„არ გამოვრიცხავ, რომ ურანის ეს სახეობა არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოეტანათ“ - კვირის პალიტრა

„არ გამოვრიცხავ, რომ ურანის ეს სახეობა არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოეტანათ“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ის ფოთში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 2.000.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერება შეიცავს რადიოაქტიურ ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დაკავებული მამაკაცი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრები 52 წლის ილია ბელქანიაა. სუს-ის სპეციალისტები განაგრძობენ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლას და დადგენას, კონკრეტულად რომელი და რამდენად საშიში რადიოაქტიური ნივთიერება ჰქონდა ბრალდებულს.ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი:

- ფოთში ეჭვმიტანილს აღმოუჩინეს 2 მილიონი დოლარის ღირებულების კონკრეტული ნივთიერება. რთულია თქმა, კონკრეტულად რა იყო: "ურანი-235", "ურანი-238" თუ სტრონციუმი. შესაძლოა იყო წითელი ვერცხლისწყალი, ასევე ცეზიუმიც, რომელთაც საშიში გამოსხივება აქვთ და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ე.წ. ჭუჭყიანი ან რადიოლოგიური ბომბის შესაქმნელად. შეიძლება ყოფილიყო აქტივირებული,­ რადიოლოგიური ბომბის ელემენტები. არის კიდევ ასეთი სახეობა - რადიოლოგიური ბომბი. მას ზოგჯერ "ჭუჭყიან ბომბსაც" უწოდებენ. მისი გამოყენების დროს ხდება რადიოაქტიური მასის გამოფრქვევა, მაგრამ მას არა აქვს ბირთვული აფეთქების ეფექტი. ეს იარაღი ფორმირდება მძლავრი კონვენციური ასაფეთქებელი ძალით, დამუხტული რადიოაქტიური მასალებით. ე.წ. ჭუჭყიანი, რადიოლოგიური ბომბი, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, მინიატიურულია და გამოსხივების ეფექტზე მუშაობს, არის რადიაციის წყარო და დაახლოებით 30-50კმ მანძილზე აბინძურებს გარემოს.

ფოთის ფაქტზე დეტალები არ გაუხმაურებიათ, მხოლოდ ნივთიერების ღირებულებაზე იყო ლაპარაკი. არ გამოვრიცხავ, რომ ურანის ეს სახეობა არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოეტანათ.

- რა გზებით შეიძლება ხვდებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერებები?

- კონტრაბანდული საქონელი ქვეყანაში­ და მის გარეთ მრავალი გზით შემოედინება­ და გაედინება, მათ შორის უკონტროლო კონფლიქტის ზონებიდან. გარდა ამისა, ცენტრალური საავტომობილო გზებისგან თავის არიდების მიზნით, სადაც ფუნქციონირებს საბაჟო და გამშვები კონტროლის პუნქტები, კონტრაბანდისტები ალტერნატიულ მარშრუტებს იყენებენ. ძირითადი ნაკადებია:

1. ერგნეთი; 2. წითელი ხიდი; 3. აფხაზეთი; 4. აჭარა; 5. ფოთი; 6. ახალციხე; 7. ყაზბეგი; 8. ლაგოდეხი; 9. ჯანდარა; 10. ნინოწმინდა.

ჩემი აზრით, ეს კონკრეტული შემთ­ხვევა­ უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთს, დიდი ალბათობით, იქიდან შემოიტანეს. აფხაზეთში, ბუნებრივია, იყო ურანის ნარჩენები (1946-1954 წლებში სწორედ სოხუმში მიმდინარეობდა საბჭოთა ბირთვული ბომბის წარმოება). ეშერის ლაბორატორია ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მე-12 მთავარ სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბირთვული იარაღის გამოყენებასა და განვითარებაზე. თუ ურანი რუსეთიდან წამოვიდა, უთუოდ ოკუპირებულ აფხაზეთს გამოივლიდა. როგორც ჩანს, მერე თურქეთში ან სხვაგან წაიღებდნენ, საქართველო სატრანზიტო ქვეყანა უნდა ყოფილიყო. თავის დროზე, 2016-ში, ვთქვი კიდეც, რომ საქართველო შესაძლოა გამხდარიყო ე.წ. შავი სატრანზიტო ზონა და ვგულისხმობდი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის ელემენტებისა და კომპონენტების გადაადგილებას (იარაღის, ნარკოტიკის და ა.შ.).

- ვინ არიან ამ რადიოაქტიური ნივთიერების მომხმარებლები თუ დამკვეთები?

- სავარაუდო მომხმარებლები შეიძლება­ იყვნენ:

1. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები;

2. საერთაშორისო კრიმინალური სტრუქტურები;

3. ე.წ. არშემდგარი ქვეყნები, რომლებსაც სურთ შექმნან ბირთვული იარაღი და შესაძლოა მათ აქვთ სანქციები;

4. კერძო სამხედრო კომპანიები, მაგალითად, რუსული "ვაგნერი" და მსგავსი დაჯგუფებები. სხვათა შორის, გასულ კვირას საქართველოში დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" ემისარი, ნაიბი და გავლენიანი პირი, ვინმე მალხაზ პაქსაშვილი. ახლახან გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ვილაიეთის დაჯგუფებამ ავღანეთი უნდა გახადოს მასობრივი განადგურების, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შემქმნელ ზონად. სპეციალისტები, რომლებიც ადრე "ისლამურ სახელმწიფოში" ჰყავდათ და იწყებდნენ ამ იარაღის წარმოებას, ტყვეებზე ატარებდნენ ცდებს. ასეთი იარაღის გამოყენების ფაქტები შეინიშნებოდა სირიასა და ერაყშიც. ახლა "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს ავღანეთში შექმნას იარაღი. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი დაჯგუფებების გასანეიტრალებლად ამერიკელებმა რამდენიმე საბრძოლო ოპერაცია ჩაატარეს ავღანეთსა და პაკისტანში.- საერთაშორისო სამართლის რეგულაცია როგორია?

- ბირთვული იარა­ღის გაუვ­რცელე­ბლ­ობის შესახებ (Treaty on the Non-Priliferation of Nuclear Weapons) ხელშეკრულება 1968 წელს გაფორმდა და 1995 წლის 11 მაისს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა, მას 191 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის ხუთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო.

მნიშვნელოვანია ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონვენცია "ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ" (მიღებულია 1986 წლის 26 სექტემბერს, მე-8 პლენარულ სხდომაზე). კონვენცია "ბირთვული ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ" 1986 წლის 18 ნოემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საინფორმაციო ცირკულარის გენერალურმა განყოფილებამ მიიღო. \უნდა გავააქტიუროთ სტრატეგიული თანამშრომლობა და უნდა შეიქმნას ასიმეტრიული საფრთხეებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალიზებული ორგანო, სახელმწიფო ბიურო. ასეთი სტრუქტურის შექმნა ჯერ კიდევ 2004 წელს იყო გათვალისწინებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, მას დეპარტამენტის სტატუსი უნდა ჰქონოდა და ამ პროექტის განხორციელებაში ბრიტანეთი გვიჭერდა მხარს. სამწუხაროდ, პროექტი პრორუსულმა აგენტურამ ჩაგვიშალა ვანო მერაბიშვილის თამადობით.

შსს-სა და სუს-ის მიერ 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის გამოვლენილი ფაქტები:

2010 წელი: 11 მარტი, თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 17 გრამი. დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი სომხეთის მოქალაქე). ურანი შემოტანილია სომხეთიდან.

12 ნოემბერი, თბილისი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2011 წელი: 3 თებერვალი, ქობულეთი. ამოღებულია "ევროპიუმ-152"-ისა და "ირიდიუმ-192"-ის წყაროები, დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერებები მოპარულია ქუთაისში.

4 აპრილი, სოფელი აღაიანი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზიდან (ვაზიანი).

2012 წელი: 6 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი 36 ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

5 აპრილი, სამტრედია. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1 კგ. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

10 აპრილი, ბათუმი. სხვადასხვა ნივთიერება ("ცეზიუმ-137"-ის, "კობალტ-60"-ის, "ამერიციუმ-241"-ის წყაროები). დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი თურქეთის მოქალაქე). ნივთიერებები შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

20 აპრილი, ბათუმი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი სამი ამპულა. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ზუგდიდი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ცხრა ამპულა. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

17 ივნისი, ქობულეთი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). საიდან შემოიტანეს, ვერ დადგინდა.

2013 წელი: 29 მაისი, სამტრედია. ამოღებულია "სტრონციუმ-90"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

25 სექტემბერი, დაბა ბეთანია. ამოღებუ­ლია "ამერიციუმ-241"-ით დაფარული 12 ფირფიტა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). მოპარულია თბილისში.

2014 წელი: 1-ლი აგვისტო, სოფელი სადახლო. ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (სომხეთის მოქალაქეები). შემოტანილია სომხეთიდან.

2015 წელი: 11 აგვისტო, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 135"-ისა და "ცეზიუმ 137"-ის ნარევის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება, სავარაუდოდ, შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.

2016 წელი: 5 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 137"-ის წყარო. დაკავებუ­ლია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). საიდან შემოიტანეს, ადგენენ.

15 აპრილი, თბილისი. ამოღებულია გაღარიბებული ურანისგან დამზადებული­ კონტეინერი (ე.წ. მაგისტრალი). დაკავებულია ექვსი პირი (სამი საქართველოს, სამი სომხეთის მოქალაქე). შემოტანილია სომხეთიდან.

2019 წელი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები 40,19 გრამი ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 2.800.000 აშშ დოლარად აპირებდნენ. ის შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპ "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.