ტოქსინი, როგორც სილამაზის ელექსირი
ბოტოქსის ინიექციები ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პროცედურაა მსოფლიოში. ამას გასული წლების სტატისტიკაც მოწმობს - არაქირურგიული პროცედურების 48,6% ბოტოქსის ინიექციებზე მოდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის საერთაშორისო ბაზარზე 7,79 მილიონი დოლარი შევა მხოლოდ ბოტოქსიდან. ბოტოქსს არა მარტო გალამაზების სურვილით, არამედ სამკურნალოდაც მოიხმარენ. რატომ არის ასეთი პოპულარული ბოტოქსის პროცედურა, რომელიც ქალების იმედის გარდა, ბიზნესის იმედსაც ამართლებს? როდის იწყება ბოტოქსის ისტორია? ამის შესახებ კოსმეტოლოგი სოფო თოიძე გვიამბობს.
ბოტულინო ტოქსინის შესწავლა პირველად სამხედრო ექიმებმა დაიწყეს მედიცინაში გამოსაყენებლად და 20 წელზე მეტია, რაც ბოტოქსის პროცედურა ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში წამყვან ადგილზეა. არადა, მისი მთავარი კომპონენტი ძლიერი საწამლავია - 1გრამ ტოქსინს შეუძლია მილიონი ადამიანი მოკლას, მაგრამ მისი სწორად მოხმარება ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის პაციენტებს ძალიან შველის. ბოტულინო ტოქსინი XVIII საუკუნეში, გერმანიაში აღმოაჩინეს, მაშინ, როდესაც უცნობი დაავადება მძვინვარებდა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაავადების გამომწვევი უცნობი ნივთიერება იყო ძეხვში. აქედან წამოვიდა სახელწოდებაც ლათინურიდან: "Botulus" - ძეხვი, "თოხინ" - საწამლავი, დაავადება კი ბოტულიზმი. გერმანელმა მეცნიერმა, რომელიც ამ დაავადებას შეისწავლიდა, ექიმებს შესთავაზა გამოეყენებინათ ბოტულინო ტოქსინი სამკურნალოდ, კონკრეტულად კი უნებლიე მოძრაობების განსაკურნებლად. XX საუკუნის მეორე ნახევარში ბოტოქსის გამოყენება ოფთალმოლოგიაშიც დაიწყეს, პროცედურების შემდეგ პაციენტებმა შენიშნეს, რომ თვალის გარშემო ნაოჭები უქრებოდათ.
ბოტოქსის კვლევა 50 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამერიკის საკვებისა და წამლის მარეგულირებელმა ფედერალურმა სააგენტო FDA-მ მხოლოდ 2002 წელს გასცა ბოტულინო ტოქსინის გამოყენების ნებართვა. იმ დღიდან ის სილამაზის ელექსირად იქცა. 2020 წლამდე ბოტოქსის მოხმარება 380%-ით გაიზარდა. 2018 წელს მხოლოდ ამერიკაში 7.4 მილიონმა კაცმა მოიხმარა, 2019 წელს - 5,043,057 მილიონმა, ხოლო 2020 წელს 4,401,536 მილიონმა.
ტოქსინი მხოლოდ ერთ ქარხანაში, ირლანდიის ქალაქ ვესლენდში იწარმოება. ქარხანას წელიწადში მხოლოდ ერთხელ კერძო თვითმფრინავით აწვდიან ნედლეულს, 1 მგ ტოქსინს, რაც საკმარისია 1 წლის მარაგის დასამზადებლად.
ბოტოქსი აღიარებულია ყველაზე ეფექტურ საშუალებად შაკიკის სამკურნალოდ. ის ბლოკავს პეპტიდების გამომუშავებას, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ. ხშირად ბოტოქსი არ რეაგირებს პაციენტზე, რადგან თუ პაციენტი ოდესმე მოწამლულა თევზით ან ძეხვით, ამ დროს ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ზოგიერთ პაციენტს კი კარგი მეტაბოლიზმი აქვს და ის უფრო სწრაფად გადის ორგანიზმიდან.A ასევე, თუ პაციენტი ბოტოქსის ხშირი მომხმარებელია, მიჩვევის სინდრომი ყალიბდება. Bბოტოქსის გამოყენებისას კუნთის მოდუნებით შეიძლება მოიხსნას სახის ასიმეტრია, აიჭიმოს ოვალი, დუნდულები, შეიძლება ცხვირის წვერის აწევა. Bბოტოქსის პოპულარობა მზარდია... ბოტოქსი ინიექციის გზით შეჰყავთ მიმიკურ კუნთებში, შედეგად კუნთი დუნდება, აღარ იკუმშება და ნაოჭები სწორდება. აუცილებელია, პროცედურა პროფესიონალმა ექიმმა გააკეთოს. ბოტოქსი ეფექტურია 6-12 თვეს, თუმცა ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტზე. ინიექციები შეიძლება გაკეთდეს შუბლზე, თვალის გარშემო, წარბებს შორის, ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის არეში. ბოტოქსი მუდმივი არ არის და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახე ისეთივე ხდება, სანამ ბოტოქსის ინიექციებს გაიკეთებდით. ძალზე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვაც, როდესაც ესთეტიკურ პროცედურებს მიმართავთ.
ვარსკვლავები ბოტოქსის წინააღმდეგ!
ამერიკა ბოტოქსის მოხმარების ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია, თუმცა ამ პრეპარატის პოპულარობასთან ერთად ჰოლივუდის მსახიობების უარყოფითი დამოკიდებულებაც იზრდება, მიზეზი კი ერთია: "ბუნებრივად დაბერების სურვილი".
გვინეტ პელტროუ, ქეით უინსლეტი და ჯენიფერ ენისტონი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაც ერთხელ მაინც გაუკეთებიათ ბოტოქსი, თუმცა შემდეგ ამ პროცედურაზე უარი თქვეს. რატომ? - ამ კითხვას გვინეტ პელტროუმ ჟურნალ "ჰარპერ ბაზაართან" საუბრისას უპასუხა: "ყველაფერს ვცდი ბოტოქსის გარდა. ერთხელ გავიკეთე და საშინლად არ მომეწონა ჩემი თავი". ჯენიფერ ენისტონმა საკუთარი თავი ბოტოქსით ასე დაახასიათა: "უფრო მომიმატა ასაკი, თითქოს სითბო გაქრა ჩემი სახიდან, ბუნებრივი ემოცია. უყურებ ქალს, და ხვდები, რომ ის აღარ არის ახალგაზრდა, მაგრამ ვერ ხვდები ასაკს. ეს ძალიან არ მომწონს, რადგან ქალი ყველა ასაკში მშვენიერია. მოვსინჯე, გავიკეთე ბოტოქსი და მივხვდი, რომ საჩემო არ არის". სინდი კროუფორდი საზოგადოდ პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგია. მან აღიარა, რომ ბოტოქსი გაკეთებული აქვს, თუმცა სახე იმდენად შეუცვალა, რომ მას შემდეგ აღარ გამოუყენებია.