პუტინის სამხედრო აღლუმს ტანკები და ავიაცია დააკლდა, რადგან...
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78-ე წლისთავი რუსეთმა, ტრადიციულად, 9 მაისს აღნიშნა (ევროპაში ამ მნიშვნელოვან თარიღს, ასევე ტრადიციულად, 8 მაისს აღნიშნავენ), მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის გამართვით...
ეს უკვე მეორე 9 მაისის სამხედრო აღლუმია, რომელსაც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი მართავს და რასაც თავისი მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს მათ ჩატარებაში.
გასული წლის 9 მაისის სამხედრო აღლუმზე ბოლო მომენტში უარი თქვეს მისი საავიაციო ნაწილის გამართვაზე და 77 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი აღარ გადააფრინეს წითელი მოედნის თავზე, 300-მდე მეტრის სიმაღლეზე, რადგან კრემლში არცთუ უსაფუძვლოდ შიშობდნენ საჰაერო დივერსიების საფრთხეზე.
წლევანდელი 9 მაისის სამხედრო აღლუმზე თავიდანვე აღარ იყო იმის მოლოდინი, რომ რუსული ავიაცია გადაუფრენდა წითელ მოედანს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირით ადრე "საჰაერო აღლუმი" უკვე შედგა, როდესაც 3 მაისის გამთენიისას კრემლის თავზე უკვე "გაინავარდა" ორმა კამიკაძე-დრონმა და პუტინის კაბინეტის თავზე აფეთქდა...
თუმცა, სამხედრო ავიაციის გარდა, პუტინის წლევანდელ სამხედრო აღლუმს... ტანკებიც დააკლდა!
უფრო სწორად, ეს აღლუმი მართალია, გახსნა მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა სიმბოლომ - "ტ-34" ტიპის საშუალო ტანკმა, მაგრამ მას უკან არც ერთი მუხლუხებიანი საბრძოლო ტექნიკა აღარ მიჰყოლია - არც ტანკები, არც ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არც თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და არც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები...
წლევანდელ 9 მაისის სამხედრო აღლუმში სულ 10 ათასზე მეტი ადამიანი და 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა, მაგრამ ყველა ეს ტექნიკა (პირველი ტანკის გარდა), მხოლოდ ბორბლებიანი იყო - დაწყებული "ტიგრის" ჯავშანმანქანებით და დამთავრებული სტრატეგიული დანიშნულების მობილური სარაკეტო დანადგარებით - "იარსებით" (ამ აღლუმის გაშუქებისას რუს ტელეკომენტატორებს, ასევე "ტრადიციაულად", სიტყვა არ დასცდენიათ იმაზე, რომ სტრატეგიული ბირთვულქობინიანი "იარსების", წინამორბედის - "ტოპოლის" შემქმნელი ქართველი ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ).
რით იყო ეს გამოწვეული?
მოსკოვის მერია პუტინს შეეხვეწა, თითქმის 50-ტონიანი ტანკების მუხლუხებს კიდევ არ გაეფუჭებინათ მოსკოვის ქუჩების ასფალტი თუ მიზეზი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო?
უკრაინაში მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროების დიდი ნაწილი ძალზე ნეგატიურად აღიქვამს 9 მაისის აღლუმებზე ახალი რუსულ სამხედრო ტექნიკის პომპეზურად ჩატარებას - ტალახიან სანგრებში თვეობით ჩამჯდარი რუსი ოკუპანტები, რომლებიც წინ თითქმის ვერ მიიწევენ და, პირიქით, ყოველდღე უკრაინელების გენერალური კონტრიერიშის დაწყების შიშში არიან, არ ერიდებიან ხმამაღლა განაცხადონ ათასნაირ ტელეგრამ-არხებზე: თუკი ასე მაგარი "არმატას" ტანკები და "ბუმერანგის" ჯავშანტრანსპორტიორები გვყავს, მაშინ წითელ მოედანზე ჩატარების შემდეგ ფრონტის ხაზზე გამოგვიგზავნეთ, რომ როგორმე წინ წავიწიოთო...
მაგრამ შოიგუმ რომელი "არმატა" გადაისროლოს ფრონტისკენ, თუკი ოცდაათიოდე "არმატიდან" ნაწილი გაფუჭებულია, ნაწილს კი კონსტრუქტორებისა და ხელოსნების მთელი "არმია" კუდში დასდევს, სადმე არ გაფუჭდეს და გზაში არ დარჩეთ?
სავარაუდოდ, სწორედ ეს მიზეზი - ფრონტზე მყოფი რუსი ოკუპანტების გაუღიზიანებლობა გახდა მთავარი ფაქტორი, რომ წლევანდელ სამხედრო აღლუმზე "მსოფლიოში ანალოგის არმქონე" "არმატებმა" პირველად აღარ ჩაიარეს, ბოლო ათი წლის განმავლობაში...
მაგრამ სხვა ტიპის, უფრო მოძველებული ტანკებისა და მუხლუხებიანი ჯავშანტექნიკის ჩაუტარებლობის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო?
ზოგიერთი ასახელებს მართლაც რომ ფანტასტიკურ გარემოებას - რუსეთმა უკრაინის ფრონზე 440 დღე-ღამის ბრძოლების შედეგად იმდენი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა, რომ აღლუმზე გამოსაყვანი აღარ დარჩაო...
ეს, რა თქმა უნდა, გაბუქებული მოსაზრებაა, რუს ოკუპანტებს უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ შემოსატევად, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ტანკი და ჯავშანმანქანა ჰყავთ დარჩენილი, თუმცა მათი დანაკარგი ჯავშანტექნიკის სახით მაინც ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება...
2023 წლის 9 მაისის მონაცემებით, რომელსაც დამოუკიდებელი ანალიტიკური რესურსი "ორიქსი" აქვეყნებს (ის მხოლოდ ფოტოვიდეოკადრებით დადასტურებულ, ორივე მებრძოლი მხარის საბრძოლო დანაკარგს აღრიცხავს, რეალური ციფრები კი ლოგიკურად მეტი იქნება, რადგან ყველა აფეთქებული ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა ვერ მოხვდებოდა ობიექტივში ან მათი ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა ინტერნეტის ღია წყაროებში), დღეისათვის სიტუაცია ასე გამოიყურება - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის ფრონტზე დაკარგეს 1 937 ტანკი და 2 317 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 309 ჯავშანტრანსპორტიორი და 838 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა...
თითქმის 2 ათასი ძირითადი საბრძოლო ტანკის დაკარგვა, თანაც აქედან 545 ტანკს მოწინააღმდეგე ალაფის სახით როდესაც აგართმევს, სულაც არ უნდა ლაპარაკობდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების რაიმე დიდ საბრძოლო წარმატებაზე რუსეთთან ბევრად მოკრძალებულ უკრაინასთან ომში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დამცველებს დასავლეთი სამხედრო დახმარებას უწევს, ეს დახმარება გარკვეული პოლიტიკური და ბიუროკრატიული მიზეზების გამო ხშირად არასრულფასოვანი და დროში გაწელილია...
როგორი იქნება 2024 წლის 9 მაისის გამარჯვების აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე? ან ჩატარდება კი ის საერთოდ, თუკი მომავალ ერთ წელში რუსეთის ხელისუფლებაში კარდინალური ცვლილებები მოხდება და უკრაინის ფრონტზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარეს ფრონტის სრული ჩამოშლის შემთხვევაში, უკრაინელების მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი კონტრიერიშები წარმატებული აღმოჩნდება?