ეს სკუდეტო ყველასია, მაგრამ "ნაპოლის" მაისურზე მისი გვარი გამორჩეულად უნდა ეწეროს!
სათაურში გამოტანილი წინადადება იდეალურად გამოხატავს იმ ყველაფერს, რაც ამ ფანტასტიკური სეზონის განმავლობაში ხდებოდა "ნაპოლის" და ხვიჩა კვარაცხელიას თავს.
ნეაპოლურმა კლუბმა "სკუდეტო" (იტალიის ჩემპიონის ტიტული) 33-წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბრუნა. 22 წლის ქართველის წილი კი ამ ამბავში გამორჩეულია.
წვლილიც და თვითონ ხვიჩაც. 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა ("ფიორენტინასთან" მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. თუმცა, რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დარჩენილ მატჩებში, შედეგიანობის სტატისტიკა კიდევ გაიზრდება) სადებიუტო სეზონისთვის ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი იყო ის თამაში, რომელსაც კვარასგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ. გამორჩეულობა, ხალასი ნიჭი, რაც მან შეიტანა იტალიის მრავლისმნახველ ჩემპიონატში...
ხვიჩა მეგრულად ვარსკვლავს ნიშნავს: "ხვიჩამურიცხი" - ჩახჩახა ვარსკვლავს, "ხვიჩა-ხვიჩა" - მოციმციმეს, მოელვარეს... ხვიჩა-ხვიჩა... ორ ხვიჩას რა სჯობს?! მაგრამ ამ ეტაპზე, ერთი რომ გვყავს, იმითაც ბედნიერი ვართ. ერი წარმატების, გამარჯვების, სიამაყის ლამის დავიწყებული გრძნობით...
ვარსკვლავია და ამიერიდან, სახელის გარდა, "ვარსკვლავიც" ექნება კლუბის მაისურზე - იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად; ვარსკვლავი, რომელიც ბოლოს ნეაპოლს 33 წლის წინ მოუტანა არგენტინელმა ვარსკვლავმა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა (თუ ყველაზე არა) დიდმა ფეხბურთელმა...
არადა, სულ ცოტა ხნის წინ დავდე პირობა - კვარაცხელიაზე აღარაფერს დავწერ-მეთქი (ცოტა ხანს მაინც). სხვებს ვუკიჟინებდი, "შევეშვათ, ვაცალოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში!" - მეტოქის მცველების მეურვეობა არ ეყოფა?! ჩვენ მაინც გავათავისუფლოთ წნეხისგან, სექტემბრიდან რომ ავკიდეთ ნებსით თუ უნებლიეთ და ყველა მატჩში გოლს, საგოლე გადაცემას, მთელი გუნდის მოტყუებას ვთხოვთ... არადა, ამ ყველაფრის გარეშეც საუკეთესოა ხოლმე - თითქმის ყველა მატჩში.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "მილანთან" გაცუდებული პენალტის მიუხედავადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მარგი ქმედების კოეფიციენტით ლამის სულ საუკეთესოა და აგერ, "სკუდეტოს" განაღდების შემდეგაც თითქმის ყველა წამყვანი იტალიური გამოცემა ოსიმენზე წინაც აყენებს. ოსიმენის მსგავსი "გოლების მანქანა" აქამდეც ბევრი გვინახავს და კიდევ ბევრს ვნახავთ. შორს რომ არ წავიდეთ, ჰოლანდის მაგალითი წინ არ გვაქვს? მინიმუმ ერთი გოლით თითქმის ყველა მატჩში გვანებივრებს, ხან 3, 4, 5 ბურთიც კი გააქვს...
მაგრამ ერთია გოლის ალღო და გატანა, მეორე - ის, რასაც ხვიჩა, ნეიმარი, ლეაო, მესი, ინდივიდუალიზმით გამორჩეული სხვა მოთამაშეები გვჩუქნიან ხოლმე...
შესაძლოა ქართველებს ზედმეტიც მოგვდის ხოლმე, ჩვენი სუბიექტურობა გვალაპარაკებს, მაგრამ იმასაც ხომ ვხედავთ, რომ იტალიის ყველა წამყვანი მედიასაშუალებაც "კვარადონასთვის" იმეტებს პირველ გვერდსა თუ სიტყვას? "უდინეზესთან" მოპოვებული საჩემპიონო ქულის შემდეგ იტალიური მედია "ნაპოლის" ფერებმა, კვარას, ოსიმენის, სპალეტის ფოტოებმა წალეკა. სეზონის მთავარ გმირებს შორის ხვიჩა კვარაცხელია პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს თანაგუნდელ და მეგობარ ვიქტორთან ერთად. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ 5 მატჩია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე რაც ვნახეთ, წამყვანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის წერილში ძალიან ლაკონიურად არის გადმოცემული. წერილი ბიჭზე, რომელმაც ქართველებს ფეხბურთი დაგვიბრუნა. ნეაპოლს კი ის "სკუდეტო", ბოლოს 33 წლის წინ, დიეგოსთან ერთად რომ ნახეს.
ესეც Corriere dello Sport-ის წერილი:
"... იოლი არ არის, დაასახელო საუკეთესო, როდესაც ყველაფერი სწორი გზით მიდიოდა, როცა ვხედავდით, რომ ყველამ გამოავლინა თავისი მაქსიმუმი. გამარჯვებაში ყველამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, თუმცა არა უშავს, ჩვენ ვიცით, ვინ არის სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი, "სეზონის მეფე"!
მისი უდიდებულესობა კვარაცხელია - სეზონის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) - შეფასების 10-ქულიან სისტემაში 10/10 ქულა!
კვარაცხელიას საუკეთესოდ დასახელება ისეთივე მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. "ნაპოლიში" მისი კარიერა დისნეის ზღაპარს ჰგავს: ინსინიეს ნაცვლად, მარცხენა ფლანგზე ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ბრწყინავს კიდეც ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ... ახალგაზრდა ქართველს, რომელიც იტალიაში ბათუმის "დინამოდან" მოდის, ჯუნტოლი თვალდახუჭული ენდობა, სპალეტი პირველივე ვარჯიშზე მოიხიბლა... ტიფოზები? მათ დროც კი არა აქვთ კითხვის დასასმელად: კვარას მხოლოდ 37 წუთი ჰყოფნის პირველი ოფიციალური გოლის გასატანად. მხოლოდ 37 წუთი - ეს დრო ზოგს დასაბანად არ ჰყოფნის! ხვიჩას ცოტა დრო დასჭირდა ადაპტაციისთვის იმ ჩემპიონატში, რომელმაც არაერთი დიდი ფეხბურთელის კარიერა იმსხვერპლა. დიდი მოთამაშეების, რომლებმაც ბოლომდე ვერ შეძლეს ნიჭის გამოვლენა იტალიის ჩემპიონატში...
37 წუთში, თავით. ეს არ არის მისი "სპეციალობა", მაგრამ ხვიჩამ თავიდანვე გააფრთხილა მსოფლიო, რომ "გოლის გატანა ნებისმიერი გზით შეუძლია".
კვარას შეუძლია გაამარტივოს რთული საქმეები. მთვარის მოტანა რომ გეთხოვათ, ალბათ, თანამგზავრით გამოჩნდებოდა და ბოდიშს მოიხდიდა ორი წუთის დაგვიანებისთვის. დიახ, არაერთი გოლი გაიტანა და ეს სტატისტიკაშიც ჩანს, მაგრამ ტიფოზებმა იციან, რომ ციფრები მხოლოდ გრძნობების დამახინჯებული სარკეა. გოლების და საგოლე გადაცემების გარდა, კვარას ყოფნა მოედანზე (თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებშიც), ბევრს ნიშნავდა.
კვარა ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ კი აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა 2-3 მცველის წნეხშია მოქცეული, ახერხებს რამდენიმე წარმატებული დრიბლინგის შესრულებას. მეტოქე გუნდების მწვრთნელები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ კვარაცხელიას გასაჩერებლად ერთი მცველი საკმარისი არ არის. მცველების გაორმაგება დაიწყეს, მაგრამ ქართველი მაინც პოულობს გზას. ვინც ხვიჩას წინააღმდეგ ითამაშა, მის სახელს ვერასდროს დაივიწყებს, იმის მიუხედავად, რომ მეტოქეთა უმრავლესობა მას მხოლოდ ზურგიდან ხედავდა!
ხვიჩა კვარაცხელია იყო სიხარულის აფეთქების მუხტი, ამაჩქარებელი, წამყვანი... ფეხბურთელი, რომელიც ამღვრევს ნეაპოლის გრძნობებს, ის ერთიანობით გაჟღენთილი ქალაქისა და კლუბის ტექნიკური ლიდერია. ეს სკუდეტო ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ სეზონში, როცა "ნაპოლი" მაისურებს შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს უნდა ეწეროს გვარი - "კვარაცხელია"...
P.S. იტალიის ახალი ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელია ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისშია. იმედია, ეს გზა ბოლომდე ისეთივე "ჩახჩახა" იქნება, მისი სახელი რომ გულისხმობს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იყო მიმდინარე სეზონის განმავლობაში!