"მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის - ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ, როცა უყურებ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის - ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ, როცა უყურებ"

მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის - ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება ადამიანს, რომ უყურებ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მისთვის კვლავ უცნობია, პოლონელი ექიმები ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში როდის ჩამოვლენ.

"ჩემი ხედვით უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს. ის უკიდურესად სუსტად არის, რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ ადამიანს.

ამასთან, არანაირი ინფორმაცია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე პირადად არ მაქვს. ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე პასუხს ჯერჯერობით ელოდება. მისი თქმით, „რაღაც პერიოდია საჭირო“.

"ინტერპრესნიუსი"