თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა
თუ მეფეს უყვარხარ, მთელი მსოფლიოც რომ დაგიპირისპირდეს, შენ მაინც გახდები დედოფალი - ეს კამილა პარკერის ამბავია, ქალის, რომელიც ბრიტანელების, და არამხოლოდ, უმეტესობას სძულდა. მისი გზა დედოფლობამდე არ ყოფილა მარტივი, როგორც ბრიტანელები ამბობენ, იმ სიმშვიდის მიღმა, რომელიც საჯაროდ გამოჩენისას კამილას სახეზე ყოველთვის ნიშანდობლივია, ქარიშხალი იმალებოდა.
ის მეფე ჩარლზის ცხოვრების სიყვარულია, ახალგაზრდობიდანვე მისთვის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანი იყო. თავდაპირველად არც საზოგადოება, არც სამეფო ოჯახი არ იღებდა, თუმცა ეტაპობრივად ყველა მიეჩვია, რომ საჯარო სივრცეში მუდმივად იყო ჩარლზის გვერდით, საბოლოოდ, ყველამ აღიარა.
ალბათ, სულ რამდენიმე ქალი ყოფილა ისე შეურაცხყოფილი საზოგადოებისგან და ისე მიუღებელი, როგორც კამილა. ის იყო "სხვა ქალი“, რომელსაც ადამიანები "საუკუნის ქორწინების" დასრულებას აბრალებდნენ, ის დღემდე რჩება პრინცესა დაიანასთან მუდმივი შედარების ობიექტად. და მიუხედავად დედოფლობისა, დღემდე გარდაცვლილი პრინცესას ჩრდილშია. კამილა ბრიტანული სამეფო კარის რეალური თამაშების ყველაზე ბოროტ პერსონაჟად მიიჩნევა. თუმცა არის ის ისეთი ბოროტი, როგორც მედია წარმოგვიდგენს, თუ სამეფო წესების მორიგი მსხვერპლი იყო, რომელზეც დროთა განმავლობაში უბრალოდ გაიმარჯვა?
წლების განმავლობაში პრესა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა მის ხასიათს, ქცევებს, გარეგნობას, დაუნდობლად უტევდა, მაგრამ გაუძლო ქარიშხალს, უფრო მეტიც, გააძლიერა თავისი პოზიცია და დღეს ბრიტანულ სამეფო ოჯახში რანგით ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ქალია. ქალი, რომელიც მონარქიის უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა, დღეს დედოფალია.
"მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ, თქვენ უბრალოდ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება", - ამბობს კამილა.
ბავშვობავერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ის ოდესმე ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინდებოდა. კამილა 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა. მისი ოჯახი მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო, მდიდრები იყვნენ, ჰქონდათ კარგი კავშირები, თუმცა არა სამეფო. სკოლა შვეიცარიაში დაამთავრა, შემდეგ კი ლონდონურ საზოგადოებაში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით 60-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა ოფიცერ ენდრიუ პარკერ ბოულსთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა.
ხანგრძლივი რომანის დასაწყისი
1970-იანი წლების დასაწყისში გააცნეს ახალგაზრდა პრინცი ჩარლზი. პრინცის ბიოგრაფიის ავტორი, ჯონათან დიმბლბი ასე აღწერს მათ თავდაპირველ ურთიერთობას: "კამილა იყო მოსიყვარულე, თავგანწირული, პირველი სიყვარულისთვის დამახასიათებელი მთელი სიმძაფრით - ჩარლზმა კი მასთან პირველი შეხვედრისთანავე თავი დაკარგა“.
ჩარლზისთვის შესაძლოა, გაცილებით მარტივი ყოფილიყო ცხოვრება, თავიდანვე კამილაზე რომ დაქორწინებულიყო. თუმცა სამეფო ოჯახმა არ მისცა ამის უფლება. რაც არ უნდა მოძველებულად ჟღერდეს, იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც სამეფო ოჯახმა კამილაზე უარი თქვა, ისაა, რომ მას არ ჰქონდა ტიტული და არ ჰქონდა ქალწულის რეპუტაცია.
1972 წლის ბოლოს ჩარლზი რვა თვით წავიდა საზღვაო ფლოტში. ამ პერიოდში ენდრიუ სპენსერმა კამილას დაქორწინება შესთავაზა, კამილაც დასთანხმდა, რადგან იცოდა, რომ ჩარლზს აკრძალული ჰქონდა მასზე ქორწინება. სჯეროდა, რომ ტახტის მემკვიდრისგან შეთავაზებას ვერ მიიღებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩარლზი და კამილა დარჩნენ ერთმანეთის ცხოვრებაში, მუდმივად ურეკავდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ მეგობრების მიერ გამართულ წვეულებებზე.
წიგნში "პრინც ჩარლზის ცხოვრების წარმოუდგენელი ვნებები და პარადოქსები“, ავტორი სალი ბედელ სმიტი წერს, რომ ჩარლზმა და კამილამ 1979 წელს რომანი აღადგინეს, ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც ჩარლზი დაიანაზე დაქორიწინდა. 1986 წელს კი რომანი კვლავ განაახლეს.
Diana: Her True Story-ის ავტორმა ენდრიუ ნორტონმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ითხოვდა ქორწილის ჩაშლას დაიანა ქორწილამდე ორი დღით ადრე მას შემდეგ, რაც იპოვა ჩარლზის მიერ კამილასთვის შეკვეთილი გრავირებული სამაჯური. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები