"ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია სერიოზული თანხები, მაგრამ სად მიდის ეს ფული, არავინ იცის. აი, ამით უნდა დაინტერესდეს პოლიცია და პროკურატურა"
"შარშან მარტვილში 720 დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა, წელს 201 დაკბენილი გვყავს"
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა წლებია ვერ მოგვარდა, პირიქით, ყოველდღე მატულობს მათი რიცხვი და გვიან ღამით ან დილაადრიანად ქუჩაში გასული ხშირად ვაწყდებით ძაღლებს, რომლებიც ადამიანებს ყეფა-ყეფით მისდევენ. ამ დროს ხალხის განწირული კივილიც ისმის, დაკბენის ფაქტიც ხშირია.
საქართველოში ამ დრომდე ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ათასი მიუსაფარი ცხოველია, ამის სტატისტიკა არ არსებობს. თბილისისგან განსხვავებით, რაიონებში ქუჩის ცხოველების უდიდესი ნაწილი აუცრელია. უფრო მეტიც, ხშირად სოფლებში ადამიანები საერთოდ არ ცრიან თავიანთ შინაურ ცხოველებს, სტერილიზაციასა და კასტრაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არადა, ყველა სპეციალისტი ცალსახად ამბობს, რომ ეს პრობლემა ზრდის ცოფის საშიშროებას და ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. მით უფრო, როცა ბოლო დროს ცოფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ფაქტი მარტვილში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალაქში, ხალხმრავალ ადგილას, მიტოვებულმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბინა, ამის შემდეგ ცხოველი ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანეს და ამბობენ, რომ ის მეორე დღეს მოკვდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და საქმეში ჩაერთო ყველა უწყება, მარტვილის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანეს და ახლა მათ აკვირდებიან. ცოფის შემთხვევები გამოვლინდა სენაკში, ლენტეხში, ონში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში...
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ცოფის გამოვლენის კერებში იცრება დაავადების ამთვისებელი ყველა შინაური ცხოველი, ტარდება ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები. სააგენტოს რეკომენდაციით, ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩასა და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს! ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს; საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ცხელ ხაზს" - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.
აღსანიშნავია, რომ ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა; უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, ჰკბენს ცხოველებსა და ადამიანებს, საკუთარ პატრონსაც კი. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ზედმეტად ალერსიანი ხდება, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა უხდება ხრინწიანი. ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც თავისა და ზურგის ტვინი ზიანდება. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ადამიანისთვის მომაკვდინებელია ცოფი, ეს ყველამ იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარტვილში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილმა ორმა ადამიანმა უარი თქვა აცრაზე. ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ მათ დასარწმუნებლად, რომ თავიანთი გადაწყვეტილება უნდა შეეცვალათ.
როზა ჯანაშია, მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი:
- ქუჩის ძაღლმა მარტვილის ცენტრში, ორი დღის განმავლობაში 22 ადამიანი დაკბინა. აგრესიული იყო. არა მხოლოდ კიდურებზე, ზოგიერთს საკბენად მხარზეც კი შეახტა. საბედნიეროდ, სეზონის გამო, ბევრს შედარებით სქელი ტანსაცმელი ეცვა, რამაც გარკვეულწილად დაიცვა ისინი ღრმა ჭრილობისაგან. სასწრაფო ზომები მივიღეთ, იმ დღეს დაკბენილი ყველა ადამიანი ავცერით, მაგრამ ორმა მათგანმა აცრაზე უარი განაცხადა. ერთ მათგანს უამრავ რამეს შევპირდი და ფაქტობრივად, ჩემი ხელით წავიყვანე აცრის გასაკეთებლად, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს; მეორე მამაკაცი სხვადასხვა რაიონში დადის ინსტრუმენტით, უკრავს მუსიკას, ძაღლის ნაკბენი არად ჩააგდო და გასტროლები გააგრძელა. პოლიციის დახმარებით ის სენაკში აღმოვაჩინეთ, პარასკევს პირველი აცრა გაუკეთდა, ახლა მეორე აცრისთვის ისევ ვეძებთ, ტელეფონი გათიშული აქვს. სხვები უკვე მესამე ვაქცინაციაზე არიან...
ცხოველის დაჭერაც ვერ ხერხდებოდა. ნაკვები ძაღლი იყო, ბავშვებმა სახლიც კი უყიდეს. წინადღეს 3 ადამიანი რომ დაკბინა, ეს დაუკავშირეს იმას, რომ ლეკვები ჰყავდა, მაგრამ მერე, როცა ამდენი ადამიანი დაკბინა, უკვე ხმაური ატყდა. ოზურგეთიდან გამოიძახეს სპეციალური სამსახური. დიდხნიანი დევნის შემდეგ კედელთან მიიმწყვდიეს და ლეკვებიანად წაიყვანეს ოზურგეთის თავშესაფარში, სადაც თურმე დაეცა და შემდეგ ცოფი დაუდასტურდა...
სურსათის უვნებლობის სამსახურმა მარტვილში კარანტინი გამოაცხადა, ცენტრში მყოფი მიუსაფარი ძაღლები ახლა გადაყვანილია და მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააკვირდებიან; თუ არაფერი გამოუვლინდებათ, აცრიან, სტერილიზაციას, კასტრაციას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ დააბრუნებენ ქუჩაში. არ შეიძლება ამდენი მიუსაფარი ძაღლი ასე მრავლდებოდეს. ამ ამბის მერე ყველა შეშინდა, ახლა, ვისაც შეხება ჰქონდა ამ ქუჩის ძაღლებთან, ექიმთან მიდის. დაკბენილებს შორის ბავშვებიც არ არიან, ორი ქალბატონია, დანარჩენი - მამაკაცები.
- მარტვილში იმდენი ძაღლია, მანქანებს შიგნით უვარდებიან. დაკბენის შემთხვა ადრეც ბევრი გქონდათ?
- ზოგადად, მომართვიანობამ იმატა. ადრე პერიოდულად მაინც მიჰყავდათ რაიონიდან ეს ძაღლები, ცრიდნენ, ყურზე სანიშნს უკეთებდნენ, მაგრამ ახლა არც ერთი ძაღლი არ არის აცრილი, ყურზე სამაგრიც არა აქვთ. ფაქტია, ადამიანები შინაურ ცხოველებს არ უვლიან, მეტიც, მათ თავიდან იშორებენ და ქალაქის ცენტრში ან უკაცრიელ ადგილას უპატრონოდ ტოვებენ. ეს არაადამიანური საქციელია. დიდი კამპანია უნდა გავაჩაღოთ, საზოგადოების ცნობიერება უნდა ავამაღლოთ, რომ არ შეიძლება შინაურ ცხოველებს ასე მოვექცეთ, ეს კანონით უნდა ისჯებოდეს. ფხიზლადაც უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს და თუ ვინმეს დაკბენს ძაღლი, სასწრაფოდ უნდა აიცრან.
მომართვიანობის მონაცემები შევაჯამეთ და შარშან მარტვილში 720 დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა. წელს იანვრიდან 15 აპრილამდე, 201 დაკბენილი გვყავს. ადრე ცოფი ძროხასაც დაუფიქსირდა. ცუდი ის არის, რომ დაკბენილებისგან ბევრჯერ მომისმენია, - ჩემმა ძაღლმა დამკბინა და არ არის საშიშიო: არ უნდა აიცრას, არადა, თავისი ძაღლიც არ ჰყავს აცრილი...
- ძროხას ექსპერტიზით დაუდასტურდა ცოფი?
- დიახ, ძროხას დუჟი სდიოდა, ბღაოდა... მას მოაჭრეს თავი და ცენტრალურ ლაბორატორიაში ექსპერტიზით ცოფი დადასტურდა. პატრონი ამბობდა, სხვადასხვა გზით ვცდილობდი დახმარებას და პირში ჩავუდე ხელიო. ის ადამიანი ავცერით და საბედნიეროდ, არაფერი გადასდებია. ნებისმიერი დაკბენა, დანერწყვა საშიშია. განსაკუთრებით ქუჩის ძაღლის, რომელზეც დაკვირვება შეუძლებელია. ცოფიანი ცხოველის ნაკბენი ვაქცინაციის გარეშე აუცილებლად სასიკვდილოა! ქუჩის ცხოველის დაკბენისას ვაქცინაცია მით უმეტეს, უალტერნატივოა. ცოფის ვირუსი ძალზე სიცოცხლისუნარიანია, სიცივეშიც კი 700 დღის მანძილზე ცხოვრობს, რაც, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის. აცრა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დროულად, 24 საათის განმავლობაში. ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ცოფის აცრაზე უარის თქმა სასიკვდილო განაჩენია!
ჩვენ ასევე დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსს, ბატონ დემნა ხელაიას.
- ბატონო დემნა, რამდენად ხშირია ცოფის გამოვლენის შემთხვევები და იმის დადგენაც თუ ხდება, როგორ დაინფიცირდა ცხოველი?
- როცა ქუჩის ძაღლზეა საუბარი, რთულია იმის დადგენა, საიდან დაინფიცირდა ცხოველი. პატრონიან ძაღლს თუ გამოუვლინდება ცოფი, ამ დროს შედარებით ადვილია იპოვო წყარო. უმეტესწილად, მიუსაფარი ძაღლები არიან ცოფის მატარებლები, ამიტომ აუცილებელია მათი რაოდენობის რეგულირება, სხვაგვარად ცოფთან ბრძოლაში წარმატებებს ვეღარ მივაღწევთ. არის გარკვეული რაოდენობა, რომლის იქით უბრალოდ, ქვეყანა ვეღარ შეძლებს ქუჩის ძაღლების კონტროლს. ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი ყურადღება მართებთ. ყველა რაიონში უნდა იყოს ძაღლების თავშესაფარი, სადაც შესაბამისი სამსახურები გადაიყვანენ ცხოველს და ჩაუტარებენ აცრას, კასტრაციას... შემდეგ, თუ მსურველი გამოჩნდება, ასეთ ძაღლს აიყვანს და უპატრონებს.
- ბოლო დროს რაჭაშიც დაფიქსირდა ცოფის შემთხვევები.
- ისეთ ადგილებში გამოჩნდა ცოფი, სადაც არ ყოფილა. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში კარგა ხანია არ გვქონია მსგავსი ფაქტი. მოგეხსენებათ, რაჭა ზამთარში იცლება, იქ ბევრი სახლია დაკეტილი და მეზობელმა მეზობელს დაუტოვა ძაღლი, რომ გამოკვებოს, ის აჭმევს, მაგრამ მერე ცხოველი მაინც მიდის... რაჭის შემთხვევებში, სავარაუდოდ, ნადირისგან, გარეული ცხოველისგან ინფიცირდება ძაღლი, მაგრამ სენაკსა და მარტვილში საიდან დაინფიცირდნენ, ამის დადგენა ჭირს... ამბროლაურიდან და სენაკიდან გადმოყვანილი ძაღლები "დაეცნენ" გურიაში, თავშესაფარში, სადაც დაკვირვების მიზნით გადაიყვანეს.
- რა ზომებია მისაღები საიმისოდ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრობლემა აღარ შეექმნას?
- ახლა კანონი მუშავდება - კანონით იქნება განსაზღვრული, ვის შეუძლია ძაღლის გამრავლება, რამდენი ხანი უნდა შეინახონ ცხოველები თავშესაფარში, როდის უნდა გაჩუქდნენ. ძაღლები ქუჩაში უმეთვალყურეოდ აღარ უნდა იყვნენ - ამას თუ ვერ მივაღწიეთ, ცოფთან ბრძოლას აზრი ეკარგება. პატრონიანი ძაღლების შემთხვევაშიც არ ვართ დაცული, რომ მათ ცოფი არ დაუდგინდებათ. ძალიან გასაკვირია, ზოგიერთს ჰყავს მონადირე ძაღლი, რომელიც სანადიროდაც დაჰყავს და იცის, შეიძლება მის ძაღლს შეხება ჰქონდეს გარეულ ცხოველთან, მაგრამ ცოფზე არ ჰყავს აცრილი - ამას რა გამართლება აქვს?!. ევროპის ქვეყნებში გარეულ ცხოველებშიც ტარდება ასეთი ვაქცინაციები, ამიტომ შემცირებულია ცოფის ფაქტები, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო ორგანიზაციები გვირჩევენ, რომ რეგიონალურად უნდა ჩატარდეს ცოფზე ვაქცინაცია.
- მარტვილში ცოფის ეპიდემიის საშიშროება ხომ არ არის?
- ცხოველებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ცოფიან ძაღლთან, გადაყვანილი არიან ოზურგეთში და ცალ-ცალკე მოათავსებენ ვოლიერში სულ ცოტა 10 დღით. თუ არ გამოუვლინდებათ ინფექცია, ამის შემდეგ აცრიან და უკან დააბრუნებენ. ასე რომ, ეპიდემიის საშიშროება არ არის. ზოგადად, დავიწყეთ კამპანიური ხასიათის ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო იქ, სადაც გამოვლინდა ცოფი, დავიქირავეთ ვეტერინარები, რომლებმაც ყველა ამთვისებელი ცხოველი: ძაღლი, კატა, მსხვილფეხა საქონელი, ღორი და ა.შ. უნდა აცრან. ახლა სენაკსა და მარტვილში კარდაკარ დადიან, მაგრამ ზოგადად, ყოველ წელს ვატარებთ კამპანიური ხასიათის ვაქცინაციებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისში ყველა ქუჩას დავივლით და ყველას ავცრით, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ, დიდ ქალაქებში ამის გაკეთება რთულია, მაგრამ მუნიციპალიტეტებში კარდაკარის პრინციპი ამართლებს. ძაღლსა და კატას თუ ვნახავთ ქუჩაში, ცოფზე ვცრით. საკმარისი რაოდენობით ვაქცინა გვაქვს. სოფლებში მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით, ვარიგებთ ბროშურებს და ხალხს ვატყობინებთ, რომ წელიწადში ერთხელ ძაღლს უნდა ჩაუტარონ ცოფზე ვაქცინა და აუცილებელია განმეორებით მე-12 თვეს ჩაუტარდეს.
- თბილისში ქუჩის ძაღლებს აქვთ ყურზე ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოფზე აცრილი არიან?
- ეს ნიშნავს, რომ ცხოველი გადაყვანილი იყო თავშესაფარში, ჩაუტარდა ვაქცინაცია, მაგრამ შეიძლება ვადა გასული იყოს, ეს პროცედურა მათ ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ.
- მწვავედ დგას პრობლემა სოფლებში, რადგან არ ცრიან შინაურ ცხოველებს. რას ურჩევთ ხალხს?
- დაუწერელი კანონია, მეპატრონე ვალდებულია ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტაროს თავის ცხოველს. ასევე, ადამიანებს ვურჩევ, ნუ გამოიყვანენ ძაღლს ქუჩაში ალიკაპის გარეშე, მოარიდონ თავიანთი უცხო ძაღლთან კონტაქტს. მაგრამ ცხადია, თუ მეზობლის აცრილ ძაღლთან ითამაშებს, ეს პრობლემა არ არის. სულ მცირე, 50-100 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი უნდა ჰქონდეს თითოეული რაიონის მუნიციპალიტეტს. ცოფი ისეთი რამ არის, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ადამიანს თუ დაემართა, მისი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ამასთან ხუმრობა არ შეიძლება! საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ცოფის საწინააღმდეგო აცრა.
ძაღლთა თავშესაფრის ერთ-ერთი მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ გამოსავალი კანონის მიღებაა:
- პირველ რიგში, სასწრაფოდ კანონია მისაღები, რომელიც ქუჩაში ძაღლების დატოვების და შემდგომში მათი გამრავლების საკითხს დაარეგულირებს. ამის მერე ეტაპობრივად მოგვარდება პრობლემა და ქუჩაში არ მოხდება ამ ძაღლების ასე გამრავლება. მაგრამ 10 წელზე მეტია, ეს კანონპროექტი პარლამენტში დევს და მოსმენაზეც კი არ გაიტანეს. თითქოს დაიძრა ყინული, მაგრამ მერე ისევ გაჩერდა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროინდელ პარლამენტში იდო ეს კანონპროექტი, ახლა "ქართული ოცნების" პარლამენტში დევს, მტვერი დააყარეს და არ იხილავენ. ვიღაცას არ აწყობს მსგავსი კანონის მიღება. არადა, დეპუტატებს იმიტომ მივეცით ნდობის მანდატი, რომ ხალხს ემსახურონ და მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზებზე იფიქრონ. დღეს არის მარტვილი, სენაკი, ხვალ იქნება ზუგდიდი, ბათუმი... დროზე იმოქმედონ! რაც შეეხება ცოფს, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს წყარო, საიდან გავრცელდა, ველური ცხოველისგან გადაედო თუ მღრღნელებისგან. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, რომ არ მოხდეს კონტაქტი შინაურსა და გარეულ ცხოველებს შორის. ადამიანის მიერ ქუჩაში დატოვებული ძაღლი ეძებს საკვებს, თავშესაფარს. თუ ტყეში შევიდა, სადაც გარეული ცხოველია, შეიძლება დაინფიცირდეს, მერე ისევ ბრუნდება დასახლებულ ადგილას, დაკბენს ან დადორბლავს ადამიანს და მათაც გადაედებათ ცოფი. წყარო უნდა იქნეს დადგენილი, მაგრამ ამ წყაროს ლიკვიდაციისთვის შესაბამისი ორგანოები სათანადოდ არ მუშაობენ. პირველ რიგში, ძაღლი და კატა არ უნდა იყოს ქუჩაში. მათ პატრონი არ უნდა ტოვებდეს. შინაური ცხოველი მოჰბეზრდებათ ან თუ ავად გახდება, გარეთ აგდებენ. უბედურება ის არის, რომ ქუჩაში აღმოჩენილი ძაღლები მრავლდებიან და წარმოადგენენ საშიშროებას, რადგან არ არიან აცრილები ცოფზე. რას აკეთებენ სახელმწიფო ორგანიზაციები, ვისაც ქუჩაში გამრავლებული ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაცია და ვაქცინაცია ევალება? ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია სერიოზული თანხები, მაგრამ სად მიდის ეს ფული, არავინ იცის. აი, ამით უნდა დაინტერესდეს პოლიცია და პროკურატურა. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ მათ მიერ ქუჩაში დატოვებული ძაღლი ისევ ჩვენთვის წარმოადგენს საშიშროებას. არაფერს აკეთებს მუნიციპალიტეტებიც. თბილისში მეტ-ნაკლებად კარგად უძღვებიან საქმეს იმიტომ, რომ მოსახლეობა ამ სამსახურისგან მოითხოვს ამის გაკეთებას. აცრილი ძაღლის გარჩევა შესაძლებელია: ძაღლს, რომელსაც უკეთია პლასტმასის ბიჯი, ყურზე ამოტვიფრული აქვს ციფრები, ეს არის ძაღლის პირადი ნომერი და ნიშნავს, თუ მამალია, კასტრაცია გაკეთებულია, თუ დედალი - სტერილიზაცია და პარალელურად, ცოფზე აცრაც. ამ პირადი ნომრით ხდება რეგისტრაცია ცხოველთა რეესტრში, რისი დახმარებითაც ადვილია გაიგო, როდის აიცრა ბოლოს ცოფზე და რომელ კონკრეტულ ლოკაციაზეა ძაღლი გაშვებული.
თეა ხურცილავა
ჟურნალი "გზა"