გამოცხადებული კონტრშეტევა
უკრაინული მხარე უკვე ხშირად საუბრობს კონტრშეტევაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს კონტრდარტყმა და შეიტანს თუ არა ომში გარდატეხას, ამ თემაზე გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრა:
- მართლაც დაიწყება თუ არა უახლოეს ხანში კონტრშეტევა, ამაზე მსჯელობა ძნელია, რადგან არ ვიცი, რა დგას უკრაინის ხელისუფლების განცხადებების უკან. თუმცა ომში მოულოდნელობის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია. შემოდგომის კამპანიის კონტრშეტევაც შედეგიანი იმიტომ იყო, რომ მოულოდნელობის ეფექტი მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ოპერაცია "პირადი მცველი", რომლის მიზანი იყო გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და თარიღი. ნორმანდიაში გადასხდომის წინ ბრიტანეთის მოკავშირეებმა ფეიკარმია შექმნეს, რომელიც პა-დე-კალეში უნდა გადამსხდარიყო, ანუ მოწინააღმდეგე შეაცდინეს.
ამ შემთხვევაში უკრაინას სტრატეგიული მოულოდნელობა არა აქვს, ისევე როგორც ოპერატიული მოულოდნელობის ეფექტი, რადგან დაახლოებით ცნობილია მიმართულება, საიდანაც კონტრშეტევა დაიწყება. იმედია, უკრაინელები ტაქტიკურ მოულოდნელობას მაინც მიაღწევენ და შეტევას რუსების შესაცდენად ან ყურადღების გადატანის შემდეგ დაიწყებენ. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ვფიქრობ, უკრაინული მხარის ლაპარაკი კონტრშეტევაზე დასავლეთის უფრო გააქტიურებასა და თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის მორალური სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება - სულ თავდაცვაში არა ვართ, მალე ჩვენც შევუტევთო, რასაც აქვს გამართლება.
- კონტრშეტევის პირველ ეტაპზე, რა შეიძლება იყოს უკრაინის პროგრამა-მაქსიმუმი?
- ამ კონტრშეტევისგან ომის ელვისებურ დასრულებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პირველ ეტაპზე აზოვის ზღვაზე გასვლასა და სახმელეთო დერეფანზე კონტროლის დამყარებას შეძლებენ. ეს მათ სამხედრო პლაცდარმის შექმნასა და ზამთრისთვის სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობას მისცემს.
სამხედრო ისტორიაში არსებობს ტერმინები: "განადგურების ომი" და "გამოფიტვის ომი". უკრაინის ომი გამოფიტვაზეა, რასაც თავისი კანონები აქვს. ერთ-ერთი ის, რომ ნაკლებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამხელა ტერიტორიას დაკარგავს ან დაიბრუნებს რომელიმე მხარე, მთავარია, რა რესურსი აქვთ დაპირისპირებულ ქვეყნებს და რომელი გამოიფიტება უფრო ადრე. ამ პრობლემის გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს დასავლეთი უკრაინას.
კონტრშეტევა თუ ძალიან შედეგიანი არ იქნება, ომი ოპერატიულ ჩიხში მოექცევა, რაც ნიშნავს, რომ გაგრძელდება და მოკავშირეები უკრაინას აიძულებენ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. დაიწყება ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი, ცხელი ფაზის გაყინვას შეეცდებიან, რადგან ამოუწურავი რესურსი არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს. ეს კი რუსეთს აწყობს, რადგან იცის, რომ გაჭიანურებული ომი ევროპას ღლის.
კონტრშეტევა ომში გარდამტეხი იქნება თუ არა, ამის ნიშნები უახლოეს ორ თვეში გამოიკვეთება. შემდეგი თვეები უკრაინას მოპოვებული უპირატესობის შესანარჩუნებლად დასჭირდება, რადგან შემოდგომამდე და მერეც რუსები შესაძლოა თავად გადავიდნენ კონტრშეტევაზე. კრემლს ფარული მობილიზაცია არ შეუწყვეტია, მართალია მოძველებული, მაგრამ სამხედრო შეიარაღება და საბრძოლო მასალაც აქვთ და ჩუმ-ჩუმად ვიღაცებიც ეხმარებიან. ამიტომ უკრაინამ ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს პოზიციის გასამყარებლად. ღმერთმა ქნას, ყირიმის ჩათვლით დაიბრუნონ ტერიტორიები, მაგრამ, ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ჩათვლით, ყირიმამდე უნდა მივიდნენ. ყირიმი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ადვილად არ დათმობს. გარდა ამისა, მის დასაბრუნებლად უკრაინას საზღვაო ძალები სჭირდება, რაც არა ჰყავს. უკრაინული მხარის განცხადების პარალელურად, რუსეთიც დიდი ხანია ემზადება, თავდაცვითი რაიონებიც გაამაგრეს. იმედია, უკრაინულ მხარეს საფრთხეები აწონ-დაწონილი აქვს.
- რუსეთში მომრავლდა დივერსიული აქტები რკინიგზების, ნავთობსაცავების, კრიტიკული დანიშნულების ობიექტებზე. დასავლელი ექსპერტების ნაწილის აზრით, შესაძლოა ამას თავად რუსეთის ხელისუფლება აკეთებს უკრაინაში შემდგომი იერიშების გასამართლებლად.
- არა მგონია, ნავთობსაცავის აფეთქების ან ეშელონის გადაგდების უკან რუსეთის ხელისუფლება იდგეს, ეს უფრო უკრაინის სპეცსამსახურების ნამოქმედარი მგონია. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები ყველაზე ხშირად ბრიანსკში ხდება, რომელიც ტყიანი რაიონია და იქ დესანტის გადასხმა უფრო იოლია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში ანტიპუტინისტური დაჯგუფებების ხელიც ერიოს.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთში რკინიგზების დაზიანებაზე, სამხედრო კომისარიატების დაწვასა და სხვა დივერსიების ნაწილზე პასუხისმგებლობა "ანარქიულ-კომუნისტურმა საბრძოლო ჯგუფმა" აიღო. ეს ახალბედა ჯგუფია, მაგრამ აშკარაა, რომ სიმამაცე არ აკლიათ - ამტკიცებენ, რომ ამ გზით უპირისპირდებიან პუტინის ომს.უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში რამდენიმე დაჯგუფება გაჩნდა, რომელიც დივერსიებს აწყობს, თუმცა ყველაზე აქტიური "ანარქიულ-კომუნისტური საბრძოლო ჯგუფია", რომელიც თავის ნამოქმედარზე დაუფარავად ლაპარაკობს... დივერსია პუტინის ხელისუფლების საქმე რომ იყოს, უფრო ტერორისტული აქტების სახეს მისცემდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, პროპაგანდისტული მედია სისხლისღვრის ჩანაწერებით სპეკულაციას დაიწყებდა.
- კრემლზე დრონებით შეტევაზეც ითქვა, რომ ამის უკანაც კრემლი დგას..
- კრემლის გუმბათის დაბომბვაში ნამდვილად ვხედავ რუსეთის ხელისუფლების ხელს, ვინაიდან უკრაინასთან ყველაზე მოკლე, ოფიციალური საჰაერო მანძილი 850 კილომეტრია, თუმცა ომის შემდეგ რუსეთმა უკრაინის არაერთ რაიონზე დაამყარა კონტროლი. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ეს მანძილი 1200 კილომეტრამდე გაიზარდა. ინტერნეტში გავრცელებული დაბომბვის ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, ამ დისტანციიდან გამოშვებულ დრონს არ ჰგავდა, იმ ზომის დრონი ამხელა მანძილზე ვერ იფრენს.
რუსული პროპაგანდა შეეცადა ეს მასებისთვის სწორად მიეწოდებინა - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ იმუშავა და დრონები ჰაერშივე გაანადგურა, ხომ ხედავთ, დედა რუსეთს მოსკოვის ცენტრშიც კი თავს ესხმიან და უკვე ლეგიტიმური უფლება გვაქვს მოწინააღმდეგეს დარტყმა მივაყენოთო. ასეთი შინაარსის განცხადებები კიევის ცენტრზე დარტყმასაც არ გამორიცხავს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ეს პუტინის, შოიგუსა და გერასიმოვის წინააღმდეგ რომელიმე შიდა დაჯგუფების შეტევა იყო. ომის გაწელვისა და სანქციების შემდეგ პუტინსა და მის გუნდს ბევრი მტერი გაუჩნდა. ხედავენ, რომ ახლა პუტინი რუსეთის ისტორიისთვის წამგებიანი ფიგურაა.
მე უფრო ეს აქტი კრემლის ნამოქმედარი მგონია, რადგან ძალიან ჰგავს პუტინის ხელწერას - ჩეჩნეთის მეორე ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში საერთო საცხოვრებელი ააფეთქეს... კრემლის დაბომბვა ძალიან სიმბოლური აქტი იყო, მის გუმბათზე ბოლის დანახვა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ არა მგონია, ამ დაპირისპირებაში ეს ფაქტი გადამწყვეტი იყოს. ველოდები, რომ ისევ გააქტიურდება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი, შიდა განხილვები, მაგრამ მის გამოყენებას არ ველოდები, ვინაიდან იციან, რომ ისეთ პასუხს მიიღებენ, რომელიც პუტინის რეჟიმს დაასამარებს.
- უკრაინაში ამოქმედდა ისრაელის საჰაერო გაფრთხილების სისტემა. პერიოდულად იღებდნენ სხვადასხვა სახის შეიარაღებას. რამდენად საკმარისია ეს და კონტრშეტევის შემთხვევაში უკრაინის წარმატების შანსი როგორია?
- ისრაელის საჰაერო სისტემა წინასწარ გაფრთხილება-ადგილმდებარეობის დადგენასა და აღმოჩენაზეა გათვლილი. სხვადასხვა ტიპის ლოკაციაზე სხვა კინეტიკურ სისტემასთან ერთად აღმოაჩენს საფრთხეს და აწვდის ინფორმაციას. თუმცა უკრაინისთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანია, მას ყველა სახის ტექნიკა სჭირდება, მათ შორის გამაფრთხილებელი, რათა საფრთხე ოპერატიულად აღკვეთოს. რაც შეეხება შედეგიან კონტრშეტევას, წელს უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის მხოლოდ ერთი შანსი ექნება. სულ 4-5 თვე დარჩა, შემდეგ უკვე შემოდგომის წვიმები დაიწყება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ძალიან ბევრი ბორბლიანი ჯავშანტექნიკაა, რომელიც მას ომის პირველივე ხანებში მიაწოდეს. ეს ტექნიკა ეფექტურია საქართველოს ტიპის მთაგორიანი ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინაში ტალახში ეფლობა. მას რაც შეიძლება მეტი მუხლუხიანი ტექნიკა სჭირდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მათ 300 ტანკი და კიდევ რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა სჭირდებოდათ. ჯერჯერობით 230 ტანკი აქვთ, რაც ცოტა არ არის, მაგრამ იმდენიც არ არის, რამდენიც სჭირდებათ. დიდი პრობლემაა საჰაერო მხარდაჭერაც, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა მსხვილი ტრანში გამოყო და იმედია, შეიძენენ. შეტევისთვის სჭირდებათ საბრძოლო მასალაც არტილერიისთვის. ვიცი, რომ იყიდეს და კიდევ აპირებენ მოიერიშე ხიდგამდებების ყიდვას. ის ჯავშანტექნიკასთან ერთად მოძრაობს და 2-3 წუთში შეუძლია ხიდის გაშლა, რათა მძიმე ტექნიკამ უპრობლემოდ გადალახოს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, პატარა მდინარეები და ხეობები.
- უკრაინელები უკვე მუშაობენ სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე, რომელიც ბახმუტის მიმართულებით დაიწყებს აქტიურობას.
- დიახ, ბახმუტი როგორც რუსეთის, ასევე უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ თქვა კიდევაც, ბახმუტი უკრაინის ძლიერების სიმბოლო, ჩვენი ციხესიმაგრეაო. შესაბამისად, უკრაინის ამოცანაა ბახმუტში განლაგებული რუსული ნაწილები მოაქციოს ალყაში. სავარაუდოდ, იქ ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერსა" და სხვა დანაყოფებთან ერთად, 26 ათასამდე კაცია. მათ წინსვლა აქვთ, თუმცა ბოლო ხანებში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე კვარტალი დაიბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ბახმუტის მხოლოდ 7%-ს აკონტროლებენ, ყველანაირად შეეცდებიან 9 მაისისთვის რუსეთს ბახმუტზე კონტროლის გამოცხადებით საჩუქარი არ მიართვან. კარგი იქნება, თუ ამას მიაღწევენ, რადგან ბახმუტში მიმდინარე პროცესებმა მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, განხეთქილება შეიტანა გენერალიტეტში, პუტინის გარემოცვაში. თვეებია ირწმუნებიან, ბახმუტზე სრული კონტროლი გვაქვსო, მაგრამ ასე არ არის. სანამ ბახმუტის ერთ სახლზე მაინც უკრაინული დროშა ფრიალებს, მასზე კონტროლს ვერ იზეიმებენ.
ამასთან, რაც მეტ წინააღმდეგობას აწყდება რუსული მხარე, უფრო მწვავდება განხეთქილება კრემლში - თუ ადრე "გაზპრომის" დაფინანსებული ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერი" იყო, ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი კერძო სამხედრო კომპანია "მეტეორი", რომლის დაფინანსებაზეც "როსნეფტი" ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ ამხელა ადამიანური დანაკარგის შემდეგ პრიგოჟინის "ვაგნერი" სხვა დანაყოფით უნდა ჩაანაცვლონ. ჩანს, "პუტინის მზარეულის" ახირებები კრემლში ყელში ამოუვიდათ - ხან შოიგუს, გერასიმოვსა და ყველას ერთად აგინებს, რომ საბრძოლო მასალას არ აწვდიან და მიმართვას "ვაგნერელების" ცხედრების ფონზე ავრცელებს, ხან მადლობებს იხდის. არადა, თუ კერძო კომპანიაა, სხვა ქვეყნის ომში რა უნდა, ან იარაღს რა მორალით აწვდიან? ესე იგი, ფულს უხდიან და მაშინ კეთილინებოს და თავად შეიძინოს საბრძოლო მასალა. პრიგოჟინმა პრივილეგიების მიღების მოლოდინში ათასობით დაქირავებული დაახოცვინა. კერძო სამხედრო დანაყოფები უკრაინის ომში არაერთხელ გამოჩენილა, ხერსონის ბრძოლების დროსაც იყო კომპანია "რედუტი", რომლის უკანაც შოიგუ იდგა. "მეტეორი" რუსული პოლიტელიტის რომელი ნაწილის ინტერესს წარმოადგენს, ჯერ უცნობია. ახლა კრემლში დაძაბულობა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა პრიგოჟინი პუტინის წინააღმდეგ პუტჩს ჩაუდგეს სათავეში.