"მე ვუთხარი, - ჩვენ შორის ერთი განსხვავებაა: დიდი მსახიობი რომ ხარ, ყველამ იცის, მაგრამ შენ რომ სცენიდან ჩამოდიხარ, ისევ არტისტი ხარ, მე კი ხალხის ენაზე ვლაპარაკობ, ხალხის შვილი ვარ-მეთქი"
ჟურნალ "გზის" არქივი, 27.08.2010
მოცეკვავეს, მსახიობს, მწერალს, თბილისელ კოლორიტად აღიარებულ და ბევრი ტიტულის მქონე ადამიანს - გივი სიხარულიძეს მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება: მისი ცხოვრების შესახებ ბევრი დაწერილა, სხვათა შორის, უცხოურ, საკმაოდ ცნობილ გამოცემებშიც... ის არაერთი წიგნის ავტორი და ფილმის პერსონაჟია. მის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად კი ალბათ ყოველთვის "უძინართა მზეში" განსახიერებული ვანიჩკა დარჩება. როდესაც მას შეხვედრა ვთხოვე, რადიო "აფხაზეთის ხმაზე" საკუთარ გადაცემაში ("არასოდეს მომენატრები") მიმიპატიჟა და ამ ინტერვიუს ჩაწერა სწორედ რადიოგადაცემის დროს, ღია ეთერში მოხდა.
- ბატონო გივი, სანამ თქვენს კარიერაზე საუბარს დავიწყებთ, ბავშვობა გაიხსენეთ: როგორ ოჯახში იზრდებოდით, როგორ ცხოვრობდნენ თქვენი მშობლები?
- როცა მეკითხებიან, - საიდან მოდიხარო? ვპასუხობ, - მე ბავშვობიდან არ მოვდივარ, "დიდობიდან" მოვდივარ-მეთქი... ძალიან ცუდი და გაჭირვებული ბავშვობა მქონდა, გახსენებაც კი არ მინდა. ზოგჯერ საკუთარი თავი მეზიზღება, როცა ჩემს ბავშვობაზე ვფიქრობ. მამა დაჭერილი და გადასახლებული იყო, მარჩენალი ბაბუა - ვლადიმერ ჯაფარიძე, უეცრად გარდაიცვალა - ტრამვაიმ გაიტანა. მასზე მეტად არავინ მიყვარდა ამქვეყნად. დედაჩემი რუსულის მასწავლებელი იყო და კოლონიაში ბავშვთა აღმზრდელად მოეწყო იმისთვის, რომ ყოველდღე 2 "ბუხანკა" შავი პური მოეტანა ჩემთვის. იქ იცოდნენ, როგორ უჭირდა დედაჩემს, ნახევრად მშივრები რომ ვიყავით და მისი თანამშრომლები თავიანთ ულუფასაც მას აძლევდნენ, რომელსაც შემდეგ კვერცხზე, მაწონზე, რძეზე ცვლიდა და ასე მზრდიდა. ულამაზესი რუსი ქალი იყო და მე ამით ვამაყობ. რუსი ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ მათი პოლიტიკოსები მეზიზღებიან...
ომის შემდგომი პერიოდი იყო და მეზობლები, რომლებსაც თვითონაც უჭირდათ, შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. მახსოვს ელა დეიდა, რომელიც უბეში გადამალულ ჩირს, ვაშლს, ატამს მჩუქნიდა ხოლმე. ბევრმა ადამიანმა დამაფრქვია თავისი სითბო და ყურადღება. კაცმა ეს სიკეთე შემდეგ სხვას უნდა გადასცეს და ეს ტალღა გააგრძელოს. ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე. მდიდარი ხალხი უმეტესად ძუნწია, იშვიათად ეხმარება სხვას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც კაცური თვისებები აქვთ, გვერდში დამიდგნენ და ამისთვის მადლობას ვუხდი მათ.
- იმდენად აქტიური ადამიანი ხართ, ალბათ ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავით. როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?
- ვისაც ჩემი რომანი "იამური" წაუკითხავს (რომელიც ახლა შესაძლოა, ფრანგებმა ფილმად გადაიღონ), აღწერილი მაქვს ბავშვობის პერიოდი. "არსენალზე" ვცხოვრობდი, ზემოთ, ვორონცოვზე. 12 წლისა უბნის ძველბიჭებთან ვიყავი მოლაპარაკებული და მატარებლიდან, რომელსაც "ტავარნი ვაგონს" ეძახდნენ, საკვები ზეთით დატვირთულ დიდ რკინის კასრებს (მაშინ აშშ გვეხმარებოდა) ვაგორებდი. თითოს დაგორებაში 10 მანეთს გვაძლევდნენ. მატარებელი ძალიან ნელა მიდიოდა; 2 ცალს ვერეოდით - კიდეზე რომელიც იდგა, ხელს ვკრავდით; ხევში ბიჭები ხვდებოდნენ და მიჰქონდათ. ერთხელ ისე მოხდა, რომ "ვინტოვკიანმა" ჯარისკაცებმა შეგვნიშნეს. ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, - ბუჩქებში დაიმალნენ, ვხედავ, ბავშვები არიან და ვესროლოო? მეორემ უპასუხა, - არა, აქტი დაწერე, რომ მოგვპარეს და მე ხელს მოგიწერო. აი, მაშინდელი "ვინტოვკიანი" კაცი უფრო ვაჟკაცი იყო, ვიდრე დღეს ხელცარიელი, რომელმაც შეიძლება, უსინდისოდ გაგწიროს...
იმ 10 მანეთიდან ზოგჯერ 2 მანეთის "პადუშკა" კანფეტი მიყიდია, დანარჩენი ფული კი ჩემი სახლის კართან დამიგდია. მერე სხვენიდან ვუთვალთვალებდი, ვინმეს არ აეღო. დედაჩემი როცა პოულობდა, უკვირდა, საიდან გაჩნდაო?! მეზობლებს ჩამოუვლიდა ხოლმე, ეკითხებოდა, - ფული ხომ არ დაკარგეთო? - ბოლოს კი იფიქრებდა, ღმერთმა გამომიგზავნაო!.. ასე ვეხმარებოდი ხოლმე. ეს ნაღდი ამბავია, ერთ სიტყვასაც არ ვიტყუები. სიკვდილთან თამაში იყო, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
- რა იყო მაშინ ბავშვების, ბიჭების გასართობი? სად დადიოდით?
- ჩემი გასართობი იყო - "გრძელი" ან "მრგვალი ვირი", "ჩილიკა" ჯოხი, ლახტი, ჩიკორი და ასეთი რამეები. აბა, მუშთაიდის ბაღში მე ვინ წამიყვანდა?! საქანელები ფული ღირდა, მე კი ძირგამოხეული ფეხსაცმელი მეცვა.
- სკოლაში როგორ სწავლობდით? მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- მე-19 სკოლაში დავდიოდი და ძალიან ცუდად ვსწავლობდი. კლასში არ შევდიოდი ხოლმე; თუ შევიდოდი, ისეთი ხულიგანი ვიყავი, სულ მაგდებდნენ. პედაგოგებს არ ვუყვარდი. მაგრამ ასეთი რამ მოხდა... არის ასეთი ადამიანი - ლევან ჩიქვანაია, პროფესორი, უგანათლებულესი კაცი, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მე გეოგრაფიას მასწავლიდა - ამ საგანშიც 2-ანი მქონდა... რამდენიმე წლის წინ საბურთალოს ბაზართან შემხვდა და მითხრა, - გავიგე, წიგნების წერა დაგიწყიაო. სახლში გავიქეცი, ჩემი 7 წიგნი მივუტანე და დავემშვიდობე. რამდენიმე ხნის შემდეგ ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", რომლის რედაქტორიც თამაზ წივწივაძე იყო, ბატონ ლევანს ჩემზე ასეთი შინაარსის სტატია დაუწერია: ბოდიშს ვიხდი პედაგოგიკის წინაშე, რომ ამდენ ხანს პედაგოგად ვიმუშავე და ამ ცუღლუტ ბიჭში ამდენი ნიჭიერება ვერ აღმოვაჩინეო (ეს წერილი ბატონ გივის, ჩარჩოში ჩასმული, სახლის ერთ-ერთ კედელზე უკიდია, მრავალრიცხოვანი ჯილდოების გვერდით. - ავტ.)...
- როდის და სად დაიწყო თქვენი საცეკვაო კარიერა? რომელ ანსამბლებში ცეკვავდით?
- 7 წლის ვიყავი, როცა ბებიამ "რკინიგზელთა სახლში" ცეკვაზე მიმიყვანა. მთავარი ქორეოგრაფი აწ განსვენებული მიშა ბახტაძე იყო, პედაგოგი კი - გურგენ სუქიასოვი, ძალიან შეუხედავი კაცი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მას ცეკვის სწავლება შეეძლო, მაგრამ როგორც კი დადგა და ტანი დაიყენა, მაშინვე მივხვდი, რა არის ცეკვის არსი, როგორი უნდა იყოს მოცეკვავე და სწორედ ამ სომეხ კაცს ვუმადლი, რომ პროფესიონალი მოცეკვავე გავხდი. შემდეგ, ბუხუტი დარახველიძისა და სუხიშვილების ანსამბლების სოლისტი ვიყავი, რამდენიმე წელი კი სახალხო ანსამბლ "სინათლის" მთავარი ბალეტმაისტერი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით. გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში, არჩევითობა რომ დაიწყო, სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლმა "თბილისმა" მთავარ ქორეოგრაფად, მერე კი - სამხატვრო ხელმძღვანელადაც ამირჩია. 20 წლის განმავლობაში მათთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე.
სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ბუხუტი დარახველიძის წყალობით, სამოგზაუროდ დავდიოდი.
14 წლისა მოსკოვში მოვხვდი - აბა, ვინ წამიყვანდა მე იქ, გაჭირვებული კაცის შვილს?!. კრემლის სასახლეში, "პროფკავშირებში" გამოვდიოდი მასშტაბურ ფესტივალებზე. 130 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. შემდეგ უკვე სახალხო და სახელმწიფო ანსამბლების ბავშვები დამყავდა.
- "ფლამენკოს" ცეკვა სად ისწავლეთ?
- ყოფილი საბჭოთა კავშირის ცეკვების უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. სტაჟიორი ვიყავი რუსეთის სახელოვან ანსამბლში და ყველა ეს ცეკვა იქ ვისწავლე. ამავე დროს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპერაში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავდიოდი, სადაც 10 წლის ასაკიდან იღებდნენ ბავშვებს და ასეთ პატარა ასაკში ჭაბუკიანისა და მიხეილ სოლოგოვის მოსწავლე ვიყავი.
- ძალიან მრავალფეროვანი გატაცებები გაქვთ - ჩოგბურთი, კრივი, ფეხბურთი, ტანვარჯიში, წყლისა და მთის თხილამურები, ცურვა... როგორ მოახერხეთ, სპორტის ამდენ სახეობას დაუფლებოდით?
- ამაში განსაკუთრებული არაფერია. აბა, დაუკვირდით - ჭადრაკი ხომ არ არის მაგ ჩამონათვალში, შაში: რასაც ჭკუა უნდა, ის ვერ შევძელი (იცინის)... ყოველთვის ზემოთ ჩამოთვლილი სპორტის სახეობების მიმართ მქონდა მიდრეკილება. პატარა რომ ვიყავი, ჩემმა კლასელებმა მე-5 კლასიდან სიგარეტის მოწევა დაიწყეს. ერთი "ქიშმიშა" იყო - ცხვირიდან სულ ლორწო ჩამოსდიოდა და ისიც ეწეოდა. მე ჩემს თავს ვუთხარი, - რადგან ის ეწევა, ესე იგი, არაფერი ყოფილა სიგარეტის მოწევა-მეთქი, - და პროტესტი გამოვაცხადე, არ მოვწიე!.. მე-8 კლასიდან არყის სმა დაიწყეს, ისევ "ქიშმიშა" აქტიურობდა - აღარც დავლიე. ყოველთვის განსხვავებული ვიყავი, ვვარჯიშობდი და არავითარი სურვილი არ მქონდა, "ობშეპიტი" ვყოფილიყავი. ჩემი "მე" მქონდა.
- საუბარი თქვენს სტუდენტობაზე განვაგრძოთ: სად ჩააბარეთ სკოლის დამთავრების შემდეგ?
- ცუდი სტუდენტი ვიყავი, ვცდილობდი, საგნები კი არ ჩამებარებინა, არამედ ჩამეწყო. ცეკვის წყალობით, სულ საზღვარგარეთ ვიყავი და სწავლის დრო არასოდეს მქონდა. ერთ შემთხვევას მოგიყვებით: კათედრის გამგე პროფესორი ქანთარია იყო. ჩემზე დაურეკეს - სუხიშვილების სოლისტია და ნიშანი დაუწერეო. ძალიან სიმპათიური, არისტოკრატიული შესახედაობის ჭაღარა კაცი იყო. მითხრა, - რა ნიშანსაც გინდა, დაგიწერ, მაგრამ მებაღე-მევენახე გამოდიხარ და არ მინდა, შენი სპეციალობა არ იცოდე, იქნებ, შენს დარგს პატივი სცეო... 2-3 კვირა ვთხოვე, ჩავუჯექი, ვისწავლე და მივედი. როგორ ფიქრობ - რა ნიშანზე იციო? - მკითხა. - 3-ზე ან 4-ზე მეთქი... მატრიკული მივეცი და ხუთიანი ჩამიწერა. ასეთი კაცური კაცი იყო! ის საგანი დღესაც მახსოვს და იმ კაცის მადლობელი ვარ, რომ მიბიძგა იმისკენ, რომ მესწავლა. ასეთი პროფესორ-მასწავლებლები უნდა არსებობდნენ!
- რომელი იყო თქვენი პირველი კინოროლი, როგორ შეგარჩიეს და რამდენად კარგად გაართვით თავი დაკისრებულ ამოცანას?
- 1970 თუ 1972 წელი იქნებოდა. ჩემი მეგობარი, რუსთავის ანსამბლის მოცეკვავე მოვიდა და მითხრა, ფილმისთვის "გასეირნება" კარგი გარეგნობის ბიჭი უნდათო. საოცარი შესახედაობის ცნობილი წყალბურთელები იყვნენ სინჯებზე და ისე მოხდა, რომ როლზე მე დამამტკიცეს, რადგან იქ მთავარი - ხასიათი და არტისტიზმი იყო. ჩემი თავის შეფასება ყოველთვის ვიცი - ძალიან კარგად გავართვი თავი და მივხვდი, რომ აუცილებლად მსახიობი ვიქნებოდი. აქედან დაიწყო ჩემი კინოკარიერა... ამის შემდეგ ზაზა ჯანდიერზე იყო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი - "დაუმთავრებელი პორტრეტი", მჭედლიძემ გადაიღო. ეს იყო ტრაგიკული ფილმი მხატვარზე, რომელიც გალოთდა, ჰალუცინაციები დაემართა და გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა. თემურ ბაბლუანი ჩემი ბავშვობის მეგობარია და როცა კინოსტუდიაში ფილმის ჩვენება შედგა, თან წავიყვანე, - მისი აზრი მაინტერესებდა და რომ გამოვედით, მითხრა, - შენ უკვე მსახიობი ხარო.
2 წლის შემდეგ თემურმა ასისტენტი გამომიგზავნა, რომ ახალი ფილმის სინჯებზე მივსულიყავი. როლი ერთწუთიანი იყო. გადაღებები მთაწმინდაზე მიმდინარეობდა, ბაღთან. დღის ბოლოს თემურმა ჯგუფს გამოუცხადა, - ჩვენი ფილმის გადაღება 6 თვით წყდება და მერე ისევ შევხვდებითო. ყველას გაუკვირდა. ამ დროის განმავლობაში სცენარი გადააკეთა და მთავარ როლზე დამამტკიცა. ეს იყო ფილმი "უძინართა მზე", ის პერსონაჟი ჩემთვის "დაწერა". ამ ფილმს 12 გრან-პრი აქვს აღებული. ვამაყობ, რომ მსოფლიოში ყველაზე რჩეული რეჟისორის რჩეული ვარ. თემურმა "მემკვიდრეობაშიც" გადამიღო, რომელსაც ფესტივალებზე სპეციალური პრიზები მიანიჭეს. ის ახლაც მიღებს ახალ ფილმში, რომელსაც სამუშაო სახელი - "ემიგრანტი" ჰქვია.
- რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენთვის ფილმ "ჯორჯიაში" მონაწილეობა?
- ამ ფილმში ლიტვის პრეზიდენტის როლს ვასრულებ. აღსანიშნავია, რომ ქართველი მსახიობები ძალიან დაძაბულები იყვნენ, რადგან ენდი გარსიასთან ერთად გვიწევდა მუშაობა. მე კი არასოდეს "ვკანკალებ" და არც არავინაა ჩემთვის იდეალი. ის კაცი ვარ, რომელიც ბევრს არ უყვარს, მაგრამ მასას, ვისაც ხალხი ჰქვია და არა ძალად ინტელიგენცია, ვუყვარვარ და თუ სადმე დამიძახეს, ესე იგი, დავჭირდი. ჩემს თავს პატივს ვცემ და მივედი ისე, როგორც ჩემს დონეს შეეფერება, როგორც ღირსეული პარტნიორი და არა როგორც მონა, რომელიც თვალებში შესციცინებს ვიღაცებს.
- ტელეკომპანია "ევრიკის" გადაცემებიც გავიხსენოთ...
- ამ გადაცემებში ქართული სული იდო, სიყვარულით და სითბოთი იყო სავსე, ხალხს უყვარდა. მე და თემურ ჩხიკვაძეს მიგვყავდა, ოღონდ ის ეკრანს მიღმა იყო... ერთხელ "რუსთავი 2"-მა ჩემი დაბადების დღის კადრები დაამონტაჟა და ჩირქი მომცხო, ვითომ ღრეობა მოვაწყვე. გაოცებული ვიყავი, ისე იყო ყველაფერი გადაკეთებული. მერე კი გამოვედი და ვთქვი, - მე ისევე კარგად ვცეკვავ, როგორც ვწერ და ისევე კარგად ვწერ, როგორც ვცეკვავ-მეთქი...
- ერთ-ერთ ფორუმზე წავაწყდი - თქვენს ნაწარმოებებს განიხილავდნენ. დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. განსაკუთრებული აქცენტი იმაზე კეთდებოდა, - გივი სიხარულიძე ქართველ "ჩეხოვობას" იბრალებსო... რას იტყოდით ამის შესახებ?
- ცხოვრებაში არ მითქვამს, ქართველი ჩეხოვი ვარ-მეთქი! რუსეთის ყოფილმა ელჩმა ფილარმონიაში გამოსვლისას თქვა, - ხალხნო, თქვენ ქართველი ჩეხოვი გყავთო. ეს სიტყვები კი პელედ წოდებულ ქართველ მოცეკვავესთან - ფრიდონ სულაბერიძესთან, ომარ მხეიძესა და თენგიზ უთმელიძესთან კერძო საუბრის დროსაც გაიმეორა. ვისაც ეჭვი ეპარება, ამ ხალხს ჰკითხოს, იყო თუ არა ასეთი ფაქტი. მინდა, ეს იცოდნენ ჩემმა "კრიტიკოსებმა", რომელთაც თავიანთ ცხოვრებაში წიგნი არ წაუკითხავთ და ბევრს ლაპარაკობენ: მე გივი სიხარულიძე ვარ და ამით ვამაყობ! ვისაც რამეში ეჭვი ეპარება, ჩემი რჩეული - "ის+მე; აწყვეტილი სიცოცხლე" - წაიკითხონ, თუ კითხვა იციან, და მერე ვისაუბროთ. მე ლიტერატურაშიც წინ მივდივარ და კინოხელოვნებაშიც, ჩემი მტრები კი უფრო დაიბოღმონ და გაიბერონ, ნუ გასკდებიან (იცინის).
- თქვენს ოჯახზე, შვილებზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, ერთ-ერთი მათგანი ამერიკაშია...
- დიახ, აშშ-შია. ნიკო ხომასურიძემ ამერიკულ მხატვრულ ფილმში გადაიღო, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობები მონაწილეობენ. საერთოდ, ბევრ იქაურ ფილმშია, რეინჯერებს თამაშობს ხოლმე. ძველი სპორტსმენია - საქართველოს ჩემპიონი ჩოგბურთში, შავი ქამრის მფლობელი კარატეში. საკუთარი საჩოგბურთო სკოლა აქვს. ვამაყობ მისით... ჩემი მეორე ვაჟი ჩემსავით მოცეკვავეა, წყლისა და მთის მოთხილამურე. გენიოსები არ გამიზრდია, წესიერი ვაჟკაცები გავზარდე...
არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, გარდამეცვალა და მის შემდეგ არც მოვიყვან ცოლს. 13 წელი გავიდა. მის სურათთან, რომელიც მე დავახატვინე, ყოველთვის დევს ყვავილები. გენიოსი ქალი იყო. თვალებით მეუბნებოდა ხოლმე, - შენი და ჩვენი შვილების მონა ვარო, - ამით ის დედოფალი გახდა და ჩვენ ყველა მონად გავუხდით მას. ახლა რომ "გენდერული თანასწორობაა" - ცოლი მუხლებზე აყენებს ქმარს და საცვლებს არეცხვინებს, - ჩემი ცოლი ასეთი რომ ყოფილიყო, მეორე დღესვე გავშორდებოდი.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქართულ ტრადიციებთან?
- მძაგს თინეიჯერული მოძრაობები, ამპარტავანი ქალი სიგარეტით ხელში - "კანიაკს" რომ სვამს, იგინება, დილას "პახმელიაზე" მივა სახლში და ხილაბანდწაკრული ქმარი რომ დახვდება, ბავშვებს "პამპერსებს" უცვლის... შევარცხვინე ასეთი ოჯახი! არ მწამს ასეთი ქართველობა. ესენი გადაშენებული ქართველები არიან. მე კდემამოსილებით სავსე ქალი მწამს.
- რა ცნებებია თქვენთვის თბილისელობა და კოლორიტობა?
- ერთ-ერთი გაზეთის გამოკვლევით, თბილისის კოლორიტად დამასახელეს. ასევე, 2006 წელს ერთ-ერთმა ჟურნალმა 18 საუკეთესო, ცნობილი ქართველი მსახიობი წარადგინა, წლის საუკეთესო მსახიობის წოდება კი, 28,8 ქულით, მე მივიღე და 16 ქულით გავუსწარი მეორე ადგილზე მყოფს. კოლორიტის წოდება ჩემთვის ძალიან საამაყოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ ხალხის რჩეული ხარ. დამსახურებული არტისტიც ვარ, ღირსების ორდენიც მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პრემია - ხალხის სიყვარულია.
ერთხელ ქობულეთში მე და ჩემი მეგობარი რესტორანში შევედით. გაუკვირდა, ხალხი ისე დამესია და იმხელა სიყვარულს გამოხატავდა. მე ვუთხარი, - ჩვენ შორის ერთი განსხვავებაა: დიდი მსახიობი რომ ხარ, ყველამ იცის, მაგრამ შენ რომ სცენიდან ჩამოდიხარ, ისევ არტისტი ხარ, მე კი ხალხის ენაზე ვლაპარაკობ, ხალხის შვილი ვარ-მეთქი.
- თქვენი უახლოესი გეგმებიც გაგვაცანით...
- მალე ჩემი კიდევ ერთი "რჩეული" გამოვა - 13 წიგნი ერთ წიგნად, რასაც ახალი მოთხრობებიც დაემატება. ერთ სხვა წიგნზეც ვმუშაობ. ნოემბერ-დეკემბერში საფრანგეთში ფილმის გადაღებები დაიწყება... გეგმა ბევრია. მადლობა ღმერთს, რომ ნიჭი მომცა, რომლითაც ჩემს ხალხს ვესიყვარულები!
თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)