„ქოლცენტრებს, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მფარველობენ“ - კვირის პალიტრა

„ქოლცენტრებს, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მფარველობენ“

სამართალდამცავები დიდი ხანია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების ხმაურიან საქმეს იძიებენ და სისტემატურად აკავებენ ამ ჯგუფის წევრებს. პირველად ამ საქმეზე განცხადება პროკურატურამ ჯერ კიდევ­ 2021 წლის ოქტომბერში გააკეთა. მაშინ ითქვა, რომ გერმანული მხარის დახმარებით გაიხსნა დანაშაული და რომ გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. დაზარალებულთა დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, ამიტომ როცა გერმანელებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება, კვალი საქართველომდეც მოვიდა. გაირკვა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე ქოლცენტრები გახსნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ქოლცენტრის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას­ და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლის თანხმობის მიღების შემდგომ მათი თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე­ ირიცხებოდა. მათი ნაწილი ფიქციური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველოშიც,­ მათივე კომპანიების ანგარიშებზე. ამ თაღლითური სქემით შესაძლებელი შეიქნა ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ სქემის მთავარ შემქმნელად საქართველოში დავით კეზერაშვილს ასახელებენ. ამაზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა. სქემაც სრულად გაიშიფრა. ცნობილია ისიც, რომ მსგავსი სქემები მსოფლიოს ქვეყნებშიც მოქმედებს. ერთ-ერთი ხმაურიანი ქოლცენტრის საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ერთ ბრალდებულ ქალს, რომელიც ამ საქმეში ჩართული იყო, 4 წელიწადში ხელფასის სახით 630.000 ლარი ჩაერიცხა, ხოლო ბრალდებულ მამაკაცს 2 წელიწადში - 400.000 ლარი. სოლიდური თანხები აქვთ მიღებული სხვა პირებსაც.

"ეს ქოლცენტრების თაობა აღმოჩნდა"

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე რამდენიმე ბრალდებულს იცავს: "მათ წინასწარ შედგენილი აქვთ ტექსტები, როგორ უნდა ელაპარაკონ და დარწმუნების შემდეგ მსხვერპლი დებს, ვთქვათ, 300 დოლარს. რამდენიმე წუთში უკვე მითითებულ საიტზე­ აისახება, რომ ამ პირს 300 დოლარის ნაცვლად ანგარიშზე აქვს 2.000 დოლარი. მოიგო ამხელა თანხა და გახარებულია. მერე ისევ ურეკავენ და ეუბნებიან, ახლა მე დაგაკავშირებთ მთავარ დილერს, ბროკერს, ის დიდ თანხებზე მუშაობს, თქვენ ისე მომეწონეთ, მას უნდა დაგალაპარაკოთო.­ ამის შემდეგ კავშირზე­ გადის უფრო გამოცდილი თანამშრომელი და კლიენტს ურჩევს უფრო დიდი თანხის ჩადებას. ისიც უჯერებს. ბუნებრივია, როდესაც პირი რიცხავს­ ფულს ანგარიშზე, უკვე ხედავენ მის პირად მონაცემებს. ისეთი სისტემაა შექმნილი, აქაური საიტის მმართველი ხედავს იმ პირის ანგარიშებს მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში,­ გარდა აშშ-ისა და საფრანგეთის. ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს ვერავინ ატყუებს,­ ეს ქვეყნები ჩაკეტილია ასეთი­ ბიზნესებისთვის­. მოკლედ, იმ თანამშრომელმა იცის, კლიენტს რა თანხები აქვს ანგარიშზე და მიდის მუშაობა, რომ მთლიანად ჩაადებინოს. სანამ­ ლიმონივით არ გამოწურავს, მანამდე ევაჭრება. ვთქვათ, მსხვერპლმა­ მოიგო 100.000 დოლარი და მოითხოვა მოგებული თანხა, მაშინაც ევაჭრებიან, მოდი, ამ მოგებიდან 20.000 დოლარს მოგცემთ, მაგრამ არ გაიტანოთ, ხვალ დილით ბრილიანტის ფასი იზრდება და ამაზე შევიტანოთ ეს თანხაო. ისიც უჯერებს და როცა მოითხოვს თავის მოგებას, ყველაფერი ითიშება... ეს სქემა­ მოქმედებს ასევე უკრაინაში, სომხეთში, პოლო­ნეთში, ბულგარეთში, საქართველოში, ყოფილ სოციალისტურ სახელმწიფოებში. მხოლოდ აზერბაიჯანში­ არ არის. რუსეთში არის, მაგრამ ისინი ევროპაზე არ მუშაობენ. როგორც ცნობილია, საქართველოში ამ ქსელში დაახლოებით 100 000 კაცია ჩართული. თანამშრომლების­ ხელფასი თვეში 1.500 ლარიდან 80.000 ევრომდე მერყეობს. ძირითადად დასაქმებული ჰყავთ 20-დან 50 წლამდე ასაკის ენების კარგად მცოდნე პირები. ბევრმა არც იცოდა, რომ ეს იყო თაღლითობა, ბევრი კი დიდმა ხელფასმა აცდუნა. ჩვენი ერთი თაობა ნარკოტიკებმა შეიწირა, მეორე - სამოქალაქო ომმა, ეს კი ქოლცენტრების თაობა აღმოჩნდა. რაც მთავარია, ევროპა უკვე გამოფხიზლდა და პარტნიორებს მოუწოდებს, აღკვეთონ ეს დანაშაული. ჩვენს ხელისუფლებასაც ადეკვატური რეაქცია აქვს. ალბათ, საზოგადოებამაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ეს ნიჭიერი თაობა ამ საქმეს ჩამოაშოროს".

"ამ საქმეში ტრიალებს დიდი შავი ფული"

დავით კუხალაშვილი, ექსპერტი:

- სამიზნე ჯგუფებს საგანგებოდ არჩევენ. ამ პროცესში ფსიქოლოგიური პორტრეტის შესწავლა დიდ როლს თამაშობს, სხვანაირად შედეგი სათუო იქნება. დიდ შემოსავალზეა საუბარი, იმხელა თანხაზე, რომ ერთდროულად ფინანსურ და კრიმინალურ წრეებს აკმაყოფილებს. ეს მხოლოდ ფინანსური თაღლითობა არ არის. ამ საქმეში ტრიალებს დიდი შავი ფული, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა დამაზიანებელი ქმედებისთვისაც გამოიყენონ ფინანსურმა, კრიმინალურმა თუ პოლიტიკურმა წრეებმა. სავსებით შესაძლებელია მათი ქმედებები თანხვედრილი იყოს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. ასე რომ, ეს თაღლითობა, ისევე როგორც ნარკობიზნესი, იარაღით არალეგალური ვაჭრობა, კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობა და ა.შ., ვიწრო ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ასეთი არხები აძლევენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას, რათა მათი კვალი არ ჩანდეს და ჰქონდეთ შავი ბიუჯეტი სამიზნე სახელმწიფოებში ან ხელისუფლების დასაშინებლად, ან მის ჩამოსაცილებლად, ან სხვა კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო წრეების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ხასიათის პროპაგანდისათვის.

- ეს საფრთხე კიბერსივრცის განვითარებამ წარმოშვა?

- კიბერსივრცის განვითარებამდე მსხვერპლთან პირდაპირი კავშირი მყარდებოდა. პენსიონერებისთვის ფულის გამოძალვა,­ მათი ბინების ხელში ჩაგდება ხშირი იყო რუსეთის ფედერაციაში. თაღლითები დოკუმენტებს ადგენდნენ ნოტარიულად, იფორმებდნენ ქონებას და ამის შემდეგ ხშირად მარტოხელა პენსიონერებს გარდაცვლილს ნახულობდნენ თავიანთ სახლებში.

არსებობს ფულის გამოძალვის ორი გზა: ერთი ტყუილის მეშვეობით, მეორე - მუქარის გზით. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დღეს უკვე ეს ინტერნეტსივრცეში გადაიტანა. კიბერსივრცით ძალიან მარტივად ადგენენ ადამიანის ფსიქოპორტრეტსაც. სოცქსელში შეისწავლიან სამიზნე პირებს, მათ სატელეფონო საუბრებს, მიმოწერებს, რა დაინტერესება აქვს... ამაში მარტო ქოლცენტრის თანამშრომლები არ არიან ჩართული. სავარაუდოდ, მათთან ერთად მოქმედებენ პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, ფსიქოლოგები, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები. დიდი ალბათობით, ქოლცენტრებს აქვთ აგენტურული ქსელიც. ამ საქმეში ასევე ჩართული არიან კიბერსივრცის ანალიტიკოსები, ჰაკერები - სხვათა შორის, ამ ტერმინს აღარ იყენებენ და მათ კიბერსივრცის პროგრამისტებს უწოდებენ.

ქოლცენტრებს, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები­ მფარველობენ. შესაძლებელია კორუფციული გარიგებებიც შედგეს სამიზნე სახელმ­წი­ფოს იმ ჯგუფებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ტიპის დანაშაულების გახსნაზე...

- მსხვერპლის მონაცემები მათთვის ხელმისაწვდომი ასე მარტივად რატომ არის?

- გარკვეულწილად სახელმწიფოს უუნა­რობის ბრალიც არის, რომ მოსახლეობის­ პერსონალური ინფორმაცია დაცული­ არ არის. მოსახლეობაც უყურად­ღებოდ იქცევა. არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება­ პირის შესახებ ძირითადი მონაცემის წამოღება. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ძალზე მოწყვლადია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატყდა ბევრი საიტი, სადაც იყო პერსონალური მონაცემები. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბანკებთან. მათ შორის ზოგი უცხო ქვეყნის საკუთრებაა. ამ დროს კი იქ ჩვენი პერსონალური მონაცემები ინახება. მონაცემები არ არის დაცული. ევროპის სახელმწიფოებსაც აქვთ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების პრობლემა. არსებობს კონტროლის ორი გზა: ოპერატიულ-აგენტურული და ტექნიკური საშუალების გამოყენებით. სწორედ ამ უკანასკნელს იყენებენ ქოლცენტრები.

როდესაც ვსაუბრობ სადაზვერვო მიმართულებაზე, პოლიტიკურსა და ეკონომიკურსაც ვგულისხმობ. ჩვენ გვაქვს საქმე­ არალეგალური არხების შექმნასთან,­ მოძიებასა­ და თანხების მიღებასთან. მსო­ფლი­ოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს,­ რომ ყველა არალეგალური ფული მოპოვებულია დაზვერვის სამიზნეებზე ზეგავლენის მოსახდენად, თუნდაც პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. მზვერავ სახელმწიფოებს, მათ ფინანსურ, კრიმინალურ და სამხედრო ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სარგებელი სამიზნე ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

- ამდენი ადამიანი დაიჭირეს, ასეთ მასშტაბზეა ლაპარაკი, ამ დროს კი ჩვენი სამართალდამცავი სამსახურები რას აკეთებენ? ფიქრობთ, რომ "მწვანე აქვთ ანთებული"?

- გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება.­ ძლიერი ეროვნული უსაფრთხოების მქონე­ ევროპული სახელმწიფოებიც ვერ აღუ­დგნენ­ ამ დანაშაულს. მე მაინც ვფიქ­რობ, რომ კრიმინალურ და ფინანსურ წრეებს, რომლებსაც სადაზვერვო სამსახურები მფარველობენ, ვერ შეეხებიან. შესაძლოა საქმე ისე შემოაბრუნონ, რომ რეაგირება ვერ შეძლონ სადაზვერვო და პოლიციურმა უწყებებმა...

ძალიან დიდ ქსელზეა ლაპარაკი. შესაძ­ლოა გერმანელს სხვადასხვა ქვეყნიდან ძარცვავდნენ და პირიქით, გერმანიიდანაც ძარცვავდნენ სხვებს. რამდენიმე ცენტრალური გამანაწილებელი სადგურის დაზიანების შემთხვევაში მაინც არსებობს შესაძლებლობა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ და გააგრძელონ მუშაობა. ასეთი სისტემის კიბერსივრცის შექმნა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის იძლევა ყოველივე იმის გაკეთების საშუალებას, რასაც კონტრსადაზვერვო, კრიმინალური და პოლიციური უწყებები და ასევე კრიმინალური სამყარო, ფინანსური და სამხედრო წრეები აკეთებდნენ და აკეთებენ. ადრე სადაზვერვო სამსახურები ამას ფიზიკურად აკეთებდნენ, ახლა კი გადმოინაცვლა კიბერსივრცეში. ვფიქრობ, ამ დანაშაულის სახეობამ და მასშტაბმა გაცილებით გაასწრო ოპერატიული საქმიანობისა და რეაგირების მასშტაბს.