ქართული არმიის საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში არა რაოდენობა, არამედ ხარისხია მთავარი, ისიც უკრაინაში ომის გაანალიზებით...
გასულ კვირას ცნობილი შეიქნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს თავდაცვის ძალების დანაყოფი გაგზავნოს აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება "დამცველი 2023"-ში (Defender 2023) მონაწილეობისთვის. ეს; ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მორიგი ნაბიჯია ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების წლების წინ აღებული კურსიდან გადასახვევად. არის ეს მართლაც ასე თუ არა?
თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დამცველებად ჩვენ ნაკლებად გამოვდგებით, მაგრამ ფაქტია, წელს ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ოთხ საერთაშორისო სწავლებაში. კერძოდ, თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთსა (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და იმის მტკიცება, რომ ჩვენი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა მცირდება დასავლელ პარტნიორებთან, ძალზე რთულია მხოლოდ ერთ სწავლებაზე უარის თქმის გამო.
გარდა ამისა, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანსა (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23) და იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL), რომლებშიც ქართველი სამხედროებიც იქნებიან ჩართული და რაც მთავარია, თავად საქართველოც უმასპინძლებს ასეთივე საერთაშორისო სამხედრო სწავლებას (MAPLE ARCH 23).
ამ სტატიის ავტორი 1997 წლიდან არაერთ ასეთ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდა მათი საინფორმაციო გაშუქების მიზნით და ერთ რამეში მტკიცედ დარწმუნდა - მთავარი არა სწავლებების სიმრავლე და მათში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაა (თუმცა არც ესაა უგულებელსაყოფი), არამედ ის, თუ რა ახალ ცოდნას შეიძენენ შენი ჯარისკაცები და ოფიცრები ყოველ მორიგ საერთაშორისო სწავლებაში და რამდენად გამოადგება ეს შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.
მაგალითად, საზღვარგარეთ და ქართულ პოლიგონებზეც წლების განმავლობაში გამართული მრავალეროვნული წვრთნებისა და სწავლებების მიზანი უკვე დაკავებული ტერიტორიების კონტროლის, ჩეკპოინტების მოწყობისა თუ საავტომობილო კონვოების გაცილება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის დახვეწა გახლდათ. ამის შესწავლა, რა თქმა უნდა, გამოადგათ ქართველ სამხედროებს ერაყისა და განსაკუთრებით ავღანეთის მისიებში, მაგრამ თავად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭირო სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ამაზე ბევრად მეტად ქალაქში საიერიშო ჯგუფების გადაადგილებისა თუ ჯავშანტექნიკასთან ქვეითების შეთანხმებული მოქმედებების მეთოდების ათვისება უფრო სჭირდებოდათ, რისი აუცილებლობა აგვისტოს ომმაც დაგვანახვა ცხინვალის ქუჩებში ქვეითების დაცვის გარეშე დარჩენილი და აფეთქებული ქართული ტანკების სახითაც.
არადა, 2003 წლიდან მოყოლებული, რაც ქართული არმია ერაყის მისიაში ჩაება, 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გადამზადებული არანაკლებ ექვსი ათასი სამხედრო გვყავდა, თუმცა მათ ჩეკპოინტების მოწყობასა და მგზავრების გაჩხრეკას ასწავლიდნენ (რაც, ბუნებრივია, საჭირო იყო ერაყის მისიისთვის) და არა მოწინააღმდეგის ტანკების აფეთქებასა და თვითმფრინავების ჩამოგდებას.
მეორე წელია, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდგომ, მსოფლიოში ბევრი რამ კარდინალურად შეიცვალა. განსაკუთრებით შეიცვალა საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკა, სამხედრო ტექნიკის გამოყენების თავისებურებები თუ ფრონტის ხაზზე მებრძოლთა ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ ნატო და თვით პენტაგონიც უზარმაზარი მოუქნელი ბიუროკრატიულ მექანიზმებია, ისინიც კი იწყებენ სტერეოტიპების მსხვრევას და წვრთნებისა და სწავლებების ტრადიციული მეთოდების ძირეულად შეცვლას, რის სასიცოცხლო აუცილებლობაზეც რუსეთ-უკრაინის, ჩვენი საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი ომის გამოცდილება კარნახობს.
ამიტომაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყოველ მორიგ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ის მაქსიმალური ცოდნა მიიღოს, რომელიც რეალურად დაგვეხმარება საერთო მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.