დეფიციტის არითმეტიკა - კვირის პალიტრა

დეფიციტის არითმეტიკა

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის დაწინაურებით ამაყობს, მოსახლეობის უმთავრესი პრობლემები კი სწორედ ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება. ორი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ უმუშევრობა, შემოსავლის უქონლობა, მისი სიმწირე და ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს ხახვის დეფიციტიხ დაერთო. ეკონომისტები კი ამბობენ, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია, თუმცა კიდევ რა პროდუქტზე შეიძლება შეიქმნას დეფიციტიც, ეს როგორ იმოქმედებს ქვეყნის მდგომარეობაზე და რა არის გასაკეთებელი, ამ საკითხებზე ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- კვლევებში მოყვანილი ციფრები აღქმების გამოხატულებაა, მაგრამ აღქმები, როგორც წესი, ყოველთვის არ ემთხვევა ობიექტურ რეალობას. არ ვამბობ, რომ ჩვენი აღქმები რეალობისგან სრულიად დაცლილია, მაგრამ ხშირად ან ალუზიურია, ან არარეალისტურ დატვირთვას იძენს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სწრაფვა და მოლოდინი ორიენტირებულია უკეთესობისკენ და ხშირად ამ უკეთესობის დადგომა ჩამორჩება ჩვენს მოლოდინს. ჩვენ გვინდა ცხოვრების დონე იყოს მოწინავე ქვეყნების დონეზე, მაგრამ, როდესაც ეს ყოველდღიურ ყოფაში ვერ გამოდის, გვიჩნდება ნეგატიური განწყობები, რაც, ცხადია, შეფასებებზე ახდენს გავლენას. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მეორე - ადამიანი მიღწეულს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, მიიჩნევს, რომ ასეც უნდა იყოს, ვიდრე ჯერ მიუღწეველ თუ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებას. ეს განაპირობებს შედარებით მძიმე სურათის წარმოჩენას, რაც ამ ბოლო კვლევებით გამოჩნდა, იმ რეალობასთან შედარებით, რაც საქართველოშია.

- რა რეალობაა საქართველოში?

- ის რეალობაა, რომ მიუხედავად პოლიტიკური პარტიებით დაწყებული და ცალკეული ფიზიკური პირით დამთავრებული, მუდმივად წუწუნი გვესმის, მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება. მართალია, ეს ტემპი აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მაგრამ რომ იტყვიან, ორმოს ორი ნახტომით ვერ გადავახტებით. ჩვენ ისეთი სიჩქარე და ტრაექტორია უნდა ავირჩიოთ, რომლითაც შევძლებთ განსაზღვრული მანძილის ერთი ნახტომით დაძლევას. ჩვენ რომ მოვინდომოთ, დღესვე გვქონდეს გერმანიის ან იტალიის დონის ეკონომიკა, ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ყველაფერი მოდის დაუღალავი შრომის, ერთობლივი ძალისხმევისა და სოციალური შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენზე მეტი პატრიოტი და ჭირისუფალი ამ ქვეყანას არ ჰყავს და თუ ვინმე მოუვლის ამ ქვეყანას, მხოლოდ ჩვენ. ამ ქვეყნის მოვლა-პატრონობა სხვას არ უნდა გადავაბაროთ. სხვა თუ გააკეთებს ამას, გააკეთებს თავისი სურვილებისა და კულტურის საფუძველზე. ამიტომ ამის შესახებ უნდა გვქონდეს ეროვნული თანხმობა და გვახსოვდეს, თუ ვტოვებთ ქვეყანას, ჩვენს ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან წასულთა რაოდენობა ერთ წელიწადში 1/4-ით გაიზარდა, შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მარტივი გათვლითაც ცხადია, რომ საქართველოში ეთნიკური ავტოქტონური მოსახლეობის წილი წლეულს, სულ ცოტა, 4 პუნქტით მაინც შემცირდა. როდესაც ქვევრიდან ღვინოს ვიღებთ და წყალს ვუმატებთ, ღვინის ხარისხი და ბუკეტის თვისებები სულ უფრო იკლებს.

- აქ რომ უკეთესი პირობები იყოს, ხომ არავინ წავიდოდა?

- ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აქ იგრძნონ თავი კომფორტულად ეკონომიკურად და კარიერულად. საზღვრების ჩაკეტვას არავინ აპირებს, მაგრამ უცხოეთში გასვლას მიზნად უნდა ჰქონდეს შთაბეჭდილებების, ცოდნის მიღება და საბოლოოდ ეს ჩვენს ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ჩვენი ყველა გამოჩენილი წინაპარი უცხოეთში მიღებულ განათლებას საქართველოში იყენებდა, აქ ემსახურებოდა ქვეყანას. ასეთი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. მეორე მხრივ, ცხადია, ქვეყანაში უნდა იყოს სათანადო პირობები, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს ამისთვის და საზოგადოებას ჰქონდეს მძლავრი ხმა, ხელისუფლება მუდმივად აკონტროლოს, რათა მან ყველაფერი გააკეთოს ნორმალური პირობების შესაქმნელად და მეტიც, გასაუმჯობესებლად.

როდესაც საზოგადოებას ერთიანი ხედვა და მიზანი არა აქვს, ეს მთავრობასაც უკარგავს მოტივაციას და ნაკლებად ეფექტიანი ხდება. რა გაგვაერთიანებს ქართველებს, რაზეც კონსენსუსი გვაქვს? მაგალითად, ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის მიმართაც ოპოზიციასაც და `პოზიციასაც~ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს, ცალკეული გამონაკლისის გარდა. ჩვენ უნდა გვქონდეს 10-12 ისეთი კრიტერიუმი, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ერთიანი დამოკიდებულება იქნება, დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით, დასრულებული სასურსათო პროგრამებითა და მოსახლეობის სოციალური დაცვით.

- ხელისუფლება მუდმივად ამაყობს ეკონომიკური ზრდით. ახლახან კონფერენციაზე პრემიერმა ისიც კი თქვა, ევროკავშირის 12 ქვეყანას ვუსწრებთ ეკონომიკური მდგომარეობითო. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს და თუ ასეა, რატომ ვერ გრძნობს ამას მოსახლეობა?

- ჩვენ ევროკავშირის 12 ქვეყანას კი არა, უფრო მეტსაც ვუსწრებთ ბიზნესის დაწყების სიმარტივით, დინამიზმითა და კიდევ სხვა პარამეტრებით. რაც შეეხება ერთ სულზე წარმოებულ პროდუქციას, ჯერ ვერ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნებს. თუმცა კანდიდატებთან შედარებით სოლიდური ზრდა გვაქვს - უკრაინისა და მოლდოვის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ, საშუალო ხელფასით კი უკვე თურქეთსაც გავუსწარით. თუმცა მეორე პრობლემაა ის, რომ ეს საშუალო ხელფასია და ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ჯერ კიდევ არ კმარა. მაგალითად, მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე საქართველოში 180-ით ნაკლები დაქირავებით დასაქმებული გვყავს, ვიდრე შტატებს - ანუ ჩვენთან ხელფასის სიდიდეზე დიდი პრობლემა ხელფასის მიმღებთა ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობაა. როდესაც ლარი შემოვიდა მიმოქცევაში, წლიური ხელფასის თანაფარდობა მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მხოლოდ 20% იყო, დღეს კი უკვე არის 154% - ანუ 12 თვის ჯამური ხელფასი წლიურ მშპ-ს მნიშვნელოვნად აღემატება, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი აშშ-ში სადღაც 100%-ის ფარგლებშია. ხელფასმა დაიბრუნა თავისი ეკონომიკური მიმზიდველობა, მაგრამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ საქართველოში გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ჰაბის ფუნქციის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ქვეყანას დაეხმარება მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ღირსეული ანაზღაურების ქონაში. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, პროგრესი წლის ბოლომდე უფრო თვალსაჩინო იქნება.

- გასაგებია, ამ მხრივ პროგრესის მოლოდინია, მაგრამ რა უშლის ხელს დასაქმების პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარებას?

- როდესაც ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის დიდ ქალაქებზე, ძნელია პრობლემის ქვეყნის მასშტაბით მოგვარება. ამიტომაც უნდა მოხდეს წარმოების დეკონცენტრაცია, რათა მოქალაქეს ადგილზე შეეძლოს ბიზნესის დაწყება და განვითარება. ამისათვის საგადასახადო კოდექსი უფრო მოქნილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობას სტიგმასავით შერჩა, რომ ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლია. აგროსასურსათო პროდუქცია ამ საუკუნეში დაახლოებით 25 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით შემოვიტანეთ. რაც გაგვაქვს, დაახლოებით 12-დან 13 მლრდ დოლარამდეა. წარმოიდგინეთ, ის 12,5-13 მლრდ დოლარი რომ ქვეყანაში დარჩენილიყო (ან ამის ნახევარი მაინც), სად იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს სტიგმა ჩამოაშოროს სოფლის მეურნეობის სექტორს. ამისთვის საჭიროა ადგილზე წარმოების განვითარებისთვის მეტი პირობების შექმნა. ჩვენი მოხმარებული პურფუნთუშეულის 80%-ზე მეტი წარმოებულია იმპორტირებული ფქვილით და ამ დროს იმის გამო, რომ ეს ფქვილი დემპინგური ფასებით შემოდის, საქართველოში მოყვანილი 30-35 ათასი ტონა ხორბალი უფუჭდებათ. შესაბამისი პირობები და მექანიზმებია შესაქმნელი, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება პრესტიჟული გახდეს.

- ბიზნესმენები მუდმივად ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

- ამ კანონის მიღება ნიშნავს ფასებზე ქვედა ზღვრის დაწესებას, ეს კი დარტყმა იქნება საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის. არის ჩვენი მოსახლეობა მზად, რომ ორჯერ მეტი გადაიხადოს პირველადი მოხმარების პროდუქციაში? ხელისუფლებაც ამიტომ ფრთხილობს.

- რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება კონკურენციის გაწევას?

- იმის გამო, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ექსპორტის მაჩვენებელი რომ გაცილებით მაღალი იყოს, მაშინ, ცხადია, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ახლა დამოკიდებული ვართ იმპორტზე და თან, ფაქტობრივად, მონოპოლიური ფასებია - საქართველოს მოსახლეობა, ბიზნესიც და ფიზიკური პირებიც იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია, ფეხბურთს ინგლისის გუნდს რომ ეთამაშებიან, ქართველი ფეხბურთელები დგანან და მხოლოდ თვალს აყოლებენ, როგორ აწვდიან ინგლისელები ერთმანეთს თავით ბურთს. ჩვენ აქტიური თამაში რომ შევძლოთ, წარმოება უნდა იყოს საკმაოდ განვითარებული. სხვა გზა არ არსებობს.

- პერიოდულად დეფიციტი იქმნება სხვადასხვა პროდუქციაზე. გასაგებია, რომ ახლა ხახვზე იმის გამო შეიქმნა, რომ თურქეთმა შეზღუდა ექსპორტი. როდესაც იმპორტდამოკიდებული ვართ, მსგავსი რამ მოსალოდნელია და რატომ ვერ ვახერხებთ თადარიგის დაჭერას?

- საბაზრო ეკონომიკას რომ ნაკლოვანებები აქვს, ამას სტუდენტებს პირველ კურსზე ასწავლიან. მეორე მხრივ, სახელმწიფოს ამოცანაა, მოახდინოს უარყოფითი ფაქტორების მაქსიმალური ნეიტრალიზება და შექმნას პირობები სტაბილურობისთვის. ბიზნესი დაინტერესებულია მალე მოახდინოს ადაპტაცია და მას უნდა ჰქონდეს საკმარისი მოტივაცია, რათა ზაფხულში მოწეული პროდუქცია ზამთრისა და გაზაფხულისთვის შეინახოს და გასაყიდად ამ დროს გამოიტანოს. შესაბამისად, საჭიროა საცავები, საგადასახადო შეღავათები... წარმოების გაზრდას ხელშეწყობა სჭირდება, რათა ქვეყანაში მუდმივად იყოს იმ სურსათის მარაგები მაინც, რომელიც სეზონური ფაქტორის ნიველირებას მოახდენს.

- უახლოეს პერიოდში რომელ პროდუქციაზე შეიძლება გაჩნდეს დეფიციტი და ვართ თუ არა ამისთვის მზად?

- რაოდენობრივად ეს არის კვერცხი და კარტოფილი, მაგრამ სეზონური ფაქტორი აქაც თავის როლს ასრულებს. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ სეზონური ფაქტორის ნიველირებას მოახდენს და ადგილზე წარმოებული პროდუქციის ისეთი მარაგები გვექნება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის შეუფერხებელ მომარაგებას წელიწადის ნებისმიერ დროს. საერთოდ, ეკონომიკაში ტერმინი `დეფიციტი~ ყოვლისმომცველი ცნებაა და როგორც კი ჩნდება მოთხოვნა, ბიზნესი მაშინვე ცდილობს მის დაკმაყოფილებას. ასეთ დროს აჟიოტაჟიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პრობლემა ის არის, რომ დეფიციტის მოგვარება სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ამას მოჰყვება რესურსების ხარჯვა, მოსახლეობაც მეტს გადაიხდის და მეტი სოციალური მღელვარებაც იქნება. ამიტომ სოციალური სტაბილურობისთვის აუცილებელია ზემოხსენებული ღონისძიებების გატარება.

- ვამბობთ, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობის განვითარება თუ შეიძლება ისე, რომ ექსპორტზე გატანილი აგროპროდუქციით კონკურენციის გაწევა შევძლოთ?

- საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქცია 1 დასაქმებულზე ქმნის დოვლათს, რომელიც საკმარისია ადგილზე 2-3 პირის გამოკვებისთვის, მაშინ, როდესაც ნიდერლანდებში, ისრაელში, აშშ-სა და სხვაგან ეს მაჩვენებელი უკვე 100-ის ფარგლებშია, ზოგან ასზე მეტიც არის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება წარმადობის ამაღლება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა საერთოდ დასაქმებულთა 40%-ის ფარგლებშია. აქ შექმნილი დამატებული ღირებულება 7-8%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო უცხოური ინვესტიციების მხრივ მხოლოდ 2%-ის ფარგლებშია. ეს უკვე აჩვენებს, რომ ეს დარგი იყო და სამწუხაროდ, დღემდე არის ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლი. საჭიროა გაცილებით დიდი მხარდაჭერა - ორგანიზაციული, ტექნოლოგიური, ინფორმაციული, ფისკალური. ამასთან, დადგა დრო, რომ ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა იფიქრონ სპეციალიზებული აგრარული ბანკის შექმნაზე, რომელიც შეღავათიან კრედიტებს გასცემს მხოლოდ აგრარული პროდუქციის წარმოებისთვის.

რუსა მაჩაიძე