9 მაისი - ერთ დროს საერთო გამარჯვების თარიღი დღეს რუსეთ-უკრაინის ომის პიკად იქცევა...
ხვალ 9 მაისია, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ასე აღნიშნავდნენ ათწლულების განმავლობაში საბჭოთა კავშირში, მისი დაშლის შემდეგ კი - პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა ევროპა ჰიტლერზე გამარჯვების დღედ 8 მაისს მიიჩნევს, როდესაც გერმანელმა გენერლებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი დანგრეულ ბერლინში, მაგრამ განრისხებული სტალინის მოთხოვნით, გერმანელებს იგივე მეორე დღეს, 9 მაისს გაამეორებინეს...
მაგრამ ერთ დროს მთლიანად საბჭოთა კავშირისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი თარიღი დღეს უდიდესი დაპირისპირების პიკად შეიძლება გადაიქცეს, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წელს...
პუტინის კრემლი, რომელსაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე ღია სამხედრო თავდასხმით დაწყებული ბლიცკრიგის ოპერაცია ჩაეშალა, სწორედ გასული წლის 9 მაისისთვის იმედოვნებდა უკრაინის დაჩოქებას, მაგრამ პუტინს ეს არც მაშინ და არც ერთი წლის შემდეგ არ გამოსდის...
ეს კი არა, ერთი პატარა და უკვე მიწასთან გასწორებული უკრაინული ბახმუტის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს 9 მაისის „გამარჯვების დღისთვის“, სამაგიეროდ, 9 მაისი შეიძლება გადაიქცეს რუსეთ-უკრაინის ომში სისხლისღვრის პიკად, როდესაც ორივე დაპირისპირებული მხარე ეცდება, მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მტკივნეული დარტყმები მიაყენოს და ეს ფაქტები ფართო პროპაგანდისთვის გამოიყენოს...
რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელიც მეცხრე თვეა, ვერ ახერხებენ ბახმუტის სრულ დაპყრობას, ბუნებრივია, 9 მაისისთვის ვერც სხვა მიმართულებით განახორციელებენ რაიმე სერიოზულ შეტევას. 9 მაისის „მილოცვაც“ უკრაინისთვის, ბანალურად, ისევ უკრაინული ქალაქების მასობრივი დაბომბვები გახდება ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე - კამიკაძე-დრონების გამოყენებით, რათა რაც შეიძლება მეტმა უკრაინის მოქალაქემ იგრძნოს „დიდი რუსეთის“ ძალა...
ვალში, ეტყობა, არც უკრაინა დარჩება და 9 მაისს ისიც მოინდომებს „საპასუხო მილოცვას“ პუტინის რუსეთისთვის...
მაგრამ უკრაინას არ გააჩნია იმხელა სამხედრო პოტენციალი, რომ მაინცდამაინც რუსული ქალაქები „ააგიზგიზოს“ და უკრაინელ სამხედროებს ამის დიდი სურვილიც არ აქვთ, სამაგიეროდ, არ არის გამორიცხული უკრაინული კამიკაძე-დრონების წერტილოვანი „სტუმრობა“ რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე - ყირიმის ხიდი, აეროდრომები თუ თავად მოსკოვი, თავისი წითელი მოედნით...
9 მაისს თითქოს პუტინი მაინც აპირებს სამხედრო აღლუმის მიღებას მოსკოვში, წითელ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ ორი კამიკაძე-დრონი არა მარტო კრემლის თავზე შეფრინდა, არამედ - მისი სამუშაო კაბინეტიდან რამდენიმე ათეულ მეტრშიც კი აფეთქდა.
რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, უარს იტყვის სამხედრო აღლუმის საავიაციო ნაწილზე (როგორც ეს გასულ წელს მოხდა), თუმცა სახმელეთო ნაწილს მაინც გამართავს და წითელ მოედანზე ტანკებსა და ბალისტიკურ რაკეტებს მაინც ჩაატარებს, მაგრამ ამ აღლუმის მონაწილეებს ცალი თვალი ცისკენ ექნებათ მიპყრობილი, უკრაინული კამიკაძე-დრონების შესაძლო გამოჩენის შიშით...
უკრაინელებს აქვთ საუკეთესო შესაძლებლობები რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში ქაოსის მოხდენის, თუკი აეროპორტებს თავზე იმ სამოყვარულო დრონებსაც კი შეაფრენენ, რომლებსაც არაფრის აფეთქებაც არ შეუძლიათ.
ცალკე, „მსუყე სამიზნეებად“ რჩება რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, მით უმეტეს, უკრაინის საზღვრისპირა რუსეთის ოლქებში უკვე დაფიქსირდა „სარკინიგზო ომის“ რამდენიმე შემთხვევა და აფეთქებული ლიანდაგებიდან გადავარდნილი ტანკებითა თუ საწვავით დატვირთული სარკინიგზო ეშელონების ვიდეოფოტოკადრები ეტყობა, ჯერ კიდევ ელოდება მნახველებს...
რუსებს უყვართ გარკვეულ ღირსშესანიშნავ თარიღებთან გარკვეული ქმედებების მიბმა, მათ ამაში არც უკრაინელები ჩამორჩებიან. ასე რომ, 9 მაისს უნდა ველოდოთ, თუ რამდენად „ცეცხლოვნად“ მიულოცავენ ისინი ერთმანეთს იმ გამარჯვების დღეს, რომელიც მათმა (და ჩვენმა) წინაპრებმა გვერდიგვერდ ბრძოლით, დამსახურებულად მოიპოვეს...