"რუსეთი, უკრაინაში საბრძოლველად, ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებას ცდილობს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
რუსი სამხედრო რეკრუტერები ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტი მუშაკების უკრაინის ომში საბრძოლველად გადაბირებას ცდილობენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რეკრუტერები ამ მიზნით მეჩეთებსა და საიმიგრაციო ოფისებს ეწვივნენ.
"საიმიგრაციო სამსახურის ტაჯიკურ და უზბეკურ ენაზე მოლაპარაკე თანამშრომლები რეგულარულად ცდილობენ მიგრანტების გადაბირებას", - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რადიო „თავისუფალ ევროპაზე” დაყრდნობით აცხადებს, რომ რეკრუტერები მიგრანტებს რეგისტრაციის სანაცვლოდ ბონუსის სახით 2 390 აშშ დოლარს, ხელფასის სახით კი თვეში 4 160 აშშ დოლარამდე შემოსავალს სთავაზობენ.
„მიგრანტებს ასევე შესთავაზეს რუსეთის მოქალაქეობის მიღების სწრაფი გზა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადაში, ჩვეულებრივი ხუთი წლის ნაცვლად”, - აღნიშნულია ანგარიშში.
უწყების შეფასებით, მაღალი ყოველთვიური ხელფასი და სარეგისტრაციო ბონუსი ზოგიერთ მიგრანტ მუშაკს აიძულებს, დარეგისტრირდეს. „ამ ახალწვეულებს, სავარაუდოდ, გაგზავნიან უკრაინის ფრონტზე, სადაც მსხვერპლის მაჩვენებელი ძალიან მაღალია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მიგრანტების გადაბირება წარმოადგენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილს, რომლის მიზანია უკრაინაში საბრძოლველად 400 000 მოხალისე შეკრიბოს.
IPN