ცოფი! - კვირის პალიტრა

ცოფი!

ბოლო დროს საქართველოში ზედიზედ რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დიდი ხმაური გამოიწვია მარტვილში მომხდარმა ფაქტმა­ - ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, მიუსაფარმა ძაღლმა 22 კაცი დაკბინა, ძაღლი კი ორ დღეში დაეცა თავშესაფარში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო. ამის შემდეგ მარტვილის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანეს, ახლა მათ აკვირდებიან. ცოფის შემთხვევები გამოვლინდა ასევე სენაკში, ლენტეხში, ონში, ცაგერში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭაში ცოფით ინფიცირებული აღმოჩნდნენ როგორც მიუსაფარი, ასევე რამდენიმე პატრონიანი ძაღლიც. მართალია, ყველამ იცის, რომ თუ ადამიანი ცოფით დაინფიცირდა, სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ მარტვილში ორი მოქალაქის ასაცრელად სპეციალისტებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ - ისინი უარს ამბობდნენ აცრაზე.

ოფიციალური სტატისტიკით, 1997-2006 წლების განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული იყო ცოფის 96 შემთხვევა, ხოლო მომდევნო ათ წელიწადში - 42. ადამიანებში ცოფით დაინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა, 21 შემთხვევა, 1996 წელს დაფიქსირდა, ცოფით დაავადების ნულოვანი მაჩვენებელი კი პირველად 2015 წელს იქნა მიღწეული, რომელიც 2016-2017 წლებშიც შენარჩუნდა.

საქართველოსთვის ცოფი კვლავაც ენდემური დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიით, 2030 წლისთვის ნულამდე უნდა იქნეს დაყვანილი ძაღლიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის შემთხვევები. 2020 წელს ცოფის შემთხვევა არ აღრიცხულა, მაგრამ 2021 წელს დაფიქსირდა ერთი. დაზარალებულთა რაოდენობის მაჩვენებელი ამ წლებში კვლავ მაღალი იყო - სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში დაკბენილ, დადორბლილ, დაკაწრულ მოქალაქეთა მიმართვების რაოდენობა 2020 წელს 55891 კაცს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს - 50304 კაცს.

სპეციალისტები ცოფის გავრცელების მიზეზად მიუსაფარი ცხოველების რეკორდულ რაოდენობას მიიჩნევენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის, ბატონ დემნა ხელაიას თქმით, "ცოფის გამოვლენის კერებში იცრება დაავადების ამთვისებელი ყველა შინაური ცხოველი, ტარდება ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები. ამ ჩამოთვლილ ქალაქებსა და სოფლებში დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩასა და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება".

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე! ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს; დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.

"უმეტეს შემთხვევაში ცოფის­ მატარებელი მიუსაფარი ძაღლები არიან, ამიტომ აუცილებელია მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის რეგულირება, სხვაგვარად ცოფთან ბრძოლაში შედეგს ვერ მივაღწევთ... ადგილობრივ თვითმმართველობებს მართებთ მეტი ყურადღება. ყველა რაიონში უნდა იყოს ძაღლების თავშესაფარი, სადაც შესაბამისი სამსახურები გადაიყვანენ ძაღლებს, იქ მათ ჩაუტარდება კასტრაცია, სტერილიზაცია და, რა თქმა უნდა, ცოფზე აცრა. ისეთ ადგილებში გამოჩნდა ცოფი, სადაც კარგა ხანია არ ყოფილა, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში, მაგრამ ახლა გამოჩნდა. რაჭაში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველისგან დაინფიცირდა ძაღლი, მაგრამ სენაკსა და მარტვილში საიდან დაინფიცირდნენ, დადგენა ჭირს... ქუჩაში აღარ უნდა იყვნენ უმეთვალყურეოდ ძაღლები. ამას თუ ვერ მივაღწიეთ, ცოფთან ბრძოლას აზრი ეკარგება. პატრონიან ძაღლებშიც არის პრობლემა. ზოგიერთს ჰყავს მონადირე ძაღლი, რომელიც სანადიროდ დაჰყავს და იცის, რომ შეიძლება მის ძაღლს შეხება ჰქონდეს გარეულ ცხოველთან, მაგრამ ძაღლი ცოფზე არ ჰყავს აცრილი. ეს დაუშვებელია!"- ამბობს დემნა ხელაია და ყველას მოუწოდებს, აცრან შინაური ცხოველები: "რაჭაში, სენაკში, მარტვილში, ყველგან, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ზოგადად კამპანიური ვაქცინაცია მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში, ხოლო სადაც გამოვლინდა ცოფი, იმ ქალაქებსა და რაიონებში დავიქირავეთ ვეტერინარები და 3 კილომეტრის რადიუსით, სადაც ცხოველი ტრიალებდა, აიცრება­ ყველა ამთვისებელი ცხოველი: ძაღლი, კატა, მსხვილფეხა საქონელი, ღორი, ცხენი და ა.შ. კამპანიურ ვაქცინაციას ყოველ წელს ვატარებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში ყველა ქუჩას დავივლით და ყველას ავცრით, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ დიდ ქალაქებში, მაგრამ მუნიციპალიტეტებში კარდაკარის პრინციპი ამართლებს. დაუწერელი კანონია, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტაროს ცხოველს წელიწადში­ ერთხელ, განმეორებითი აუცილებელია მე-12 თვეს. ცოფი ისეთი რამ არის, თუ ადამიანს დაემართა, მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა გაიკეთონ აცრები".

ნინუცა გოგიჩაძე, ვაქცინოლოგი­: - ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ცოფის ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს შინაურ და გარეულ ცხოველებში, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს ცხოველი გაკაწრავს ან უკბენს, აუცილებლად აიცრას. თუ 10 დღეში საეჭვო ცხოველი არ მოკვდა და არ გამოვლინდა არაფერი, შეიძლება აღარ გავაგრძელოთ ვაქცინაციის სრული კურსი. პირველ დღეს კეთდება იმუნოგლობულინი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ 5 ვაქცინა კეთდება.­ სასურველია ინციდენტიდან 72 საათში დაიწყოს იმუნიზაცია როგორც იმუნოგლობულინით, ასევე ვაქცინით. კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ თუ დადასტურდა­ ცოფი, იმუნოგლობულინს აღარ გაუკეთებენ, რადგან ამან, პირიქით, შეიძლება ხელი შეუშალოს ვაქცინის მოქმედებას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს რა ადგილას უკბენს ცხოველი - რაც უფრო შორს არის ცენტრალური ნერვული სისტემიდან ნაკბენი, მით მეტი დრო სჭირდება ცოფის მოქმედებას; რამდენად ღრმა არის ჭრილობა, რამდენ ხანში და როგორ დაამუშავეს. თუ კანი ტანსაცმლით დაფარულია და ისე გიკბინათ ძაღლმა, მაშინ დაინფიცირების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე შიშველ სხეულზე კბენა. აუცილებლად უნდა ავიცრათ იმ შემთხვევაშიც, თუ გაგკაწრათ კატამ ან ძაღლმა. მათ ბრჭყალებში ცოფის ვირუსი არ არის, მაგრამ ხშირად ილოკავენ თათებს და შეიძლება იქ მოხვდეს ვირუსი. 0,01 პროცენტიც რომ იყოს გადადების რისკი, მაინც უნდა აიცრათ, რადგან თუ ადამიანს დაემართება ცოფი, ეს აუცილებლად სიკვდილით მთავრდება. ვაქცინა უსაფრთხოა და გავრცელებული აზრი, რომ თითქოს ორგანიზმს ანგრევს, მცდარია. ცოფი ერთადერთი დაავადებაა, რომლის დროსაც ასიდან ასივე შემთხვევა ადამიანის დაღუპვით მთავრდება. ამასთან, მდგომარეობა სიკვდილამდე საშინელია, ამიტომ არ ღირს გარისკვა.

- როგორც ამბობენ, აცრის პერიოდში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება და ამიტომ ბევრი არ იცრის.

- სამედიცინო ლიტერატურაში არ არის აღნიშნული, რომ სასმლის მიღება არ შეიძლება. ჭარბი ალკოჰოლი ისედაც მავნებელია. სასმელი აქვეითებს იმუნურ სისტემას და შეიძლება ორგანიზმმა სათანადო პასუხი ვერ გასცეს და არ გამოიმუშაოს საჭირო რაოდენობის ანტისხეული, თუ ცოფიანი აღმოჩნდება ცხოველი. ამიტომ ჯობია სასმელზე განსაზღვრული დროით უარი თქვათ. განსაკუთრებით მიზანშეწონილი არ არის აცრიდან 48 საათის განმავლობაში სასმლის მიღება, რადგან აცრის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ცხელება და ამ სიმპტომებს სასმელი უფრო გაამძაფრებს.

როგორც წესი, ცოფის გამავრცელებლად უმეტესად ძაღლები ითვლებიან (სხვათა შორის, ღამურაც ცოფის ვირუსის გადამტანია). ადამიანების ბრალია, რომ ამ დენი მიუსაფარი ძაღლია ქუჩაში. ის შინაური ცხოველია და სახლში უნდა იყოს. თუ მიუსაფარ კატებსა და ძაღლებს გავუკეთებთ კასტრაციას, სტერილიზაციას, ავცრით ყოველ წელს, ნელ-ნელა შემცირდება მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა და დაიკლებს ცოფის გავრცელების რისკიც. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ქუჩის ცხოველები მასობრივად ვეღარ გამრავლდნენ. თუ ძაღლს ყურზე ნიშანი უკეთია, ესე იგი აცრილია და სტერილურია. ძაღლებს აცრა ყოველ წელიწადში ერთხელ ერთსა და იმავე დროს უნდა გაუკეთდეს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ცხოველი ვაქცინირებული რომც იყოს, ის მაინც საშიშია, რადგან სანამ ადამიანს უკბენდა, შეიძლება 5 წუთით ადრე პირით ეჭირა ცოფიანი ვირთხა... გახსოვდეთ - ვაქცინაცია მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ტრაგედიის აცილება იოლად შეიძლება ვაქცინაციით. ძაღლი იქნება თუ კატა, ის ოჯახის წევრია და მათზეც უნდა ვიზრუნოთ, უნდა ავცრათ და რაც მთავარია, ქუჩაში არ უნდა გავყაროთ შინაური ცხოველები.

დაავადების შედეგი 100 პროცენტით ფატალურია

ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა; უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს, პატრონსაც კი. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხდება ხრინწიანი. ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი: ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან ნერწყვის საშუალებით გამოიყოფა. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ადამიანში ცოფის პირველადი სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. მოგვიანებით კი შესაძლოა გამოვლინდეს: ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყლაპვის გაძნელება, შფოთვა, აღგზნება, ჰიდროფობია - წყლის შიში, ჰალუცინაციები, უძილობა, ნაწილობრივი პარალიზება. ცოფის მკურნალობა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ არ ხდება, რადგან ასეთ დროს დაავადების შედეგი 100 პროცენტით ფატალურია.