"საქართველოს მაგალითი სიგნალი გახდა მთელი კავკასიისთვის, ფრთხილად იყავით!" - პოლიტიკური წინასწარმეტყველება - კვირის პალიტრა

"საქართველოს მაგალითი სიგნალი გახდა მთელი კავკასიისთვის, ფრთხილად იყავით!" - პოლიტიკური წინასწარმეტყველება

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი 1996 წლის 21 აპრილს იმპერიული რუსეთის მიერ იქნა მოკლული. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე რამდენიმე წლით ადრე, 1993 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამი ათეული წლის წინ ნათქვამი მათი სიტყვები ზედმიწევნით ემთხვევა დღევანდელობას - მათი პროგნოზები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. გთავაზობთ ამონარიდებს ზვიად გამსახურდიასა და ჯოჰარ დუდაევის ინტერვიუებიდან და პრესკონფერენციებიდან.

"ნატო უნდა გაფართოვდეს... კაცობრიობამ თავი უნდა დაიცვას რუსიზმისგან "

ჯოჰარ დუდაევი: "კაცობრიობამ უნდა გასწიოს ძალისხმევა, რათა მსოფლიოში საომარი მოქმედებების, დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის ბლოკი აღარ არსებობდეს. განსაკუთრებით, რუსეთის ბლოკი. საჭიროა მხოლოდ ერთი - ნატო, და ის უნდა გაფართოვდეს. დაე, ყველა ამ სამხედრო ბლოკში შევიდეს მსოფლიო ხალხის ინტერესების დასაცავად. რაც უფრო სუსტია (ქვეყანა), მით მეტი უნდა იყოს დაცვა. მაშინ მშვიდობა და წესრიგი დაისადგურებს მსოფლიოში. არ არის საჭირო რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრობა, დროა რუსეთის იქიდან გაგდების. არც გაეროში არაფერი ესაქმება. რა თქმა უნდა, მშვიდობის იმედი გვაქვს. იმიტომ კი არა, რომ ჩეჩნები ვინმეს შეეცოდოს, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობამ თავი უნდა დაიცვას რუსიზმისგან".

"საქართველოს მაგალითი სიგნალი გახდა მთელი კავკასიისთვის, ფრთხილად იყავით!"

ზვიად გამსახურდია (1992 წლის 18 თებერვალი, გროზნო):

"საქართველოს მაგალითი სიგნალი უნდა იყოს ჩეჩნეთისთვის, მე ვიტყოდი, მთელი კავკასიისთვისაც, იმიტომ, რომ აქ არიან კავკასიის სხვა ერების წარმომადგენლებიც და ის მეთოდები, რაც მათ (რუსებმა) საქართველოში გამოიყენეს, ჩეჩნეთში არ უნდა გაუვიდეთ. გირჩევთ, იყავით ფრთხილად და დააფასეთ თქვენი პრეზიდენტი, რადგან მტერი იმდენად ძლიერია, შეუძლია მოულოდნელი რაღაცები ჩაიდინოს, ძალიან მოულოდნელი მეთოდებით შეუძლია შეცვალოს გარემო. ამიტომ თქვენ ყველა პასუხისმგებელი ხართ, თქვენ ყველა უნდა იყოთ თქვენი სახელმწიფოს, რევოლუციისა და პრეზიდენტის სადარაჯოზე".

ახალი საფრთხე

1991 წელს (თბილისი) ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში საბჭოთა კავშირის შეჭრისა და საომარი მოქმედების დაწყების საშიშროება, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის გამოცხადების და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ზვიად გამსახურდია პასუხობს:

"კი, რა თქმა უნდა. დღეს მე მივიღე წერილი საბჭოთა კავშირის გენშტაბის უფროსისგან, გენერალ მოისეევისგან, სადაც ის მემუქრება, რომ თუ ჩვენ არ მოვაწერთ ხელს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მაშინ ჩვენს წინააღმდეგ მიღებულ იქნება სხვადასხვა ზომა, მათ შორის სამხედრო ქმედებებიც. ეს სერიოზული საფრთხეა საქართველოსთვის"...

"კავკასიისთვის უდიდესი საფრთხე არსებობს და ის რუსეთია"

ზვიად გამსახურდია (1992 წელი, 2 თებერვალი, გროზნო):

"კავკასიისთვის უდიდესი საფრთხე არსებობს და ის (რუსეთი) ამას ღიად გამოხატავს. სხვათა შორის, აქამდეც იყო საუბრები, რომ კავკასია და საქართველო გეოპოლიტიკურად რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან არ უნდა დაკარგოს... დემოკრატიული რუსეთი ისევე ამონებს კავკასიას და ისევე ანაწევრებს კავკასიას, როგორც მეფის რუსეთი აკეთებდა ამას".

"დასავლეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქცა"

ზვიად გამსახურდია (1992 წელი, 18 თებერვალი, გროზნო):

"როგორც კი დასავლურმა ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, ეს ძალები მაშინვე გადმოვიდნენ შეტევაზე და დაიწყეს ომი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება პირდაპირ კავშირშია, შეიძლება ითქვას, მთავარი მიზეზია იმისა, რომ ეს ომი დაიწყო. ომით უნდოდათ ამ პროცესის ჩაშლა, რათა აჩვენონ მსოფლიოს, რომ საქართველოში არის ანარქია, ომი და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება დაუშვებელია. იმპერიულ ძალებს ჰქონდათ ეს ჩანაფიქრი, გეგმა. ასე რომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ დავუშვათ არავითარი დესტაბილიზაცია. მე მაცნობეს ამის შესახებ და მომთხოვეს სასწრაფოდ გამოვცხადებულიყავი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. როცა ეს არ გავაკეთე, ჩემს წინააღმდეგ სამხედრო არმია მომართეს".

"როგორ შეიძლება ზვიადის დადანაშაულება დიქტატორობაში"

ჯოჰარ დუდაევი (1992 წლის 2 თებერვალი, გროზნო):

"ხალხმა ზვიად გამსახურდია აირჩია თავის პრეზიდენტად, რა არის ამაში არადემოკრატიული? ჟურნალისტი მიყვება, მე ვიყავი იმ დროს საქართველოშიო. მე მას ვეკითხები: "რა შენიშნეთ არადემოკრატიული?", ის კი მპასუხობს, ხალხს უხაროდა და ბედნიერი იყოო. მე ვეუბნები, პატივცემულო, თუ 300 წლის შემდეგ საქართველოს პირველად მიეცა პრეზიდენტის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა და ამით საკუთარი ნება გამოხატა, მაშ, რატომ არ უნდა ყოფილიყო ბედნიერი? საქართველომ პირველად მიიღო თავისი კონსტიტუცია და ხალხი ბედნიერია. ამ სიტუაციაში ხალხი ბედნიერი იქნებოდა მაშინაც, თუკი კიტოვანს, იოსელიანს ან მათგან სხვა ვინმეს აირჩევდა. როგორ შეიძლება მისი (ზვიადის) დადანაშაულება დიქტატორობაში? მით უმეტეს, როცა ადამიანმა 3 დღესაც ვერ მოასწრო ქვეყნის მართვა, ხალხი ბედნიერი იყო არჩევნების შედეგებით და ზუსტად ამ დროს ის დიქტატორად გამოაცხადეს. მე ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები, არ არის სამართლიანი მიდგომა".

"შევარდნაძე დგას ამ სისხლისღვრის უკან"

ზვიად გამსახურდია (1992 წელი, 2 თებერვალი, გროზნო):

"არ არის გასაკვირი, რომ სამხედრო ხუნტა იწვევს შევარდნაძეს, რამეთუ შევარდნაძე თავად არის ამ ომის და ხუნტის მეთაური. ის დგას იმ სისხლის ღვრის და ყველა ტრაგიკული მოვლენის უკან, რომელიც საქართველოში მოხდა. შემთხვევითი არ არის, რომ ცნობილი დამნაშავე, ამ სამხედრო ხუნტის მონაწილე, ე.წ. კანონიერი ქურდი იოსელიანი პირადად იწვევს მას. ხუნტა პირდაპირ, დაუფარავად აცხადებს და არ მალავს, რომ მათ იარაღით ამარაგებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, რომელიც პირადად პრეზიდენტ ელცინს ექვემდებარება. ხუნტა აცხადებს, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი მას იარაღს სწორედ ელცინის ბრძანებით აწვდის. მე მას კითხვით მივმართავ: თუ ეს მართალია, ბატონო (რუსეთის) პრეზიდენტო, რატომ უჭერთ მხარს თვითმარქვია ძალებს საქართველოში და სამხედრო ხუნტას, და არ უჭერთ მხარს კანონიერად და დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტს და ხელისუფლებას? რატომ არ აფიქსირებთ ღიად თქვენს პოზიციას, არ აკეთებთ ოფიციალურ განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?!

ქართველი ხალხის უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს, მაგრამ სამხედრო ხუნტასაც ჰყავს მომხრეები, ძირითადად კრიმინალური სამყაროდან. მათ თავიანთ გარშემო გააერთიანეს კრიმინალური სამყარო.

მოგეხსენებათ, კრიმინალი საქართველოში სოციალური უბედურებაა, ძალიან სერიოზული მოვლენაა და მათ ამ კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერით აქვთ გავლენა. მათ იარაღით ამარაგებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. სხვათა შორის, ეს ფაქტი აღიარა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთმა ოფიცერმა რუსეთის ტელევიზიით".

"მივმართავ კავკასიის ხალხებს, გავერთიანდეთ, გამოვიჩინოთ სიბრძნე და გონიერება და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ნებისმიერი სახის ჩარევას კავკასიაში"

ჯოჰარ დუდაევი (1992 წლის 2 თებერვალი, გროზნო):

"რუსეთის ფედერაცია ავრცელებს ხმებს, თითქოს ჩეჩნეთს სურს დაღესტნის ტერიტორიის ნაწილის მიტაცება, ეს წმინდა წყლის ბლეფია. ამის გამო იქ ომონის პოლკი ჩააყენეს. თუმცა სამხედრო მოქმედების შემდგომი განვითარება, ასე ვუწოდოთ პირობითად, ასეთია: აი, მოვიდა დასახმარებლად საჰაერო-სადესანტო დივიზია ვიტებსკიდან. ხელმძღვანელობამ და ბელორუსიის მთავრობამ მათ თავაზიანად სთხოვა, რომ ჯარმა აგრესიას არ მიმართოს. ასე რომ, გარშემორტყმული ვართ სამხედრო ძალებით, რომელთა მიზანია ჩვენი ნების დათრგუნვა და ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების შეფერხება. ვხედავთ, სამხრეთით რა ხდება - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, ხოლო რა მოვლენები განვითარდა საქართველოში, ყველასათვის ცნობილია. ასე რომ, გარშემო ყველა მხრიდან კოცონია გაჩაღებული, ცეცხლის რკალია, რათა არასდროს იყოს მშვიდობა. მივმართავ კავკასიის ხალხებს: გავერთიანდეთ, გამოვიჩინოთ სიბრძნე და გონიერება და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ნებისმიერი სახის ჩარევას კავკასიაში".

"რუსეთი სისხლიან პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს"

ჯოჰარ დუდაევი, 1995 წელი: "ყირიმში ისევ იქნება ხოცვა-ჟლეტა. უკრაინა შეეტაკება რუსეთს...

რუსეთი ბოროტების იმპერიაა. იყო, არის და იქნება ბოროტების იმპერია. მიმტაცებლობა, დაუნდობლობა, უგულობა და უსულობა - ეს ყველაფერი მათ ჩეჩნეთში გამოავლინეს. რუსეთმა 250 000 სამხედრო და 5 600 სამხედრო ტექნიკა შეიყვანა ჩეჩნეთში, მთიელი ხალხის წინააღმდეგ. მან წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო ძალა გამოიყენა. წარმოიდგინეთ, ეს გააკეთა ისეთი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც რუკაზე მიკროსკოპით ეძებენ. ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა გასცა. აცხადებდა, რომ ეს მშვიდობიანი ოპერაცია იყო, თუმცა ახალი წლის ღამეს მიწა, სისხლი და ცხედრები ერთმანეთში იყო არეული. რუსეთი სისხლიან პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს. ეს არის რუსეთი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს, ან რუსეთს არ შესძენს დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელიც მას არასდროს ჰქონია, ასევე არ ასწავლის საერთაშორისო სამართლიანობის ნორმების დაცვას, მსოფლიოს დიდი უბედურება ელოდება".