სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო საზოგადოების გაერთიანებას
ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას გმირულად იცავენ და სხვადასხვა მისიებში მონაწილეობენ.
ამ ადამიანებმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. საზოგადოების ასეთ ფასეულ წევრებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ვალია. 2018 წელს, როცა კომპანია სილქნეტის ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი შეიქმნა, ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულობებით შეუერთდნენ ფონდის საქმიანობას. თავად სილქნეტი ფონდის მთავარი დონორია და ყოველწლიურად 300 00 ლარს რიცხავს ფონდში. საერთო ძალისხმევით, დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს.
ყოველწლიურად ეს კონტრიბუცია იზრდება, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, უზრუნველჰყოს მედიკამენტებით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებით, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებით და სხვა.
ფონდი დაჭრილ მებრძოლთა ოჯახის წევრებისთვის ახალ პროგრამებს აამოქმედებს
სილქნეტის მიერ დაარსებული ფონდის მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანი იქნება ეს თუ მოქმედი სამხედრო. ამ მხარდაჭერით ხდება ბენეფიციარების რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
თუკი აქამდე ფონდის მხარდაჭერა ვრცელდებოდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ არასრულწლოვან შვილებზე, 2023 წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამა. ამ მიზნით, ფონდი იწყებს აქტიურ შეხვედრებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა დაეხმარება ფონდის ქალ ბენეფიციარებს შეიძინონ ახალი პროფესია, ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეწარმეები და თავად შეძლონ ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარებს დაუფინანსდათ British Corner-ის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები გადიან.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სხვადასხვა ორგანიზაცია და საერთაშორისო ფონდები უჭერენ მხარს. ფონდთან თანამშრომლობენ საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დასაფასებელია თითოეული კომპანიის და ცალკეული პირების შემოწირულობა. დონაციაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ასევე უცხოური კომპანიები, ცალკეული ბიზნესმენები და მოქალაქეები უერთდებიან პირადი შემოწირულობით.
მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, სილქნეტთან ერთად 544 000 ლარამდე თანხა შემოსწირა ფონდს სხვადასხვა კომპანიამ და კერძო პირმა:
სილქნეტი - 300 000 ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 50 000 ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 50 000 ლარი; ჭიორელი-კაჭარავას შემოწირულობა - 50 000 ლარი; არქი ჯგუფი – 10 000 ლარი; სილქ ჰოსფითალითი – 5 000 ლარი; დიმიტრი აბდუშელიშვილი - 26 667 ლარი; ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი; სილქ როუდ ვაინს - 24 258.60 ლარი; თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 1 500 ლარი; ტარიელ მჭედლიძე - 2 600 ლარი; თამარ გაგნიდზე - 5 000 ლარი; ბრედლი ვუდვარდი - 1300 ლარი; ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი; გიორგი მიქელაძე - 4 000 ლარი; შოთა ღვინიანიძე – 1 000 ლარი; სხვა კერძო პირები - 1 150 ლარი
წლეულს 19 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. ჩატარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციები, დაფინანსდა ქვედა კიდურების პროტეზირება, შეძენილ იქნა მედიკამენტები, ბენეფიციართა ოჯახის წევრებს გაეწიათ სამედიცინო დახმარება და სხვა.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა. გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან მონაწილეობს „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებში“. წელს „ძლიერთა თამაშები“ იმართება სექტემბერში, დუსელდორფში. ჩვენი მებრძოლების გუნდი აქტიურად ემზადება ამ ასპარეზობისთვის.
2023 წელი აქტიურად დაიწყო ფონდმა. დღეისათვის არსებული რესურსებით მიმდინარეობს შემდგომი დაფინანსებების დაგეგმვა და განხორციელება. ფონდი განაგრძობს ყოველთვიური საქმიანობის გაზიარებას საზოგადოებისთვის და ყველას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი, თუნდაც სულ მცირედი თანხით მონაწილეობა მიიღოს დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერის საქმეში.
სილქნეტს ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი, სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც. დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.
(R)