„ქართველ ემიგრანტებს მხოლოდ მშობლიურ მიწაზე ეგულებათ ნუგეში“
შაჰ-აბასის დროინდელ გადასახლებებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოდან იმდენი ხალხი არასოდეს წასულა, რამდენიც დღეს. თუმცა დღევანდელ ემიგრაციას ერთი დიდი შედეგი აქვს: მთელი ჩვენი ქვეყანა დაღლილ და სამშობლოში დაბრუნების ლოდინით დამძიმებულ ემიგრანტების მხრებზეა. რეალურად საქართველომ კი ფეხზე დადგომა ვერც მათთვის შეძლო და ვერც მშობლიურ მიწაზე დარჩენილებისათვის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ მოვლენით გამოწვეულ სტრესებზე; თუმცა სულ სხვაა ფესვებმოწყვეტილი ემიგრანტების სტრესების სიმძიმე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს სოციალური ქსელით არაერთ გაუჩინარებულ ემიგრანტს ეძებენ, რისი მიზეზიც ფსიქიკური პრობლემებია. იტალიაში მცხოვრებ აღიარებულ ფსიქოლოგს თეონა ბოტკოველს ბევრი რამ აქვს ემიგრანტების სულიერ მდგომარეობაზე სათქმელი. ის, ალბათ, ერთადერთი ფსიქოლოგია, რომელსაც ემიგრაციაში პროფესიით დასაქმების 2 წლის განმავლობაში 2800-მა ქართველმა ემიგრანტმა მიმართა ფსიქოლოგიური დახმარებისათვის.
- თუ ემიგრაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ ემიგრანტებისთვის ყველაზე რთულად გადასალახავზე, ემიგრაციაში აღმოჩენისა და შეგუების პირველ თვეებზე. სწორედ ეს მომენტი ქმნის დეპრესიული მდგომარეობის საფუძველს, საიდანაც ნაწილი გამოდის, ნაწილი კი რჩება.
სანამ ემიგრაციაში ლეგალური ცხოვრების უფლებასა და პროფესიულ აღიარებას მოვიპოვებდი, თავად ვმუშაობდი ბადანტედ, მოხუცის მომვლელად. ანუ იმ სამუშაოზე, სადაც ძირითადად ქართველი ემიგრანტები მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებმა და ქართული ემიგრაციის პირველმა ტალღამ ამჟამინდელი ემიგრაცია თითქოს გაამარტივა, ემიგრანტობის პირველი პერიოდი კვლავ ურთულესია. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით: მიუხედავად იმისა, იტალიურ ემიგრაციაში უკვე და მყავდა და თითქოს უსაყრდენოდ არ ვიყავი, ჩემი პირველი სამუშაო, ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცის მოვლა, ფეხქვეშ მიწის გამოცლას ჰგავდა. მიუხედავად იმისა, პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და თავზე ვმუშაობდი, მეჩვენებოდა, რომ სამუდამოდ დავკარგე კავშირი სამყაროსთან და ვეღარასოდეს ვიცხოვრებდი ადამიანურად. პირველივე ხანებში საქართველოში დაბრუნება დავაპირე, მერე კი დედაჩემს დავურეკე, კარადა გამოაღე და ჩემი უმაღლესი განათლების დიპლომი დაწვი, აღარაფერში გამომადგება-მეთქი. ეს აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა სამყარო, რომელთანაც კონტაქტს ვერ ახერხებ...
- ამ მომენტს იცნობს ყველა ემიგრანტი... რა ძალა უბიძგებს ადამიანს ამ სტრესთან შესახვედრად?
- ოჯახის საჭიროებები, ვალები... უკვე დამკვიდრებული ემიგრანტები ამბობენ, კი, ყველა ეს საშინელება გადასალახავი გექნება, მაგრამ გადალახავ და სამაგიეროდ, პრობლემებს მოაგვარებო. ამ იმედით მიდის ემიგრაციაში ადამიანი და ამ ფონით ექცევა სწორედ იმ დეპრესიაში, რომელსაც ზოგი მართლაც გადალახავს, ზოგი კი ვერა. არიან ისეთებიც, ვინც დეპრესიიდან ვერ გამოდის და უკან ბრუნდება.
- როგორც ვიცით, ქართველ ემიგრანტებს მაინც ერთმანეთის იმედი აქვთ. თქვენთან რამდენად ხშირია მომართვიანობა?
- ჩემთან სხვადასხვა მიზეზით მოდიან, მაგრამ ყველაზე ხშირად მიზეზი დეპრესიაა. ამაში დამანგრეველი წვლილი შეიტანა კორონაეპიდემიამაც, რომელიც ცნობიერებაში ისევე დაილექება, როგორც სხვა მძიმე მომენტები. სწორედ ამ დროს დაფიქსირდა მომართვიანობის ის რიცხვი, რომელიც ჩემთვისაც კი შოკი იყო - 2800-მა კაცმა მომმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც ონლაინში მესაუბრებოდნენ, ვთხოვდი, ქვეყანა დააფიქსირეთ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილიდან მესაუბრებოდნენ. იცით, ეპიდემია შოკი რატომაც იყო? ჩვენი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი მომვლელია, რომლებსაც კვირაში მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე ეკუთვნით. ეპიდემიამ კი ეს დღეც წაართვა და კედლებში გამოკეტა. ამან უფრო დაამძიმა ფსიქოლოგიური ფონი. ამ დროს ზედაპირზე ამოვიდა ჩვენი ემიგრანტების მთავარი შიში, რომ უცხო მიწაზე მოკვდებოდნენ. ეს მათთვის უმძიმესი სტრესია. ყველა ემიგრანტი ფიქრობს, რომ მშობლიურ მიწაში უნდა დაიკრძალოს. ამაზე ყველა ფიქრობს, მით უფრო, საკმარისია, რომელიმე ჯგუფში დაიწეროს, რომ ემიგრანტი გარდაიცვალა, შიში თავისთავად დგება ყალყზე. პანდემიის დროს ამ შიშს ხელი შეუწყო იმანაც, რომ "კორონით" გარდაცვლილების დაკრძალვის უფლებას ხელისუფლება არ იძლეოდა, მორგიდან არ ატანდა ცხედრებს და კრემაციას უტარებდა. ჩვენი აზროვნება, მენტალიტეტი, ფსიქიკა ვერ ეგუება დაკრძალვის უცხო პროცედურებს. ქართველ ემიგრანტს მხოლოდ მშობლიურ მიწაზე ეგულება ნუგეში.
ეპიდემიის დროს ათასობით ემიგრანტი ითხოვდა ონლაინფსიქოდახმარებას. დახმარება სჭირდებოდათ ისეთ ემიგრანტებსაც, რომლებიც იმ დროს დასაქმებული არ იყვნენ. უფრო მეტიც, დაავადებული იყვნენ. არასოდეს დამავიწყდება სიმსივნით დაავადებული ერთი ემიგრანტი, რომელსაც შიშმა მოძრაობის უნარი წაართვა, უბრალოდ, ფეხები შეეკრა. როდესაც დამაკავშირეს, ფაქტობრივად, მკვდარს ჰგავდა. ეს იმ დროს, როდესაც დაავადებულთა სიმრავლის გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფები ვეღარ ახერხებდნენ გამოძახებაზე მოსვლას. ჩვენ შევძელით და ჯერ კლინიკაში გადავიყვანეთ, მერე კი პირდაპირ რომის აეროპორტში, რომ სამშობლოში გამოგვეშვა. არადა, ეს შეუძლებელი იყო იმ მომენტში. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც მოხდა.
- საგანგაშოა, რომ ახალგაზრდა ემიგრანტთა ნაწილი ნარკოდამოკიდებულია და ამის გამო უამრავი ახალგაზრდა იხოცება.
- სამწუხაროდ, ასეა. ემიგრაციაში ახალგაზრდების ფსიქიკური მდგომარეობა გაცილებით რთულია. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ უცხოეთში განათლების მისაღებად წასულ ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმედია. ახალგაზრდობის ის ნაწილი კი, რომელიც ვითომ სამუშაოდ მიდის უცხოეთში, მძიმე დღეშია. მათ შორის ისინიც, რომლებიც დედებმა ჩამოიყვანეს და დასაქმების ნაცვლად ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათ დედები არჩენენ, არცთუ მცირე ნაწილმა კი შრომის ნაცვლად ნარკოტიკი არჩია, რომელიც ადვილი საშოვნელია უცხოეთში. სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები ფსიქოლოგს არ მიმართავენ, დახმარებას მათი დედები ითხოვენ.
- ემიგრაციაში მყოფი მამაკაცები თუ ითხოვენ ფსიქოლოგიურ დახმარებას?
- იშვიათად, როგორც საქართველოში. თუმცა, ალბათ, მათი მომართვიანობაც დაიწყება. ძალიან გამიკვირდა, როცა ბოლო ხანს ოთხმა მამაკაცმა მომმართა. ემიგრაციაში არაერთი ზრდასრული მამაკაცის პრობლემა მარტოსულობაა. შედარებით მარტივია ემიგრაცია, თუ მთელი ოჯახია ემიგრირებული, ერთმანეთს ეშველებიან ყველაფრის დაძლევაში.
- როგორც ემიგრანტები ამბობენ, მათი სტრესის მთავარი მიზეზია მოსავლელი სუბიექტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მაგალითად, დემენცია, ფსიქოლოგიური აშლილობა, საკვების დამალვა და ა.შ., რის გამოც ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის გამკლავებაც უხდებათ.
- თითქმის ყველა ქვეყანაში მოსწონთ ქართველი ბადანტეები. ამბობენ, თბილები და მომთმენები არიანო. ბუნებრივია, ბადანტეს ჯანმრთელ ადამიანს არავინ აუყვანს და წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესია დაავადებულ ადამიანთან ყოფნა და მისი მართლაც გულით მოვლა. ამ დროს მხოლოდ საკუთარი ფსიქიკა გეხმარება. თუ ის მდგრადია, სტრესებს "ხარშავს", თუ არადა, გაძლება უჭირს. ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს, რაზეც პაციენტებს სულ ვეკამათები, - ბადანტეს მხოლოდ ერთი დღე აქვს კვირაში დასასვენებლად და ჩვენი ქალები ამ დღესაც არ იყნებენ. ურჩევნიათ ოჯახის შეთავაზებული თანხა აიღონ, ან თუ დაისვენებენ და ქუჩაში გამოვლენ, ფული რომ არ დახარჯონ და ოჯახში გამოგზავნონ, კაფეშიც კი არ შევლენ ჭიქა ყავისათვის. ფული ექიმთან მისასვლელადაც კი არ ემეტებათ. ამ დროს კი ნერვულ აშლილობამდე არიან მისული, ან ზოგი უკვე აშლილია.
- სოციალური მედიით ხშირად ვრცელდება ემიგრანტთა ფსიქიკური აშლილობის კადრები. რამდენიმე ხნის წინათაც გაუჩინარდა ფსიქიკურად აშლილი ემიგრანტი.
- ასეა. ცოტა ხნის წინაც გავრცელდა სოციალურ მედიაში ფსიქიკურად აშლილი ქართველი ემიგრანტის ვიდეო, რომელიც ემიგრანტებმა მოძებნეს და კლინიკაში გადაიყვანეს. ფსიქიკურად დამძიმებული, გაუჩინარებული ემიგრანტების მოძებნა სოციალური ქსელით შედარებით ადვილია. რამდენიმე დღის წინ ამ მიზეზით კიდევ ერთი ქართველი ქალი დაიკარგა და ქუჩაში იპოვეს. მეუღლე ჩამოვიდა საქართველოდან, მაგრამ ცოლის გასატანებლად დამატებითი საბუთები მოსთხოვეს და ისიც საქართველოში გაბრუნდა. მის უკან დაბრუნებამდე ის ქალი არავის იკარებს, ქუჩაში ცხოვრობს და როგორც კი ვინმე მიუახლოვდება, გარბის.
ემიგრანტის ყოფას ამძიმებს მისი ოჯახის გაზრდილი მოთხოვნილებები და ამის გამო ნერვიული შოკები. შესაძლოა დაგროვილმა აგრესიამ სხვებთან ურთიერთობაში ამოხეთქოს. მაგალითად, ზოგიერთ ემიგრანტს სოციალურ სივრცეში ისეთი განცხადება გაუვრცელებია, უცებ წარმოიდგენ, რამდენად ცუდ მდგომარეობაშია.
- ზოგი ოჯახი შეგნებულად უშლის ხელს ემიგრანტის დაბრუნებას, რათა საარსებო წყარო არ შეუწყდეს.
- ქართველი დედები იშვიათად აღიარებენ, რომ შვილებს მისი დაბრუნება არ უნდათ. კი, ასეთი მაგალითებიც არის, მაგრამ დაუბრუნებლობის მიზეზი რეალურად სხვა რამ არის - შიში, რომ ჩამოვიდეს, რა აკეთოს, მაშინ როცა მისი ოჯახის ყველა წევრს უკვე თავისი საქმე აქვს, და რეალობის წინაშე მარტო რჩება. ემიგრანტს კი არ სურს ვინმეს პრობლემა შეუქმნას, ამიტომ ბარგს ალაგებს და ისევ უკან მიდის. ბევრსაც ოჯახი გვერდში უდგას, ჩემს ერთ ახლობელს შინაურებმა ემიგრანტობის ყველა საბუთი დაუწვეს და ამით აიძულეს, უკან არ წასულიყო, მაგრამ ასეთი ცოტაა.
სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი, მას უნდა აწუხებდეს ემიგრაციის ბედი, რომელმაც ქვეყანა შეინახა და ყველაფერს უნდა აკეთებდეს მათ დასაბრუნებლად.
ემიგრაცია ჭაობია, რომელიც ნელ-ნელა გითრევს. ხომ წარმოგიდგენიათ, ემიგრაციაში წამოსვლისას ზოგიერთის შვილები სკოლაში დადიოდნენ და ახლა უკვე შვილიშვილები დადიან და მათაც სჭირდებათ დახმარება. ჯადოსნურ წრესავითაა, არასოდეს დაილევა ვინმე დასახმარებელი, ნათესავის ქორწილი ან დაბადების დღე, სადაც საჩუქარია საჭირო. ასე რომ, თუ გაღებულ სიკეთეს ისევ სიკეთეს არ შევაგებებთ და ემიგრანტების დაბრუნებაზე არ ვიფიქრებთ, არავისთვის არ იქნება სწორი.