მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია
მოტოსერვისის ბაზრის ლიდერი - მიხეილ თორდიას წარმატების ისტორია
საქმის სიყვარული და მიზანდასახულობა - სწორედ ამ ორმა თვისებამ მოუტანა წარმატება მიხეილ თორდიას, რომელიც განათლებით ავიატორია და 5 წლის განმავლობაში ავიაციაში მუშაობდა ელექტრომემონტაჟედ. ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილს მუდმივად უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონოდა და დამოუკიდებელი, საკუთარი თავის უფროსი ყოფილიყო.
მიზნის მისაღწევად ძალას არ ზოგავდა. ავიაციაში საქმიანობის დროს ინსტრუმენტებთან მუშაობის კარგი ტექნიკური გამოცდილება მიიღო და 2016-17 წელი იქნებოდა, როცა გადაწყვიტა, პირველი მოტოციკლეტი შეეძინა.
„იმ პერიოდში ჩემმა ერთმა ახლობელმა მოტოციკლეტი შეიძინა და როდესაც ახლოდან შევისწავლე, მეც დამაინტერესა. ისე მოხდა, რომ ორი მოტოციკლი შევიძინე. აქედან ერთი გაფუჭებული აღმოჩნდა და იძულებული გავხდი თავად შემერემონტებინა. ამერიკიდან გამოვიწერე ნაწილები, YouTube-ზე ვუყურე ვიდეოებს და ამგვარად შევაკეთე. ეს ყველაფერი ჩემს ავტოფარეხში ხდებოდა. შეკეთების შემდეგ, ეს მოტოციკლი გავყიდე. მომეწონა თავად პროცესი და გადავწყვიტე სწორედ ამ მიმართულებით წავსულიყავი. მომდევნო ეტაპზე, მანქანა გავყიდე და იმ ფულით ექვსი მოტოციკლი შევიძინე, გასარემონტებლად და გასაყიდად,” - იხსენებს მიხეილ თორდია.
მიხეილი თავდაპირველად ამ ყველაფერს ფიზიკური პირის სახელით აკეთებდა, შემდეგ კი, როდესაც საქმე გაიზარდა, ბიზნესად დარეგისტრირდა. დღეს მას მოტოციკლების სერვისცენტრის Michell Bike-ის სახელით ძალიან ბევრი იცნობს. კომპანია უზრუნველყოფს როგორც ნაწილებს, ასევე, ეკიპირებას.
„Michell ჩემს სახელს უკავშირდება. მოტოჯგუფებშიც Michell Bike-ის სახელით მიცნობენ. Michell Bike-ს სერვისი და მაღაზია ერთად აქვს წარმოდგენილი. ესაა საქმე, რომლის კეთებაც გამომდის, მომწონს და მინდა. სხვა საქმეში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. როდესაც ექვსი მოტოციკლი ჩამოვიყვანე და ეს საქმიანობა წამოვიწყე, პირველმა დამკვეთებმა ფეისბუქის საშუალებით მიპოვეს. მათ კი, თავის მხრივ, თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს უამბეს ჩემზე. იმ დროისათვის, ეს სფერო შედარებით ახალი ხილი იყო. მას შემდეგ, მოტოციკლების რაოდენობა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. პირადად მე, 2019 წლიდან დღემდე, 242 მოტოციკლი ჩამოვიყვანე და შევაკეთე. ამ სეგმენტს საინტერესო ისიც აქვს, რომ მოტოციკლისტები ერთმანეთს ცნობენ და სხვადასხვა ღონისძიებაზე იკრიბებიან ხოლმე, მეც ბევრთან ვმეგობრობ. მანქანისგან განსხვავებით, მოტოციკლის ნაწილს ადვილად ვერ იშოვი. ყველა ერთმანეთს ეკითხება სად და როგორ იშოვოს ესა თუ ის ნაწილი ან შეაკეთოს მოტოციკლი. ამიტომ, ხმა სწრაფად ვრცელდება. დღეს, საქართველოში მყოფი ბაიკერების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მომხმარებელია,” - განმარტავს მიხეილი.
2020 წელს მიხეილი ავტოფარეხში აგრძელებდა საქმიანობას. ამჟამად კი მას სპეციალური ადგილი აქვს აღებული იჯარით. Michell Bike-ში ხშირად შეხვდებით მოგზაურ ბაიკერებსაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.
სწორედ მიზანდასახულობამ მიიყვანა მიხეილი ასეთ შედეგამდე. როდესაც ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა ლიბერთის დაუკავშირდა. მას გარკვეული თანხა სჭირდებოდა მოტოციკლეტების ჩამოსაყვანად.
„როდესაც ლიბერთის მივმართე, მოსახერხებელი პირობები შემომთავაზეს. მანამდე ამ ბანკთან ურთიერთობა არ მქონდა და საკმაოდ ადვილი და კომფორტული აღმოჩნდა. ლიბერთისთან თანამშრომლობა იდეალური გამოდგა ჩემთვის. ბევრად მაღალი ნდობის ფაქტორი გამოავლინეს ჩემთან, ვიდრე მათ, ვისთანაც მანამდე ვთანამშრომლობდი. სესხის აღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს ის პირობები, რაც მე მჭირდებოდა. ამ თანამშრომლობის შემდეგ, ბუნებრივია, ბიზნესი განვითარდა. ჩამოყვანილი მოტოციკლები სრულად გავყიდე,” - აღნიშნავს მიხეილ თორდია.
ამჟამად მისი მიზანია სესხი დაფაროს და ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალი სესხის ფარგლებში გააგრძელოს, რომ საქმე კიდევ უფრო განავითაროს. Michell Bike-ის მიმდებარედ მიწის შესყიდვა და მისი ბიზნესისთვის უფრო შესაბამისი ნაგებობის აშენება სურს.
R