"არსებობს დიდი რისკი დაპირისპირების გადაზრდისა ორ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს - ჩინეთსა და აშშ-ს შორის" - CBS-ის ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან
ამერიკული ტელეარხის - "სი-ბი-ეს"-ის (CBS) კორესპონდენტმა ტედ კოპელმა ჩაწერა და ეთერში გადასცა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ დიპლომატთან და პოლიტოლოგთან, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერთან, რომელიც საუბრობს გლობალური დიპლომატიის წარსულზე, აწმყოსა და პერსპექტივაზე, აგრეთვე, იმ კონკრეტულ თანამედროვე საერთაშორისო პრობლემებზე, რომელთა მოგვარება აუცილებელია კაცობრიობის მომავლისათვის.
გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს შემოკლებით:
"ის, რომ ჰენრი კისინჯერი ჯერ კიდევ ცოცხალია, ზოგიერთი ადამიანისათვის შეიძლება ახალი ამბავი იყოს. სამწუხაროდ, ახლა მას ცუდად ესმის, ერთი თვალით ვეღარ ხედავს და გულის არა ერთი ოპერაცია აქვს გადატანილი. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მისი თქმით, დღე-ღამეში 15 საათის განმავლობაში მუშაობს... და თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ასი წლის დიპლომატი დღესაც აქტუალური რჩება გლობალური მასშტაბით.
ტედ კოპელი: - თქვენმა რომელიმე თანაშემწემ რომ ტელეფონით პეკინში დარეკოს და თქვას, დოქტორ კისინჯერს პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარი სურსო, გიპასუხებთ თუ არა ჩინეთის ლიდერი თქვენს ზარზე?
ჰენრი კისინჯერი: - დიახ, არის დიდი შანსი იმისა, რომ ის მიპასუხებს.
ტედ კოპელი: - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც?
ჰენრი კისინჯერი: - ვვარაუდობ, რომ დიახ, მიპასუხებდა.
ტედ კოპელი: - ახლა რომ პრეზიდენტი [ჯო ბაიდენი] მოვიდეს თქვენთან და გკითხოთ, ჰენრი, მოსკოვში ხომ არ გაფრინდებოდი პუტინთან მოსალაპარაკებლადო, რას იზამდით?
ჰენრი კისინჯერი: - ალბათ, უარს არ ვიტყოდი და ამას გავაკეთებდი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე მისი მრჩეველი უნდა ვიყო და არა - მოლაპარაკების რიგითი აქტიური მონაწილე.
ტედ კოპელი: - დიახ, რასაკვირველია. მე არც მიფიქრია, რომ თქვენ ახლა სახელმწიფო მდივნად დაგაბრუნებენ. რა თქმა უნდა, მრჩეველი ნამდვილად იქნებოდით.
ჰენრი კისინჯერი: - თუ ასეა, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
ასეთი ამბიციურობა სხვა ადამიანს რომ გამოეხატა და არა ჰენრი კისინჯერს, მაშინ მსმენელისათვის გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ ყოფილ სახელმწიფო მდივანს ამის თქმის საფუძველი და ნება ნამდვილად აქვს: აი, შეხედეთ მის ირგვლივ უამრავ ფოტოსურათს - მათზე გამოსახულნი არიან როგორც ცოცხალი, ასევე, უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, რომლებსაც დოქტორი კისინჯერი ემსახურებოდა და რჩევებს აძლევდა. ეს ყველაფერი გვაიძულებს, მას დავუჯეროთ და ძველი ანდაზა დავადასტუროთ: "თუ რაღაცის გაკეთება მაინც იცი, მაშინ ტრაბახა არ ყოფილხარ".
ჰენრი კისინჯერის აზრით, უკრაინაში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტში მალე გარდამტეხი მომენტი დადგება. "იმდენად, რამდენადაც მისი დარეგულირების პროცესში ჩინეთია ჩართული, ჩემი აზრით, მიმდინარე წლის ბოლოს, კვანძი გაიხსნება. საქმე იმ მდგომარეობამდე მივა, რომ მომზადდება მოლაპარაკების დაწყება და შეიძლება მხარეები უკვე მაგიდასაც კი მიუსხდნენ", - ამბობს აშშ-ის ყოფილი, 1973-77 წლების სახელმწიფო მდივანი.
ჰენრი კისინჯერს 27 მაისს ასი წელი შეუსრულდება. ზოგიერთი იტყოდა, რომ იგი, ალბათ, გაგებით ეკიდება 80 წლის ასაკში [ჯო ბაიდენის] ან 76 წლის ასაკში [დონალდ ტრამპის] გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ დოქტორი კისინჯერი მათ ასეთ სურვილს სკეპტიკურად უყურებს: "იცით, პრეზიდენტისათვის მაინც აუცილებელია, გარკვეული კარგი ფიზიკური მონაცემები ჰქონდეს. დიახ, ასაკი გამოცდილებაში უპირატესობას ნიშნავს, მაგრამ თანამდებობრივი დიდი დატვირთვა ჯანმრთელობისთვის რისკებს ქმნის. გარდა ამისა, ასაკოვან პრეზიდენტს მუშაობის უნარი უქვეითდება".
ჰენრი კისინჯერი მოვლენების ცენტრში რჩება იმ დროსაც კი, როცა ამერიკელთა დიდი უმრავლესობა ამ ასაკამდე ვერც ცოცხლობს. 1958 წლის ივლისში, ტელეინტერვიუს დროს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ამჟამად ცნობილმა ჟურნალისტმა მაიკ უოლესმა თავისზე უმცროს ჰარვარდის ლექტორს - ჰენრი კისინჯერს სთხოვა, აეხსნა აშშ-ის იმდროინდელი პოლიტიკის - ბირთვული შურისძიების საფრთხის არსი, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო (1958 წლის ტელეინტერვიუს ვიდეოკადრები): "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი კაცობრიობისა და საკუთარი თავის სიკვდილი გვსურს. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველია და თანაც - ძალზე ძვირი დაგვიჯდება".
დღეს ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ მისი სახელმწიფო მდივნობისა და მრჩევლობის პერიოდში, "ფაქტობრივად, 75 წლის განმავლობაში, ორივე პარტიის ადმინისტრაციებს ბირთვული იარაღი არ გამოუყენებიათ, რაც ძალიან დიდ მიღწევას წარმოადგენს".
1971 წელს, როცა ჰენრი კისინჯერი საიდუმლო დიპლომატიურ მისიას ასრულებდა, მან ჩინეთში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი მოამზადა, რომელიც 1972 წელს განხორციელდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში კი ჩინეთმა დიდი ევოლუცია განიცადა და მსოფლიოს ლიდერად გადაიქცა.
"ახლა, როცა თქვენ უკან იხედებით და წარსულს იხსენებთ, თქვენი აზრით, მსოფლიო უკეთესი გახდა თქვენი პეკინური ვიზიტით თუ ის დღეს უფრო სახიფათო ადგილად არის გადაქცეული?", - ეკითხება ტედ კოპელი ჰენრი კისინჯერს.
"ჩინეთი, ასე თუ ისე, საერთაშორისო სისტემაში მაინც დაბრუნდებოდა [ჩემს გარეშეც]. არავის შეუძლია ჩინეთის გარიცხვა საერთაშორისო ურთიერთობებიდან", - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
მაგრამ ჩინეთი დღეს, როგორც ჩანს, ტაივანს თავდასხმით ემუქრება, ჯო ბაიდენმა კი უკვე განაცხადა, რომ ტაივანელებს დაეხმარება.
ჰენრი კისინჯერი: - დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. საფრთხე ისაა, რომ არსებობს დიდი რისკი დაპირისპირების გადაზრდისა ორ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს - ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ამას სასწრაფოდ უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, საფრთხის წინაშე ვდგავართ".
1973-75 წლებში, როცა ჰენრი კისინჯერი სახელმწიფო მდივნად მუშაობდა, მან დიპლომატიის ახალი სტილი შეიმუშავა - ზოგჯერ კვირებს ჰაერში ატარებდა და დედაქალაქებს შორის დაფრინავდა. იგი ასეთ მოქმედებას "შატლურ (სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი) საშუამავლო დიპლომატიას" (Shuttle Diplomacy) უწოდებდა. სწორედ მაშინ გაიცნო ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი: "იგი ნამდვილი კაცი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. დღესაც აღფრთოვანებული ვარ, როცა ვიხსენებ", - ამბობს ჰენრი კისინჯერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ეგვიპტესა და ისრაელის შერიგებასა და მათ შორის მშვიდობის დამყარებაში, რომელიც უკვე 50 წელია, გრძელდება.
ჰენრი კისინჯერმა ბოლო დროს ახალი ტექნოლოგიების მიღწევების, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირის შესწავლა დაიწყო.
- თქვენი აზრით, იქნება გამალებული შეიარაღება ხელოვნური ინტელექტის სფეროში?
- დიახ, მაგრამ იქნება ბირთვულ შეიარაღებისაგან განსხვავებული. ცივი ომის დროს შეიძლებოდა რაღაც სინამდვილესთან ახლოს მდგომი თეორიები შემუშავებულიყო. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით კი საქმე სრულიად სხვა პრობლემასთან გვაქვს", - ამბობს ჰენრი კისინჯერი. 100 წლის ჰენრი კისინჯერს ეს საკითხიც 100%-ით აინტერესებს".