წარმატების ფორმულა ანუ ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს! - კვირის პალიტრა

წარმატების ფორმულა ანუ ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს!

ჩვენს სტატიაში მინდა გიამბოთ ორ წარმატებულ აბიტურიენტზე, რომელთაც­ უცხოეთის უნივერსიტეტებში სრული დაფი­ნანსება მოიპოვეს და სექტემბრიდან შეუდგებიან სწავლას. ივანე ყულჯანიშვილი,­ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში ისწავლის, წელიწადში­ 82.000-დოლარიანი დაფინანსებით, მარიამ ბეშიძე კი 320.000-იანი დაფინანსებით აშშ-ის Amherst College-ში შეუდგება სწავლას.

ივანე ყულჯანიშვილი: - 17 წლის ვარ. ვსწავლობ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. ამჟამად მე-12 კლასის მოსწავლე ვარ. ჩავირიცხე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, სრული დაფინანსებით, წელიწადში 82.000 დოლარი. დაფინანსება მოიცავს სწავლას, ცხოვრებას, კვებას...

- რთული გზა გაიარეთ ამ შედეგამდე?

- უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მართლაც შრომატევადი პროცესი გავიარე. ამ მიმართულებაში კარგად მე-11 კლასში გავერკვიე. ჯერ აუცილებელი გამოცდები ჩავაბარე, საკმაოდ კარგი ქულებით (ესეიტიზე 1530 ქულა ავიღე, ტოეფლზე - 109). შემდეგ შევავსე ყველა ამერიკული უნივერსიტეტისთვის საერთო სააპლიკაციო ფორმა და დავწერე სამოტივაციო წერილები. იმ პერიოდში ხშირად ვმონაწილეობდი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადებში და არაერთხელ გავიმარჯვე. ჩართული ვიყავი ბევრ არამათემატიკურ პროექტშიც. მაგალითად, ვიყავი­ სკოლის გაეროს მოდელირების გუნდის წევრი და საერთაშორისო ასპარეზზეც გავედი. რა თქმა უნდა, ყველა ეს აქტივობა თუ მიღწევა ჩემს აპლიკაციაში შევიდა. აპლიკაციის ყველაზე რთული ნაწილი სამოტივაციო წერილების წერა იყო. ასეთი ტიპის თემების წერა სკოლაში არასდროს დამჭირვებია და ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა. მონაცემები რამდენიმე უნივერსიტეტში გავგზავნე. ჩემი კრიტერიუმი არა მარტო სწავლის მაღალი დონე, არამედ დაფინანსებაც იყო. ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლა ძალიან ძვირია და საშუალო ქართველი მოსწავლისთვის აუცილებელია სრული დაფინანსება, რაც მიღების შანსს ძალიან ამცირებს. შესაბამისად, მე ამ საკითხს რეალისტურად ვუყურებდი, ვიცოდი, რომ უარყოფითი პასუხები მომივიდოდა, რადგან ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის სრული დაფინანსების გაცემა ადვილი არაა. საბოლოოდ, მიმიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა აბუ-დაბის კამპუსში, რომელიც მაღალი დონისაა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტს მსოფლიოში რამდენიმე კამპუსი აქვს, მათ შორის აბუ-დაბიშიც. ყველა კამპუსის კურსდამთავრებულები ერთსა და იმავე დიპლომს იღებენ და სწავლის განმავლობაში სხვა კამპუსებშიც შეუძლიათ სწავლა. მაგალითად, მე ჩემი ფაკულტეტიდან გამომდინარე, შემიძლია ვისწავლო მეორე კურსის მეორე სემესტრში პარიზში, მესამე კურსზე - ნიუ-იორკში, რისთვისაც აუცი­ლებელია კარგი აკადემიური მოსწრება. ამ უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტს ყოველ წელს 20 000-ზე მეტი აპლიკანტი ჰყავს. მაღალი დონის­ სწავლასთან ერთად, უნივერსიტეტს არაჩვეულებრივი საცხოვრებელი პირობები­ აქვს. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტში არცთუ ისე ბევრი სტუდენტია, ტერიტორია­ მაინც ძალიან დიდია, სადაც ყველანაირი დაწესებულებაა თავმოყრილი. მოკლედ, უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის იდეალური სასწავლო გარემო აქვთ. ასევე, აბუ-დაბი ახლოს არის საქართველოდან და ლოჯისტიკურად ხელსაყრელი არჩევანი იყო. ქართველებს აბუ-დაბიში უვიზო მიმოსვლა გვაქვს და პერიოდულად ჩემი მშობლებიც შეძლებენ ჩემს მონახულებას. ამ მიზეზების გამო გავგზავნე ამ კამპუსში ჩემი მონაცემები.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც შეიტყვეთ, რომ დაფინანსება მოიპოვეთ?

- ძალიან გამიხარდა. ეს წარმატება უფრო ტკბილი იყო, რადგან ამით ჩემი შრომისა და მონდომების ნაყოფი დავინახე,

- როგორი გეგმები გაქვთ?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მაგისტრატურაზეც ვისწავლო, რის შემდეგაც დავიწყებ პროგრამისტად და დეველოპერად მუშაობას. ჩემთვის საუკეთესო განვითარება, ალბათ, საქართველოდან დისტანციურად მუშაობა იქნება. საქართველოში მყავს­ ოჯახი, მეგობრები, ნათესავები... უკვე ვგრძნობ, რომ შემდეგ 4 წელიწადში ძალიან მომენატრება საქართველო. შეიძლება ცოტა ოცნებასავით გამომდის, მაგრამ სწავლის პერიოდში უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობას და მათი ყურადღების საქართველოსკენ მომართვას ვგეგმავ. სხვა მხრივ ჩემს გეგმებს უკეთ ავაწყობ მას შემდეგ, რაც აგვისტოში აბუ-დაბიში ჩავალ.

თუ ვინმე აპირებს იმ აღმართის ავლას, რომელიც მე ავიარე, ჩემი რჩევაა, საკუთარი თავის ირწმუნოს და ბევრი იშრომოს. რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ სამზადისი. მე მე-11 კლასში დავიწყე სააპლიკაციო პროცესი და დრო ძლივს მეყო. სასურველია, თუ მე-9-დან არა, მე-10-დან მაინც დაიწყოთ აქტივობებსა და საერთაშორისო ტესტებზე ზრუნვა. დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

მარიამ ბეშიძე: - 18 წლის ვარ, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული. ჩავაბარე ამერიკის ერთ-ერთ წამყვან Liberal Arts კოლეჯში - Amherst College, 85%-იანი დაფინანსებით, რაც 320.000 დოლარს შეადგენს. ამერიკის კოლეჯებში მისაღებ ტესტში 2021 წელს 1600-იდან 1580 ქულა ავიღე, რაც დამეხმარა ამ შედეგის მიღწევაში.

- მოელოდით ასეთ შედეგს?

- ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად მეცხრე კლასიდან ვემზადებოდი. ამიტომაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში­ ვცდილობდი მაქსიმალური შედეგი მიმეღო­ ყველა იმ კომპონენტში, რომელთაც ამერიკული უნივერსიტეტები სტუდენტების მისაღებად ითვალისწინებენ. მიღების პროცესი კომპლექსურია და იღბალიც დიდ როლს თამაშობს. ასეთი მაღალი დონის კოლეჯში მოხვედრა, თანაც ასეთი დიდი დაფინანსებით, მოულოდნელი იყო.

- ეს კოლეჯი როგორ აირჩიეთ?

- აპლიკაცია 20-ზე მეტ უნივერსიტეტში გავგზავნე, აქედან კი ხუთმა უნივერსიტეტმა მიმიღო. გამიმართლა, რომ ამ კოლეჯებიდან ყველაზე დიდი დაფინანსება სწორედ Amherst-მა მომცა, რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი აქვს და უკეთ ერგება ჩემს ხასიათსა და ინტერესებს. ამჰერსტი ცნობილია, როგორც ჭრიტინგ ჩოლლეგე, რაც ხაზს უსვამს მის ფოკუსს წერითი და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. მე ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებით ვარ დაინტერესებული, მათ კი ამ განხრით უმაღლესი დონის პროფესორები ჰყავთ და პროგრამები აქვთ.

- რომელ ფაკულტეტს აირჩევთ?

- Liberal Art-ის მიდგომა არ ავალდებულებს სტუდენტებს ფაკულტეტი თავიდანვე­ აირჩიონ. ამასთანავე ამჰერსტი ცნობილია იმითაც, რომ არჩევანის თავისუფლებას გაძლევს, შეგიძლია ნებისმიერ სფეროში აიღო კურსები. სწორედ ეს მიზიდავს ყველაზე მეტად, რადგანაც მე უამრავი ინტერესი მაქვს და პირველი ორი წლის განმავლობაში მოვახერხებ უკეთ გავეცნო ჩემთვის საინტერესო სფეროებს. ძირითადად დაინტერესებული ვარ ინგლისური ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, პოლიტიკური მეცნიერებებითა და ფილოსოფიით.

- რა ეტაპები გაიარეთ ამ წარმატებამდე?

- ამერიკის უნივერსიტეტებში მიღების პროცესი მრავალ კომპონენტს მოიცავს.­ ეს არის მაღალი აკადემიური მოსწრება, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, ტესტები,­ კლასგარეშე აქტივობები, ოლიმპიადები და ჯილდოები, სამუშაო გამოცდილება, მოხალისეობა, საუნივერსიტეტო ესეები... ვცდილობდი სკოლაში მუდამ მაღალი აკადემიური მოსწრება შემენარჩუნებინა და დიდი შრომის შედეგად სკოლა უმაღლესი ქულებით დავამთავრე.

პანდემიის პერიოდში ჩავერთე მოხალისეობაშიც და ჩემს მეგობრებთან ერთად­ შევქმენი პროექტი "პარეა" - პროგრამა, სადაც მოხალისეები უფასო დამატებით ონლაინგაკვეთილებს ვუტარებდით 5-12 კლასის მოსწავლეებს მთელ საქართველოში. ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთა სწავლის პროცესი პანდემიის გამო შეფერხდა. ორი წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით და 70 მოხალისის დახმარებით 200-მდე მოსწავლეს გავუწიეთ აკადემიური მხარდაჭერა. 2020 წელს ამ პროექტის შექმნისთვის UNICEF-მა წლის საუკეთესო მოხალისედ დამასახელა განათლების სფეროში. მეთერთმეტე კლასში უკვე SAT-ის ტესტისთვის ვემზადებოდი. მათემატიკაში ჩემი სკოლის მასწავლებელი მამეცადინებდა, ინგლისურში ონლაინრესურსების დახმარებით ჩემით ვმეცადინეობდი. ეს იყო ყველაზე რთული 4 თვე ჩემს ცხოვრებაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ აკადემიური წელი ავიღე და სულაკაურის გამომცემლობაში გავიარე ორთვიანი სტაჟირება მარკეტინგში, რის შემდეგაც 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდი თარგმანის გასწორებასა და რედაქტირებაზე. ასევე ვმუშაობდი ჩემს სკოლაში, ამერიკულ აკადემიაში, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის ასისტენტად. საბოლოოდ, ყურადღება გავამახვილე საუნივერსიტეტო ესეების დაწერაზე, რაც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. მომიწია უკეთ გამეცნო ჩემი თავი, რათა ჩემი ხასიათი, პიროვნება და ღირებულებები უკეთ წარმომეჩინა ესეებში.

- ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- სკოლის შეცვლა, 175-ე საჯარო სკოლიდან ამერიკულ აკადემიაში გადასვლა მეცხრე კლასში, სადაც სწავლა ინგლისურ ენაზეა. რთული იყო ადაპტაცია და თავის დამკვიდრება ახალ გარემოში, ხოლო უცხო აკადემიური მიდგომები ჩემთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. პირველი სემესტრი, ალბათ, ყველაზე რთულ, თუმცა ყველაზე საინტერესო დროდ მახსენდება. სწორედ ჩემი სკოლის და მასწავლებლების მხარდაჭერამ გადამალახვინა ეს რთული პერიოდი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

- თქვენი ყველაზე ავტორიტეტული მრჩევალი ვინაა და რატომ?

- ბაბუა დიდ როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ჩემს სწავლა-განათლებაში. ის მამზადებდა მათემატიკის ოლიმპიადებისთვის დაწყებით კლასებში, ხოლო მოგვიანებით სწორედ მან შემაყვარა ლიტერატურა და მასწავლა ნაწარმოების გარჩევა და ანალიზი.­ ამერიკულ აკადემიაში სწორედ ის დამატარებდა,­ რადგანაც ჩვენ თითქმის ერთი საათის გზაზე­ ვცხოვრობდით სკოლიდან. მისი აზრი ლიტერატურის, ფიზიკის თუ ცხოვრების შესახებ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.­ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მასთან საუბარი მუდამ მეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

- რას აპირებთ სწავლის დამთავრების შემდეგ? დაბრუნდებით სამშობლოში?

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავბრუნდე და საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებაში შევიტანო წვლილი. მინდა გავზარდო წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რადგანაც ვფიქრობ, სწორედ განათლებული თაობა მოახერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას...

- რა რჩევას მისცემთ მას, ვინც ახლა აპირებს იმ აღმართის ავლას, რომელიც თქვენ უკვე აიარეთ?

- რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ მზადება და მოაგროვოთ ინფორმაცია უნივერსიტეტებში მიღების პროცესზე. რაც არ უნდა მაღალი დონის სკოლაში სწავლობდეთ, აუცილებელია თქვენით იმუშაოთ საკუთარ თავზე. გამოიმუშავეთ ნებისყოფა და დისციპლინა, გააკეთეთ მაქსიმუმი და დანარჩენი უკვე სამყაროს მიანდეთ. თუ ირწმუნებთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხებთ თავის გატანას, ნებისმიერ შედეგს გაუმკლავდებით, წარმატებასაც და მარცხსაც.

- ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეს ამგვარი წარმატების შანსი აქვს?

- რა თქმა უნდა. ამერიკული უნივერსიტეტები ითვალისწინებენ მოსწავლის გარემოსა და კონტექსტს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს. კარგად იციან, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ და განსხვავებულ, არათანაბარ რესურსებზე მიუწვდებათ ხელი. თუ მალევე დაიწყებთ მზადებას, შეინარჩუნებთ მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მოიძიებთ ინფორმაციას მიღების პროცესზე, გაესაუბრებით წარმატებულ სტუდენტებს, იქნებით აქტიურად ჩართული როგორც სკოლის, ასევე მის გარეთ აქტივობებში, აუცილებლად მიიღებთ შედეგს. თუ იქნებით მიზანდასახული, არა აქვს მნიშვნელობა დიდი თუ პატარა ნაბიჯებით ივლით მიზნისკენ, ეს პროცესი განგავითარებთ და გაგზრდით როგორც პიროვნებას.