„ხელისუფლება სუსტია, მაგრამ კიდევ უფრო ცუდ ფორმაშია ოპოზიცია“
მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხზე განცხადებები კონკრეტულ ვადას შეეხებოდა, საუბარი გასული წლის დეკემბერზე იყო და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დამტკიცდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ცნობისთვის: გასული წლის ივლისში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტია მზადაა 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5-დან 2%-მდე დასაწევად, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და დღეს საარჩევნო ბარიერი ისევ 5%-ია. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ევროპის სახელმწიფოებში 3-დან 5%-მდე ბარიერი ოპტიმალურია, რადგან, ერთი მხრივ, სხვადასხვა რისკს გამორიცხავს, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს. რა რეალობა შეიძლება შეიქმნას 2024 წელს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე გვესაუბრა:
- მე ყოველთვის დაბალი ბარიერის მომხრე ვიყავი, მაშინაც კი, როდესაც "ნაცმოძრაობაში" ვიყავი. ბუნებრივი ბარიერი საინტერესო მოცემულობას შექმნიდა პარლამენტში. არა მგონია, 5%-იანი ბარიერის გადალახვა "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა, რომელიმე პარტიამ შეძლოს. ამიტომ გამოსავალი პარტიების მჭიდრო კოორდინაცია ან რიგ შემთხვევაში გამსხვილებაა. ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე შევლენ ის პარტიები, რომელთაც გამსხვილება სურთ. როგორც ვიცი, ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
- თქვენ იცით, რომელ პარტიებს სურთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება?
- დიახ, მაგრამ ამ ეტაპზე დაკონკრეტება გამართლებულად არ მიმაჩნია. სასიცოცხლოდ აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა და ივანიშვილის ამ ქვეყნიდან გასტუმრება. ხელისუფლება სუსტია, მაგრამ კიდევ უფრო ცუდ ფორმაშია ოპოზიცია. ამიტომ ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ნიადაგი შეამზადოს იმისთვის, რომ ხალხი მშვიდად შეხვდეს უარს კანდიდატის სტატუსზე.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- როდესაც მართლმსაჯულებაში პრობლემებია, გვყავს სანქცირებულ მოსამართლეთა კლანი, პოლიტპატიმრები, 12-პუნქტიანი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული, ხვდებიან, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოუდგენელია. ამიტომ ცდილობენ ხალხში გააღვივონ ანტიდასავლური განწყობა და დასავლური ინტეგრაციის სურვილი დააკარგვინონ. ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს ღარიბაშვილი, თურმე ვიღაც აიძულებს ბავშვებისთვის სქესის შეცვლას, საქართველოში უმცირესობა უმრავლესობას ჩაგრავს... პრემიერი "ალტ ინფოს" რუსული ნარატივის გამავრცელებლად იქცა. ამას ძალაუფლების გაძლიერებისთვის აკეთებენ. ოპოზიციამ ეს საფრთხეები უნდა გაიაზროს და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგეს.
ხათუნა ბახტურიძე