"უკრაინელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ კონტრშეტევამ შეიძლება მოლოდინი არ გაამართლოს" - უკრაინის არმიის სავარაუდო დარტყმების მიმართულებები
"უკრაინას წარმატებული კონტრშეტევა სჭირდება, რათა დასავლეთს აჩვენოს - კიევი ღირსია, რომ მას დახმარება გაუგრძელდეს და თავი აარიდოს მოსკოვთან იძულებით მოლაპარაკებას", - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" (The Washington Post) 7 მაისს დაბეჭდილ სტატიაში სათაურით - "უკრაინელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ კონტრშეტევამ შეიძლება მოლოდინი არ გაამართლოს", რომელიც ავტორთა ჯგუფმა მოამზადა.
პუბლიკაციაში უკრაინის არმიის სავარაუდო დარტყმების მიმართულებებია განხილული, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ დასავლეთის მხრიდან კონტრშეტევის მოლოდინს გადაჭარბებული აჟიოტაჟი ახლავს თან.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
ომის 15 თვის შემდეგ უკრაინის სამხედრო ლიდერებისაგან მსოფლიო მნიშვნელოვან მოვლენას ელოდება, მაგრამ მაღალჩინოსნები ცდილობენ, მათი იმედების მნიშვნელობა გარკვეულწილად შეამცირონ - იმის შიშით, რომ კონტრშეტევის შედეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ომში გარდატეხის შეტანას, შეიძლება არ გაამართლოს.
"ჩვენი კონტრშეტევის მიმართ მსოფლიოს მოლოდინი ძალიან გადაჭარბებულია... ადამიანთა უმრავლესობა ჩვენგან რაღაც გრანდიოზულს ელოდება", - ამბობს თავდაცვის უწყების მეთაური ინტერვიუში, რომელიც მას აშშ-ის გაზეთის კორეპონდენტებმა ჩამოართვეს, - "ასეთი დიდი მოლოდინის ფონზე ოპერაციის შედეგებმა შეიძლება, ზოგიერთი ემოციურ იმედგაცრუებამდე მიიყვანოს".
დაგეგმილი კონტრშეტევა, რომელიც დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული იარაღის წყალობით უნდა განხორციელდეს, შეიძლება ომის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს, ვინაიდან კიევი ომის ფინალურ სტადიაზე გადავა - შეეცდება უკან დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და, შესაბამისად, უკრაინა ღირსია, მხარდაჭერა ჰქონდეს.
შემტევი სამხედრო ოპერაციები, როგორც წესი, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უპირატესობას გულისხმობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსებს კარგად გამაგრებული პოზიციები აქვთ თითქმის 1400-კილომეტრიან ფრონტზე, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წინ წაიწევს უკრაინის არმია.
უკრაინელი მაღალჩინოსნები რთული საკითხის წინაშე დგანან: კონტრშეტევის რა შედეგი იქნება საკმარისი, რომ უკრაინის არმიამ დასავლეთზე შთაბეჭდილება მოახდინოს, განსაკუთრებით ვაშინგტონზე?
ზოგიერთები შიშობენ, რომ თუ უკრაინელთა შეტევა წარუმატებელი იქნება, კიევმა შეიძლება დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს, ანდა მოიმატებს ზეწოლა, რომ უკრაინამ რუსეთთან რაღაც საერთო ენა გამონახოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში მოლაპარაკება კიევის სასარგებლოდ არ იქნება და მოსკოვი, ალბათ, უკრაინისაგან ტერიტორიების იურიდიულ გადაცემას მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, კიევისათვის მიუღებელია.
"ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწევთ ბრძოლის ველზე, მით უმფრო მეტ ადამიანს ექნება ჩვენდამი ნდობა, ეს კი მეტ დახმარებას ნიშნავს", - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ვაშინგტონ პოსტთან" საუბარში, ორშაბათს, პირველ მაისს, თავის საკმაოდ კარგად გამაგრებულ შენობაში შეხვედრის დროს.
კიევი ცდილობს, სწრაფი გარღვევა განახორციელოს იმ დროს, როცა აღმოსავლეთის ფრონტზე გაჭიანურებული ბრძოლები მიდის და ვერც ერთი მხარე ჯერჯერობით მნიშვნელოვან ტერიტორიულ წარმატებას ვერ აღწევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, უკრაინის არმიისათვის ძალიან ძნელი იქნება (ან შეუძლებელიც კი) რუსებს იმ პოზიციებამდე დაახევინონ, რომლებიც მათ 2023 წლის 24 თებერვლამდე ჰქონდათ დაკავებული.
უკრაინას თავდაცვისა და კონტრშეტევის კარგი გამოცდილება აქვს - გასული წლის გაზაფხულზე მთავრობამ მოახერხა კიევის შენარჩუნება, ხოლო შემოდგომაზე, რუსეთისათვის მოულოდნელი ოპერაციის შედეგად, უკრაინამ სამხრეთში ხერსონი დაიბრუნა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში - რიგი მნიშვნელოვანი ქალაქები.
"დღესაც დასავლელი პარტნიორები ჩვენგან მსგავს წარმატებას ელოდებიან", - ამბობს ალექსი რეზნიკოვი, - "მათ გვითხრეს, რომ ამჟამად სურთ, დაინახონ წარმატების კიდევ ერთი მაგალითი. მათ გვითხრეს, რომ ჩვენი წარმატების შესაძლებლობა უკრაინელ ხალხს უნდა ვაჩვენოთ... მაგრამ მე არ შემიძლია იმის თქმა, როგორი იქნება წარმატების მასშტაბი - 10 კილომეტრი, 30 კილომეტრი, 100 თუ 200 კილომეტრი".
თუ უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება იმის საწინდარი, რომ დასავლეთი კიევის გამარჯვების უნარში დარწმუნდება და მას იარაღს და საბრძოლო მასალებს უხვად მიაწვდის. გარდა ამისა, არსებობს წარმატების მორალური მხარეც - გაძლიერდება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის სულისკვეთება.
მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე მომენტი - რამ განაპირობა უკრაინის წინა წარმატებები და როგორი მდგომარეობაა ამჟამად?
ა) ხარკოვის ოლქში უკრაინელებს უპირატესობა ჰქონდათ იმის გამო, რომ რუსეთის პოზიციები სუსტი იყო და არსებობდა მოულოდნელობის ფაქტორიც. რუსები, უბრალოდ, ბრძოლის ველიდან პირდაპირ გარბოდნენ;
ბ) ხერსონში უკრაინელებს გეოგრაფიული უპირატესობა გააჩნდათ: თავის დროზე რუსებმა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე განლაგებული საოლქო მსხვილი ქალაქი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს, მაგრამ შემდეგ მისი მომარაგება და თავდაცვის უზრუნველყოფა ძალიან გაძნელდა - რადგან ქალაქთან შემაერთებელი ხიდი მწყობრიდან იქნა გამოყვანილი, კრემლი თვითონაც მიხვდა, რომ ხერსონის დატოვება გარდაუვალი იყო;
გ) ახლა რუსეთს, როგორც ჩანს, თვითონ აქვს გეოგრაფიული და სამხედრო უპირატესობა: ალექსი რეზნიკოვის თქმით, ომში მობილიზებულია 500 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 300 ათასი წინა ხაზზე იმყოფება. რუსების პოზიციები კარგად არის გამაგრებული, რამდენიმე ეშელონით.
რა სავარაუდო მიმართულებებით შეიძლება განხორციელდეს უკრაინის არმიის შეტევა?
პირველი და ყველაზე მეტად სარწმუნო - უკრაინის არმია შეეცდება გადაჭრას ყირიმსა და დონბასს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო "დერეფანი": დაარტყას ზაპოროჟიედან მელიტოპოლის მიმართულებით და გავიდეს აზოვის ზღვის ნაპირზე, რის შედეგადაც უკრაინა თავის კონტროლს აღადგენს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (აეს), კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე (ჰეს), ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილზე და ალბათ, აზოვის ზღვის მთელ სანაპიროზე ომამდელი მდგომარეობით - შესაძლოა, ბერდიანსკისა და მარიუპოლის ნავსადგურის ჩათვლითაც კი. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ რუსეთის არმიაც გამალებული ტემპით ემზადება უკრაინელთა კონტრშეტევის მოსაგერიებლად...
მეორე - უკრაინას შეუძლია დაარტყას ყირიმსაც - ალბათ, სამხედრო-საზღვაო ოპერაციის სახით, დესანტის ნაპირზე გადასხმის შედეგად. მაგრამ აქაც იგივე სურათია, როგორიც პირველ სცენარში - თანამგზავრული ფოტოსურათები მოწმობენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თთქმის მთელ პერიმეტრზე ტრანშეებია გათხრილი თავდაცვის მიზნით. გარდა ამისა, ყირიმი რუსეთს 2014 წლიდან, ანუ ანექსიის პერიოდიდან მუდმივად ამაგრებს, ყირიმშია თავმოყრილი რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზები... ასე რომ, უკრაინის არმიისათვის ყირიმის გაკონტროლება ძნელი იქნება, თითქმის შეუძლებელიც.
მესამე - უკრაინის არმიის კიდევ ერთი შესაძლო შეტევის მიმართულება: ლუგანსკის ოლქის გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა - უგლედარსა და სოლედარში, რაც ბახმუტის ბრძოლებზეც გავლენას მოახდენს - რუსეთის არმიამ (და "ვაგნერის" ქვედანაყოფებმა) შეიძლება უკან დაიხიონ და ქალაქი დატოვონ.
"მე ვერ გეტყვით, თუ რომელი დასახლებული პუნქტების გათავისუფლება ჩაითვლება ჩვენთვის ყველაზე მეტად წარმატებულად, ან რომელი საშუალოდ... იმიტომ, რომ მე არ მინდა რუსეთმა იცოდეს და მოემზადოს, თუ საით ვაპირებთ კონტრშეტევის განხორციელებას", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დასავლელი პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, უკრაინა კარგად არის მომზადებული სამომავლო ბრძოლისათვის, მაგრამ ამას წინათ "გაჟონილი" დაზვერვის მონაცემები და თვითონ უკრაინელი ლიდერები აცხადებენ, რომ არმიას ბევრი რამ აკლია. "ჩვენ დღეს ცაში წაგებულები ვართ - არ გვაქვს ავიაცია", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი "ვაშინგტონ პოსტთან" საუბარში. იგი პირდაპირ ემუდარება დასავლეთს ამერიკული ავიაგამანადგურებლის F-16-ის შეძენაზე, თუმცა მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯო ბაიდენმა საჯაროდ უარი უთხრა.
"უკრაინა უკვე აღარ დაუცდის თვითმფრინავების გადაცემას და კონტრშეტევას უიმისოდაც დაიწყებს, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენთვის უფრო კარგი იქნებოდა, F-16 რომ გვქონოდა.
მართალია, უკრაინამ ამას წინათ ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძლიერი იარაღი - საზენიტო-სარაკეტო სისტემები Patriot-ები მიიღო, "მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დასახელება კი არ იცავს ხალხს, არამედ ამ სისტემების მცოდნე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ალექსი რეზნიკოვის თქმით, "ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა ჩვენს უპირველეს პრიორიტეტებს მიეკუთვნება", მაგრამ როგორც რიჩარდ ბერონსი - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდალი 2013-2016 წლებში - ამბობს, არსებობს იმის საფრთხე, რომ როგორც კი უკრაინის არმია კონტრშეტევას დაიწყებს, რუსები მას რაკეტების მასიური ცეცხლით უპასუხებენ და ამ დროს უკრაინის სუსტი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა რუსული რაკეტების ცეცხლს ვერ გაუძლებს.
"გულწრფელად გეუბნებით - მე ვერ ვხვდები იმის მიზეზს, თუ რატომ ვერ ვიღებთ შორსმსროლელ საარტილერიო სისტემებს", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში. მისი მტკიცებით, უკრაინამ პირობა მისცა დასავლელ მოკავშირეებს, რომ ამ სისტემებს რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად არ გამოიყენებს, მაგრამ ისინი მაინც შიშობენ.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ სამხედრო ტექნიკის უკმარისობამ შეაჩერა უკრაინის არმია ხერსონის აღების შემდეგ, შარშან ნოემბერში, თორემ მათ შეეძლოთ შეტევის გაგრძელება და მეტი წარმატების მოპოვება.
"დღეს რუსებმა კარგად იციან, რომ უკრაინას შორსმსროლელი არტილერია არ აქვს და ამიტომ მათ თავიანთი სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალების საწყობები და საწვავის ბაზები ფრონტის ხაზიდან 120 კილომეტრზე უკან გადაიტანეს", - ამბობს ალექსი რეზნიკოვი.
აი, სწორედ ამიტომ გვინდა რაღაც საინტერესო გვქონდეს 150-კილომეტრიან სიშორეზე სროლის შესაძლებლობით", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, - რუსებს ცუდად აქვთ საქმე ლოჯისტიკაში და ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად უნდა შევაღწიოთ [მათ ზურგში]". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ