"იმ ახალგაზრდების სულში ნუშის ხე ყვავილობდა... 16 წლის სალომე ავარიაში დაიღუპა, 12 წლის ვატო ფიფია კი თხილამურზე სრიალის დროს ხეს შეასკდა..." - კვირის პალიტრა

"იმ ახალგაზრდების სულში ნუშის ხე ყვავილობდა... 16 წლის სალომე ავარიაში დაიღუპა, 12 წლის ვატო ფიფია კი თხილამურზე სრიალის დროს ხეს შეასკდა..."

"გოგა ფიფია და თინიკო ვარდანაშვილი ფილმ "როცა აყვავდა ნუშის" შემდეგ გახდნენ პოპულარულები. თინიკო კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმში გადაიღეს, გოგაც "მზიურის" ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად კვლავ გამოჩნდა ეკრანზე. მოგვიანებით თინიკო გათხოვდა, ქობულაძეების სასურველ რძალს ორი ქალიშვილი შეეძინა და ამით დაასრულა მსახიობის კარიერა.

გოგამ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და თავისი საქმის მცოდნე, ყურადღებიანი ექიმი გახდა, მეგობრებისა და ოჯახის მოყვარული, უღალატო კაცი. გამორჩეული თბილისელების ოჯახში გაზრდილი, სხვაგვარი ვერც იქნებოდა.

ბედისწერა უცნაური რამ არის, თინათინის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, 16 წლის ქალიშვილი ავარიაში დაიღუპა.

12 წლის ვატო ფიფია კი თხილამურზე სრიალის დროს ხეს შეასკდა და გარდაიცვალა...

ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა, თორემ მაშინ იმ ახალგაზრდების სულში, რომლებიც ფილმში მონაწილეობდნენ, ნუშის ხე ყვავილობდა..." - ასე გაიხსენეს გოგა ფიფია და თინათინ ვარდანაშვილი სოციალურ ქსელში, ცნობილ გვერდზე - "თბილისური ამარკორდი"...

თინათინ ვარდანაშვილი 20 წლის ასაკში მხატვარ მერაბ ქობულაძეზე გათხოვდა, რომელიც ცნობილი მხატვრის, სერგო ქობულაძის შვილი იყო. წყვილს ორი გოგონა – სალომე და ლიზა შეეძინა. სამწუხაროდ, 16 წლის სალომე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგაც, თინათინ ვარდანაშვილი დარდისგან უმძიმესი დეპრესიით იტანჯებოდა... იგი შვილიშვილის დაბადებამ სიცოცხლისკენ შემოაბრუნა, თუმცა მეუღლის გარდაცვალებამ იმდენად ძლიერად იმოქმედა, რომ ერთი წლის შემდეგ, 64 წლის ასაკში, თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა...

18 მაისს მისი დაბადების დღეა... ქართული კინოს მშვენებას - თინათინ ვარდანაშვილს შვილი - ლიზა ქობულაძე "კვირის პალიტრასთან" იხსენებს...

tina-1684415320.jpg

- ქალბატონო ლიზა, თინათინ ვარდანაშვილი თაობებს დაამახსოვრდა, როგორც ულამაზესი ქალი, თქვენს მეხსიერებაში როგორი დარჩა იგი?

- დედა, უპირველესად, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მარტო დედაშვილური კი არა, სრულიად სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვეუბნებოდი, ჩემზე ვუყვებოდი, რჩევებს ვეკითხებოდი... საოცარი პიროვნება იყო! ფაქიზი, მხიარული, ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა, სულ მეგობრების წრეში იყო. დღემდე მაქვს კონტაქტი დედას მეგობრებთან.

რაც შეეხება ფილმებს დედას მონაწილეობით, ადრე სულ ვუყურებდი, როცა ცოცხალი იყო. განსაკუთრებით ფილმზე - „როცა აყვავდა ნუში“ ვგიჟდებოდი... ახლა ვეღარ ვუყურებ ამ ფილმებს, მიჭირს, ძალიან მტკივნეულია.

- თავად რას ამბობდა მის კინოკარიერაზე?

- იგი არ გაჰყვა კინოს, მოგეხსენებათ, მსახიობობა არც იყო მისი პროფესია... შვილის, ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, მით უმეტეს, აღარც უფიქრია კინოზე. უმძიმესი პერიოდი იყო მისთვის... ფილმები, სადაც მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასი იყო. ჩვენ ამაზე არასოდეს გვისაუბრია, მაგრამ აშკარა იყო, მხოლოდ ფილმები კი არა, მსახიობის პროფესიაც უყვარდა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ იმდენად გაუჭირდა, აღარაფერი უნდოდა. ფეხზე დააყენა და გამოაცოცხლა ჩემი პირველი შვილის დაბადებამ, სიცოცხლისკენ შემოაბრუნა. გადაყოლი იყო ბავშვზე, მთლიანად გადაერთო.

tina-1684415296.jpg

- გოგა ფიფიაც ტრაგიკული ბედის ადამიანი აღმოჩნდა. ბოლომდე მეგობრობდნენ?

- დიახ... მახსოვს, ოპერაციას ვიკეთებდი, იმ საავადმყოფოში ვიყავით, სადაც გოგა მუშაობდა. არ დამავიწყდება მათი შეხვედრა, გოგას იმდენად გაუხარდა, დედა რომ დაინახა. ახლო მეგობრობა არ ჰქონდათ, მაგრამ სადაც ხვდებოდნენ, ყველგან ძალიან დიდი სიყვარულით ურთიერთობდნენ და მოიკითხავდნენ ერთმანეთს.

- როგორც თინათინ ვარდანაშვილის შვილები, ალბათ, ყველგან განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდით...

- დედას ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა... სკოლაში, ქუჩაში, სიყვარულს და ყურადღებას ვგრძნობდით. ჩემი და ადრე დაიღუპა, პროფესიის არჩევასაც ვერ მოესწრო, მე კი მსურდა, ხელოვნებას გავყოლოდი. თუმცა არა თეატრალურისკენ, არამედ, სამხატვრო მიმართულებით წავედი. ჩემი შვილებიდან ერთ-ერთმა ხელოვნების სფერო აირჩია, ოღონდ ანიმაციის მიმართულებით.

(სპეციალურად საიტისთვის)