"უილიამ ბერნსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დირექტორი, უჩვეულო უფლებამოსილებით" - კვირის პალიტრა

"უილიამ ბერნსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დირექტორი, უჩვეულო უფლებამოსილებით"

"როცა მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის ჯარების ერაყში შეჭრის 20 წლისთავი აღინიშნებოდა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ჯ.ბერნსი, ვირჯინიის შტატში, ლენგლიში მდებარე თავისი დაწესებულების შტაბ-ბინის ვესტიბიულში იდგა და ასამდე თანამშრომლის წინაშე გამოსვლის დროს "ცდილობდა, განედევნა" დაზვერვის უწყების ომამდელი შეცდომა-წარუმატებლობების "მოჩვენებები", რომლებიც შენობაში დღემდე "დადიან". მან აღნიშნა: "ჩვენ მძიმე გაკვეთილისგან დასკვნები გავაკეთეთ - ერაყში შევცდით, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ზუსტი პროგნოზი გავაკეთეთ" - ასე იწყება ამერიკული გაზეთის - "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 10 მაისის ნომერში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით - "უილიამ ბერნსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დირექტორი, უჩვეულო უფლებამოსილებით" (ავტორი - რობერტ დრეპერი), რომელშიც გადმოცემული და განხილულია დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროში ცნობილი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის, უილიამ ბერნსის პოლიტიკური პროფილი, მისი, როგორც CIA-ს ხელმძღვანელისთვის უჩვეულო გავლენა და საჯაროობა.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

67 წლის უილიამ ბერნსი ამერიკული დიპლომატიური სამსახურის - სახელმწიფო დეპარტამენტის ვეტერანია. მას დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში და მუშაობდა ბოლო წლების დემოკრატი თუ რესპუბლიკელი პრეზიდენტების ყველა ადმინისტრაციაში, რონალდ რეიგანით დაწყებული (დონალდ ტრამპის გარდა).

და მაინც, მისი ესოდენ სწრაფი აღმასვლა საკმაოდ უჩვეულოდ და მოულოდნელად შეიძლება ჩაითვალოს ამ მაღალი აღნაგობის მქონე პიროვნებისათვის - ფრთხილად მომზირალი თვალებით და ნაცრისფერი თმით, მოკლე ულვაშით... იგი შეიძლება მივამსგავსოთ ჯონ კარეს ერთ-ერთი რომანის გმირს - დაზვერვის რეზიდენტს, რომელიც საელჩოში მიღების დროს ამერიკელ დიპლომატს ყურში ჩასჩურჩულებს, - ქალაქი აჯანყებულების ხელშია, წასვლის დროა, ნავი პორტში გელოდებათო.

უილიამ ბერნსის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ორწლიანი სამსახურის განმავლობაში თავდაპირველად მისი გავლენა მნიშვნელოვანი, მაგრამ, იმავდროულად, შეუმჩნეველი იყო. უილიამ ბერნსმა, ჯო ბაიდენის უახლოესი გარემოცვის წევრმა, რომელიც თითქმის 15 წლის წინათ ამერიკის ელჩი იყო რუსეთში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისდროინდელ დემორალიზებულ სააგენტოს (ხომ გახსოვთ დ. ტრამპის განცხადება, რომ იგი "პუტინს უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე საკუთარ დაზვერვას") პრესტიჟი აღუდგინა და "დაამტკიცა CIA-ს უპირატესობა ვლადიმერ პუტინთან შედარებით". ბოლო დროს კი, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საქმიანობა, ტრადიციულად, ჩრდილში რჩება ხოლმე, აშშ-ის ადმინისტრაციამ უილიამ ბერნსის საქმიანობა საჯარო გახადა და საზოგადოების წინაშე გამოიტანა.

სწორედ მისტერ უილიამ ბერნსი და არა - ენტონი ბლინკენი (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი) გაგზავნა ჯო ბაიდენმა მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში, სადაც კრემლიდან იგი სოჭში მყოფ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა, - ყველაფერი ვიცით თქვენი გეგმების შესახებ და უკრაინაში არ შეიჭრათო. ამ მოვლენამდე სამი თვით ადრე მისტერ ბერნსი ქაბულში იმყოფებოდა და ავღანელი თალიბების ლიდერებს შეხვდა - აუცილებელი გახდა გარკვეული დელიკატური საკითხების მოგვარება, რადგან ამერიკას ამ ქვეყნიდან ჯარის გაყვანა ჰქონდა დაგეგმილი (თუმცა ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში CIA-ს დირექტორმა მაინც დაუშვა გარკვეული შეცდომები).

10052023-1129-1683704610.37_REC.png
უილიამ ბერნსი (მარჯვნივ) კრემლში - 2005 წელი.

მისტერ ბერნსმა, რომელმაც უარი თქვა ინტერვიუზე ამ სტატიისათვის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშვნიდან ორ წელიწადში უჩვეულო რაოდენობის ვიზიტები განახორციელა უცხოეთის 30-მდე სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ იგი ხვდებოდა და ესაუბრებოდა როგორც თავის კოლეგებს სადაზვერვო სფეროდან, ასევე - დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებსაც და ქვეყნის მეთაურებს - საგარეო საქმეთა მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს. ახლაც, ჯო ბაიდენი ხშირად სთხოვს უილიამ ბერნსს რჩევებს უსაფრთხოების სფეროში მომხდარი რომელიმე მოვლენის გამო. "CIA-ს დირექტორის აზრს ჯო ბაიდენისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს თეთრი სახლის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წინა დირექტორები, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს ასრულებდნენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გატარებაში, მაგრამ ეს თანამდებობა მაინც ტრადიციულად განიხილებოდა, როგორც სადაზვერვო მონაცემების შემკრები და მათი გადამამუშავებელ დაწესებულების ხელმძღვანელის სახით, რომელიც პოლიტიკის გარეთ დგას, მაგრამ, იმავდროულად, პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.

10052023-1128-1683704680.37_REC.png
უილიამ ბერნსი; ჯო ბაიდენი

უილიამ ბერნსი CIA-ს პირველი ისეთი დირექტორია, რომელიც პროფესიონალ დიპლომატს წარმოადგენს და 32-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი პირადად იცნობს უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს. უილიამ ბერნსი თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად, ფრანგულად და არაბულად. მასთან ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს, პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში.

მისტერ უილიამ ბერნსი, რომელიც ვიეტნამში მებრძოლი ორვარსკვლავიანი ამერიკელი გენერლის შვილია, ჯერ ფილადელფიის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი - ოქსფორდში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ინტერესი გამოამჟღავნა. თავისი მომავალი ცოლი ლიზ ქართი (Lisa Carty) მან 1982 წელს გაიცნო, როცა ისინი სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებულ შეხვედრის დროს, ანბანის მიხედვით, გვერდიგვერდ ისხდნენ (ლიზ ქართი ამჟამად გაეროს ერთ-ერთ სტრუქტურაში მუშაობს).

ჯო ბაიდენი და უილიამ ბერნსი ერთმანეთს უკვე მეოთხედი საუკუნეა, იცნობენ - იმ დროიდან, როცა ბერნსი აშშ-ის ელჩი იყო იორდანიაში, ბაიდენი კი - სენატის საერთაშორისო ურთიერთობებეის კომიტეტის წევრი. ისინი ერთმანეთს განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, როცა ბერნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახდა, ბაიდენი კი - ვიცე-პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ მათი აზრი ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვეოდა - მაგალითად, ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის და ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმების დამხობის მიმართ. ბაიდენი წინააღმდეგი იყო, ბერნსი კი - აქტიური მომხრე.

უილიამ ბერნსმა უკვე ბევრი რამ გააკეთა CIA-ს საკმაოდ შელახული რეპუტაციის გამოსასწორებლად. მას ამ მხრივ აქებენ როგორც წინა, ასევე - ამჟამინდელი თანამშრომლები. მიღწეული წარმატებების ჩამონათვალში აღსანიშნავია უკრაინის უზრუნველყოფა სადაზვერვო მონაცემებით, ბრძოლა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ... სხვათა შორის, უილიამ ბერნსი ფრთხილად უდგება კორონავირუსის [ჩინური] წარმომავლობის საკითხს და ამასთან დაკავშირებით CIA-ს დასკვნა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. იმავდროულად უილიამ ბერნსი თვლის, რომ ჩინეთი აშშ-ის მთავარ მეტოქეს წარმოადგენს.

თუ ჯო ბაიდენს მეორე ვადით აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, თეთრ სახლთან ახლოს მდგომი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების ვარაუდით, უილიამ ბერნსი ენტონი ბლინკენს შეცვლის. პირადად ბერნსი და მისი კოლეგა-თანამშრომლები ამაზე არაფერს ამბობენ. თუმცა, როგორც რიჩარდ არმიტიჯი, მისი მეგობარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამბობს, "პრეზიდენტმა რაც უნდა სთხოვოს, იგი ყველაფერს გააკეთებს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ