„შესაძლოა მე ვერ ვნახო ძლიერი და თავისუფალი უკრაინა, მაგრამ ჩემი შვილები ნახავენ“ - კვირის პალიტრა

„შესაძლოა მე ვერ ვნახო ძლიერი და თავისუფალი უკრაინა, მაგრამ ჩემი შვილები ნახავენ“

ნახევარი წელია რუსეთის შეიარაღებული­ ძალები ბახმუტის დასახლების ასაღებად იბრძვიან. ბრძოლაში ჩართული არიან ასევე "პუტინის მზარეულად" წოდებული­ ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო ორგან­იზაცია "ვაგნერი" და რამზან კადიროვის ჩეჩნური ბატალიონები, თუმცა ქალაქის­ სრულად გაკონტროლება ჯერ ვერ შეძლეს. აღიარებენ, რომ დიდი დანაკარგი­ აქვთ, თუმცა აპირებენ 9 მაისს ბახმუტის­ აღება იზეიმონ. უკრაინელი მებრძოლის ალექსანდრ­ დუბროვსკის თქმით, მათ ბახმუტში რამდენიმეთვიან ზეწოლას გაუძლეს, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა:

- გასული ზამთარი ჩემს ცხოვრებაში­ ყველაზე მძიმე იყო. ახლა გაფიქრებაც­ კი მზარავს. იყო დღეები, როდესაც ვგრძნობდი­, რომ ადამიანი კი არა, თოვ­ლით­ და ყინულით დაფარული თეთრი­ კუნძი ვიყავი, გული პაუზებით მიცემდა, მაგრამ გონებას არ ვადუნებდი, რადგან ჩემ უკან მეგობრები, ოდნავ შორს კი ჩემი ოჯახი და ახლობლები იყვნენ. მათი უსაფრთხოება ჩემს გამძლეობაზე გადიოდა. ვცდილობდით არც ერთი სანტიმეტრი მიწა არ დაგვეთმო, რადგან რუსის ფსიქოლოგია ასეთია - თუ ერთხელ გაუვიდა, თავისი ჰგონია, იხოცებიან, მაგრამ მაინც ცდილობენ გადაგიარონ, შენს მიწაზე შემოვიდნენ, თავი დაიმკვიდრონ, უფროსად მოგევლინონ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთ დანგრეულს ვითომ აშენებენ და ამბობენ, ჩვენთვის მთავარი ადამიანების კარგად ყოფნაა, ოღონდ ჩვენთან ერთადო. იმავდროულად, აგროვებდნენ ანტირუსული განწყობების მქონე ადამიანების სიას და "კადიროველებს" უგზავნიდნენ­ და სიკვდილამდე აწამებენ. არა უშავს, ცოტა დარჩა იქამდე, როდესაც რუსუ­ლი რეჟიმი, კოლაბორაციონისტულ ძალებთან ერთად უკრაინის მიწას დატოვებს. ამ წელიწადისა და ორი თვის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა, ჩემი ან ახლობლების სიკვდილზე არ მეფიქრა, მაგრამ არც ერთი წუთით არ დამიშვია, რომ რუსულ რეჟიმს შევეგუებოდით.

ომის პირველ დღეებში, თუნდაც პირველი-ორი თვე, სანამ დასავლეთი გამოფხიზლდებოდა, ვფიქრობდით, რა იქნებოდა ხვალ, გათენდებოდა თუ არა მომდევნო დღე, მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვებთ­, არა უშავს, ვცადეთ მაინცო, არასდროს გვით­ქვამს. ტყვიებს ვზოგავდით, მაგრამ ვიბრძოდით. ბევრჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად ვწოლილვარ ჩემს პოზიციაზე, მინუს 20-25 გრადუსში და სხეულს ვერ ვგრძნობდი. 23 წლის ვარ, მომზადება გავლილი მქონდა, მაგრამ ასეთი რამ მაინც ვერ წარმომედგინა. ბავშვობაში ფილტვების პრობლემა მქონდა, რამდენჯერმე სასუნთქი გზების ანთების მწვავე­ ფორმა გადავიტანე და სულ მეშინოდა, ექსტრემალურ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი,­ ფილტვები მიღალატებდა, მაგრამ გადავრჩი. გათბობა მხოლოდ თერმოსში შენახული ჩაით ან ყავით შეგვეძლო. ღამეები არ გვეძინა. სანგარში ბიჭებს ბათინკებზე ტალახი ეყინებოდათ და დანით იჭრიდნენ, სიარული რომ შესძლებოდათ. ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა, რადგან მტრის სნაიპერი კვამლს და ცეცხლის ალს თავისი უბადრუკი ღამის ხედვის მოწყობილობითაც კი ადვილად შეამჩნევდა. გვციოდა, გვშიოდა, თბილ ლოგინში ერთი გამოძინება ზოგჯერ ყველაფერს გვერჩივნა, მაგრამ გავუძელით. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ტყე, ხეები შეიფოთლა, რაც ჩვენს უპირატესობად იქცა. ისინი გვებრძვიან, ჩვენზე ბევრად მეტი არიან, მაგრამ სხვის მიწაზე. ჩვენ საკუთარ მიწას ვიცავთ­ და აქაურობა ხუთი თითივით ვიცით.

იყო დღეები, როდესაც რუსულ ჯარებს წინსვლა ჰქონდათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "ვაგნერის" მებრძოლები აქტიურობდნენ და ოღონდ მეთაურობის შექება დაემსახურებინათ და ყველაფერზე მიდიოდნენ. მაშინ ქალაქის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ტერიტორიები, მათ შორის, ლითონის ქარხანა დაიკავეს. ასეთი ობიექტების დაკავება სახიფათოა. საბედნიეროდ, მეთაურობაში კარგი სპეციალისტები გვყავს, მათ შორის ქართველები, და მათ რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ...

ახლა რუსეთს ყველა სფეროში პრობლემები აქვს, რაც გარდაუვალი იყო. თუმცა მაინც არ მჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო მარაგი და ძალა ამოწურა. დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ აქვს საკმაოდ, მაგრამ დიდი ნაწილი მოძველებულია. რუსული პროპაგანდის იდეოლოგიას კარგად ვიცნობ, ხანდახან იმიტომ წუწუნებენ, რომ ჩვენ მოვდუნდეთ და ვიფიქროთ, ამათ უკვე აღარაფრის თავი აღარ აქვთო, ისინი კი ამ დროს გააქტიურდებიან. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სამხედრო მობილიზაციამ რუსეთს მხოლოდ დროებით მისცა შვება. უდიდესი დანაკარგი აქვთ, მხოლოდ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ასი ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა და მათი დიდი ნაწილი "ვაგნერის" წევრი იყო. ამ სამხედრო ნაწილს იმიტომ გამოვყოფ, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მიაჩნიათ დიდი შესაძლებლობების ძალად. არადა, სინამდვილეში უმეტესობა ქუჩიდან აყვანილი მოხალისეები და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პატიმრები არიან, მათ შორის ქალები.

- უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ბახმუტში საბრძოლველად მუდმივად ემატება ახალი რუსული შენაერთები.

- დიახ, თუმცა მტერი ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებს. ჩვენი მებრძოლების ცნობით, ქალაქის საკვებით, საბრძოლო მასალითა და მედიკამენტებით მომარაგება კვლავ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ გზა, რომლითაც ბახმუტის დაჯგუფება მარაგდება, იბომბება. ომამდე ქალაქში 70 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის საცხოვრებელი კვარტალების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებს აქვთ ოკუპირებული, ქუჩებში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს, ხან ლოკალური, ხან შედარებით მასშტაბური. ყოველ ქუჩასა და ჩიხზე კონტროლის მოსაპოვებლად შეტაკებები არ წყდება. შენობების უმეტესობა დანგრეულია. როდესაც ჩვენმა ხელმძღვანელობამ ბახმუტის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ზოგი მის მართებულობას ეჭვით უყურებდა. არადა, მისი აღება რუსეთის არმიას უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ დონბასის ისეთ ქალაქებზე (მათ შორის სლავიანსკსა და კრამატორსკზე) იერიშის მიტანის საშუალებას მისცემდა, ამასთან, ეს მორალურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უმძიმესი ზამთრის მიუხედავად, რომელიც ბახმუტის დაცვაში გავიდა, ჩვენთვის მომგებიანია ბახმუტისთვის ბრძოლის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება, რადგან რუსული არმია ამ პატარა ქალაქისთვის ბრძოლებში ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაწილებს, საბრძოლო მასალას, გამართულ ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას კარგავს. ამის მიუხედავად, მათი დანაკარგი ჩვენსაზე ბევრად დიდია. რამდენიმე თვის განმავლობაში წინსვლა რაოდენობის ხარჯზე ჰქონდათ - შეიარაღებულ ძალებს უკან დახევის შესაძლებლობას არ აძლევდნენ "ვაგნერელები" და "კადიროველები", პირდაპირ ცეცხლს უხსნიდნენ და მათაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ამიტომაც ამბობს პრიგოჟინი 100-დან 94 მეომარი დამეხოცაო. ეს ყველაფერი დასაწყისი იყო, მოთელვა. მალე სულ სხვა შედეგი დადგება. ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ბახმუტი სამხედრო აქტივობის ეპიცენტრად რჩება.

- ახლა რა ხდება?

- რთული სიტუაციაა. რუსეთი ბახმუ­ტისთვის საბრძოლველად გზავნის "ვაგნერის" და სხვა კერძო კომპანიების ახალ-ახალ ჯგუფებს და მედესანტეებს. "ვაგნერელების" პირველმა ეტაპმა მართლაც შეიტანა ცვლილებები ფრონტის ხაზზე, მაგრამ ბოლოს ისინიც მიხვდნენ, რომ ტყუილად იხოცებიან, არავითარი პრივილეგიები, დიადი გეგმები და ნათელი მომავალი აღარ არსებობს. პრიგოჟინის გამოცდილი მეომრები, რომლებიც პირველ ეტაპზე რუსულ სამხედრო ნაწილებში ან მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ამინდს ქმნიდნენ, ან დაიხოცნენ, დაიჭრნენ, ან იმედგაცრუებული არიან, რადგან მათი მეთაური უკვე საქვეყნოდ ითხოვს ამუნიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლის ველის დატოვებით იმუქრება. ჯარისკაცი, რომელსაც­ არა აქვს ბათინკი, თბილი მოსაცმელი და ცუდად იკვებება, ვერ იბრძოლებს, მით უფრო, სხვის მიწაზე... დაჭრილებს ვერ მკურნალობენ. დაჭრილებისა და დაღუპულების ოჯახებს რამდენიმე ათასდოლარიანი კომპენსაცია კი არა, კარტოფილი, ხახვი და კონსერვები გადასცეს. ასე რომ, ომში წამსვლელთა მოტივაცია დაეცა. მათი რიგების შევსებას პრიგოჟინი და მისი კლანი პატიმრებით ცდილობდნენ, თითქმის ყველა ციხე გამოაცარიელეს. თავისუფლების სანაცვლოდ ნასამართლეობის მოხსნასაც ჰპირდებოდნენ და "თავის გამოჩენის შემთხვევაში", თანამდებობებსაც. პირველად მართლა ბევრმა დაიჯერა და წავიდა საომრად, მაგრამ შემდეგ თავად სამხედროებში გავრცელდა ინფორმაცია, რა ვითარებაში უწევდათ მათ ბრძოლის ველზე ყოფნა და პატიმრებმაც ჭკუა ისწავლეს - ციხიდან გამოშვების შემდეგ რამდენიმე დღეს ითხოვენ ვითომ მოსამზადებლად, შემდეგ კი სამხედრო კომისარიატშიც არ ცხადდებიან.

რამდენიმე თვეში ომის ბედი გადაწყდება. ჩვენ არაფერს დავთმობთ. ზოგს ეგონა, ბახმუტს მარიუპოლის ბედი ეწეოდა, მაგრამ შეცდნენ. არც მარიუპოლის გათავისუფლებამდეა შორი გზა. ომია და არავინ იცის, ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა, მაგრამ ერთი წელია სიკვდილს შევეჩვიე. ვიცი, რომ რამდენიმე თვეში ვერ მოგვარდება ყველაფერი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. შესაძლოა მე ვერ ვნახო ძლიერი და თავისუფალი უკრაინა, მაგრამ ჩემი შვილები ნახავენ.

- თქვენი ოჯახი უკრაინაში დარჩა?

- დედა, უფრო სწორად, გამზრდელი, დაბომბვის დროს დაიღუპა. მე ნაშვილები­ ვარ. მშობლები და ძმა ავტოკატასტროფაში­ დაიღუპნენ, მხოლოდ მე გადავრჩი, და დედობილმა პირდაპირ საავადმყოფოდან მიშვილა და თავის შვილებთან ერთად გამზარდა. როდესაც მიკოლაევში ჩვენი სახლი დაიბომბა, ჩემი გამზრდელი დედა და მისი მეგობრები სარდაფში იყვნენ. მაშველებმა მათი ცხედრები მეოთხე დღეს ამოიტანეს. ეს ამბავი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავიგე. მანამდე ჩემი და-ძმა მეუბნებოდა, რომ იმ ადგილას ელექტროსადენები დაზიანებული იყო და დედას ვერ უკავშირდებოდნენ.

დედა მასწავლებელი იყო. ბომბსაფარშიც კი გაკვეთილებს ატარებდა. ძალიან მიმძიმს ჩვენი ბოლო საუბრის გახსენება. მამშვიდებდა და მაიმედებდა, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა.

- ვიცი, რომ სამხედრო გყავდათ ტყვედ. რა შეგიძლიათ მასზე გვიამბოთ?

- დიახ, ოღონდ რუსი კი არა, კოლაბორაციონისტი იყო. ოკუპირებულ მხარეს­ ცხოვრობდა და რუსეთის რეჟიმს ადგილობრივების მობილიზებაში ეხმარებოდა.­ აღიარა, რომ მისი ძმა რუსეთში ცხოვრობდა და თუ მას დაეხმარებოდა, ფულს და იპოთეკის სესხის ჩამოჭრას ჰპირდებოდნენ. 32 წლის იყო. ცოლთან დავარეკვინეთ, იცოდეს, რომ ცოცხალი ხარ-მეთქი. მან კი ქმრის ხმა რომ გაიგო, ლანძღვა დაუწყო, შენს ძმას რა პასუხი გავცე, შენი ტყვედ ჩავარდნა აქაურმა ადმინისტრაციამ რომ გაიგოს, იპოთეკის გადახდა ჩვენ მოგვიწევსო.

როგორც გვითხრა, რუსი სამხედროები მეთაურობის დანაშაულებრივ დავალებებს აპროტესტებდნენ. ამისთვის მათ დახვრეტით ემუქრებოდნენ. მეთაურობა მათ ხშირად დონეცკის მიმართულებით ტყვიამფრქვევებისა და ნაღმსატყორცნების პირისპირ მხოლოდ ავტომატებით უშვებდა. ცეცხლის პირისპირ ორი კვირის გატარება მოუწიათ, შედეგად 200-კაციანი პირადი შემადგენლობიდან მხოლოდ ოცდაათიღა გადარჩა. მათ მშვიდობიან მოსახლეობაზე­ იერიშის მიტანა, მათი წამება და დახვრეტა ევალებოდათ, რათა სხვებს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ გასჩენოდათ. ამასთან, რუსული სამთავრობო მედია ამას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებდა,­ თავიანთ ხალხს ხოცავენო. იმავეს აკეთებდნენ, რაც ბუჩასა და ირპენში დაატრიალეს. ომის შემდეგ ბახმუტიდან ბევრი წავიდა, მაგრამ რამდენიმე ათასი დარჩა, რომელთაც დენის, გათბობის და ელემენტარული პირობების გარეშე უწევთ ყოფნა. ზოგს ოჯახის წევრი დაეღუპა, ცხედარი კი რუსეთის კონტროლირებად მხარეს დარჩა, ამიტომ ქალაქიდან წასვლას არ აპირებს. იმედი აქვთ, როგორმე დამარხავენ. რუსები მათზე ნადირობენ. იტაცებენ, აწამებენ და ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ. ზოგმა ვერ გაუძლო და თანამშრომლობაზე თანხმდება. ვერც ვამტყუნებ...

ვიცი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედრო ბარდება ტყვედ. როდესაც ტყვეთა გაცვლა იწყება, უმეტესობა პანიკაში ვარდება, სამშობლოში დაბრუნება არ სურთ, დაგვხოცავენო. "რეაბილიტაციისთვის" ცხელ წერტილში გაშვებას სთავაზობენ, ანუ ტყვეობაგამოვლილ, ფიზიკურად და მორალურად დასუსტებულ სამხედროს ისევ ფრონტის ხაზზე აბრუნებენ. სასიკვდილოდ წირავენ.

ვიცოდით, რომ კონტრშეტევის დაწყება დროის ამბავი იყო. უამრავი სიკვდილი და უბედურება ვნახეთ, ახლა კი მხოლოდ ერთ რამეს ველოდებით, როდის გაიცემა ბრძანება კონტრშეტევის დასაწყებად. მზად ვართ, რადგან ჩვენს უკან ოჯახები და ქვეყანა დგას.