის" ძებნაც დაიწყეს. დავინტერესდი თუ როგორია ღამის ქალაქში კლუბური გართობა და გადავწყვიტე ერთი დღე კლუბურად ანუ ქლაბერად მეცხოვრა.

კლუბური დღეები პარასკევი, შაბათი და კვირაა. ქლაბერისთვის ჩაცმულობაც მნიშვნელოვანია, ასე რომ, მეც ქლაბერივით გამოვეწყვე და თერთმეტი საათისთვის ფეისკონტროლის რიგში ჩავდექი. საღამომ ექსცესების გარეშე რომ ჩაიაროს, დაცვის სამსახურთან ერთად, პასუხისმგებელი ფეისკონტროლია, ხალხი, რომელიც ერთი შეხედვით შიფრავს სტუმარს და იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა კლუბში შეშვების "ღირსი".

ჩემ წინ რიგს დაახლოებით ათი კაცი ელოდებოდა, ალბათ, იმდენივე იქნებოდა უკანაც. ამასობაში დიალოგს მოვკარი ყური: "აუ, დღეს უნდა გავისხათ, გოგოები და სასმელი ჩემზე იყოს, მაგრად უნდა გაგულავო", - გადაულაპარაკა ერთმა მეორეს. მხარზე ვიღაცამ ხელი ნაზად დამადო, შევტრიალდი - გოგო მიღიმოდა: "გამარჯობა, შეიძლება სიგარეტზე რომ მომიკიდოთ" და ისევ გამიღიმა. ჩექმები, ტყავის შარვალი და მოკლე მაისური ეცვა, ალბათ, ბაიკერი უნდა ყოფილიყო. სანთებელა მივაწოდე, მოუკიდა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა, მაგრამ უარი ვუთხარი. გადავწყვიტე დიალოგი წამომეწყო, რაც არ გამჭირვებია. საუბარში ისე გავერთეთ, რიგი როდის გავიდა, ვერც შევამჩნიე. დაცვამ ზედაპირულად შემამოწმა, მაგრამ ერთმა უცებ მკითხა: "ჯიბეში რა გაქვს?", - მობილური და საფულე ამოვიღე. "სუფთაა", - უთხრა მეორეს და კამერისკენ შემატრიალეს. რამდენიმე წუთში უკვე კიბეს ქვევით მივუყვებოდი ხელზე კი გაურკვეველწარწერებიანი ბეჭედი მქონდა დარტყმული. გოგონა ფეხდაფეხ მომყვა.

ნახევრად ბნელ სარდაფის ტიპის ოთახში განათებული მხოლოდ სცენა და ჭერში მოციმციმე რამდენიმე პროჟექტორი იყო. დიჯეი აპარატურას აწყობდა, შედარებით ნელ მუსიკაზე ვიღაცები ცეკვავდნენ. ბარმენს ხელით მოვუხმე და ლუდი და ჩემი მეწყვილესთვის ჯინი შევუკვეთე. ბარმენმა ლუდი ბარის ზედაპირზე ისე ოსტატურად გამომიცურა, რომ პირდაპირ ჩემ წინ გაჩერდა. ბარის სკამიდან მთელი დარბაზი კარგად ჩანდა. გარეთ ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაც დაჟინებით ითხოვდა შემოსვლას. "რა გქვიათ?" - ვკითხე გოგონას და მის ჯინიან­ ჭიქას ლუდის ჭიქა ნაზად მივუჭახუნე. "გამიკვირდა, მეგონა, აღარც მკითხავდი", - გამიღიმა და თვითონაც მომიჭახუნა, მერე ერთი მოყუდებით დალია და როცა ჭიქა დადგა, ჩურჩულით მითხრა, - "მე თაია ვარ". დიჯეის უკვე ჩართული ჰქონდა ტრეკი და სცენაც ნელ-ნელა ივსებოდა მოცეკვავეებით. ჩემს ახალგაცნობილ პარტნიორს სწყინდა, რომ გამუდმებით ვიღაცას ან რაღაცას ვათვალიერებდი, რამდენიმეჯერ მკლავზე მსუბუქადაც მიჩქმიტა ყურადღების მისაქცევად. სიგარეტის კვამლი­ უკვე თვალებს მიწვავდა, ამიტომ გარეთ გასვლა მომინდა. კიბეზე ავირბინე, დაცვას გავცდი. უცებ უცნაური სუნი მეცა. შენობის კუთხეში ბიჭები იდგნენ. ერთმა გამომძახა: "გულაობ?", "მოდი, დაგვეწვიე" - მითხრა მეორემ, - ქართულია, ჩემი სოფლის. მოსაწევს მთავაზობდნენ. "არა, მადლობა, მაგის გარეშეც მისწორდება", - ვუთხარი და კლუბში შებრუნება დავაპირე. "ალბათ, უფრო მძიმე რაღაცები გევასება", - "ივარაუდა" პირველმა და თეთრი კვამლი სიამოვნებით გამოუშვა.

კლუბიდან დიჯეის ხმა ისმოდა. დაცვამ ხელით მანიშნა, შეჩერდიო, ხელზე დამხედა, - ბეჭედი, რომელიც ხელზე მერტყა, ჩემი ბილეთი იყო. თაია ცეკვავდა, მე კი ბარიდან მაგიდასთან გადავინაცვლე. საათს დავხედე, პირველი ხდებოდა და ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. "აშკარად ვერ ერთობი", - მომესმა ნაცნობი ხმა და ერთი იმათგანი შემრჩა ხელში, ვინც მარიხუანა შემომთავაზა. "შეიძლება დავჯდე?", - მკითხა და პასუხს არც დაელოდა, ისე მომიჯდა გვერდით. "შენი გოგოა?" - მანიშნა თაიაზე, უარის ნიშნად თავი გავიქნიე. გოგა კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ორი ლუდი კიდევ შევუკვეთე და გოგასგან ინფორმაციის მიღებას შევუდექი. გოგა 27 წლისაა, პროფესიით პროგრამისტია, კვირაში ორ ღამეს ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. როგორც მითხრა, "ღამე გულაობისთვის არის შექმნილი, დღე კი სამუშაოდ":

- როგორ შემოაქვთ კლუბში ნარკოტიკი?

- ძალიან იოლად, რადგან მკაცრად არავინ გამოწმებს, მით უფრო, თუ ხშირი სტუმარი ხარ. მთავარია, რომ ფულს ხარჯავ. მე პირადად კლუბში ბარიგისგან ნარკოტიკი არასოდეს მიყიდია და ვფიქრობ, იმდენად სულელებიც არ არიან, რომ კლუბში გაყიდონ, არავის არ უნდა თავის "დაწვა".

- ამაზე არავინ რეაგირებს?

- არავის სურს "მეწველი ძროხის" დაკარგვა, ორივე მხარე იღებს სარგებელს.

- დაახლოებით რა თანხა გჭირდება ნარკოტიკის საყიდლად?

- სხვადასხვა ფასია, ამ ბოლო დროს უფრო ზეთს ეტანებიან. სამგრამიანის ფასი დაახლოებით 250 ლარია, თუ მარიხუანა გინდა, ერთ გრამს 70-დან 80 ლარამდე შეიძენ. მე ვიცი დოზა, რომ რელაქსი მივიღო, მაგრამ ბავშვებმა არ იციან, ამიტომაც ბევრი დამოკიდებული ხდება. როდესაც მარიხუნია აღარ აკმაყოფილებთ, სხვა ნივთიერებების ძებნას იწყებენ.

გოგასთან საუბარი მომბეზრდა და ისევ თაიასთან დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ რაღას ვიპოვიდი. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი. მერე ესეც მომბეზრდა და მივხვდი, თუ არ წავიდოდი, გავგიჟდებოდი, - მხიარულებას ნუთუ აუცილებლად ნარკოტიკი სჭირდება? ორი ჭიქა ლუდიც ხომ დაგაყენებთ კარგა ხასიათზე. ჰოდა, მეც იქურობა დავტოვე და გარეთ გამოსულმა ისეთი შვება ვიგრძენი, რომ არა მგონია როდესმე გულმა იქით გამიწიოს.

ზურა სოლომნიშვილი

გაზეთი "კვირის პალიტრა"