რატომ იცვლიან ადამიანები გარეგნობას
შეუხედავი ქალები არ არსებობენ, უბრალოდ, არსებობენ ქალები, რომლებმაც არ იციან, რომ ლამაზები არიანო, წერდა უმშვენიერესი ვივიენ ლი. XXI საუკუნეში ნებისმიერ ქალს შეუძლია საყვარელ მომღერალს ან მსახიობს დაემსგავსოს, შეიცვალოს ცხვირის, ყურის, მკერდის ფორმა... ჩვენი სტუმარია პლასტიკური ქირურგი გია გვარამია, რომლის თქმით, თავის მოვლაზე თანამედროვე მამაკაცებიც არ ამბობენ უარს:
- 42 წელია, ქირურგი ვარ, აქედან 25 წელი პლასტიკურ ქირურგიას მივუძღვენი. რატომ მომწონს მედიცინის ეს მიმართულება? - იმიტომ, რომ შენი დახმარებით ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო მეტ წარმატებას აღწევს. პლასტიკურ ქირურგთან არ მიდიან მხოლოდ გასალამაზებლად, ზოგჯერ მოდიან პაციენტები, რომლებიც ავარიაში მოყვნენ, ან დამწვრობა მიიღეს და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მათ დახმარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, პლასტიკურ ქირურგიას ყველაფრის გამოსწორება არ შეუძლია.
- თუ ხდება ისე, რომ ადამიანს არ სჭირდება ცხვირის, ყურის ან მკერდის ოპერაცია და ამაში ვერ არწმუნებთ?
- ასეთი რამ ხშირად ხდება: მოდის ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი ან მამაკაცი, რომელსაც თავისი ცხვირი, ყური ან თვალები არ მოსწონს. არადა, რაც აქვს, ყველაფერი უხდება. ხშირად პაციენტს აქვს პატარა კეხი, რომელიც არ აუშნოებს, მაგრამ მას ნამდვილ ტრაგედიად მიაჩნია. ზოგიერთს სურს ანჯელინა ჯოლის თვალები ან მონიკა ბელუჩის ცხვირი ჰქონდეს და მას დაემსგავსოს. მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ გადავარწმუნოთ, როცა მათ სახეს ან სხეულს ქირურგის ჩარევა არ სჭირდება. როცა მიხვდებიან, რომ არასწორი მოლოდინი აქვთ, მერე უკვე ყოყმანობენ. კონსულტაციისა და საფუძვლიანი ახსნა-განმარტების შემდეგ ოპერაცია ბევრს გადაუფიქრებია. ძალიან გვეშველება ფოტომოდელირება: პაციენტს რომ ვაჩვენებთ, როგორი გახდება მისი სახე ან სხეული ოპერაციის შემდგომ, შეიძლება გადაიფიქროს. რადგან სასურველ შედეგს თუ ვერ მიიღებს, შესაძლოა მისთვის ეს დიდ ტრაგედიად იქცეს. ცხადია, ექიმსაც არ სურს უკმაყოფილო პაციენტი ჰყავდეს.
როდესაც ადამიანს დიდი ყურები აქვს, არ არის გასაკვირი, რომ დაპატარავება სურდეს. ყურის ფორმა ხშირად იცვლება პირსინგის ან დიდი საყურის ტარების გამოც და ჩამოწელილი ყური პლასტიკურ ჩარევას საჭიროებს. ასაკობრივი ცვლილებების გამო იცვლება ქუთუთოების ფორმაც და ეს ზოგიერთი პაციენტის განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ოპერაციას იკეთებენ, როდესაც ზედა ქუთუთოები დაშვებულია ან ქვედაზე ე.წ. ჩანთები ჩნდება.
- ყველაზე ხშირად რომელ ოპერაციას იკეთებენ?
- პირველად ცხვირის ოპერაცია უნდა დავასახელოთ, თუმცა მას არ ჩამორჩება მკერდის გადიდება და ლიპოსაქცია ანუ ცხიმის ამოღება. ლიპოსაქცია დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, ასევეა საქართველოშიც. მკერდის გადიდება უმეტესად ქალებს სურთ, მაგრამ მკერდის დაპატარავების მსურველიც ბევრია. რატომ? - დიდი მკერდი დიდ პრობლემებს უქმნის ხერხემალს და ადამიანს უფრო მასიურს აჩენს. სხვათა შორის, ამ ოპერაციას მამაკაცებიც იკეთებენ, რადგან ზოგს წონის გამო ეზრდება მკერდი, ზოგს კი ვარჯიშის. რომ არაფერი ვთქვათ ღიპზე, მისი მოშორება თითქმის ყველას უნდა: ამ დროს ლიპოსაქციაც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ პლასტიკურ ოპერაციასაც იკეთებენ.
- ამბობენ, რომ ქალები ტკივილს უფრო იტანენ, ეს სიმართლეა?
- ასეა, მაგრამ ჩვენი ოპერაციები ნაკლებად მტკივნეულია, გაუტკივარებაც ძალიან ამსუბუქებს მდგომარეობას. ყველაზე ხანგრძლივი ამ ოპერაციებს შორის სახის კანის გადაჭიმვაა. ადრე ეშინოდათ, რადგან ოპერაცია ხანგრძლივია, მაგრამ ახლა ბევრი ასაკოვანი პაციენტი იკეთებს. რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ დისკომფორტი აქვთ, მაგრამ უმრავლესობა იმდენადაა მოწადინებული, ამას ვერც გრძნობს.
პლასტიკური ქირურგია საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანმა ახალგაზრდული იერი და განწყობა დიდხანს შეინარჩუნოს. საყოველთაოდ ცნობილია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის განწყობას, ამიტომ სწორად ჩატარებულ პლასტიკურ ოპერაციას ყოველთვის სასურველი ეფექტი და განწყობა მოაქვს.
- მამაკაცები რა სიხშირით იკეთებენ მსგავს ოპერაციებს?
- მსოფლიოში პლასტიკურ ქირურგიას მამაკაცების 10-15% მიმართავს. ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: ძირითადად, ცხვირის, თვალების და ყურის ოპერაციას იკეთებენ, მამაკაცებს შორის ყველაზე აქტუალურია ლიპოსაქცია და თმის გადანერგვა - ძალიან ბევრი იკეთებს.
- თქვენს პაციენტებს შორის ცნობილი ადამიანები თუ იყვნენ?
- რასაკვირველია, მაგრამ მათი ვინაობის გამხელა არ შეიძლება - ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, პერსონალური, რომელსაც კანონი იცავს. ფოტოსაც კი ვერ ვაჩვენებთ ვერავის, თუ პაციენტის ნებართვა არ გვექნება.
- უცხოელი პაციენტებიც გყავთ?
- რა თქმა უნდა. პანდემიამდე ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი გვყავდა. "კოვიდის" დროს შემცირდა, თუმცა ბოლო ხანს ისევ მომრავლდნენ.
ხათუნა ჩიგოგიძე