„ძალიან უნდათ ჩვენი გასვრა, ჩვენ კავშირი არა გვაქვს ქოლცენტრებთან“ - კვირის პალიტრა

„ძალიან უნდათ ჩვენი გასვრა, ჩვენ კავშირი არა გვაქვს ქოლცენტრებთან“

"ქვეყანაში საშიში პროცესი მიდის, "ოცნებამ" ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა...", - ამბობს­ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი­ გიორგი ვაშაძე­:

- ჩვენ ამ მნიშვნელოვან მომენტში არ ვიტყვით, რომ ვიღაცასთან არ შევქმნით ერთობას, მთავარია, შევთანხმდეთ, რა ფორმატიც არ უნდა ავირჩიოთ, ოპოზიციური პარტიების იდენტობის აღრევის საშიშროება მაინც არ დადგება. ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს. მიზანმიმართულად მოქმედებენ, რომ არც ევროკავშირის წევრი გავხდეთ და არც ნატოში მიგვიღონ. "ოცნების" ზოგიერთ ლიდერს ორბანი აქებს, ზოგს სიმონიანი. ეფ-ეს-ბედან მოვლენილი მესიჯების მწერლები­ ჰყავთ­ ოფისებში­ და დუგინის იდეოლოგიის აღვირახსნილ იაფფასიან კამპანიას ეწევიან. ერთი და ორი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ "ოცნება" ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს­ გადადგამდა. ამათ რომ არაფერი­ აკავშირებთ­ ევროპასთან, ყველა მიხვდა­, მათ შო­რის მათი პარტნიორი პარტია "ევროპ­ე­ლი სოციალისტებიც". გავარდა ღარიბაშვილი უნგრეთში და შედეგიც შესაბამისი მიიღო.­ დიდხანს უჩი­ჩინებდნენ, რომ შეეცვალათ მიდგომები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.­ როგორც ჩანს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. არავის სურს კავშირი ჰქონდეს რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ჯგუფთან.

- თქვენი გაღიზიანება ქოლცენტრების საქმეში თქვენი ძმის სახელის გახმოვანებითაც ხომ არ არის განპირობებული?

- ეს იყო რუსული რეჟიმის მორიგი­ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია, ძალ­იან­ უნდათ ჩვენი გასვრა, ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს ქოლ­ცენტრებ­თან. ყველა­ ხვდება, რომ ქოლცენტრებს სუს-ის, შსს-ისა და პროკურატურის პირველი პირები მფარველობენ. ეს ძალოვანი უწყებები "ოცნების" ლიდერების­ გარდა, ვინმე სხვის მფარველობას იკისრ­ე­ბდნენ? ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან­ ქოლცენტრების უკან. მე მათ პირდაპირ ეთერებში შევპირდი, რომ ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება, ვინც ჩემი და ჩემი ძმის გასვრა მოინდომა, ვინც ჯერ კიდევ ხელს ითბობს ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ხომ არ გგონიათ, მაგათი მეშინია? ლილუაშვილს, გომელაურსა და მთავარ პროკურორს პირდაპირ ვეუბნები, რომ ახლა ვეღარ გამაჩერებენ. ასეთი მეთოდით უნდოდათ ჩემი შეჩერება რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში?! ვერ მივართვი, უარესს მიიღებენ!

- თქვენ თქვით, რომ გერმანელ სამართალდამცავებს მიაწვდით ინფორმაციას. კონკრეტული არგუმენტები თუ გაქვთ?

- ყველაფერს მოვაგროვებთ. ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ქოლცენტრების საქმეზეც და რუსეთთან ერთად კონტრაბანდის გამოც. გპირდებით, საინტერესო პროცესების მოწმე გახდებით. ნახავთ, როგორი მაღალი თანამდებობის პირები წავლენ ციხეში.

ხათუნა ბახტურიძე