"ზაიცევმა თავად გამიღო ვიტრინა თავისი ულამაზესი კაბის გადმოსაღებად" - რას იხსენებს ქართველი საოპერო მომღერალი "წითელ დიორად" აღიარებულ დიზაინერზე - კვირის პალიტრა

"ზაიცევმა თავად გამიღო ვიტრინა თავისი ულამაზესი კაბის გადმოსაღებად" - რას იხსენებს ქართველი საოპერო მომღერალი "წითელ დიორად" აღიარებულ დიზაინერზე

გასულ კვირას მსოფლიო აღიარებულ დიზაინერს დაემშვიდობა... ვიაჩესლავ ზაიცევი 85 წლის ასაკში, მოსკოვთან ახლოს, ქალაქ შჩელკოვოში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა... ზაიცევი იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დიზაინერი, რომელმაც დასავლეთშიც მოიპოვა აღიარება - განსაკუთრებით, საფრანგეთში, სადაც მას "წითელ დიორად" იცნობდნენ... მსოფლიოში წარმატებით მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი - ნანა ქავთარაშვილი ზაიცევთან შეხვედრას იხსენებს...

- ვიაჩესლავ ზაიცევს1990-იან წლებში შევხვდი... თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვსწავლობდი, კონცერტისთვის ვემზადებოდი და ძალიან მინდოდა, განსაკუთრებულად ლამაზი საკონცერტო კაბა მქონოდა. კაბის შესაძენად მოსკოვში წავედი, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გზები საზღვარგარეთ გახსნილი. მოსკოვი მაშინ ყველაზე დიდი შესაძლებლობების იყო და იქ გაშვება დიდი საჩუქარი იყო ჩემი ოჯახის მხრიდან, რადგან კონსერვატორიაში, ვოკალური განხრით, იულია ფალიაშვილის კლასში ჩავირიცხე.

ჩვენი კურსი ძალიან დიდ ღონისძიებას ვმართავდით... მართლაც ულამაზესი, დაუვიწყარი საღამო გამოვიდა. ყველა თავის ნომერს ასრულებდა და მე ჩემი ნომრის შესაბამისი კაბის შეძენა გადავწყვიტე, თან ვიფიქრე, რომ მოსკოვში გავისეირნებდი, დავათვალიერებდი... იმხანად ჩემი ბიძაშვილი მოსკოვში ცხოვრობდა, მასთან ჩავედი და მახსოვს, მან მირჩია - მოსკოვში ვიაჩესლავ ზაიცევი მოდის სფეროში ძალიან სახელგანთქმულიაო... ეს იყო ჯერ კიდევ 30 წლის წინ და ზაიცევს უკვე ძალიან ჰქონდა სახელი მოხვეჭილი.

მიმასწავლეს სალონი, თუ სად უნდა მივსულიყავი... როდესაც სალონი გარედან დავათვალიერე, ვნახე, მართლაც რა ულამაზესი კაბები იყო გამოფენილი. ერთი მათგანი განსაკუთრებით მომეწონა, შევედი, იქ მომუშავე პერსონალი ღიმილით მომეგება, მკითხეს, რისი შერჩევა მსურდა. ძალიან თავაზიანი ახალგაზრდა, მოდელებივით ლამაზი ქალბატონები იყვნენ... მე იმ კაბაზე მივუთითე, რომელიც იქ კი ეკიდა, მაგრამ, თურმე, გაყიდვაში არ იყო... კონსულტანტებმა მომახსენეს, ეს კაბა არ იყიდება, მხოლოდ საჩვენებლად არის გამოფენილიო, რაზეც გული ძალიან დამწყდა.

გადავწყვიტე სხვა კაბებს შორის ამერჩია და ზუსტად იმ დროს თავად ვიაჩესლავ ზაიცევი გამოვიდა. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ის იყო იმ ულამაზესი კაბების შემქმნელი, დიზაინერი... მასთან ძალიან თამამად მივედი და ვუთხარი, ძალიან მომეწონა თქვენი კაბა და მითხრეს, რომ არ იყიდება და იქნებ, თქვენ ნება დაგვრთოთ, გავისინჯო-მეთქი... ვიაჩესლავი დაგვთანხმდა, თავად გამოაღო ვიტრინა, გოგონებმა მყისვე ჩამოხსნეს, გავისინჯე და მართლაც ზუსტად ჩემი ზომა აღმოჩნდა... გასასინჯი კაბინიდან რომ გამოვედი და დავენახვე, კომპლიმენტი მომიძღვნა, ძალიან გიხდებაო... დაინტერესდა, რისთვის გჭირდებაო და რომ ვუპასუხე, საოპერო მომღერალი ვიყავი, საკონცერტოდ მინდოდა და ჩემს პირველ კონცერტზე თქვენი კაბით ვიმღერებ, შეძენის ნებას თუ მომცემთ-მეთქი, მიპასუხა, აუცილებლადო...

კაბა ლამაზად შემიფუთეს, გამიბანტეს, თავად ძალიან თავაზიანად გამესაუბრა, მეც დიდი მადლობები გადავუხადე და იქიდან უბედნიერესი წამოვედი... ზაიცევმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ განსაკუთრებულად თავაზიანი ადამიანი იყო. მისთვის მთავარი იყო, ჩემთვის, რიგითი კლიენტისთვის ესიამოვნებინა.

კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა, ულამაზესი კაბა მეცვა ჩემი კარიერის დასაწყისში, მის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და ახლა რომ მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე, ყველაფერი თვალწინ დამიდგა - როგორ მივედი სალონში, გავიცანი, ის კაბა გამომატანა და ასე შემდეგ... გული ძალიან დამწყდა და ჩემი მოგონება, გულისტკივილი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე. ეს ადამიანი ყოველთვის უდიდესი პატივისცემით გამახსენდება. კაბა კი, სამწუხაროდ, დღემდე ვეღარ შემოვინახე, რაზეც ძალიან გული მწყდება.

(სპეციალურად საიტისთვის)