პროკურორის განცხადებით, ბადრი ესებუა 2008 წლიდან აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში - კვირის პალიტრა

პროკურორის განცხადებით, ბადრი ესებუა 2008 წლიდან აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებს თავად მიაწოდა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, ესებუა 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა და შუამდგომლობა დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ესებუას სამედიცინო დოკუმენტების ამოღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე განჩინების გაცემას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი და ჩანაწერები რომ არსებობდა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს მითხრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე არც დაუკითხიათ და არც სამედიცინო დოკუმენტები მოუთხოვიათ, ახლა ითხოვენ მოპოვებას და ჩვენ თანახმა ვართ“, - განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრებოდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

IPN