"ომს სიყვარული ამარცხებს"
მწერალი ირაკლი შამათავა მკითხველმა "ბავშვობადაკარგული თაობის", მოგვიანებით კი "გამშვები პუნქტით" გაიცნო, რომლისთვისაც გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 2020 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა წიგნი "ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე", რომელიც, როგორც თავად ამბობს, დიდი სიფრთხილით აკინძული წიგნია და მასში სხვადასხვა მწერლის ნამუშევარია გაერთიანებული. კრებული მალე ბესტსელერი გახდა. მის შემოქმედებაში სიძულვილის ენას ვერ იპოვით, განდევნილია აგრესია, კონფლიქტი და ყველა ადამიანური ისტორია თუ ამბების სპექტრი მხოლოდ სამშვიდობო მისიას ემსახურება.ახალგაზრდა მწერალს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის შარშან პრემია "მანდარინები" გადაეცა, 2022 წელს გახდა ერთ-ერთი სოლიდური საერთაშორისო პრემია "Bertha von Suttner Peace Prize"-ის ნომინანტი. 2019 წელს აფხაზეთში მავთულხლართებისა და საშიში გზის გავლით ჩავიდა, სადაც გადამწვარი სოფელი და თავისი სახლი მოინახულა.
- აფხაზეთში წასვლა ყოველთვის სარისკო საქმეა. ასეთ დროს ალტერნატივა ან მდინარის გადაცურვაა, ან ოფიციალური მიწვევა, რასაც არასდროს დავთანხმდები, რადგან ეს ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვაღიარო. საკუთარ სახლში დასაბრუნებლად ვიზა ან მიწვევა არ უნდა მჭირდებოდეს! ამის გამო მიწევს მდინარის გადაცურვა. ადრეც არაერთხელ გადამილახავს, ენგური კი ომის მერე განსაკუთრებით შეუპოვარია.
რთულია ომგამოვლილ სოფელსა და მონატრებულ ადამიანებზე მხატვრულად წერა! აფხაზეთში ჩასვლის დროს ერთმანეთში ირევა ტკივილი, სევდა, ბრაზი, სიხარული. ვნახე გადამწვარი სოფელი, ნასახლარები, ფარღალალა ღობეები, დაცარიელებული ბეღელ-ნალიები, წაქცეული გალავნები, ხიმინჯმორყეული ოდები... ყველგან ველური ლეღვი ხარობდა... აყვავებულ მაგნოლიასა და აკაციას ისევ ისეთი, ბავშვობისდროინდელი სუნი ჰქონდა, რომელსაც დღემდე დავატარებ თბილისში. მინდოდა ყველაფერი მეხსიერებაში ჩამრჩენოდა, ამიტომ ფოტოები გადავიღე, უმეტესწილად შავ-თეთრი, რადგან სხვა ფერი იქ არც დამინახავს.
- ჩვენს თაობას "ომის ბავშვებს" უწოდებენ. რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც 30-წლიანმა დამოუკიდებლობამ, სისხლის, ომების და ტრაგედიების კვალდაკვალ გვასწავლა, თავისუფლება? მშვიდობის ფასი?..
- ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მეტად იგრძნობა თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი. პირველი პროზაული კრებული სწორედ "ბავშვობადაკარგული თაობის" სახელით გამოიცა, რომლის იდეური გაგრძელებაა ქართულ-აფხაზური, ბილინგვური გამოცემა "გამშვები პუნქტი"... წიგნები ნახევრად ავტობიოგრაფიულია და აფხაზეთის ომის რეალურ ამბებს ეფუძნება, აღწერს ორად გაყოფილ საქართველოს, ენგურს გაღმა და გამოღმა დარჩენილ ქართველთა ყოფას... წიგნები გამოცემულია ორ ენაზე - ქართულად და აფხაზურად. მიხარია, რომ დღეს მათ კითხულობენ გალში, ოჩამჩირეში, გაგრასა და სოხუმში.
- აფხაზეთში ანტირუსულ განწყობებზე უკვე ხშირად საუბრობენ... რა გზას ხედავთ ახალგაზრდა აფხაზებთან ურთიერთობისთვის, როგორ წარმოგიდგენიათ ნდობის აღდგენა?..
- ნდობის აღდგენა ნიშნავს დაინახონ, როგორია ენგურს გამოღმა ცხოვრება. აფხაზეთი კარგად იაზრებს 90-იანის შედეგებს და ისიც ფაქტია, რომ რუსეთი არ აღმოჩნდა მათთვის ის გზაგასაყარი თუ ისტორიული არჩევანი, რომელიც სტაბილურ ცხოვრებას, გამართულ ჯანდაცვის სერვისს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, აღმშენებლობის პოლიტიკას თუ დიდ კაპიტალდაბანდებას უპირობოდ შეუსრულებდა. სწორედ ამიტომ, მოტყუებულ პოზიციაში მყოფებს, ახლა იდენტობის წაშლის შიშიც დაემატათ. აფხაზები აკვირდებიან, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ამიტომ დაქსაქსულობა და საზოგადოების დანაწევრება კი არ უნდა ნახონ სატელევიზიო გადაცემებიდან, არამედ ერთობა! უნდა ჰქონდეთ განცდა, ვინ არის ნამდვილი მტერი და რომელი მხარე სთავაზობს უკეთეს მომავალს. ჩემთვის კულტურული პროექტები, განათლების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სერვისებზე თავისუფალი, უფასო წვდომა არის ის "იარაღი", რომელიც ამ ნდობის მოპოვებას ემსახურება.
- წიგნი "33 ამბავი აფხაზეთზე" რამდენიმე მწერლის ნაწარმოებს მოიცავს. ეს წიგნი ომზე უფრო ბევრს გვიყვება, ვიდრე მშვიდობაზე! გვიამბეთ მასზე.
- აფხაზეთის ომის შემდეგ, ბოლო 29 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო მცდელობა გამოცემულიყო ისეთი წიგნი, რომელიც ომის მთლიან სურათს აღწერდა და ქრონიკული დევნილობის მიზეზშედეგობრივ ჯაჭვს წარმოგვიდგენდა; ზოგიერთი შეეცადა ომის პაზლი ასე აეწყო: უპირატესობას ანიჭებდნენ აფხაზეთიდან დევნილ მწერლებს, მათ, ვინც ომი პერსონალურად განიცადა, ზოგიერთმა დოკუმენტური ჩანაწერებით სცადა, სხვებმა კიდევ ილუსტრირებული ფოტოგამოცემებით. მინდოდა ისეთი წიგნი შემედგინა, რომელიც ახალ სიტყვას იტყოდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რადგანაც ვგრძნობდი, ძველსა და ახალ თაობას შორის ურთიერთობის ჯაჭვი გაწყდა და საჭირო გახდა ისეთი საქმის წამოწყება, რაც გაუცხოებულ თაობებს იდეურად შეაკავშირებს.
მთელი წელი დაგვჭირდა ნაწარმოებების მოსაძიებლად, ავტორებთან საკომუნიკაციოდ. ომისდროინდელი ამბებისთვის საგულდაგულოდ შევარჩიეთ პროზაული ტექსტები, ვრცელი მოთხრობები და რომანები, საიდანაც ფრაგმენტული (მაგრამ დასრულებული) ამონარიდები გავაკეთეთ. წიგნში შესული ოცდაცამეტივე ამბავი (33 - ესეც საკრალური სიმბოლიკაა) უნიკალურია, გაუგონარი ისტორიაა ადამიანური ტკივილებისა თუ სიხარულის. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ავტორია მთხრობელ-პერსონაჟი და სტილისტიკაც ინდივიდუალურია, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ 90-იანების საქართველოს ერთი მთლიანი ამბავია. ყველა მათგანი ისეთ სულისშემძვრელ ომზე გვიყვება, რომელიც მშვიდობის ფასს უალტერნატივოს ხდის.
ხშირად ვფიქრობ, რომ არა ეს ყველაფერი, ვინ ვიქნებოდი, მაქცია კი ომმა ძლიერ ადამიანად?! დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ომმა მიმახვედრა, რომ დევნილობის დამღა იმდენად ძლიერი და მტკივნეული ყოფილა, სანამ ცოცხალი ვარ, არ წაიშლება. ის ყველგან ჩარჩა - ყველა ჩემს საბუთს, ყველა ჩემს დროებით ადგილსამყოფელს, ყველა ჩემს სიხარულს თუ სამწუხარო ამბავს შეენივთა. აგერ უკვე ოცდაცხრა წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ჩემი ოჯახი დიდი ხანია ქალაქ ფოთში ცხოვრობს და დღესაც, ქალაქში რომ ჩემზე იკითხოთ, ასე გაიხსენებენ: "ა, ის დევნილი ბიჭი, აფხაზეთზე წიგნებს რომ წერს?". დღეს თბილისში ვცხოვრობ, საიდანაც განსაკუთრებული სიფრთხილით ვმუშაობ აფხაზეთში შინ დაბრუნების გზებზე... მჯერა, მაინც დავბრუნდებით! მჯერა, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ დავიბრუნებთ, უპირველესად - ერთმანეთს...
არ შეიძლება მწერლისთვის ლიტერატურული პრემია საზომი იყოს, ის მხოლოდ სტიმულია, მოტივაცია, მეტი დროით დარჩე საკუთარ თავთან და გაცილებით უკეთესი ნაწარმოები შექმნა, მეტად იბრძოლო ენგურს გაღმა მყოფი ქართველებისთვის, მოძმე აფხაზებისთვის. ერთია ომის ლიტერატურის პროპაგანდა და მეორე - სწორი აქცენტების გატარება ლიტერატურულ პოლიტიკაში. ვინც ამ თემატიკას ემსახურება, თითოეული ბეწვის ხიდზე გადის. გურამ ოდიშარიას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგეს, საჭიროა "დანაღმულ ველზე სწორად მოსიარულე" ადამიანების ჩართულობა შერიგების პროცესში.
- ხშირად ხატოვნად, ირიბად თუ პირდაპირ ამბობენ, რომ სიყვარული დავკარგეთ. მწერლები ამას, ისევე როგორც სიყალბეს, ხელოვნურობას, განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამთ. პოულობთ ადამიანებში გულწრფელ სიყვარულს, თანაგრძნობას?..
- ომს სიყვარული ამარცხებს. ჩვენ გავდივართ ურთულეს პერიოდს, შესაძლოა აპოკალიფსურსაც კი. მეიმედება ახალგაზრდა თაობის, რომელთა ანთებულ თვალებში ვხედავ წინაპართა სიმტკიცეს. მათ იგემეს მამების დაშვებული შეცდომების გემო და არ სურთ იმავეს განმეორება. უნივერსიტეტებში, სადაც ასობით სტუდენტთან მაქვს ყოველდღიური შეხება, ერთ რამეს მეუბნებიან: უნდათ მშვიდობა, უნდათ ევროპული მომავალი და რამდენჯერაც არ უნდა დადგნენ გზაგასაყარზე, იმდენჯერ უყოყმანოდ ეცოდინებათ, რომ რუსეთი მტერია, რომელიც ამ ინტერვიუს წერის პროცესშიც, ვინ იცის, რომელ ქართულ სოფელს იტაცებს მცოცავი ოკუპაციის გზით. ამიტომაა საჭირო გონიერება, წინდახედულობა და ერთობა, რომელიც "ჩვენთვის ხატია, მტრებისთვის კი სარჩობელა".