პოლიტიკური "ტვინის ბურღი" - "შესვლა-არშესვლის“ სპეც(დ)ეფექტებით, ანუ "დარჩი სახლში!" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "ტვინის ბურღი" - "შესვლა-არშესვლის“ სპეც(დ)ეფექტებით, ანუ "დარჩი სახლში!"

IRI-ს შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები NDI-მაც გამოაქვეყნა. პოლიტიკით დაინტერესებულ ხალხს, რა თქმა უნდა, პარტიების რეიტინგები აინტერესებს. თუმცა ჩვენ უფრო მნიშვნელოვან (რა თქმა უნდა, ამ სტატიის ავტორის აზრით) საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, IRI-ს წარმომადგენლების კითხვაზე: გჯერათ, რომ სულ მცირე, ერთი პარტია მაინც გამოხატავს თქვენს ინტერესებს? ამომრჩეველთა 42% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს. NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტიაა ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან? გამოკითხულთა 64% აცხადებს - არც ერთი!

ვინ არის ეს 42% (IRI-ს შემთხვევაში) და 64% (NDI-ს შემთხვევაში)? ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას შესაძლოა სახლში­ დარჩეს. მათ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უწოდებენ ხოლმე, თუმცა ქართული პოლი­ტიკური რეალობის გათვალისწინებით, ეს შეფასება, ალბათ, არასწორია. შესაძლოა, ეს არის ნიჰილისტურად განწ­ყობილი, გადაღლილი და პოლიტიკური­ სპექტრის მიმართ იმედგაცრუებული ამომ­რჩეველი. თუ ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ მივლენ, მაშინ რეალურია ორპარტიული პარლამენტის მიღება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არ აპირებს 5%-იანი ბარიერის დაწევას. ორივე ზემოხსენებული გამოკითხვის თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" აქვს. რა თქმა უნდა, შეგვიძ­ლია დაუსრულებლად ვიკამათოთ, ვენდობით თუ არა NDI-სა და IRI-ს კვლევებს,­ თუმცა კვლევები სულ არ გვჭირდება იმისთვის, რომ მოსახლეობის განწყობები გავიგოთ - ჩვენი "კვლევები" ჩვენვე შეგვიძლია ჩავატაროთ მეგობრებთან, ახლობლებთან თუ კოლეგებთან საუბრით...

თუ ორპარტიული პარლამენტი მივი­ღეთ,­ ეს არ იქნება კარგი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ჩვენ გვჭირდება­ მრავალპარტიული პარლამენტი,­ რომელშიც უმრავლესობა ზურგში მუდმივად უნდა გრძნობდეს ოპოზიციის "სუნთქვას" და ანგარიშს უწევდეს მას. თუმცა მრავალპარტიულობა ხელოვნურად ვერ მოხდება.

რამ გამოიწვია ამომრჩევლის იმედგაცრუება თუ გადაღლა? გადავავლოთ თვალი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო სამ წელიწადში და შესაძლოა პასუხი კითხვაზე ავტომატურად მივიღოთ.

2020 წელს საქართველოში ჩატარდა­ საპარლამენტო არჩევნები და დაიწყო დაუსრულებელი პოლიტიკური სერიალი სახელწოდებით: "შევალ-არშევალ". ოპოზიციამ განაცხადა, რომ ერთიანი იყო პარლამენტში არშესვლის გადა­წყვეტილებაში. "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობდა, დაეყოლიებინა ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე. მოკლედ, ყოველი პოლიტიკური ტოქშოუ ერთმანეთს გაჭრილი­ ვაშლივით დაემსგავსა. გულზე ხელებს იბრაგუნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ("ნაცმოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "მოქალაქეები", "გირჩი")­ არ შევალთო.­ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, შევლენ, აბა, სად წავლენო. ექსპერტები კი განიხილავდნენ, ვინ, სად, როგორ და როდის უნდა შესულიყო. შესვლა-არშესვლის წრეზე ტრიალი გაგრძელდა 6 თვე. პარალელურად, იფეთქებდა“ხოლმე რიგ­გარეშე არჩევნების მოთხოვნები, აქციები. მარტო ეს დაღლიდა ამომრჩეველს, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ იყო...

შუალედში იყო პატარა ინტრიგა - ალეკო­ ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გადაწყვიტეს პარლამენტში შესულიყვნენ. ოდნავ გვიან, "გირჩი" დაიშალა და პარლამენტში შევიდნენ იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი.

დაიწყო შიდა ოპოზიციური სერიალი სახელწოდებით "მოღალატეები და პრინციპულები". ამომრჩევლები ასევე თვეები უყურებდნენ "არშესულები" როგორ ადანა­შაულებდნენ ელისაშვილს, იოსელიანს, ხვიჩიას და მეგრელიშვილს "ოპოზიციის ერთიანი იდეის" ღალატში. საპასუხოდ, "შესულები"„"არშესულებზე" ამბობდნენ, მაგათ რევოლუცია უნდათ და ბოკერიას დაკრულზე ცეკვავენო. "ოცნება"­ უკვე მშვიდად იყო, რადგან დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში რომც არ შეს­ულიყო, ხელისუფლებას შეეძლო საერთაშო­რისო თანამეგობრობისთვის ეჩვენებინა, რომ სულ რამდენიმე კაცით, მაგრამ პარლამენტში ოპოზიცია მაინც წარმოდგენილი იყო.

ამასობაში ევროპა შეშფოთდა და საქართველოში ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რათა დაემთავრებინა "შესვლა-არშესვლის" სერიალი. მისმა ვიზიტმა არ გაჭრა - ოპოზიციის ნაწილმა თქვა, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, მაინც არ შევალთო. პირიქით, შარლ მიშელმა აქეთ აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოსო. შარლ მიშელი მიხვდა, რომ ეს გრძელვადიანი თამაში იყო და საქართველოში გამოგზავნა სპეცწარმომადგენელი - შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი. ჩამოვიდა დანიელსონი ერთხელ და გაათენა ღამე ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლებთან... უშედეგოდ! გაფრინდა ბრიუსელში, ცოტა ამოისუნთქა და ჩამოვიდა მეორედ... კვლავ უშედეგოდ! წლის პოლიტიკურ მიმად იქცა ვახო მეგრელიშვილის განცხადება მორიგი ღამისთევის შემდეგ - ვერაფერიც ვერ გავიგეო. თუმცა­ მთავარი ფიგურა, ვინც ნამდვილად იმსახურებდა თანაგრძნობას, დანიელსონი იყო. ჩამოვიდა კაცი დაწყნარებულ-დალაგებული შვედეთიდან და უცბად აღმოჩნდა ქართულ პოლიტი­კურ სერიალში. სახეზე აშკარად ეწერა - ოღონდ მე თავი დამანებეთ და რაც გინდათ, ის გიქნიათო. თუმცა შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს თავი მაინც არ დაანება. დღემდე ზუსტად არ ვიცით, რა ბერკეტები აამოქმედა, მაგრამ ასეა თუ ისეა, შედგა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომლის თანახმად, ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.

ხაზს ვუსვამთ - ეს გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში, ანუ 180-ზე მეტი დღის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები, ფაქტობრივად, გამქრალი იყო მედიასივრცის დიდი ნაწილიდან. არადა, სიღარიბე, უმუშევრობა თუ ავადმყოფობა არსად გამქრალა.

წესით, 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ,­ ნელ-ნელა პოლიტიკური მოვლენები უნდა გადასულიყო შედარებით ჯანსაღ კალაპოტში და წინა პლანზე წამოწეულიყო მანამდე მედიასივრციდან თუ პოლიტიკოსების ლექსიკიდან გამქრალი საკითხები, თუმცა ასე არ მოხდა - პარლამენტში შესვლიდან კიდევ ორი თვე მორიგი იწილო-ბიწილო იყო. ოპოზიციის ნაწილი ამბობდა - როგორც შემოვედით, ისე გავალთო. "ქართული ოცნება" ეუბნებოდა, აბა, გადით, თუ მაგრები ხართო!

ბოლოს და ბოლოს, ეს სახადიც მოიხადეს პოლიტიკოსებმა და... საქართველოში­ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა. ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, ჯერ ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ - "ვივა მედის" კლინიკაში­. და პოლიტიკურმა მედიაბორბალმა თავის პოლიტიკოს-ექსპერტებიან-აქტივისტებიანად დაიწყო სააკაშვილის გარშემო ბრუნვა. ჩართავდი ტელევიზორს თუ ინტერნეტში შეხვიდოდი, ყველგან ერთი და იგივე - "პოლიტპატიმარი-არაპოლიტპატიმარი", "ჭამა-არჭამა", "გახდა-არგახდა", "გამოუშვით-არგამოუშვათ", ვინ შევიდა, ვინ ნახა, ვის რა უთხრა, როგორ უთხრა და ა.შ. ეს გაგრძელდა ლამის 2 წელი. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკოსები (ოპოზიციაც და "ოცნებაც") იქცნენ სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის კომენტატორებად. "შესვლა-არშესვლის" შემდეგ, სააკაშვილის თემა იყო ის ბოლო ლურსმანი, რამაც პარტიებს ინდივიდუალურობა დააკარგვინა. უფრო ზუსტად, იყო "ქართული ოცნება", რომელიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს. იყო "ნაცმოძრაობა", რომელიც გაჰყვიროდა, არიქა, ჩვენი პრეზიდენტი გამოუშვითო­ ("ნაცები" მიშას დღემდე პრეზიდენტს უწოდებენ და არ ცნობენ ტერმინს: "ყოფილი"), დანარჩენი პარტიები კი ამ პროცესის კომენტატორებად იქცნენ. ჩვენ ერთხელ უკვე დავწერეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ სააკაშვილის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა­ ქართულ პოლიტიკაში მეორედ "გაკრიფა შუა". კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ამას ამომრჩეველი უყურებდა­ 2 წლის განმავლობაში. შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში და იმის მაგივრად, რომ ამას ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე გამოსაფხიზლებელი­ ეფექტი ჰქონოდა, პირიქით მოხდა - პოლარიზაცია უფრო გაიზარდა და შემდეგი თვეები­ იმის გარკვევას მოვუნდით, ვინ არის პრორუსი და ვინ პროევროპელი, ვის უნდა ომი და ა.შ.

სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მხოლოდ­ იმას ვიტყვით, რომ ყოველივე ზემოხსენებუ­ლ­ის­ შემდეგ გვიკვირს, გადაუწყვეტელი, ნიჰ­ილისტურად განწყობილი, იმედგაც­რუ­ებული ამომრჩეველი რატომ 80% არ არის.

ალბათ, დროა, შეეშვან პოლიტიკური ლიდერები მიშას კომენტატორობას თუ რიგგარეშე არჩევნებზე ოცნება-კამათს და რეალურად ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. შევახსენებთ მათ, რომ იგივე NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევებია ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე. რაც მთავარია, პარტიებმა უნდა დაიბრუნონ პოლიტიკური ინდივიდუალიზმი. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის გასაღები იმისთვის, რომ როგორმე ზემოხსენებული 42% თუ 64% სახლში არ დარჩეს და არჩევნებზე მივიდეს. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ იმედგაცრუებული ადამიანისთვის ნდობის­ მეორედ დაბრუნება ძალიან რთული ამოცანაა.

გიორგი კვიტაშვილი