"რუსეთს ჰქონდა გეგმები, რომ ომი დაეწყო საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ყაზახეთშიც" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ჰქონდა გეგმები, რომ ომი დაეწყო საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ყაზახეთშიც"

3 მაისს, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა კრემლზე დრონებით თავდასხმა და ეს „უკრაინას დააბრალა. „"ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნასა და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია", - ვკითხულობთ კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მომხდარი კრემლმა „ტერორისტულ აქტად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, კრემლის ერთ-ერთ ქონგურზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი როგორც ჩნდება. უკრაინის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის ისიც, რომ ამის ორგანიზატორი შესაძლოა ისევ მოსკოვია. 5 მაისს კი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და სპონსორმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ "ვაგნერი" 10 მაისს დატოვებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა. მისი თქმით, „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1-ლი მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს. „"მათ ჰგონიათ, ისტორიაში გამარჯვებულებად შევლენ, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად", - ამბობს­ პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში. სწორედ ამ თემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

areshidze.jpg

- როგორც არაერთი დასავლური გამოცემაც წერს, მეც ვფიქრობ, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა უკრაინის ხელისუფლების უშუალო გადაწყვეტილებით არ მომხდარა. ამაზე მეტყველებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლების განცხადებებიც. მიმაჩნია, რომ მომხდარი დივერსიულ აქტს ჰგავს. არ გამოირიცხება ვერსია, რომ დრონები რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს შესაძლოა თვითონ რუსებმა მოაწყვეს. სამხედრო სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთლად ისე არ უნდა იყოს საქმე, როგორადაც წარმოაჩინეს. თუ ამის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას, რთული სათქმელია, ამით რისი მიღწევა სურდათ. ფაქტია, ამან უფრო მეტად დააზარალა რუსეთის, როგორც ძლიერი სამხედრო ქვეყნის, ისედაც შელახული იმიჯი.

რაც შეეხება პრიგოჟინს, მის მუქარასა და პიარსვლებს, ასეთი ვითარებაა: პრიგოჟინი უკმაყოფილოა, რომ მას და მის დაჯგუფებას იმდენ იარაღს აღარ აძლევენ, რამდენსაც ადრე იღებდა. აქამდე მისი დაჯგუფება პრივილეგირებული იყო. ახლა ეს შეიცვალა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს შეიარაღებაში პრობლემა აქვს. განსაკუთრებით დეფიციტურია ჭურვები. ვერ აუდის რუსული სამხედრო წარმოება ამხელა დანაკარგს, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბური დაპირისპირებისთვის. როგორც ამბობენ, ურალში რამდენიმე ქარხანა აამუშავეს, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებენ იარაღით სამხედროების მთელ ფრონტზე მომარაგებას. უნდა ითქვას ისიც, რომ გარკვეულწილად ამზადებენ იარაღის რეზერვსაც, რადგან უკრაინელების მასირებული შეტევის შემთხვევაში რეზერვების გარეშე მოგერიება ძალიან გაუჭირდებათ. პრიგოჟინი აღშფოთებულია, რომ ბოლო ორი თვეა დაკარგა პრივილეგიები და ახლა ცდილობს, რომ იტყვიან, პოზაში ჩადგეს.

გარდა ამისა, მწვავე დაპირისპირებაა რუს სამხედრო ხელმძღვანელობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ომის განმავლობაში 17 ხელმძღვანელი გამოიცვალა ამ ე.წ. სამხედრო ოპერაციის სხვადასხვა მონაკვეთზე, მათ შორის საერთო ხელმძღვანელობაშიც. პუტინი ცდილობს ამ მიმართულებით ძალები დააბალანსოს. საზოგადოდ, სამხედრო თვალსაზრისით, ყოვლად არაკორექტულია კერძო სამხედრო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ფრონტის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე იბრძვიან და ლამის მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებიან. ამ პროცესმაც აჩვენა, რომ რუსული არმია ორგანიზაციულად ძალიან დაბალ დონეზეა. კრიტიკას ვერ უძლებს მისი სამხედრო ხელმძღვანელობა. იმ კორუფციამ, რომელიც რუსეთშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში ყვაოდა სამხედრო სფეროში, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ამ ომმა გამოაჩინა უდიდესი ნაკლოვანებები. კერძოდ, ის, რომ ეს არის შიგნიდან მოშლილი, მომპალი სახელმწიფო. როგორც სამხედროები ამბობენ, ისინი უკრაინისგან არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას, ამისთვის არც იყვნენ მზად და ძალიან გაუჭირდათ ახალ რეალობაზე გადაწყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 9 თვის განმავლობაში ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი. როგორც იუწყებიან, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. არც უკრაინის დანაკარგია მცირე, მაგრამ მსოფლიოში მეორე არმია რომ გქვია, ერთ პატარა ქალაქს ამდენ რესურსს შეალევ და შედეგსაც ვერ იღებ, ძალიან სამარცხვინოა.

- კრემლის თავზე დრონების გამოჩენის შემდეგ რუსებისგან არაერთი მუქარა გაისმა, მათ შორის ზელენსკის ლიკვიდაციის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილი აღლუმი გააუქმონ. თავის მხრივ, გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა უკრაინამ სწორედ 9 მაისს დაიწყოს რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევა.

- ჩემი აზრით, პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება. ამიტომ, მეეჭვება აღლუმი გააუქმონ. რაც შეეხება რუსეთის მუქარას, ჯერ მათი რაიმე განსხვავებული მოქმედება არ ჩანს, თუმცა შეუძლიათ კიევზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ, მათ შორის დაბომბონ სამთავრობო შენობები, რისგანაც აქამდე აშკარად იკავებდნენ თავს. ამასთანავე, უკვე კარგა ხანია ველით უკრაინის გააქტიურებასა და კონტრშეტევის წამოწყებას. ამას დაამთხვევენ 9 მაისს თუ არა, რთული სათქმელია. რუსეთისგან რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მასშტაბურ სამხედრო შეტევას არ ველი. აშკარაა, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არა აქვს. ბახმუტმა ორივე მხრიდან ძალიან დიდი სამხედრო რესურსი შეიწირა, მაგრამ უკრაინელები იმ ტიპის შეიარაღებას, რითაც იქ იბრძვიან, ყოველდღიურად იღებენ დასავლეთიდან, რუსეთის წარმოებას კი ძალიან უჭირს. უკრაინელებს სხვა გზა არა აქვთ, მათ უნდა დაიწყონ შეტევა, ვფიქრობ, ეს უკვე მალე მოხდება. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრში ამ ომთან დაკავშირებული გარკვეული პროცესები მიდის. ეს პოლიტიკურ განცხადებებშიც ჩანს. ბოლო დროს მეტად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია. ეს ქვეყანა პროცესში აშკარად სულ უფრო მეტად ერთვება. სი ძინპინის საუბარი ზელენსკისთან და გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთზე, როგორც აგრესორზეა ლაპარაკი, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ჩემი აზრით, რუსეთის მდგომარეობა კრიტიკულია. არც უკრაინისთვის არის მარტივი ვითარება სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მის მხარეს არის მორალური უპირატესობა და აქვს არნახული მხარდაჭერა, რაც მის უპირატესობას განაპირობებს.

- რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციასა და ტერაქტებს გეგმავდნენ. ამავე წყაროს მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები ყირიმში მათ საქართველოდან შეიტანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ცდილობს საქართველო ამ კონფლიქტში მონაწილედ წარმოაჩინოს, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამოკიდებულებაში ზედმეტ სიფრთხილესაც კი იჩენს. ამ ვითარებაში ეს ბრალდებები რას ემსახურება?

- ერთი ვერსიით, შეიძლება ეს საინფორმაციო ომის ნაწილად განვიხილოთ, რომლის დროსაც რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილები გაახმაუროს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყირიმის ხიდის აფეთქებაშიც ქართულ კვალს ეძებდნენ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ნამდვილად ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთს არ მისცეს საბაბი საქართველოში სამხედრო მოქმედებების წამოსაწყებად. ამგვარი გეგმები რუსეთს ჰქონდა როგორც საქართველოზე, ასევე მოლდოვასა და ყაზახეთზეც. უკრაინაში ომის ამგვარად განვითარების შემდგომ კრემლს ამის რესურსი თითქოს აღარ აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მათ პროვოკაციის მოწყობა და არეულობის კერის შექმნა ყოველთვის შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამით არის განპირობებული სწორედ ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი შეხედვით გადამეტებული სიფრთხილე.

- ზოგი ამ გაზვიადებული სიფრთხილის გაგრძელებად მიიჩნევს იმ თითქმის ანტიდასავლურ რიტორიკას, რასაც ბოლო დროს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვისმენთ და რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს ნამდვილად არ წაადგება.

- ჩემი აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეფასებაში გადაჭარბებას ვერ ვხედავ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩვენი ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის რიტორიკა ნამდვილად არ არის მოსაწონი. საჭიროა მეტად აწონილი და დიპლომატიური პოლიტიკა. არ შეიძლება ასეთი კონფრონტაციული კილოთი საუბარი. თავად დასავლეთის პოლიტიკაც ზოგჯერ უცნაურია, ევროპელი პოლიტიკოსებისგანაც გვესმის განცხადებები, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქართველო ეხმარება, მაგრამ პარალელურად თეთრი სახლის ადმინისტრაციის შესაბამისი ბიურო გამოდის და საქართველოს ხელისუფლებას უხდის მადლობას რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში მონაწილეობისთვის.

- მოგეხსენებათ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის (ჩPAჩ) კონფერენციაში, რომელიც 4-5 მაისს ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით გაიმართა. ეს ევროპელი პარტნიორების ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. ერთი მხრივ, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავს ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ევროკავშირისთვის პრობლემურ უნგრეთის ლიდერ ორბანთან მეგობრობაზე უარს არ ამბობს.

- როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლების ზოგიერთი ქცევა, განსაკუთრებით რიტორიკის თვალსაზრისით, ჩემთვისაც აუხსნელი და მიუღებელია, მაგრამ ამ კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობა რატომ არის ასეთი პრობლემური, ცოტა გაუგებარია. დღეს მსოფლიო კონსერვატიზმი ერთგვარი რევანშისთვის ემზადება. მხოლოდ უნგრეთში შეკრებილ პირებზე არ არის ლაპარაკი. ამერიკაშიც ამ მიმართულების იდეოლოგების მთავარი ლოზუნგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ასეთია: "ჩვენ წავაგეთ ყველა ურბანული ცენტრი, მაგრამ უნდა მოვიგოთ რეგიონები"... დღეს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში კონსერვატიული განწყობები ძალიან ძლიერია. მიუხედავად ამისა, თქვენ როგორც დააყენეთ საკითხი, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ჩვენი საზოგადოების განწყობა არის პროევროპული. ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის გზა და მიზანია. შესაბამისად, მოუწევს ხელისუფლებას გაითვალისწინოს იმ ევროსტრუქტურების პოზიცია, რომელშიც აპირებს საქართველო გაწევრებას. ბოლო ხანს კონსერვატიული პოზიციების დემონსტრირება ჩვენს ხელისუფლებაში ახალ ტრენდად იქცა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ, ალბათ, ბევრი თანამდევი საკითხია, რაზეც ღირს დაფიქრება. თუმცა, თუ ევროსტრუქტურებს ეს თემა ძალიან აწუხებთ, ვფიქრობ, ამას ჯერ საკუთარ რიგებში უნდა მიხედონ. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ამ რელსებზე აშკარად დადგნენ. მხოლოდ ორბანზე არა მაქვს ლაპარაკი.

- ლამის დღე არ გავა, არ გავიგოთ, რომ რომელიღაც შენობაში მიდის სპეცოპერაცია ქოლცენტრის აღმოსაჩენად. ამგვარ ორგანიზაციებზე კარგა ხანია ლაპარაკობს ჩვენი თუ უცხოური მედია. მაგალითად, 2019 წელს ერთ-ერთ შვედურ გაზეთში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება თაღლითურ სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ რგოლად საქართველოც იყო მოხსენიებული. აქამდე რატომ არ გამოიძიეს საქართველოში ეს დანაშაული?

- შეუძლებელია ასეთი მასშტაბური დანაშაულის თაობაზე შესაბამის უწყებებს არ სცოდნოდათ. მიმაჩნია, რომ იცოდნენ, მაგრამ ამ კრიმინალს თავად სახელმწიფო სტრუქტურების გავლენიანი პირები მფარველობდნენ. თუ არ იცოდნენ, ეს უფრო დიდი უბედურებაა - გამოდის, სპეცსამსახურები ტყუილად გვყოლია, თუ ცხვირწინ ამხელა დანაშაულებრივ სისტემას ვერ ხედავდნენ. ჩემი აზრით, ამ სქემებში ჩართული იყვნენ ამ ხელისუფლების რიგი ჩინოსნები, რომლებიც ლობირებდნენ კრიმინალურ ბიზნესს. სწორედ მათ გამო არ მოხერხდა ამ დანაშაულებრივი სისტემის გამოაშკარავება. ახლა დროა ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად იმოქმედოს და გამოააშკარაოს სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა ის ჩინოსანი, რომლებიც ქოლცენტრების საქმეში არიან ჩაბმული. მათ შორის შეიძლება იყვნენ უკვე ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც. ეს უნდა გააკეთონ დროულად, სანამ შვედური თუ ბრიტანული მედია ისევე არ გაშიფრავს და გამოაქვეყნებს იმ პირთა გვარ-სახელებს, როგორც კეზერაშვილი და მისი მეგობრები გაშიფრეს. შეიძლება ეს არ იცოდნენ პრემიერ-მინისტრმა თუ პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ჩართული იყო არაერთი მაღალჩინოსანი. მახსოვს, ჩვენი ზოგიერთი ჟურნალისტი როგორ იდგა ხოლმე ამა თუ იმ შენობასთან და ამბობდა, აქ არის ქოლცენტრიო. თუ ახლა დარბიან ყველა შეტყობინებაზე, მაშინაც შეემოწმებინათ. როდესაც თავის დროზე საფრანგეთის სამართალდამცავებმა დააკავეს კეზერაშვილი და საქართველოდან დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის გაგზავნა მოითხოვეს, აქედან ერთი ფარატინა ქაღალდი ჩავიდა მხოლოდ, რაც იმ წყალქვეშა დინებამ განაპირობა, რომელიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობას დღემდე ფარავდა.

- ახლახან გამოქვეყნდა IRI-სა და NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები. ორივე კვლევაში ჩანს, რაოდენ გაუცხოებულია საზოგადოებისთვის პოლიტიკური სპექტრი - გამოკითხულთა თითქმის 60% ამბობს, რომ მის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ მმართველი ძალა მომავალი არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს. ასეთ ვითარებაში რა გადაადგილებები შეიძლება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ქმედითი მესამე ძალის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს?

- ჩემი აზრით, ძირითად ოპოზიციურ სპექტრს საამისო სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. მე მათში მესამე ძალის ჩამოყალიბების რესურსს ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენის პერსპექტივაც არ ჩანს. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს მოსალოდნელი იყო. ხელისუფლებას ეს აწყობს. საზოგადოებასაც შეიძლება აწყობდეს, თუ ის პოლიტიკური ფიგურების გამო კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არამედ პოლიტიკური პარტიების პროგრამებითა და გეგმებით დაინტერესდება და საარჩევნოდ ამით იხელმძღვანელებს. რაც შეეხება ნიჰილიზმს, ამაზე აქამდეც გვილაპარაკია, ეს ფაქტია - ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი გაღიზიანებულია პოლიტიკური პარტიების მოქმედებით. ჩვენს საზოგადოებას აღარ აინტერესებს პოლიტიკა და პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს როგორ უნდა შეიცვალოს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. არადა, სახელმწიფო ვერ იარსებებს პოლიტიკის გარეშე. ამიტომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ამომრჩევლის პოლიტიკისკენ შემობრუნება, მისი პოლიტიკურ პროცესში ჩართვა.