"ილია ჭავჭავაძე ამბობდა: დიმიტრი ყიფიანი ხუროთმოძღვარი იყო, ჩვენ კი, ყველანი, მხოლოდ უბრალო მშენებლებიო" - კვირის პალიტრა

"ილია ჭავჭავაძე ამბობდა: დიმიტრი ყიფიანი ხუროთმოძღვარი იყო, ჩვენ კი, ყველანი, მხოლოდ უბრალო მშენებლებიო"

"არასოდეს შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც დიმიტრი ყიფიანის სახელს წარმოთქვამთ, თითქოს მის მიმართ მოკრძალებაც ჩნდება? პირადად მე ამაზე არაერთხელ მიფიქრია. მიზეზი კი ძალიან ბევრია: ბევრმა შესაძლოა არც იცის, მაგრამ საქართველოს სიყვარულის გამო მოკლული და წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იქნებოდა, არც იმ საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებმაც რუსეთის გათელილი საქართველო ფეხზე წამოაყენეს. თავად ილია ჭავჭავაძეც ასე ამბობდა: დიმიტრი ყიფიანი ხუროთმოძღვარი იყო, ჩვენ კი, ყველანი, მხოლოდ უბრალო მშენებლებიო. ქართული ბანკის­ (ქართული მიწა რომ გაყიდვას გადაარჩინა) და პირველი ქართული სახელმწიფო ორგანიზაციების ჩამოყალიბების იდეაც დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა, მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა. რუსეთის წინააღმდეგ პირველი ამბოხი ქუჩაში სწორედ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვისას მოხდა - მთაწმინდისაკენ მიმავალ პროცესიას რუსებმა პატარა და ვიწრო ქუჩებით სიარული უბრძანეს, რათა ხალხს ეროვნული ღირსება არ გაღვიძებოდა. ხალხი კი ამან ის გააღიზიანა, წმინდანის ნეშტი რუსთაველით დემონსტრაციულად აასვენეს და ზუსტად რუსული მთავრობის რეზიდენციის წინ პარაკლისიც გადაუხადეს. ასეთია ის მოკლე ისტორია, რომლის მსგავსი, ალბათ, ზეცაში ისადგურებს და მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც საჭიროება დგება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წელს, 24 ოქტომბერს, სვანეთის უბნის ახალგახსნილ დიმიტრი ყიფიანის ტაძარში სასწაული მოხდა - თავისით ამუშავდა დიმიტრი ყიფიანის 150 წლის ჯიბის საათი, რომელიც არავის მოუმართავს. ამან იქ მყოფები იმდენად გააოცა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა და მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა. მინდა ამის შესახებ საზოგადოებამაც იცოდეს, რომელიც თავად გადაწყვეტს ჩემთვის ამ სასწაულ მოვლენაზე რა იფიქროს.პატივისცემით, დათო კოროშინაძე".

ჩვენ დავუკავშირდით დიმიტრი ყიფიანის მემკვიდრეს თამარ მიქაძეს, რომელმაც აი, რა გვიამბო:

- დიმიტრი ყიფიანს ოთხი შვილი ჰყავდა. მათგან ნიკოლოზის მემკვიდრეები შემოვრჩით. ჩვენ ვცდილობთ მოვუაროთ მართლაც საქართველოსთვის შეწირული დიმიტრი ყიფიანის მემკვიდრეობას. ბუნებრივია, დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე­ ნივთი ჩვენ გადმოგვეცა, მათ შორის, ჯიბის საათიც, რომელსაც ის ქალაქისთავად (თბილისის მერი 1876-79 წლებში) ყოფნისას ატარებდა.

როდესაც სვანეთის უბანში დიმიტრი ყიფიანის ტაძარი აიგო, მისმა წინამძღვარმა, დეკანოზმა მალხაზ ყიფიანმა გვითხრა, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარაკლისს ჩავატარებ და კარგი იქნება, მის რომელიმე ნივთს თუ წამოიღებ, რათა ხალხმა მისი ხსოვნის ნიშნად ნახოსო. ასე რომ, ტაძარში დიმიტრი ყიფიანის ჯიბის საათი წავიღე და ყველასთვის დასანახ ადგილას მოვათავსეთ. ზუსტად ამ დროს ვიღაცამ­ იყვირა, ღმერთო, საათი ამუშავდაო! ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არც დავიჯერე; სანამ საათს არ მივუახ­ლოვდი და მისი წიკწიკი არ გავიგონე. დღესაც ვერ ამომიხსნია, რა მოხდა, როგორ ამუშავდა 150 წლის საათი, რომელსაც დიმიტრი ყიფიანის სიკვდილის შემდეგ არასოდეს უმუშავია და მხოლოდ რელიკვიად რჩებოდა.

- საათი ხომ არავის მოუმართავს?

- ხელი არავის უხლია, ან ვის მივცემდით ამის საშუალებას. საათი რელიკვიაა და ის ხელუხლებლად უნდა შეინახოს. ვინც დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის შესახებ იცის, ის მიხვდება, როგორი საათივით აწყობილი მიზნებით და გონებით უვლიდა ის ქვეყანას. ყველა საქვეყნო საქმე მისი წამოწყებული იყო. ეს საათი ჩემი ოჯახისათვის იმდენად ძვირფასია, რომ მხოლოდ საქართველოს უნდა დარჩეს.

ამ ამბავსაც გეტყვით - როდესაც მთელ ქვეყანას ძალიან გვიჭირდა და მათ შორის მეც, ერთმა ბიზნესმენმა მასში ძალიან დიდი ფული შემომთავაზა და არ მივეცი. მერჩივნა, მშიერი დავრჩენილიყავი.

- მადლობა თქვენ. უნდა ვისურვოთ, რომ დიმიტრი ყიფიანის მსგავსი თუნდაც ერთი კაცი გვეღირსოს, მაშინ ქვეყანა ნამდვილად გაძლიერდება.

- მეც ასე ვფიქრობ. სხვათა შორის, საათმა ზუსტად 12 საათზე დაიწყო მუშაობა და შინ რომ მოვიტანე, ასევე ზუსტად 12 საათზე გაჩერდა. როგორც ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზმა აგვიხსნა, მსგავსი რამ აუცილებლად ღვთის ნიშანია. თუმცა, რისი ნიშანია, ალბათ, თავად დრო გვეტყვის. ისე, რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეუღლე დავინტერესდით და მესაათეს ვაჩვენეთ საათი, ოღონდაც არ გვითქვამს, ვისი იყო. მესაათემ დახედა თუ არა, მაშინვე თქვა, ძალიან ძვირფასია, განსაკუთრებულად ერთი კაცისთვის არის დამზადებული, მხოლოდ მისი ერთადერთი ორიგინალი არსებობსო.

- როცა ამ ამბავს ვისმენ, უფრო მიძლიერდება შეგრძნება, რომ ოდესმე მსგავსი კაცი დაიბადება.

- რა თქმა უნდა. მთავარია, ამოვიცნოთ, ვინ არის და არ მოვკლათ. იმედია, ჩემი ერი ოდესმე ისწავლის, მართლაც ქვეყნის მოყვარული კაცის ამოცნობას და არ მოკლავს მას.

გაზეთი "კვირის პალიტრა"