„თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, უნდა იბრძოლოს, თუკი ვერ იბრძვის, მაშინ პარლამენტში არ არის მისი ადგილი“
მოსამართლეების საკითხზე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ სასესიო კვირაში მმართველმა პარტიამ იმით "მოაგვარა", რომ საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა. მართალია, თავად ამას "პროცედურულ ომს" უწოდებენ, მაგრამ სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ უმრავლესობა ასეთი ქმედებებით კონსტიტუციასა და კანონს არღვევს, რადგან კონსტიტუცია პარლამენტის 50 წევრს კომისიის შექმნის უფლებას აპრიორი აძლევს და ეს არ არის დამოკიდებული არც მმართველი პარტიის და არც სხვა ვინმეს სურვილზე. ამიტომაც ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. არის თუ არა ეს სწორი გზა, ამ საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია გვესაუბრება:
- კონსტიტუციამ და პარლამენტის რეგლამენტმა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული მრავალპარტიულობის გამამყარებელი ჩანაწერი გავაკეთეთ, ოპოზიციას მისცა უფლება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს. ამიტომ მიეცა ოპოზიციას უფლება, რომ 50 ხმას თუ მოაგროვებენ, კომისია შექმნან. ეს არის კონსტიტუციური გარანტია ოპოზიციის საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისთვის. უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის ჩაშლა და ხმების დაბლოკვა კონსტიტუციის დარღვევაა. პარლამენტის წევრს უნდა ესმოდეს, რომ მისი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, რეგისტრაციის გავლა და კვორუმის შექმნა მისი ვალდებულებაა და არა უფლება. პარლამენტის წევრის მიერ საპარლამენტო პროცესის ხელის შეშლა, რაც აზრს უკარგავს პარლამენტის მუშაობას, რეგლამენტის დარღვევაა. ეს არის, ერთი მხრივ, პროცედურული ომი და კანონის უპატივცემულობა, მეორე მხრივ, ააშკარავებს მმართველი პარტიის მიერ კლანის აშკარა მხარდაჭერას.
- გასულ კვირას უმრავლესობამ სესიის დღის წესრიგში არც ჩასვა ეს საკითხი. სამართლებრივად ჰქონდა თუ არა ამის უფლება?
- არ ჰქონდა უფლება. თუ უმრავლესობას ოპოზიცია არ მოსწონს, პარლამენტიდან ხომ ვერ გააგდებს? ის კი არ არის მთავარი, უმრავლესობას რა მოსწონს და რა უნდა, არამედ ის, თუ რა წერია კანონში, რას ითხოვს ის - კანონი ამ უფლებას აძლევს ოპოზიციას. მაოცებს პარლამენტის წევრების განცხადებები, რომლებსაც არა აქვთ გაცნობიერებული პარლამენტის წევრის სტატუსი. მათ უნდა დაიწყონ კონსტიტუციის წაკითხვა და უფლებამოსილების გააზრება. კომისიის შექმნა 50 დეპუტატის უფლებაა და ის, რაც არის უფლება, ამის ორგანიზების ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები, რაც ნიშნავს, რომ უფლების ხელყოფა საკუთარი მოვალეობის ავტომატური დარღვევაა. ხელისუფლებას ვერ გაუაზრებია, რომ ის მმართველი პარტიაა, მასზეა პასუხისმგებლობა და ბერკეტებიც მას აქვს. ასეთ ელემენტარულ საკითხებში გაურკვევლობა ნიშნავს უვიცობასა და კანონის უპატივცემულობას. პარლამენტში ხომ არის რამდენიმე იურისტი, რომელთაც თავი მოაქვთ, რომ კარგად იციან კონსტიტუცია და ადამიანის უფლებების დაცვაც. პირველ რიგში კობახიძესა და ოხანაშვილს ვგულისხმობ. სირცხვილია, რასაც ისინი აკეთებენ - უდაბლეს კლასს აჩვენებენ. როგორ შედიან უნივერსიტეტებში და სტუდენტებს როგორ ასწავლიან რამეს, როდესაც საპარლამენტო მუშაობის ელემენტარულ პრინციპებს და ხელისუფლების დაყოფის მთავარ პრინციპებს არ ცნობენ.
- ოპოზიციას რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულად ამ ბიუროსთვის ან სესიაზე?
- ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა პროცედურული შესაძლებლობა ბიუროს სხდომაზე, სესიაზე, კომიტეტზე. ერთიანად უნდა შეუტიონ, უნდა მოითხოვონ, პროცედურულ ომში უნდა შეჰყვნენ, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც არ შეიძლება დღის წესრიგიდან მოიხსნას. 2013-2015 წლებში საქართველოს ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა რეფორმების გატარებაში. საქართველოს ამ პროგრესის გამო ძალიან აქებდნენ. ეს იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები. ახლა კი რეფორმირებაში უკუსვლაა, თუნდაც 12 პუნქტის შეუსრულებლობა, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა როგორც საშინაო დავალება... თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, უნდა იბრძოლოს და, თუკი ვერ იბრძვის, მაშინ პარლამენტში არ არის მისი ადგილი. სადაც იყო ბრძოლა, მივიღეთ შედეგიც. ოპოზიციამ უნდა იაროს კომიტეტების სხდომებზე, სესიებზე, ბიუროზე, იყვნენ მობილიზებული. ვფიქრობ, ახლა კარგად გამოჩნდება, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისთვის შევიდა პარლამენტში. არ შეიძლება ეს 2-5 დეპუტატის საქმე იყოს, ეს იმ 50-ზე მეტი დეპუტატის საქმეა, რომლებიც პარლამენტში არიან. ცხადია, არიან ელისაშვილი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი. ელისაშვილი პირდაპირ არის მიყიდული "ქართულ ოცნებაზე". არც ითვლება, რომ ის ოპოზიციაა. ის აბსოლუტურად არასანდო ადამიანია, მაგრამ ყველა დანარჩენი, ვინც ამბობს, რომ პარლამენტში თავისი მისიის შესასრულებლად შევიდა, ბოლომდე უნდა იბრძოლონ. ასევე უნდა გააძლიერონ საპროტესტო განწყობა სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგნენ. ის ხალხია ყველა დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერი.
- ითქვა, რომ ოპოზიცია სარჩელს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს რამდენად შესაძლებელია და რა შეიძლება მოჰყვეს?
- მე არ ვიცი, როგორი სარჩელი შევა, როგორ დასაბუთდება და ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ცინიკურად ჩანს, როდესაც სასამართლო კლანზე გინდა შექმნა საგამოძიებო კომისია და იძულებული ხარ, სასამართლოში წახვიდე და გაასაჩივრო მმართველი პარტიის გადაწყვეტილება. მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, სადაც არიადნას გორგალი ჯერ შეკრულია და კვანძი არ იხსნება. კვანძი გაიხსნება, როგორც კი ეს მონოლითი დაირღვევა, რომელიც არსებობს ახლა მმართველ პარტიასა და სასამართლო კლანს შორის. მათი მყარი გარიგება რამდენიმე მოსამართლის სანქცირებამ ჩაშალა და ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. მარტის აქციებმა აჩვენა, რომ ხალხის მობილიზებას, მასშტაბს, უკანდაუხევლობას, პრინციპულ ბრძოლას აქვს შედეგი. ეს მოიტანა სწორედ მარტის აქციებმა - ახალგაზრდობა ძალაა. უნდა მოვითხოვოთ, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. მათი იქ ყოფნა სასამართლო სისტემისთვის დიდი რეპუტაციული დარტყმაა. იმ მოსამართლეებმა, რომლებიც არ არიან კლანის წევრები, ხმა უნდა ამოიღონ. ყველას რეპუტაციას დარტყმა ემუქრება, როდესაც წინა პლანზე დგება სანქცირებული მოსამართლეების კორუფციაში ბრალდება. ჩვენს ხალხს პირდაპირ უთხრეს, სად არის პრობლემა, რის გამოც ჩვენი განვითარება ფერხდება.
- იქნება თუ არა გამოსავალი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების გაკეთება პრეზიდენტმა სთხოვოს?
- საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეიძლება იყოს განხილული როგორც ერთ-ერთი მეთოდი. თუმცა, სანამ სარჩელს არ ვნახავ, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. განმარტების გაკეთება ისეთ საკითხებზე, რომლებზეც კონსტიტუცია და რეგლამენტი პირდაპირ მიგვითითებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძალიან უხერხულია. წაიკითხონ კონსტიტუცია, წაიკითხონ რეგლამენტი და ნახონ, რა წერია. უხერხულია, როდესაც პარლამენტის წევრებს ასეთი განმარტება სჭირდებათ, როდესაც თავად ევალებათ კანონის სწორად წაკითხვა და კანონის მიღება. პარლამენტის ყველა წევრს უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტის ფუნქციონირება და ეფექტურობა დამოკიდებულია ნდობაზე. თუ საკანონმდებლო ორგანო სანდოობას კარგავს, რომლის მთავარი წყარო არის ხალხი, კარგავს ძალასაც. ამიტომაც მე ამ ვითარებას ვუყურებ როგორც უკიდურესად კრიზისულს, უკიდურესად დამაზიანებელს.
რუსა მაჩაიძე