"ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა ნახონ, რომ სოკოსავით ხეზე კი არ ამოვსულვართ, კაცობრიობის ცივილიზაციას ჩვენც ვწერდით" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა ნახონ, რომ სოკოსავით ხეზე კი არ ამოვსულვართ, კაცობრიობის ცივილიზაციას ჩვენც ვწერდით"

წერეთლის პროსპექტის რეაბილიტაციისას დიდუბის პანთეონთან აკლდამების აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"საქართველო ისტორიაა მთელი მისი არსებობით. ნახონ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა, რომ სოკოსავით ხეზე კი არ ამოვსულვართ, კაცობრიობის ცივილიზაციას ჩვენც ვწერდით"...

"ვინ იცის კიდევ რამდენ რამეს მალავს ჩვენი ჯადოსნური ქვეყანა მიწის ქვეშ"…

"ჯერ სად ვართ! ჩვენი არქეოლოგიის უდიდესი ნაწილი შეუსწავლელია. ვინ იცის, წინ რამხელა აღმოჩენები გველოდება"… - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, რაც რეალობისაგან შორს არ არის. მრავალათასწლოვანი ქვეყნის ისტორიულ საცავს, ცხადია, არა ერთი ისტორიული ფასეულობა გააჩნია, მათ შორის - თბილისიც მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე დგას. ქალაქის არქეოლოგიურ შრეებში უამრავი მტრისა თუ მოკეთის კვალია. ამ ისტორიიდან დიდუბის თაღოვანი აკლდამებიც ერთ-ერთია.

მათ არქეოლოგი მერაბ ძნელაძე სწავლობს.

- ბატონო მერაბ, წერეთელზე აკლდამების აღმოჩენას საზოგადოების ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი ამ აკლდამებში მნიშვნელოვან არტეფაქტებსაც ელოდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არტეფაქტები იქნება?

- აღმოჩენებზე საუბარი არასწორია მაშინ, როდესაც შესწავლილი არაფერია, მით უფრო, რომ საქმე გვაქვს ქრისტიანულ სამარხებთან, რომელიც სამარხებში რაიმეს ჩატანებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ამ ეტაპზეც აღმოჩენილი თაღოვანი აკლდამები უკვე შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აქ აღმოჩენილი 12 აკლდამა აგრძელებს იმ აკლდამური დაკრძალვის წესს, რომელიც საქართველოში მრავალსაუკუნოვანია. ბევრ მათგანში მიცვალებული უბრალო ფიცრული "თავსასთუმლითაც" არის შესვენებული. ვინაიდან ჯერჯერობით სამარხები შეუსწავლელია, არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორაა აქ მიცვალებულები დაკრძალული, ხის სასთუმლით თუ - სადგომებით.

და მეორე: აღმოჩენილი სამარხები, დიდი ალბათობით, ქალაქის შეძლებულ ფენას ეკუთვნის. მოგეხსენებათ, მსგავსი მყარი, დროისთვის გამძლე აკლდამების შენებას შესაბამისი სახსარი სჭირდება, რაც ყველას ვერ ექნებოდა. სამწუხაროდ, აკლდამები დაზიანებულია და მხოლოდ ნაწილია იმ სამაროვნისა, რაც სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე იყო. მოგეხსენებათ, დიდუბე ისტორიული ადგილია საქართველოსათვის. თამარ დედოფალმაც ჯვარი სწორედ დიდუბის ეკლესიაში დაიწერა. სამაროვანი წყალგაყვანილობის უზარმაზარი მილებით არის დაზიანებული. ათეული წლების წინ, როდესაც აქ ამ გიგანტურ მილებს აწყობდნენ, სამაროვნის დიდი ნაწილი ტექნიკით გადაითხარა და ამოინგრა. მისგან მხოლოდ ის 12 აკლდამა დარჩა, რასაც ამჟამად ვსწავლობთ.

- ის, რომ საბჭოთა სახელმწიფომ აქ სასაფლაოს ადგილზე გზა გააკეთა, მიცვალებულები კი ასფალტის ქვეშ მოაქცია, თბილისის მოსახლეობის ნაწილმა იცის. თუმცა, მათ იციან მხოლოდ XX საუკუნის სასაფლაოს შესახებ. სასაფლაოს უფრო ძველ ფენებზე არაფერია ცნობილი.

- აღმოჩენილი აკლდამები კი XIX საუკუნის არის. ვინაიდან დიდუბე თბილისისთვის ისტორიული ნაწილია, სავარაუდოდ, აქ ისტორიულადაც იქნებოდა სასაფლაო. რაც შეეხება ასფალტის დაგებას, როგორც ცნობილია, აქ ასფალტის საფარი თუ ინფრასტრუქტურა რამდენჯერმე გაკეთდა, სავარაუდოდ, საფლავებიც ყოველთვის ნახეს, მაგრამ ფაქტს მალავდნენ, თუ მაინცდამაინც ადგილობრივი მოსახლეობა არ შეესწრებოდა მიცვალებულთა ნაშთების ამოყრას.

საბედნიეროდ, ამჯერად გზის სამუშაოები მცირე ხნით შეჩერდა და აკლდამების შესწავლა მიმდინარეობს.

შედეგებს საზოგადოებას გავაცნობთ.

ელენე შაქარაშვილი, თბილისის მცხოვრები:

- ჩემი მამა-პაპა დიდუბის უძველესი მკვიდრი იყო. მათი გადმოცემით, მეც მცირე რამ ვიცი დიდუბის უძველეს სასაფლაოზე. ამაზე ლეგენდასავით მიამბობდა მამაჩემი, რომელსაც თავადაც ორი და - 9 და 11 წლის ცისანა და თამარი ჰყავდა დიდუბის ძველ სასაფლაოზე დაკრძალული. პატარა ვიყავი, როდესაც მეტრო "წერეთლის'' ჩასასვლელთან გავივლიდით და მამაჩემი დარდით იტყოდა ხოლმე, - აქ, ასფალტის ქვეშ, ჩემი დები არიან, სადღაც აქ განისვენებს მათი ძვლებიო.

- მეტრო წერეთელთან? ანუ დიდუბის პანთეონიდან საკმაოდ შორს ყოფილა გავრცელებული დიდუბის სასაფლაო.

- დიახ. თუ არ ვცდები, ახლანდელ, დიდუბის ე.წ. გამოფენის ტერიტორიაზეც კი საფლავები იყო. ამ ტერიტორიიდან სასაფლაო მხოლოდ დიდუბის პანთეონში დარჩა. თავისი დები მამას არ ახსოვდა, ისინი მანამდე დაიბადნენ და გარდაიცვალნენ, ვიდრე მამა დაიბადებოდა, მაგრამ იცოდა მათ შესახებ. ბავშვები გასული საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილან მძიმე ინფექციური დაავადებით. მამა ამოიოხრებდა ხოლმე: საშინელი რაღაც დაემართათ, ჩემმა დედ-მამამ ბევრი იბრძოლა, მაგრამ შვილებს ვერაფერი უშველა, ულამაზესი ბავშვები ერთად მიაბარეს მიწასო. სხვათა შორის, მამაჩემის დედა სწორედ ამ ბავშვების დარდს შეეწირა, 8 წლის ასაკში მამაჩემი ობლად დატოვა. ამის შემდეგ ოჯახი თავს დატეხილი უბედურებების გამო სოფლად გადასახლდა. ამასობაში, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სასაფლაო ისე გადაასწორა, სოფლად ოჯახს ეს ამბავი არც კი გაუგია.

მამაჩემი თბილისში რომ დაბრუნდა, სასაფლაო უკვე აღარ დახვდა. აქ იმაზეა საუბარი, რომ ჭირისუფალს სასაფლაოს გადასწორება არ შეატყობინეს, რომ მიცვალებულები გადაესვენებინათ.

- ამიტომაც იყო ეს სისტემა სასტიკი და კაცთმოძულე, იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი აღარ მოხდება.

- იმედია. როდესაც დიდუბესთან აკლდამები გამოჩნდა, მრავალი თბილისელი წერს თითქმის იმავეზე, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა. მართლაც ვისურვებდი, მსგავსი აღარ განმეორდეს. თბილისს, საქართველოსთან ერთად, ძალიან ბევრი ცუდი აქვს გადატანილი და, დაე, საკმარისი იყოს.

მოამზადა ეთერ ერაძემ (სპეციალურად საიტისთვის).