"უცხოელი გიდები საქართველოს შესახებ ტურისტებს ისეთ ინფორმაციას აწვდიან, გაგაოგნებთ“ - კვირის პალიტრა

"უცხოელი გიდები საქართველოს შესახებ ტურისტებს ისეთ ინფორმაციას აწვდიან, გაგაოგნებთ“

ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტი რომ არის, ვიცით და ვითმენთ კიდეც, ყველა ხომ ემიგრაციაში არ გავიხიზნებით საარსებო ლუკმის საშოვნელად. ვიღაც ხომ აქაც უნდა დარჩეს, ქვეყანა აცოცხლოს და იმუშაოს კიდეც. თუნდაც იმავე ტურიზმში, რომელიც ლამის ჩვენი მოსახლეობის ერთადერთი იმედია საარსებოდ. თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურიზმიც არ იქნებოდა ისე მიშვებული, როგორც დღეს არის, როდესაც ტურიზმში დასაქმებულ ჩვენებურებს უცხოელი პერსონალი ანაცვლებს და ულუკმაპუროდ ტოვებს. ამის გამო კი ქართული ტურიზმის პერსონალმაც შესაძლოა ემიგრაციაში გადაინაცვლოს. ამაზე უკვე ლაპარაკობენ ქართველი გიდები... ალექსანდრე გიორგაძე, პროფესიონალი გიდი, ქართულ მარშრუტებზე უკვე რამდენჯერმე ჩაანაცვლეს ირანელმა, ინდოელმა და რუსმა გიდებმა - მათ საქართველოს მარშრუტებზე უცხოეთში შეკრებილი ჯგუფები არალეგალურად დაჰყავთ. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ მათ ადგილობრივებისაგან განსხვავებით, არანაირი ვალდებულება არ აკისრიათ, მათ შორის არც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის შეტანა, არც ისტორიის და არც ენების ცოდნა.

- 10 წელიწადია გიდად ვმუშაობ. მოპოვებული მაქვს ლიცენზია ექსკურსიის ჩატარებისთვის, გავლილი მაქვს არაერთი ტრენინგი, ვიცი რამდენიმე ენა, მათ შორის იტალიური და ინგლისური. რაც მთავარია, ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია და ნაცვლად იმისა,­ ჩემი ქვეყანა უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს­ მე გავაცნო, არალეგალურად­ შემოდიან უცხოელი გიდები თავიანთი ჯგუფებით, რომელთაც ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. რაც მთავარია, არ იციან არც ქართული ენა და არც ისტორია. საქართველოში არა აქვთ გავლილი ის სკოლები, რომელთა გავლა ადგილობრივ გიდებს კანონით გვევალება. ცხადია, საქართველოს შესახებ ტურისტებს ისეთ ინფორმაციას აწვდიან, გაგაოგნებთ. ჩვენ კი, ქართველი გიდები, უმუშევრები ვრჩებით.

- ვინ არის ეს ხალხი, ვის შემოჰყავს ტურისტული ჯგუფები?

- მათ შესახებ არაფერი ვიცით. ეს ბოლო დროს არ დაწყებულა,­ წლებია გრძელდება. ჯერ ირანელმა `გიდებმა~ დაიწყეს ჯგუფების შემოყვანა, მათ ინდოელები მოჰყვნენ, ახლა კი რუსები დაემატნენ, რომლებმაც ადგილობრივები `ჩაგვაჩოჩეს~ და თვითონ ხელმძღვანელობენ პროცესებს. თუ ასე გაგრძელდა, ქართულ ტურიზმში ქართველების ადგილი აღარ დარჩება. სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას, დუმს.

- ნუთუ არანაირი რეგულაცია არ არსებობს ამ პროცესების სამართავად?

- მხოლოდ შევარდნაძის დროინდელი კანონი არსებობს, რომელშიც რა წერია, ღმერთმა უწყის. ან რა დროს იმდროინდელი კანონებია, როდესაც სიტუაციები ყოველ წუთსაც კი იცვლება. ადრე უცხოელი `გიდები~ საქართველოში მძღოლებს მაინც ქირაობდნენ რადგან მარშრუტები არ იცოდნენ, ახლა კი შეისწავლეს და უკვე თავიანთი ავტომანქანებით დადიან. ამ დღეებში ჯვრის უღელტეხილზე ინდოელი ტურისტების ჯგუფები შემხვდა, ორივე ავტომანქანის მძღოლი ინდოელი ჰყავდათ. რუს გიდებს რუსეთიდან ჩამოჰყავთ ჯგუფები. ზოგჯერ ჯგუფებში რუსებთან ერთად უკრაინელებიც არიან.

- ანუ თუ ტურისტი შემოდის, სახელმწიფო მაინც არ ზარალობს და სხვა დანარჩენი არ ადარდებს? არც ქართველი გიდების ჩაძირვა და არც უცხოელი გიდების არალეგალური საქმიანობა?

- სახელმწიფო ზარალში როგორ არ არის? ჯერ ერთი, სახელმწიფო ვალდე­ბ­ულია თავისი ქვეყნის ბიზნესი და მოსა­ხლეობა­ დაიცვას არაკონკურენტული გარემოსაგან, თანაც, საქმიანობა არალეგალურია. ნებისმიერ უცხოელ გიდს გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სკოლა და უნდა იხდიდეს ბიუჯეტში გადასახადს. არალეგალური გიდი რისი გადამხდელია?! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ტურიზმში რეგულაციები უნდა შემუშავდეს და ადგილობრივი პერსონალი არ უნდა იქნეს გაძევებული. ეს სახელმწიფოსთვისაც სასიცოცხლოა და ჩვენთვისაც.