"ერთხელ, ერთმა პატიმარმა 3-მანეთიანი გამომიწოდა.... გამეცინა" - ბაღის ორკესტრის დირიჟორობით დაწყებული წარმატებული კარიერა
არქივი, ჟურნალი "გზა", 2010 წელი
საზოგადოება ირაკლი ჩოლოყაშვილს, როგორც მსახიობს, ისე იცნობს, მაგრამ მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული - გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, შესანიშნავი დირიჟორიც გახლავთ. ყველაფერთან ერთად, მას პიარმენეჯერობაც ეხერხება და იყო დრო, როცა ჯარში ყოფნისას, პატიმრების კარგ განწყობაზეც ზრუნავდა.
- ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ზომიერად ცელქი. მახსოვს, საბავშვო ბაღში სიარული არ მიყვარდა, რადგან დღისით გვაძინებდნენ ხოლმე; არადა, რამდენიმეს "ჩაწყობილი" ჰქონდა და არ ეძინა, მერე მეც ამ ხერხს მივმართე (იღიმის). მუსიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ბაღში პატარა ორკესტრი გვქონდა, სახელწოდებით - "თაიგული", სადაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბავშვები უკრავდნენ, ფორტეპიანოზე - მასწავლებელი, მე კი რატომღაც, დირიჟორობა დამავალეს. მერე ისე მოხდა, რომ "რკინიგზელთა სახლში" კონცერტი გვქონდა, რომელსაც ტელევიზიაც იღებდა. პირველად პუბლიკის წინაშე მაშინ წარვდექი. სცენაზე გასვლის წინ გამაფრთხილეს, - როცა მუსიკა დასრულდება, მოტრიალდი და მადლობის ნიშნად, მაყურებელს თავი დაუკარიო. მე კი შემრცხვა და პირდაპირ კულისებში გავვარდი. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერი აღარ არსებობს, თორემ ამ გადასახედიდან სახალისო იქნებოდა.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- კომუნისტურმა სკოლამ მაინცდამაინც ვერ მომხიბლა. ნულ კლასში კალიგრაფია დამიწუნეს და ორიანებს მიწერდნენ. თავიდან კარგი მეგონა, მერე კი, როცა გავიგე, რომ ცუდი ნიშანი იყო, ნერვები მომეშალა, დავითრგუნე. ვცდილობდი, მაღალი ნიშანი მიმეღო, მაგრამ არ გამომდიოდა. ამის მერე მასწავლებლებთან "ცივი ომი" გამოვაცხადე - რასაც ვსწავლობდი, იმასაც აღარ ვყვებოდი და ვიტყუებოდი, არ ვიცი-მეთქი, თუმცა მათ ჩემს ცოდნას პერიოდულად ვუმტკიცებდი... ერთ დღეს პიონერები გაგვაფრთხილეს: ხვალ კომისია მოდის და ყველამ თეთრი პერანგი ჩაიცვითო.
ავდექი და მეორე დღეს შავი პერანგით მივედი (იღიმის). რა თქმა უნდა, იმ დღეს სახლში გამაბრუნეს. იძულებით ვისწავლე გამრავლების ტაბულა, ჰოდა, ამიტომაც დამავიწყდა - ახლა არ ვიცი. რაც ერითმება, მაგალითად: ექვსჯერ რვა - ორმოცდარვა - ეგ მახსოვს, დანარჩენს კალკულატორის მეშვეობით ვანგარიშობ (იცინის)... მოსწავლე ვიყავი, როცა "მართვეში" შემიყვანეს, სადაც სკოლისგან განსხვავებით, დიდი ხალისით დავდიოდი.
კონცერტები ძირითადად, ფილარმონიასა და ოპერის თეატრში გვქონდა. 7 წელი ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, შემდეგ კი ნიჭიერთა ათწლედში გადავედი ანუ მეშველა - როგორც იქნა, სკოლას მოვცილდი და იქ წავედი, სადაც "ბევრი" მუსიკა იყო. ამ პერიოდში ჰობოიზე დაკვრის სურვილი გამიჩნდა - ჩასაბერი ინსტრუმენტი ჩემთვის სიახლე გახლდათ და გამიტაცა. კამერულ ანსამბლებში, ორკესტრში ვუკრავდი. ამ სასწავლებელში სიარული მეხალისებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ფიზიკის სწავლასაც გვთხოვდნენ. სხვათა შორის, გასტროლების გამო ათწლედსაც ვაცდენდი ხოლმე...
- როგორც ვიცი, თქვენი სტუდენტობის პერიოდი გასული საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებს დაემთხვა...
- დიახ, ჩემი სტუდენტობის დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა ანუ თვითგამორკვევის პერიოდი დადგა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თურმე, გარდა მუსიკისა, ამქვეყნად სხვა ფასეულობებიც არსებობს; ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისი იყო. ქუჩაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები იყო გამოფენილი, მის სახელს გაყვიროდნენ - ისეთი რამ ვიგრძენი, რაც მანამდე არ განმიცდია. 1990 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ყველა მოვლენა ჩემ თვალწინ, ჩემი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა. მე ჭოლას ჯგუფში ვიყავი. პედაგოგებს ვეხვეწებოდი ხოლმე, - ლექციებიდან ცოტა ხნით გამათავისუფლეთ, საქმე მაქვს-მეთქი, სინამდვილეში კი მთავრობის სახლთან მივდიოდი, პრეზიდენტის გამოსვლას ვუსმენდი და შემდეგ უკანვე, ინსტიტუტში ვბრუნდებოდი. მალე ქვეყანაში საშინელი ამბები დატრიალდა და პირველად ვიგრძენი პესიმიზმი, უსამართლობის განცდა დამეუფლა...
- სტუდენტობისას სპექტაკლებში თუ მონაწილეობდით?
- ლევან წულაძის მიერ დადგმულ "აჩრდილებში" ალფრედს ვთამაშობდი. საერთოდ, ასეა, როცა დამწყები მსახიობი სცენაზე პირველად გადის, უკვე ჰგონია, რომ ჩამოყალიბებული მსახიობია. მეც ასე დამემართა და I-II-კურსელებს ზემოდან ვუყურებდი (იცინის); მეორე ნამუშევარი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან სელენჯერის ნაწარმოების - "თამაში ჭვავის ყანაში" - მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მთავარ როლს ვასრულებდი... ლევანის მადლობელი ვარ, რადგან რაც ვიცი, მისგან ვისწავლე. ის ისეთ როლზე არ დამამტკიცებს, რომელსაც ვერ ვითამაშებ. მისი წყალობით ჩემი ადგილი მაქვს "სარდაფშიც" და მარჯანიშვილის თეატრშიც. 2 წელი ჯარში ვიყავი, ოღონდ იქ ისე ვცხოვრობდი, როგორც ჩვეულებრივი მსახიობი - შს სამინისტროს თეატრში ვიყავი მიმაგრებული.
- როგორი სპექტაკლები იდგმებოდა შს სამინისტროს თეატრში?
- სხვათა შორის, იქ კარგი გამოცდილება მივიღე. თუმცა, იმ პერიოდში სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა არანაირად არ მხიბლავდა, რადგან იმ ხელისუფლებასთან მიწევდა თანამშრომლობა, რომელიც სისხლის ღვრით, ძალის გამოყენებით მოვიდა. მოკლედ, უკანონობა კანონობდა... შს სამინისტროს თეატრში მუშაობა საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ კოლონიებში სიარული და იქ სპექტაკლების გამართვა გვიწევდა. მაგალითად, ქსნის კოლონიაში "დარისპანის გასაჭირი" ვუჩვენეთ. ერთხელ ერთმა პატიმარმა ხუმრობით მკითხა - ბილეთი რა ღირსო? და 3-მანეთიანს მაწვდიდა. გამეცინა. მითხრა: რა გაცინებს? მე რომ აქ ჩავჯექი, მაშინ 3 მანეთი ფული იყოო (იცინის).
- როდის მიხვდით, რომ პოპულარული იყავით?
- "სარდაფში" მუშაობისას. სხვათა შორის, იმ პერიოდში რეკლამებში გადამიღეს (გიორგი ებრალიძის რეჟისორობით) და ჩემს პოპულარობას გარკვეულწილად, ამანაც შეუწყო ხელი. ვიგრძენი, რომ ქუჩაში თვალს მაყოლებდნენ, ვიღაცები ჭორაობდნენ, გოგონები ერთმანეთს თვალებით რაღაცას ანიშნებდნენ...
- და თქვენც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგწონდათ, არა?
- კი და მეც "გავმაიმუნდი" (იცინის)... "სარდაფში" მუშაობის პირველი 3-5 წელიწადი ძალიან აქტიური იყო, ყოველდღე სპექტაკლები გვქონდა, თანაც - ანშლაგებით. 1997 წელს, როცა ლევანმა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმიწვია, დიდ სცენაზე თამაშის გამოცდილებაც მივიღე და მივხვდი, რომ "სარდაფისგან" განსხვავებით, აქ ყველაფერს გაპატიებენ, რადგან მაყურებელი სცენასთან ახლოს არ ზის... რატომღაც, ლევანი თითქმის ყოველთვის, შეყვარებული მამაკაცის და დადებითი პერსონაჟების როლს მაძლევს, არადა, უარყოფითი ადამიანის განსახიერებაც ძალიან საინტერესოა. მარჯანიშვილის თეატრში პირველად სპექტაკლ "დაუსრულებელ სიზმარში" ვმონაწილეობდი. ის სპექტაკლი ჩემთვის მართლაც, დაუვიწყარი იყო. ამ თეატრში ძალიან კარგად შემხვდნენ და ბევრი მეგობარიც შევიძინე.
- პირველად რომელ მხატვრულ ფილმში მიგიწვიეს?
- მახსოვს, მოსწავლე ვიყავი. შუა გაკვეთილზე 2 კაცი შემოვიდა, ყველანი შეგვათვალიერეს და ბოლოს, მაინცდამაინც მე დამადვეს ხელი, - ეს არისო! - არა ვარ მე-მეთქი, - ვეუბნები. - როგორ არა, შენ ხარ, ხვალ მშობელს მოიყვანო. გადავირიე, - რა დავაშავე-მეთქი? თურმე კინოსტუდიიდან იყვნენ. იმ კაცებმა მე და ჩემი კლასელი გოგონა შეგვარჩიეს. ფილმს "ყვითელი ჩიტი" ერქვა, 1-2 ეპიზოდში გადამიღეს... რომ გითხრათ, კინოროლებით განებივრებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ის კი არა, თავად კინოც ვერ ანებივრებს საკუთარ თავს (იცინის). თუმცა, ბოლო დროს რაღაც წინსვლა შეიმჩნევა, ნორმალურ ფილმებს იღებენ და ღირს, რომ იმუშაო.
- სერიალებში მონაწილეობა საინტერესოა თქვენთვის?
- "მტვრის გემო" ის სერიალია, რომლის გადაღებებზე სიარული მსიამოვნებდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი იქ იყო და ამისათვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დათო ჯანელიძეს, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი მანდო. მომწონდა "ცხელ ძაღლში" თამაშიც. ეს სერიალები ჩემთვის იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთში პოლიციელს ვასახიერებდი, მეორეში - კრიმინალს.
- როგორც მახსოვს, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდით.
- სადირიჟოროზე ვსწავლობდი. არ ვიცი, ამისკენ ორკესტრმა "თაიგულმა" მიბიძგა თუ სხვა რამემ, მაგრამ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვა პროფესიის დაუფლების სურვილიც გამიჩნდა. სხვათა შორის, თეატრალურში მეორად ფაკულტეტზე, ვოკალზე ჩავაბარე და ბატონ ზურაბ ანჯაფარიძესთან 2-წლიანი კურსი გავიარე. ამავე პერიოდში ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი "ლაშარი".
პარალელურად, "რუსთავი 2"-ში სერიალებს ვახმოვანებდი. კულტურის ინსტიტუტში საგუნდოზე ჩავაბარე, მაგრამ რადგანაც ორკესტრში ვმუშაობდი და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი, ჩემთვის უფრო საინტერესო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა იყო. მართალია, ინსტიტუტში ამას არ ასწავლიდნენ, მაგრამ მე ისეთი პედაგოგი შემხვდა - ავთო რევიშვილი (ის ზაქარია ფალიაშვილის ძმის - ვახტანგის მოსწავლე იყო), რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცოდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შემეძლო და ოპერის თეატრში რამდენიმე კერძო პროექტი გავაკეთე, ვიდირიჟორე...
- სულ რამდენ ინსტრუმენტზე უკრავთ?
- მაგას დაკვრა არ ჰქვია (იცინის). ჰობოი, საყვირი, საქსოფონი და კლარნეტი - სხვა ინსტრუმენტი არ მაქვს.
თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა", 2010