ქართული მოგზაურობის თავისებურებანი ვიეტნამში
"გრძელი გზების გარეშე, ვინ იცის, როგორია ცხენი" - ვიეტნამური ანდაზა.სამოგზაუროდ წასვლა მოულოდნელად გადავწყვიტე. თითქმის მთელი იანვარი ვიავადმყოფე, თვის ბოლოს დაბადების დღესაც ლოგინში შევხვდი. მას შემდეგ კი, რაც ვირუსს თავი დავაღწიე და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, მივხვდი, რომ მოგვიანებით დაბადების დღის აღნიშვნას ძველებური ხიბლი არ ექნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და სამოგზაუროდ წავსულიყავი. ოღონდ არ ვიცოდი, სად, მთავარია, სადმე შორს და კარგა ხნით. შემთხვევით სოციალურ ქსელში ერთი კარგი გოგოს ძველ პოსტს გადავაწყდი, მსურველებს ვიეტნამში ეპატიჟებოდა (ქეთის შორიდან ვიცნობდი, მის საინტერესო ტურებზე აზიაში ხშირად მსმენოდა).
ვიეტნამის ხსენებაზე თავში რაც მომივიდა, ის ავადსახსენებელი მე-17 პარალელი, ძველი ფილმები ომზე, "ვიეტნამის სინდრომი", რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის ჯარი უფრთხის, და ვიეტნამური "წითელი ვარსკვლავი" იყო, რომელიც ჩვენს თაობას განსაკუთრებული სუნის გამო ახსოვს, მაინც არც ვაციე, არც ვაცხელე და, ორგანიზატორს დავურეკე. თურმე ჯგუფი უკვე შევსებული ჰქონია, მაგრამ მე იმდენად მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ვიეტნამში ომის დროინდელი ცნობილი სამხედრო გვირაბების (ჩემი ფანტაზია ჯიუტად ომის თემატიკას უტრიალებდა) დათვალიერება, რომ ჯგუფის მე-17 წევრი გავხდი. განსაკუთრებით ჩემი ოჯახის მხარდაჭერა გამიხარდა (რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ერთხმად გამომიცხადეს, რომ ეს მოგზაურობა იქნებოდა მათი საჩუქარი). როცა თავი ჯგუფის წევრად დავიბევე, თითქოს მიმავიწყდა კიდეც, რომ ორი თვის შემდეგ სადღაც ქვეყნის დასალიერში მიწევდა წასვლა, და როდესაც მარტში მეილზე ვიზა მივიღე, მაშინღა გავაცნობიერე, რომ მივდიოდი სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად, გავაცნობიერე და შიშმა შემიპყრო, თავში ათასი აზრი ამერია. ერთხანს თითქოს თავს ვიმშვიდებდი, რომ თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, აღმოგვაჩნდება საერთო ნაცნობი, აქტიური ადამიანი ვარ, შეიძლება მეც მიცნობენ. როცა ეს არ მამშვიდებდა, ვფიქრობდი სულაც უარი მეთქვა გამგზავრებაზე.
ერთ დღესაც ორგანიზატორის ინიციატივით ჯგუფის წევრები გასაცნობად სადილზე შევიკრიბეთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ჯგუფში ათი ექიმი ყოფილა, რამაც ძალიან გამახარა (ცოტას ხომ არ ნიშნავს, უცხო მიწაზე გაჭირვების დროს წამლის და წყლის მომწოდებელი რომ გყავს ახლოს). იქვე გავიგე, რომ ჯგუფს ერთი წევრი გამოჰკლებია და საბოლოდ დავრჩით 15 ქალი ერთი მამაკაცით. მას ჰყავდა მეუLღლე და ამ წყვილის მიმართ თავიდანვე პატივისცემით განვიმსჭვალე, რადგან მიუხედავად იმისა, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები არიან, მხოლოდ იმით ამაყობდნენ, რომ იმ წითელქუდიანი ბიჭის მშობლები არიან, 9 მარტს რუსთაველის პროსპექტზე ევროკავშირის დროშით მოფრიალე ქალი წყლის ჭავლს რომ არ შეატოვა და გვერდში ამოუდგა, რომ წყლისა და წაქცევისგან დაეცვა. ჯგუფის წევრების გაცნობის შემდეგ გული მომეცა. ახლა, უკვე მოგზაურობის შემდეგ, ვფიქრობ, რომ გამიმართლა, თუმცა მაინც გირჩევდით, ნუ გამოცდით ბედს და ნუ წახვალთ მარტო.
28 მარტს ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში, როცა ჯგუფის ერთმა წევრმა საკუთარ მძღოლს დამშვიდობებისას უთხრა, ჩემებს გადაეცი, ვიეტნამში წავედიო (ოჯახის წევრებს გამოეპარა), ვიფიქრე, რომ ჩვენი მოგზაურობა შეიძლება რთული ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ხალისიანი.
3 საათი თვითმფრინავში უცებ გავიდა - რადგან დუბაის მიმართულებით არასდროს მიფრენია, მთელი დრო თვითმფრინავის ილუმინატორზე ცხვირმიწებებულმა გავატარე. ჯერ კიდევ დღე იყო, როცა თვითმფრინავი დუბაის ცაში შევიდა. სიმართლე გითხრათ, ქალაქმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა როცა დაშვებისას მის შემოგარენში უდაბნო დავინახე ალაგ-ალაგ მიმოფანტული ოაზისებით, სულ დამავიწყდა, რომ მეორე ფრენამდე დუბაის აეროპორტში 8 საათი უნდა გამეტარებინა.
კრიმინალური საკითხავი
დუბაის აეროპორტი თავად არის ერთი დიდი ქალაქი. როდესაც ჩვენთვის საჭირო ფლიგელში გადავედით, გადავწყვიტეთ სადმე დავბანაკებულიყავით და მოგვეფიქრებინა, დრო როგორ გაგვეტარებინა. აეროპორტს რამდენიმე ლაუნჯი აქვს, რომლითაც უფასო სარგებლობა ჩვენი რამდენიმე ბანკის ბარათით შეიძლება. ასეთი ბარათები რამდენიმეს გვქონდა (ზოგს დაავიწყდა წამოღება). როგორც საინფორმაციო კუთხეში თავაზიანად განგვიმარტეს, "მარჰაბაში" შესვლა შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ბიზნესკლასის ლაუნჯი არ იყო, მაგრამ უფასოდ დანაყრება და სამი საათით დასვენება შეიძლებოდა. ვინაიდან თავად აეროპორტში სადილობა ძალიან ძვირია და ჩვენც უბარათო ჯგუფის წევრების დატოვება არ გვინდოდა (თავიდანვე ვთქვით, რომ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის), გადავწყვიტეთ ლაუნჯში შესვლა და დანარჩენებისთვის საჭმლისა და წყლის წამოღება. სამნი ვიყავით, ერთი ურიკით, სადაც ხელბარგი გვედო. "მარჰაბაში" სასმელ-საჭმლის დიდი არჩევანი არ იყო, ალაგ-ალაგ გამაგრილებელ წყლებს, არაბულ ტკბილეულსა და გადამწიფებულ ბანანებსაც მოვკარი თვალი. უხალისოდ შევჭამეთ ბოსტნეულის კანაპე და გადავწყვიტეთ ბანანები მაინც წაგვეღო დანარჩენებისთვის. ჩანთაში ჩავილაგე სამი ბანანი, მეორე ჩანთაში ორი ქილა "პეპსი" და მშვიდად გავემართეთ გასასვლელისკენ. გზად მომუსაიფე "მარჰაბის" თანამშრომლებს ჩავუარეთ და ის იყო, ლაუნჯიდან უნდა გავსულიყავით, რომ მოსაუბრეებმა საუბარი შეწყვიტეს და ჩვენს ურიკას თვალი შეავლეს. იმწუთას წარმოვიდგინე, ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ როგორ აჭრელდებოდა არაბული პრესა, მერე ქართულიც, რომ დუბაის აეროპორტში ქართველებმა ლაუნჯიდან სამი ბანანი მოიპარეს. ჩემი არცთუ სასიამოვნო ფიქრებისგან თავაზიანმა ხმამ გამომარკვია, ლაუნჯში ურიკის შემოტანა არ შეიძლებაო, გაგვიღიმა ერთმა მარჰაბელმა და ისევ მოსაუბრეს მიუბრუნდა.
ლაუნჯიდან ამაყად გამოვედით, ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა "სპეცოპერაციის" ჩატარება მოძმეების დასაპურებლად. ამან სამივე გაგვამხიარულა და "ბანაკს" ლამის ცეკვა-სიმღერით მივაშურეთ. თუმცა მისულებს ისეთი ქართული სუფრა დაგვხვდა გაშლილი - ხაჭაპურებით, ლობიანებით, სულგუნით და შინაური რამდენიმე სახის ძეხვით, რაც მთავარია, ღვინით, რომ ჩვენი გადამწიფებული ბანანები რაღა გამოსაჩენი იყო. სად იყავით აქამდეო, მოგვაძახეს და ყველაფერი ერთად შემოგვაჩეჩეს ხელში, სასწრაფოდ ჭამეთო. სულგუნზე უარს როგორ ვიტყოდი, ერთი კი გავიფიქრე, რა ვართ ქართველები-მეთქი და, გამოტენილი პირით ვუყვებოდი ჩვენებს "მოპარული" ბანანების ამბავს.
ქალაქი ტბების შუაგულში
როგორც იქნა, ის მტანჯველი 8 საათიც გავიდა და ისევ თვითმფრინავში ავედით, ამჯერად "ბოინგში". ადგილი ისევ ფანჯარასთან მერგო, ჩემი მეზობლები ვიეტნამელები იყვნენ. ახალგაზრდა მთელი გზა ამერიკულ კლიპებს უყურებდა, შუახნის მამაკაცი კი ჩარლი ჩაპლინის შავ-თეთრ კინოს, რომელზეც კაი ხანია აღარ მეღიმება, თუმცა ჩემი თანამგზავრი ისე გულწრფელად იცინოდა, შემშურდა.
6-საათიანი ფრენის შემდეგ, 29 მარტის შუადღისას, ჩვენი თვითმფრინავი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის ცენტრალურ აეროპორტში დაეშვა. როდესაც აეროპორტის თანამშრომლების ჩაცმულობა დავინახე, ვიფიქრე, ალბათ, ჩრდილო კორეაშიც ასეა-მეთქი. მგზავრობისა და უძილობისგან გვარიანად დაღლილს, ერთი სული მქონდა, აეროპორტიდან გავსულიყავი და გზაში გატარებული 19 საათის შემდეგ მზის შუქი მეხილა. საპასპორტო კონტროლის მოლოდინში, როდესაც ჩემ წინ მდგომი მესაზღვრის ჯიხურს მიუახლოვდა, უნებურად წითელ ხაზს გადავაბიჯე.
- დაბრუნდით ხაზს იქით, - ისე დასჭექა ფორმაში გამოწყობილმა მკაცრი გამომეტყველების მამაკაცმა, რომ ვიგრძენი, შიშისგან როგორ დავპატარავდი და ჰანოიში კი არა, სახლში მომინდა ყოფნა, დედასთან... მესაზღვრე ბევრად თავაზიანი აღმოჩნდა. მთხოვა, პირბადე ჩამოსწიეთო, შემდეგ რამდენჯერმე ჯერ ჩემს ფოტოს დახედა, მერე მე (ეტყობა, ვიეტნამში უცხოა ჩვენი პასპორტის ფოტოების ამბავი). ბოლოს როგორღაც მიხვდა, რომ ერთი და იმავე ადამიანს უყურებდა, თავაზიანად გამიღიმა და პასპორტში ნანატრი ბეჭედი ჩამირტყა. მართალია, აეროპორტის თანამშრომლები კუშტი სახეებით მუშაობენ, თუმცა მათ გამოხედვაში კითხულობ, რომ ამას სამშობლოსთვის აკეთებენ - როცა აეროპორტში ათიათასობით კაცი ირევა, მოდუნება დანაშაულია.
აეროპორტიდან გამოსულებს ახალგაზრდა კაცი გველოდა ბანერით ხელში, რომელზეც ქეთის სახელი ეწერა. ასე გავიცანით ჩვენი რუსულენოვანი გიდი, სახელად თოო. უცებ მიგვითითა ავტობუსის სადგომზე, დაგვეხმარა ბარგის ჩალაგებაში და ჩვენი ჯგუფისთვის განკუთვნილ ავტობუსშიც ჩავსხედით. როცა გადაგვთვალა, თითო ბოთლი წყალიც ჩამოგვირიგა და საზეიმოდ განგვიცხადა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიეტნამშიო. მოკლედ, უკვე ადგილზე ვიყავი და ავტობუსის დაძვრასთან ერთად ჩემი თავგადასავალიც იწყებოდა ვიეტნამში. ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი, რაც ნიშნავს "ქალაქი ტბების გულში", 1010 წელს დაარსდა. თავდაპირველად, თხანგლოგი ერქვა, რაც "აფრენილ დრაკონს" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, სწორედ დრაკონმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ქალაქი უნდა აშენებულიყო.
რაც მტრობას... უშენებია
ჩვენი სასტუმრო ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა, კარგად იგრძნობა ჰანოის რიტმი და ქალაქის კულტურული თავისებურებანი. ხმაურიანი ქუჩები, რომლებიც ზემოდან ჭიანჭველების ბუდეს წააგავს, ჰანოის სავიზიტო ბარათია.
- ქალაქის პირველი ღირსშესანიშნაობა ეს ახალი ხიდია, - ამაყად გაიშვირა ხელი ჩვენმა გიდმა, - იაპონელებმა ააგეს, დაგვეხმარნენ, - დასძინა ცივად.
როგორც საქართველოს, ვიეტნამსაც საუკუნეების განმავლობაში უწევდა მტრების მოგერიება. ვის აღარ ნახავდით აქ მოსულს: მონღოლებს, ჩინელებს, იაპონელებს, ფრანგებს... თუმცა ჩვენგან განსხვავებით ვიეტნამში დამპყრობლები არ ანგრევდნენ, პირიქით, აშენებდნენ. მარტო ჰანოის ფრანგული კვარტალი რად ღირს.
როცა ავტობუსიდან ქუჩაში ქაოსურ მოძრაობას ვუყურებდი, შიში მიპყრობდა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა უსაფრთხოდ ისეთ ქუჩაზე გადასვლა, სადაც ზებრები უბრალოდ არის დახაზული, სადაც შუქნიშნები მხოლოდ ქუჩის დეკორია, ხოლო ყველა მანქანა, მოპედი თუ მოტორიქშა ისე დადის, როგორც მოეპრიანება. ავტობუსმა ბამბის ქუჩაზე მიგვიყვანა. თუ მანამდე ვფიქრობდი, რომ სასტუმროში მისვლის შემდეგ აუცილებლად გამოვიძინებდი, ჰანოის რიტმი იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ სასტუმროდან სანამ ქეთიმ არ გამომძახა, პასპორტს თუ არ მომცემ, ღამეს ქუჩაში გაათევსო, მანამდე შენობაში ცხვირი ვერ შემაყოფინეს. ყველაფერი მაოცებდა: ამინდი, ხალხი, მოფრიალე დროშები... აზიაში, ტაილანდსა და ფილიპინებზე, 2008 წელს ვიყავი, თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც სუნთქვაშეკრული გავყურებდი ქუჩას.
ნომრებში დავბინავდით (მე ქეთისთან მოვხვდი), ბარგი დავაწყვეთ და ნახევარ საათში ისევ სასტუმროს ჰოლში შევიკრიბეთ, ჩვენი გიდი უკვე ქართულ დროშას აფრიალებდა, არავინ ჩამომრჩეთო, და "ჯარს" დროშით მეზობელ ქუჩაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტისკენ წაგვიძღვა. იმ დღეს 1 დოლარი 23 000 დონგს (ვიეტნამის ფულის ერთეული) შეადგენდა. რამდენიმე წუთში ჯიხურიდან მილიონერი გამოვედი და იმას ვფიქრობდი, როგორ უნდა გამერთმია თავი ამდენი ნულებისთვის. დონგი ერთგვარ პლასტიკურ ქაღალდზე იბეჭდება და მისი დახევა შეუძლებელია (ქვეყნიდან ეროვნული ვალუტის გატანა აკრძალულია). დონგებით შეიარაღებულებს გაგვახსენდა, რომ მშივრებიც ვიყავით და თოოს წინასწარ შერჩეული რესტორნისკენ გავწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ვიეტნამი გარეთ იკვებება და ამიტომ კვების ობიექტებს ყველა შენობის ქვეშ შეხვდებით, ქუჩაში ჭამას არავის გირჩევთ, დიდი რისკია, მოიწამლოთ. რესტორანში ღვინის შეტანაზე დაგვთანხმდნენ და შემდეგ კარგა ხანს აკვირდებოდნენ მენიუს შერჩევის პროცესს, რომელიც ხმაურიანად, თუმცა საინტერესოდ მიმდინარეობდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვივახშმეთ და გასეირნება გადავწყვიტეთ. ყავის დასალევად ვინ წამოხვალთო, შემოგვთავაზა ცოლ-ქმარმა, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა, გამესინჯა ცნობილი ვიეტნამური ყავა, რადგან ყველამ უარი თქვა, თავი ვერც მე გამოვიდე და სასეირნოდ ქეთის ავეტორღიალე.
ჰანოის ძველი უბნები განსაკუთრებით შთამბეჭდავი ღამის საათებშია, რომლის სიჭრელესაც ღამის ფერადი განათება ემატება. ასეთ უბნებში შენობები სიძველისა და მოუვლელობისგან უბადრუკად ჩანს, თუმცა ალაგ-ალაგ მათი ოდინდელი მშვენიერებაც გამოკრთის. სახლები ვიწრო და მაღალია. ვიეტნამში ფასადის მხარე ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ შენობები ძალიან ვიწრო და უკან წაგრძელებულია. პირველ სართულებზე პატარა სასადილოები და ჭრელაჭრულა საოცარი აბრეშუმის, ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების მაღაზიები აქვთ, დანარჩენ სართულებზე კი ცხოვრობენ. ჩვენ ჰანოის ყველაზე ძვირად ღირებულ უბანში ვცხოვრობდით, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 50.000 დოლარიდან იწყება.
ძილის წინ კიდევე ერთხელ ჩავხედე ტურის უკვე თითქმის გაზეპირებულ პროგრამას - 12 დღეში თითქმის მთელი ვიეტნამი უნდა მოგვევლო, და მკვდარივით დამეძინა.
მეორე დილით, როდესაც სარკეში ჩემი შეშუპებული სახე დავინახე, ვიფიქრე, რომ ჩემი აკლიმატიზაცია იოლი არ იქნებოდა. თუმცა მოთქმის დრო ნამდვილად არ იყო, ჩვენი ექსკურსია ჰანოიში დილის 7 საათიდან იწყებოდა.
მეგობრობა გზად და ხიდად
პირველი ადგილი, რითაც ქალაქის გაცნობა დაიწყო, ჰანოის ლიტერატურის ტაძარი იყო - ვიეტნამის უძველესი უმაღლესი სასწავლებელი მოგვიანებით ტაძრად აქციეს, სადაც შაბათ-კვირას ტურისტების გარდა უამრავი ვიეტნამელი ირევა - გაღმერთებულ სწავლულებს სწავლასა და კარიერაში წარმატებას შესთხოვენ. საიმპერატორო აკადემია, ვიეტნამის პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1070 წელს დაარსდა იმპერატორ ლი ნიანგ ტონგის მიერ და იმ იშვიათ ტაძართაგანია, რომელიც კონფუცის და მისი მოსწავლეების პატივსაცემად აიგო, მისი ფასადი ძალიან წააგავს კუფუს ტაძარს,\ სადაც თავად კონფუცი დაიბადა.
ტაძრის ეზოს ქვის კუს ასეულამდე მემორიალური დაფა მიუყვება, რომელნიც თავიდან რატომღაც იმპერატორების საძვალეები მეგონა, სინამდვილეში კი ვიეტნამის ყველა დროის სწავლულების დაფებია, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოუჩენიათ. ზოგი ისეთი ძველია, რომ წარწერების წაკითხვაც არ ხერხდება.
ტაძარში შესვლისას ყურადღებას კუზე შემდგარი ფრინველის ქანდაკება იქცევს. ლეგენდის თანახმად, ფრინველმა, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად მიიჩქაროდა, ფრთა დაიზიანა და საიდანღაც მაშველად კუ გამოუჩნდა, ზურგზე შეისვა და სკოლამდე მიიყვანა. ფრინველმა მისი წყალობით გამოცდა ჩააბარა და სწავლული გახდა. მოგვიანებით მან მადლიერების ნიშნად მოძებნა მშველელი კუ და დაეხმარა სწავლული გამხდარიყო. თქვენ, ალბათ, იფიქრებთ, ეს ლეგენდა სწავლის მნიშვნელობაზეაო, ცდებით, ეს ისტორია მეგობრობაზეა. ამ ლეგენდით ასწავლიან ტაძრის ეზოში სკამებზე წამოსკუპებულ ბავშვებს, რომ სწავლის დროს ერთმანეთის დახმარება აუცილებელია. გადმოცემის თანახმად, თუ ფრინველს და კუს შეეხებით, კარიერაში წინსვლა გარდაუვალი იქნება (რაც გულდასმით შევასრულე).
ქართული დროშა
ლიტერატურის ტაძარში ვიდეოგადაღებით გართულმა, ვერ გავიგე, დრო როგორ გავიდა და როცა მოვიხედე, ჩემიანი ვერავინ დავინახე. ვერც თოოს ქართულ დროშას მოვკარი თვალი, ყოველთვის შემართებით რომ დააფრიალებდა. ვიფიქრე, ალბათ, გარეთ გავიდნენ-მეთქი. აჩქარებული ნაბიჯით გამოვიარე მთელი კომპლექსი იმის წარმოდგენით, როგორ მელოდებოდა ჯგუფი გზააბნეულს, რომელსაც ვიეტნამშიც ჟურნალისტობა მოუნდა. როდესაც ქუჩაში გამოვედი, იქაც ვერავის მოვკარი თვალი. რამდენიმე წუთს მშვიდად გავიარ-გამოვიარე, თუმცა არავინ გამოჩნდა. წავალ, ავტობუსში ჩავჯდები-მეთქი, გავიფიქრე, თუმცა ძარღვებში სისხლი მაშინ გამეყინა, როდესაც ვერც ავტობუსი ვნახე.
პირველი ფიქრი იყო: "დამტოვეს!". შემდეგ თავში ათასი კითხვა დამიტრიალდა: ჯგუფს რომ ვაკლდი, როგორ ვერ შეამჩნიეს? ავტობუსში თოომ ხალხი არ გადათვალა? შემდეგ საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე, ახია შენზე! მარტო რომ წამოხვედი, შენიანი ხომ არ დაგტოვებდა-მეთქი. მალე მივხვდი, რომ თავის ლანძღვა შვებას ვერ მომიტანდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა მომემოქმედა, მაგრამ რა? ვიდექი შუა ჰანოიში ქუჩაში, არც ჩემი სასტუმროს სახელი მახსოვდა, ქუჩის და გზის მისწავლებასაც ვერავის ვთხოვდი, არც ფული მქონდა თან და ვერც დარეკვას შევძლებდი ჯგუფის წევრებთან, რადგან ჩანთა ავტობუსში დავტოვე, ტელეფონიც, რომელშიც ადგილობრივი ნომერი მედო. ხელთ მხოლოდ ტელეფონი მქონდა, საიდანაც მხოლოდ საქართველოში შემეძლო დარეკვა (ინტერნეტროუმინგი ვიეტნამში არ არის). ერთხანს ვიფიქრე, თბილისში დავრეკავ-მეთქი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა, ამხელა ქალი შუაგულ ჰანოიში დავიკარგე, მიშველეთ-მეთქი. უიმედობისგან ისიც გავიფიქრე, იქნებ ვინმე ქართველი გამოჩნდეს-მეთქი და ჩემს ნაფიქრზე უნებლიეთ გამეცინა.
- ეს ჩვენი გოგო არ არის? - მომესმა მოულოდნელად, მივტრიალდი და ჩვენი ჯგუფის ორი წევრი რომ დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შევამჩნიე, რომ მათაც გაუხარდათ ჩემი დანახვა. ისინიც დაკარგულან და ჩემს დანახვაზე იფიქრეს, მათ საძებნელად ვიყავით წამოსული. რადგან უკვე სამნი ვიყავით და სასტუმროს სავიზიტო ბარათი და ფულიც გვქონდა, ჩემი მდგომარეობა ასე უიმედოდ აღარ მეჩვენებოდა. უცებ თვალი მოვკარი ქართულ დროშას, რომელიც სწრაფად მიახლოვდებოდა. საკუთარი ქვეყნის დროშის დანახვაზე გულგრილი არავინ ვართ ხოლმე, მაგრამ ის განცდა, რომელიც იმწუთას მე დამეუფლა, სულ სხვა იყო. უცებ გაქრა სასოწარკვეთილება, ხვდები, რომ მარტო აღარ ხარ, რომ მთელი ქვეყანა უკვე შენთან არის: საქართველოს ყველა მოქალაქე, ჯარი, პოლიცია მზად არის ჰანოის ცენტრში შენს დასაცავად. გული ამიჩუყდა... რამდენიმე წამში დროშით ხელში გაქაფებულმა თოომ მოირბინა, სულს ძლივს ითქვამდა, სად ხართ, რამდენი გეძებეთო. როდესაც ჯგუფს შევუერთდით, რატომ დამტოვეთ-მეთქი, ერთი კი ვუთხარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი უიმედო ძებნის შემდეგ თავადაც კარგი ნანერვიულები იყვნენ. მას შემდეგ მთელი მოგზაურობის განმავლობაში პირველი კითხვა, რაც ისმოდა, იყო: "ნინო სად არის?".
ავტობუსში რომ ჩავჯექი, ვიფიქრე, ჩემი თავგადასავალი ამით დამთავრდებოდა, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა...
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)