"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე
რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ იუბილეზე, რომში რუსკა ქარქაშაძეს რჩეულმა ხელი სთხოვა. ლაშა მოწონელიძე მსახიობმა მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. ამბობს, რომ მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ. გადაცემაში "სთორი“ სტუმრობისას 20 წლის რუსკამ წამყვანს გაუმხილა, რომ საქმრო 12 წლით უფროსია, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ საერთო ინტერესები ჰქონდეთ
რუსკა ქარქაშაძე:
- ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.
საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ რომში ხელს მთხოვდა. ვერაფერს განსაკუთრებულად ვერ ვამჩნევდი, უბრალოდ ცოტა დაბნეული იყო. 20 წლის ვარ და არასოდეს ველოდებოდი პრინცს, ამას სულ ვაპროტესტებდი. ახლა კი ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა.
მშობლებთან ყოველთვის ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმე მოგწონს, შეგიძლია გამიაზრო. მარიგებდა ხოლმე და ამიტომ, როცა ვინმე მომწონებია, ეგრევე მას ვეუბნებოდი და სულ მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა. ლაშას ოჯახი და ჩემი ერთმანეთს იცნობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. უყვართ ერთმანეთი.
რაც შეეხება როლებს, მახსოვს "ხელოვნური სუნთქვის“ პირველი გადაღებები იყო და მაშინ 13 წლის ვიყავი და 24 საათი გადაღებაზე ვიყავი. ზაფხულში ყველა რომ დასასვენებლად წავიდა, მე გადაღებებზე დავდიოდი, ასეთი მომენტი ბევრი იყო, რომ ჩემი კლასელები სადმე მიდიოდნენ და მე გადაღებების გამო ვერ ვახერხებდი. კინაღამ სკოლაში ბოლო ზარზე ვერ მივედი. ძლივს მოვახერხე ცოტა ხნით მისვლა. სკოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაჯულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ მეორე კურსიდან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემდეგ საჯარო მმართველობაზე და პოლიტიკაზე გადავედი. ჩვენი ყოველდღიურობა ხომ პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვალ ერთ დღეს და პოლიტიკოსი გავხდები.
ბევრჯერ მქონია მომენტი, როდესაც პროფესიონალის ჩარევა დამჭირდა. 13 წლის ასაკში დამემართა პანიკური შეტევები, აფორიაქება, ვერც ვხვდებოდი რა მჭირდა. ხელოვნური სუნთქვის მესამე სერიას ვიღებდით და ვერ ვხვდები რა მჭირს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვერ ვიწყებ. დროსა და სივრცეში დავიკარგე, თავბრუ დამეხვა, ფერი დავკარგე. დედამ ფსიქოლოგთან წამიყვანა და 14 წლის ასაკში ვისწავლე საკუთარი თავის მართვა. მახსოვს 4 დღის მერე გადასაღებ მოედანზე რომ დავბრუნდი, იმ ადგილას, სადაც ცუდად გავხდი, ისევ იგივე დამემართა, მეგონა, ცუდად გავხდებოდი. დედას დავურეკე, რადგან მეშინოდა, მითხრა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ვერ იქნებოდა და თავი ხელში ამეყვანა. ახლა მადლიერი ვარ რომ ასე მოიქცა. გააგრძელეთ კითხვა