80 წლის შემდეგ კრემლი ისევ დაიბომბა - კვირის პალიტრა

80 წლის შემდეგ კრემლი ისევ დაიბომბა

რუსეთის უმთავრეს სიმბოლოზე - კრემლის თავზე 3 მაისის გამთენიისას ორი კამიკაძე-დრონის აფეთქებამ რუსეთი და მსოფლიოს დიდი ნაწილი უკიდურესად გააოგნა, რადგან მოსკოვის და განსაკუთრებით კი კრემლის თავზე ცა აქამდე ყველაზე დაცულად ითვლებოდა პლანეტა დედამიწაზე. თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვი მსოფლიოში ერთადერთი დედაქალაქი და ქალაქია, რომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი წრე, გაძლიერებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით, რომელსაც თვით სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების მოგერიება შეუძლია ატმოსფეროს მიღმა სივრცეში. მიუხედავად ყოველივე ამისა, კრემლის წინ, წითელ მოედანზე, ხან ცხვირმოუხოცავი თვითნასწავლი პილოტი ჯდება პატარა თვითმფრინავით, ხანაც კრემლის სენატის სასახლის გუმბათის თავზე კამიკაძე-დრონები ფეთქდება.

მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე ზრუნვა ბოლშევიკებმა 1918 წელსვე დაიწყეს, დედაქალაქის პეტროგრადიდან მოსკოვში გადატანისთანავე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოსკოვის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფდა მხოლოდ ერთი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დივიზია, რომელიც მოგვიანებით კორპუსის დონემდე გაიზარდა, ხოლო ჰიტლერის გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა და საჰაერო თავდაცვის კორპუსს მიემატა გამანადგურებლების საავიაციო კორპუსი და ბრიგადის დონის ოთხი საჰაერო თავდაცვის რაიონი.

მოსკოვის 1-ლი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კორპუსის შეიარაღებაში იყო სხვადასხვა კალიბრის ათასამდე საზენიტო ქვემეხი, 300 საზენიტო ტყვიამფრქვევი, 600 მძლავრი პროჟექტორი, ასზე მეტი გადამღობი აეროსტატი, ათზე მეტი რადიოლოკატორი, ხოლო მე-6 გამანადგურებლების საავიაციო კორპუსს მოსკოვის ცის დასაცავად ჰაერში 600 გამანადგურებელი თვითმფრინავის აფეთქება შეეძლო.

მიუხედავად ასეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვისა, მოსკოვი პირველად მასირებულად ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 1941 წლის 22 ივლისს დაიბომბა, როდესაც გერმანიის ლიუფტვაფეს 220-მა საბრძოლო თვითმფრინავმა ხუთი საათის განმავლობაში ოთხჯერ შეუტია საბჭოთა კავშირის დედაქალაქს.

მოსკოვის საჰაერო დაბომბვები სხვადასხვა ინტენსივობით 1943 წლის ივნისამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც მოსკოვში დაინგრა და დაზიანდა 5 584 საცხოვრებელი სახლი, ასევე სხვა ადმინისტრაციული ნაგებობები, დაიღუპა ორი ათასზე მეტი კაცი, სამჯერ მეტი კი დაიჭრა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, მით უმეტეს, ამერიკელების შეიარაღებაში პირველი ატომური ბომბების შესვლის გამო, რომელთა გადატანა იმ დროს მხოლოდ მძიმე ბომბდამშენებს შეეძლოთ.

შეიძლება ითქვას, სწორედ სტალინისა და ბერიას უდიდესი დამსახურებაა, რომ მოსკოვის გარშემო შეიქმნა საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი რკალი, რომლებზეც დააყენეს იმ დროისთვის თანამედროვე ერთ-ერთი პირველი საზენიტო რაკეტა С-25-ები, რომლის შექმნის თანაკონსტრუქტორი ბერიას ვაჟი, სერგო ბერიაც გახლდათ.

პირველი "ცივი ომის" დროს მუდმივად უმჯობესდებოდა და ახლდებოდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა - С-25-ები С-75 და С-125 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ჩაანაცვლა, რომლებსაც შორსმოქმედი С-200-ებიც დაემატა. 1980-90-იან წლებში ისინი С-300-ებით შეცვალეს, ხოლო დღეს მოსკოვის საჰაერო თავდაცვას ძირითადად თანამედროვე С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უზრუნველყოფს. ცალკე აღსანიშნავია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა А-135 "Амур", რომელიც მოსკოვს სხვადასხვა მიმართულებიდან იცავს და განკუთვნილია სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინების მოსაგერიებლად.

მიუხედავად ასეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა, კრემლი 80 წლის შემდეგ მაინც დაიბომბა. რატომ?

ალბათ, იმიტომ, რომ იმ ღამეს კრემლს შეუტიეს დაბალ სიმაღლეზე მცირე სიჩქარით მფრენმა კომპოზიციური მასალებისგან დამზადებულმა კამიკაძე-დრონებმა, რომელთა დროული რადიოლოკაციური აღმოჩენა, მით უმეტეს, მეგაპოლისის ცათამბჯენებს შორის ფრენისას ურთულესია.

სხვათა შორის, რუსეთის გენერალიტეტი არ გამორიცხავდა საჰაერო თავდასხმებს, რის გამოც ახალი წლის დღეებში რუსეთის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობების, ასევე სხვა მაღალი ნაგებობების სახურავებზე "პანცირის" ტიპის სარაკეტო-საარტილერიო საზენიტო დანადგარები დააყენეს.

სახლის სახურავზე რაკეტებიანი "კამაზების" ხილვა შეიძლება ცოტა უცნაური იყო, მაგრამ რუსი მეზენიტეების გათვლით სწორედ "პანცირებს" უნდა გადაეკეტათ კრემლისკენ მიმავალი საჰაერო გზები, თუკი მოწინააღმდეგე კამიკაძე-დრონებს უკრაინის საზღვრიდან 400 კმ-ის სიშორიდან კი არ გამოუშვებდა, არამედ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ორი რკალის შიგნიდან, უშუალოდ მოსკოვის გარეუბნიდან ააფრენდა კრემლის მიმართულებით.

როგორც ხედავთ, სახურავებზე "შემოსკუპებულმა" "პანცირებმა" ვერ გაამართლა და მთელმა მსოფლიომ იხილა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო იმიჯზე დიდი სამარცხვინო დარტყმა - კამიკაძე-დრონი კრემლის თავზე შეფრინდა და აფეთქდა.კრემლის დაბომბვა პირველი და უკანასკნელი ცდა არ იქნება, რათა აგრესორს მისივე ბუნაგში გაუსწორდნენ, რის გამოც სათუოა პუტინმა 9 მაისს აღლუმი წითელ მოედანზე მიიღოს, იმ წითელ მოედანზე, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე დაუსჯელად გადაუფრინეს კამიკაძე-დრონებმა და კრემლის ეზო "ააფორიაქეს".